[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმიანება სარწყავი წყლის რესურსის გარეშე დარჩენილი სოფლების - სავანეთის, ჭაპალასა და სამტრედოს (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) მოსახლეობის რამდენიმე დღიან პროტესტს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივი გლეხების მწვავე სოციალური საჭიროებების დროული გადაწყვეტისკენ მოუწოდებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის - ჭაპალას, სამტრედოსა და სავანეთის მოსახლეობა უკვე კვირაზე მეტია მართავს საპროტესტო აქციას და ითხოვს მათი სასოფლო სამეურნეო სავარგულების მომარაგებას სარწყავი წყლით. სამივე სოფელი ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეებით არის დასახლებული. მოსახლეობის თქმით ისინი დგანან საფრთხის წინაშე, რომ სრულად გაუნადგურდებათ მოსავალი, რომელიც მათთვის მთელი წლის სარჩო და შემოსავლის ძირითადი წყაროა. მოსახლეობის განმარტებით, ისინი მათთვის უცხო პირებს რეგულარულად უხდიან წყლის გადასახადს, თუმცა, სარწყავად წყალი მაინც არ მიეწოდებათ. ადგილობრივების თქმით, ხშირად მათ ღამით უწევთ მუშაობა მიწაზე იმისთვის, რომ მცირე რაოდენობით სარწყავი წყლის მიღება მაინც შეძლონ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ზეპირი განმარტებით, სოფელ სამტრედოს, ჭაპალასა და სავანეთის სარწყავი წყლის სისტემა კერძო პირის, ვინმე შოთა იობაშვილის საკუთრებაშია. ეს პირი სოფელ სამტრედოს მიმდებარედ, დიდი რაოდენობით სასოფლო სამეურნეო მიწების მესაკუთრეა და წინა ხელისუფლების დროს სწორედ მასზე მოხდა მათ შორის, სარწყავი სისტემის ინფრასტრუქტურის პრივატიზება. დღეს სწორედ ის, როგორც კერძო პირი აწვდის სარწყავ წყალს მოსახლეობას და იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობა წყლის გადასახადს რეგულარულად უხდის, ისინი ამ პროცესში მნიშვნელოვან შეზღუდვებს აწყდებიან. მეტიც, მოსახლეობის თქმით, მესაკუთრის ნაცვლად, სწორედ ისინი ზრუნავენ წყლის საირიგაციო სისტემის გამართულობაზე, ყოველწლიურად საკუთარი ხარჯით ასუფთავებენ და არემონტებენ წყლის დაზიანებულ მილებს, თუმცა, მეპატრონისგან სათანადო სერვისს ვერ იღებენ.

ადგილობრივები აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტას ხელისუფლებისგან უკვე რამდენიმე წელია ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. ეს საკითხი ამ დრომდე აღმასრულებელი ხელისუფლების რეაგირების საგანი არ გახდა, ადგილობრივი ხელისუფლება კი საკითხის გადაჭრას ვერ ახერხებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბოლო წლებში აქტიურად იკვლევს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სოციალურ მდგომარეობასა და პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებს. ჩვენი დაკვირვებით, ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი წუხილი სწორედ წყლის (როგორც სასმელი წყლის, ასევე სარწყავი წყლის) რესურსებისა და ინფრასტრუქტურის არათანაზომიერ გადანაწილებას უკავშირდება. ცხადია, ბუნებრივი რესურსებისა და სოციალური ინფრასტრუქტურის გადანაწილების პრობლემა სხვა რეგიონების არაერთ სოფელში დგას, თუმცა, ჩვენი დაკვირვებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სოფლის სოციალური ინფრასტრუქტურა მკვეთრად ჩამორჩენილია, რაც, მათ შორის, ადგილობრივი თემის მკვეთრად სუსტი პოლიტიკური მონაწილეობით, ნდობითა და გაუცხოებით უნდა აიხსნას. ISSA 2019 წლის კვლევის თანახმად, გამოკითხული ეთნიკური უმცირესობების 69,9 % აცხადებს, რომ მათ საკუთარი ან მათი ოჯახის კერძო საჭიროებებისთვის არასდროს მიუმართავთ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. საჯარო ინტერესის შემთხვევაში იგივე მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და 76,5 %-ს აღწევს.

სარწყავი წყლის, როგორც საჯარო სიკეთისა და ინფრასტრუქტურის პრივატიზება დაუშვებელია და ამ რესურსის პრივატიზების საკითხი და წყლის თვითნებური მიტაცების სავარაუდო პრაქტიკა სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივ რეაგირებას მითხოვს. ადგილობრივი გლეხების სარწყავი წყლის გარეშე დატოვება, რომელთათვისაც სოფლის მეურნეობა შემოსავლის მიღებისა და გადარჩენის ერთადერთი წყაროა, არსებითად აზიანებს მათ სოციალურ მდგომარეობას და წირავს სიღარიბისთვის.

სოფლის მეურნეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა წყლის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა. წყლის დანაკლისი პირდაპირ აისახება მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე, ასუსტებს ნარგავებს.

სხვადასხვა კველვის შედეგები სარწყავი წყლის პოლიტიკაში და სოფლის მეურნეობის სფეროში მნიშვნელოვან გამოწვევებს აჩვენებს. კვლევაში "აგრარული მეურნეობა - გამოწვევები და შესაძლებლობები" მითითებულია, რომ "დღეს არსებული პრაქტიკით, სარწყავი წყლის თუნდაც ერთჯერადი მიწოდება უკვე საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ მომსახურება გაწეულად ჩაითვალოს და მეურნეობას შესაბამისი ანაზღაურების გადახდის ვალდებულება ეკისრება. სისტემის პრობლემაზე მეტყველებს ისიც, რომ სამელიორაციო ქსელის გაფართოებისა და წყალუზრუნველყოფილი ფართობის ზრდის პარალელურად არ იზრდება სარწყავად აღებული წყალის მოცულობა და მელიორაციის სისტემაზე მიერთებული აბონენტების რაოდენობა. 2016-2019 წლებში სარწყავი ქსელის მიერ დაფარული ფართობი 16.3%-ით გაიზარდა, ხოლო ირიგაციული მიზნით აღებული წყლის მოცულობამ იკლო, ისევე როგორც სისტემაზე მიერთებული სუბიექტების რაოდენობამ. "

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე საქართველო იღებს ვალდებულებას წყლის რესურსების მდგრადი მართვის დაცვის საყოველთაო უზრუნველსაყოფად. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმადაც, ყოველ ადამიანს აქვს უფლება მიიღოს საკმარისი ოდენობის, უსაფრთხო წყალი, რომელიც იქნება ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოფელ სამტრედოში, ჭაპალასა და სავანეთში მცხოვრები გლეხების სოციალური ინტერესების, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისა და წყალსა და საკუთრებაზე უფლების ჯეროვანი რეალიზების მიზნით მნიშვნელოვანია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ

  • შეისწავლოს სავარაუდოდ უკანონო პრივატიზებისა და წყლის რესურსების თვითნებური მიტაცების პრაქტიკა ზემოთ მითითებულ სოფლებში და დაიწყოს გამოძიება;

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და ბოლნისის მუნიციპალიტეტი

  • დაინტერესდნენ სოფლების - სავანეთის, ჭაპალასა და სამტრედოს მოსახლეობის საჭიროებებით და წუხილით და ადგილზე ჩავიდნენ და შეისწავლონ პრობლემა;
  • მიიღონ დაუყოვნებელი ზომები სოფლების - სავანეთის, ჭაპალასა და სამტრედოს მოსახლეობისთვის სარწყავი წყლის რესურსებზე წვდომის ხელშეწყობისთვის და მათი მიმდინარე წუხილის გადასაწყვეტად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“