[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მარნეულის ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსების დისკრიმინაციულობას ადგენდა

2022 წლის 8 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის მხრიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქოს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის 400 000 ლარის გადაცემის პროცესში რელიგიის ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას ადგენდა.

როგორც ცნობილია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვას და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით 2019 წლიდან აწარმოებს დავას სასამართლოში და ითხოვს მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსების დისკრიმინაციულად ცნობას. 2022 წელს ბოლინისის რაიონულმა სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და ბათილად სცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების ის ნორმა, რომლის თანახმად რელიგიური საქმიანობის დაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა (400 000 ლარი) სრულად გადაეცემოდა მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას. სასამართლო დაფინანსების ეს წესი დისკრიმინაციულად მიიჩნია. მიღებული გადაწყვეტილება მარნეულის მერიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლომ დაჩქარებულ ვადაში, ერთ სხდომაში, შეაჯამა 3 წლის მანძილზე მიმდინარე მოცულობითი და კომპლექსური ადმინისტრაციული დავა, რომელიც ნორმატიული აქტის ბათილობას, რელიგიის ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას და დისკრიმინაციული შედეგების აღმოფხვრას შეეხებოდა. სასამართლომ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრული და ობიექტური შესწავლის, ურთიერთშეჯერების გარეშე, სრულიად უსაფუძვლოდ გააუქმა ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ უგულებელყო დავის მნიშვნელობა, კონტექსტი, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და კონსტიტუციური პრინციპები, არ გასჩენია არცერთი კითხვა ადმინისტრაციული ორგანოსთან, არ ჩაძიებულა სადავო გარემოებებს და ფორმალურად მიუდგა საკითხს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ აშკარა იყო საქმის მომხსენებელი მოსამართლის, ლეილა მამულაშვილის მიკერძოებულობა და ნეგატიური დამოკიდებულება მოსარჩელეებისადმი, რაც სრულად ემყარებოდა მათ ეთნიკურ წარმომავლობას. მოსამართლე, არაერთხელ ჩაეკითხა ეთნიკურად აზერბაიჯანელ, საქართველოს მოქალაქე, მოსარჩელე, სამირა ბაირამოვას იცოდა თუ არა მან როგორ არის რეგულირებული რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი აზერბაიჯანში და ეძლევათ თუ არა ქრისტიანებს რაიმე სახის დაფინანსება სახელმწიფოსგან. მომხსენებელი მოსამართლის მსგავსი რეპლიკები, სასამართლო პროცესის ფორმალიზება და არარელევანტურ თემებზე აქცენტირება, ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას, ამასთან ადასტურებს მოსამართლის წინაწარ ჩამოყალიბებულ განწყობებს განსახილველი საკითხის მიმართ. ჩვენთვის განსაკუთრებით პრობლემური იყო მოსამართლის მხრიდან საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების დაკავშირება აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან და მის რიტორიკაში ნაცვალგების პრობლემური ლოგიკის ჩვენება, რაც ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვან მოქალაქეებად არდანახვის მძიმე პრობლემას აჩვენებს.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ამა წლის ნოემბერში გამოქვეყნდა მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც რელიგიური საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერის საკითხს კვლავ ერთი კონფესიის სასარგებლოდ წყვეტს, კერძოდ რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობის ფარგლებში მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას გადაეცემა 400 000 ლარი. ასევე, საგულისხმოა, რომ 2022 წლის 2 დეკემბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წერილობითი მიმართა ყველა რელევანტურ უწყებას, მათ შორის, მარნეულის მუნიციპალიტეტს და მოუწოდა გაეთვალისწინებინა ბოლნისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და თვითმმართველობის ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების დისკრიმინაციული და არასეკულარული პრაქტიკა არ დაეშვა.

ბიუჯეტის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე კი სააპელაციო სასმართლომ, საქმის ფორმალური და დაჩქარებული განხილვის შედეგად გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რითაც ბიძგი მისცა მუნიციპალიტეტს გააგრძელოს წლების მანძილზე საბიუჯეტო თანხების დისკრიმინაციული და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებთან შეუსაბამო გადანაწილების პროცესი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე წარმოგიდგენთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალურ კრიტიკას. ამასთან, აგრძელებს დავას საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“