საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მნიშვნელოვანი სასამართლო დავა მოიგო, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსების საკითხს უკავშირდება. ამ დავას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადგილობრივი აქტივისტის სამირა ბაირამოვას და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით 2019 წლიდან აწარმოებს. სასამართლომ ბათილად სცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების ის ნორმა, რომლის თანახმად რელიგიური საქმიანობის დაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა (400 000 ლარი) სრულად გადაეცემოდა მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას. სასამართლო დაფინანსების ეს წესი დისკრიმინაციულად მიიჩნია.
ბოლო წლების პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 83%-ზე მეტს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მუსლიმი თემი შეადგენს, და ამ რეგიონში ასევე ცხოვრობენ ეთნიკურად სომხები, ქართველი მუსლიმი ეკომიგრანტები და სხვა რელიგიური უმცირესობები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი რელიგიური საქმიანობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხების უდიდეს ნაწილს მხოლოდ ადგილობრივ ეპარქიას გადასცემს.
ჩვენი ორგანიზაციის მუშაობა ქვემო ქართლის რეგიონში აჩვენებს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას არ აქვს წვდომა ბაზისურ სოციალურ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, სოფლების დიდ ნაწილში არ არის სასმელი წყალი, სარწყავი წყლის ქსელები, საბავშვო ბაღები, კულტურის სახლები, ბიბლიოთეკები, მდგრადი სოციალური მომსახურებისა და მხარდაჭერის სერვისები. ამ პირობებში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, მარნეულის მუნიციპალიტეტმა არსებული რესურსების გამოყენება სოციალური მიზნებისთვის და თვითმმართველობის პირველადი კომპეტენციების შესასრულებლად მოახდინოს.
ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მხოლოდ 1 კონფესიისთვის დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების რეგულარული გადაცემა, უთანასწორობის პრაქტიკას და განცდას ქმნის და მას გამაუცხოებელი სოციალური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საბიუჯეტო დაფინანსების მსგავსი პრაქტიკა ეწინააღმდეგებოდა რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის კონსტიტუციურ და ანტიდისკრიმინაციულ გაგებას, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მოთხოვნებს და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონს. გასაჩივრებული ნორმაში ასახულ მუნიციპალიტეტის ნება დააფინანსოს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია, ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის მარეგლამენტირებელი კონსტიტუციური წესრიგს და სეკულარული მმართველობის პრინციპს. ნორმას არ ჰქონდა რაციონალური კავშირი ლეგიტიმურ მიზანთან, იგი აწესებდა განსხვავებულ მოპყრობას რელიგიური ნიშნით, რომელსაც არ გააჩნდა საკმარისი, ობიექტური და გონივრული გამართლება.
დღევანდელი გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი საბიუჯეტო რესურსების საჯარო მიზნებისთვის, დისკრიმინაციული მიდგომების გარეშე გამოყენების მნიშვნელობის განმტკიცებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობების ცხოვრებაში. გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ დაუშვებელია, სახელმწიფომ/ადგილობრივმა თვითმმართველობამ გარკვეულ რელიგიურ ჯგუფთან პირდაპირი ასოცირება მოახდინოს და ამით დაარღვიოს დემოკრატიული სახელმწიფოს ინკლუზიური და ნეიტრალური შინაარსი. რელიგიის და რწმენის თავისუფლების დაცვა შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტი საჯარო დაფინანსების რესურსს ერთი კონკრეტული რელიგიის გაძლიერებისკენ მიმართავს, ამით ის ხაზს უსვამს ერთის უპირატესობას სხვებზე.
იმედი გვაქვს, მარნეულის მუნიციპალიტეტი ისევე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტები გააცნობიერებენ ამ დავის სოციალურ და უფლებრივ მნიშვნელობას, დროულად შეცვლის დისკრიმინაციულ და უსამართლო პრაქტიკას და საბიუჯეტო დაფინანსების განაწილების პროცესს გახდის ადამიანის უფლებებზე და მაღალ სოციალურ ინტერესებზე ორიენტირებულს.
გადაწყვეტილების სრული ტექსტის გაზიარების შემდეგ სოციალური სამართლიანობის ცენტრი მის დეტალურ ანალიზს შემოგთავაზებთ.
ინსტრუქცია