საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: ნეტგაზეთი
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, მოქალაქის მხრიდან მომართვის საფუძველზე, შეისწავლა ნეიტრალური მოწმობის მქონე პირების სოციალური დაცვის ხარისხი და მიიჩნევს, რომ იმისთვის რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ღირსებისა და საბაზისო სოციალური საჭიროებებისა და უფლებების დაცვა უფრო ქმედითი გახდეს, არსებითია ნეიტრალურ მოწმობასთან დაკავშირებული სოციალური სერვისები გაფართოვდეს და საქართველოს მოქალაქეებისთვის გათვალისწინებული ყველა ძირითადი პროგრამა და გარანტია მოიცვას. მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გადადგას დამატებითი ნაბიჯები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის და სოციალურ გარანტიებზე თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.
საკითხის შესწავლა აჩვენებს, რომ ნეიტრალური პირადობის მოწმობის მქონე პირები უფლებრივი თვალსაზრისით სრულად გათანაბრებულნი არ არიან საქართველოს მოქალაქეებთან.
მოწმობის მფლობელს შეუძლია:
თუმცა ამ პირებისათვის არ არის ხელმისაწვდომი სახელმწიფოს სოციალური სერვისები და ისეთ გარანტიები, როგორიცაა:
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ინტეგრირება და მათი უფლებრივი გარანტიებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკა და ეროვნული კანონმდებლობით, შესაბამისი საერთაშორისო ნორმებით განმტკიცებული პოზიტიური ვალდებულებაა. „ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის მიზნით არსებული მექანიზმების გაძლიერება და მათი ჩართვა საქართველოს სოციალური დაცვისა და შეღავათების სისტემაში.
ზემოაღნიშნული ვალდებულების საპასუხოდ, 2011 წელს საქართველოს მთავრობამ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების იდენტიფიცირებას და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამავე წლიდან დაიწყო პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემა. აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებს პირის ვინაობას და მის ლეგალურ საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღება შეუძლია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლიდან დღემდე გაცემულია ჯამში 246 პირადობის ნეიტრალური მოწმობა, აქედან უმეტეს შემთხვევაში სოხუმში და ოჩამჩირეში მცხოვრებ პირებზე.
პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღება და მასთან დაკავშირებული სოციალური და სამართლებრივი მხარდაჭერის დაშვება მთავრობის მხრიდან მიღებული სამართლიანი და პროგრესული ნაბიჯი იყო, თუმცა ამ ეტაპზე არსებითია ეს პრაქტიკა კიდევ უფრო გაძლიერდეს და სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები და პროგრამები მოიცვას.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი და მათი უფლებების სისტემატური დარღვევა წლებია გრძელდება. მდგომარეობა მეტად გაამძაფრა COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულმა პანდემიამ, რამაც საჭიროებების ზრდასთან ერთად ცხადად აჩვენა მათი სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობა. არსებული მწვავე ვითარების საპასუხოდ, სახელმწიფო უწყებები ინდივიდუალური მიმართვის შემთხვევებშიც კი, მათი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში არ იღებენ გადაწყვეტილებებს პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე, განსაკუთრებით მოწყვლადი პირების ინდივიდუალური სოციალური მხარდაჭერის შესახებ.
ადამიანის უფლებაა ჰქონდეს მინიმალური საარსებო პირობები, რაც პირდაპირ დაკავშირებულია მისი ღირსების, სიცოცხლის და თვითგანვითარების უფლებასთან. ადამიანის უფლება ისარგებლოს სოციალური დახმარებით, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ფულადი და არაფულადი გასაცემელი, ჰქონდეს ადეკვატური თავშესაფარი, სათანადო საცხოვრებელი, ისარგებლოს შეღავათებით და ა.შ. - წარმოადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას და ამ უფლების რეალიზება არ შეიძლება დაუკავშირდეს პირის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის სახეს ან/და იურიდიულ მისამართს.
ამგვარი მიდგომა ნეიტრალური პირადობის მოწმობას არა მხოლოდ რეალურ სოციალურ ღირებულებას და გავლენას, არამედ პოლიტიკურ შინაარსსაც აცლის, რომელიც მას შერიგებისა და სამშვიდობო პოლიტიკისთვის შეიძლება გააჩნდეს.
ინსტრუქცია