[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

შვედეთის ეროვნული საკონტაქტო უწყება "ევოლუშენს" მოუწოდებს, განაახლოს  დიალოგი და კონსტრუქციული მოლაპარაკებები აწარმოოს გაფიცულ დასაქმებულებთან

მიმდინარე წლის 29 ივლისს შვედეთის ეროვნულმა საკონტაქტო უწყებამ გამოაქვეყნა დასკვნითი შეფასება სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ წარდგენილ საჩივარზე, კომპანია ,,ევოლუშენ ჯორჯიაში’’ დასაქმებულთა უფლებების მასობრივ დარღვევასთან დაკავშირებით[1]. საჩივარი შვედეთის ეროვნულ საკონტაქტო უწყებას წარედგინა 2024 წლის აგვისტოში, გაფიცული დასაქმებულებისა და მათი წარმომადგენელი პროფკავშირის - ევო-კავშირის - სახელით[2].

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ეროვნული საკონტაქტო უწყება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფარგლებში დაფუძნებული ორგანოა. OECD საერთაშორისო ორგანიზაციაა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაციას შემუშავებული აქვს სარეკომენდაციო ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები მულტიეროვნული კორპორაციების პასუხისმგებლიანი ბიზნეს საქმიანობისთვის, რომლებიც ვრცელდება OECD-ში შემავალი ქვეყნების მულტიეროვნული კორპორაციების საქმიანობაზე, როგორც თავიანთ ქვეყნებში, ასევე მათ ფარგლებს გარეთ[3].  

სახელმძღვანელო პრინციპები მოიცავს შემდეგ საკითხებს - ადამიანის უფლებები, შრომითი და საწარმოო ურთიერთობები, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა ინტერესები, მეცნიერება, ტექნოლოგია, კონკურენცია, გადასახადები და კორუფცია. სახელმძღვანელო პრინციპებზე მიერთებულ ქვეყნებში მოქმედებს ეროვნული საკონტაქტო უწყებები (National Contact Points (NCPs)). რომლებსაც ევალებათ სათანადო ზომების მიღება, მათ შორის, რეკომენდაციების გაცემა და მხარეებს შორის დიალოგის პროცესის ფასილიტაცია, რათა მულტიეროვნულმა კორპორაციებმა პრაქტიკაში შეასრულონ სახელმძღვანელო პრინციპებში მოცემული სტანდარტები. აღსანიშნია, რომ ეროვნული საკონტაქტო უწყებები არ არიან სასამართლო ორგანოები და მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ აქვთ შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი[4].

შვედეთის ეროვნულ საკონტაქტო უწყებაში საჩივარი წარდგენილი იქნა იმის გათვალისწინებით, რომ ,,ევოლუშენ ჯორჯია’’ შვედური კომპანიის - Evolution AB-ის შვილობილი კომპანიაა. საჩივარი ეხება ,,ევოლუშენ ჯორჯიას’’ მიერ დასაქმებულების შრომითი უფლებების უხეშ დარღვევებს, მათ შორის, არაადეკვატურ ანაზღაურებას, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამო სამუშაო პირობებს, ანტისანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დაუცველობას სამუშაო სივრცეში, გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს, შესვენებისა და დასვენებისთვის ადეკვატური დროის არარსებობას, კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან თანამშრომლებისადმი შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას და დისკრიმინაციის წამახალისებელ გარემოს[5].

შვედეთის ეროვნულმა საკონტაქტო უწყებამ 2025 წლის იანვარში, საჩივრის პირველადი შეფასების დასრულების შედეგად დაასკვნა, რომ საქმე ექვემდებარებოდა შემდგომ განხილვას[6]. უწყებამ მხარეებს შესთავაზა დიალოგის პროცესში მონაწილეობა, მისი ფასილიტაციით. მომჩივანი დათანხმდა უწყების წინადადებას. კომპანიამ კი შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. კომპანიის მოსაზრებით, დიალოგის პროცესი არ მოიტანდა არანაირ შედეგს[7].

შვედეთის ეროვნული საკონტაქტო უწყების დასკვნითი შეფასების თანახმად, ,,ევოლუშენის’’ მიმართ გაცემული ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია დასაქმებულებთან დიალოგის განახლებას და კონსტრუქციული მოლაპარაკებების წარმოებას უკავშირდება. ეროვნული საკონტაქტო უწყება ხაზს უსვამს, რომ ,,კომპანია ყოველთვის უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში მშრომელების წარმომადგენლებთან, დასაქმების პირობებთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად’’[8]. უწყება კომპანიას მოუწოდებს, დიალოგი განაახლოს დასაქმებულების წარმომადგენელ პროფკავშირთან, რათა მიაღწიოს თანამშრომლობის კონსტრუქციულ გარემოს, თავის მხრივ კი, მზადყოფნას გამოთქვამს დიალოგის პროცესის ფასილიტაციისთვის[9]. უწყება ასევე რეკომენდაციას გასცემს, კომპანიამ უზრუნველყოს დასაქმებულების შესაძლებლობა, გამოიყენონ ორგანიზებისა და კოლექტიური მოლაპარაკების უფლება[10].

შვედეთის ეროვნული საკონტაქტო უწყება ასევე რეკომენდაციას აძლევს კომპანიას, გადადგას ადეკვატური ნაბიჯები, რათა მისი საქმიანობისას დაცული იყოს მშრომელების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. უწყება ამ მიმართულებითაც ამახვილებს ყურადღებას დასაქმებულებთან დიალოგის მნიშვნელობაზე და კომპანიას ურჩევს, ,,ჩაერთოს უწყვეტ დიალოგში დასაქმებულებთან, რათა გამოავლინოს წუხილები სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით’’[11].

დასაქმებულებთან შეხვედრის გამართვა და მოლაპარაკების წარმოება რეკომენდებულია შრომის ანაზღაურების საკითხთან მიმართებითაც.[12]

შვედეთის საკონტაქტო უწყების საბოლოო შეფასება და რეკომენდაციები ნათლად აჩვენებს „ევოლუშენის“ უკიდურესად პრობლემურ დამოკიდებულებას შრომითი უფლებების მიმართ. შვედური მხარის მიერ ფასილიტირებული დიალოგის შესაძლებლობის მიუხედავად, კომპანიამ უარი თქვა უარს მშრომელებსა და მათ პროფკავშირთან დიალოგზე, რომელიც კომპანიაში არსებული პრობლემური პრაქტიკების აღმოფხვრისკენ და შრომის პირობების გაუმჯობესებისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული.  

აღსანიშნია, რომ ,,ევოლუშენ ჯორჯიას’’ მიერ არაერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტია დადგენილი საქართველოს უწყებების, მათ შორის, სახალხო დამცველის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ. ასეთ საქმეებს მიეკუთვნება სახალხო დამცველის ანტი-დისკრიმინაციული მექანიზმის მიერ 2024 წლის ნოემბერში ,,ევოლუშენ ჯორჯიაში’’ დისკრიმინაციის წახალისების ხელშემწყობი პრაქტიკის არსებობის დადგენა[13] და 2023 წლის ნოემბერში დასაქმებულების კოლექტიური შრომითი უფლებების დარღვევის დადგენა[14], რაც პროფკავშირული საქმიანობის ხელშეშლის სხვადასხვა ფაქტით გამოიხატა. ამ საქმეებს შორის არის, ასევე, 2024 წლის ოქტომბერში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ,,ევოლუშენ ჯორჯიას’’ მხრიდან “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის დადგენა, სამუშაო სივრცეში ვიდეო მეთვალყურეობის განხორციელების წესებთან დაკავშირებით[15].

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Final statement from the Swedish National Contact Point for Responsible Business Conduct - “Specific Instance - Social Justice Center and Evolution AB”, 29.07.2025:

https://regeringen.se/contentassets/69d5d255a518405aadbbd73614599f40/slutligt-utlatande-om-social-justice-center-anmalan-gallande-evolution-ab.pdf.

[2] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 21.08.2024:

https://socialjustice.org.ge/ka/products/sotsialuri-samartlianobis-tsentrma-shvedur-mkhares-evolushenis-tsinaaghmdeg-sachivrit-mimarta.

[3] OECD Guidelines for Multinational Enterprises on Responsible Business Conduct, 8 June 2023:

https://www.oecd.org/en/publications/2023/06/oecd-guidelines-for-multinational-enterprises-on-responsible-business-conduct_a0b49990.html.

[4] Ibid.

[5] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 21.08.2024:

https://socialjustice.org.ge/ka/products/sotsialuri-samartlianobis-tsentrma-shvedur-mkhares-evolushenis-tsinaaghmdeg-sachivrit-mimarta.

[6] National Contact Point for Responsible Business Conduct, Sweden, 21.01.2025:

https://www.government.se/globalassets/government/block/aktualitetsblock/utrikesdepartementet/initial-assessment-by-the-swedish-national-contact-point-regarding-social-justice-center-and-evolution-ab.pdf.

[7] Final statement from the Swedish National Contact Point for Responsible Business Conduct - “Specific Instance - Social Justice Center and Evolution AB”, 29.07.2025:

https://regeringen.se/contentassets/69d5d255a518405aadbbd73614599f40/slutligt-utlatande-om-social-justice-center-anmalan-gallande-evolution-ab.pdf.

[8] Ibid., Page 8.

[9] Ibid.

[10] Final statement from the Swedish National Contact Point for Responsible Business Conduct - “Specific Instance - Social Justice Center and Evolution AB”, Page 9, 29.07.2025:

https://regeringen.se/contentassets/69d5d255a518405aadbbd73614599f40/slutligt-utlatande-om-social-justice-center-anmalan-gallande-evolution-ab.pdf.

[11] Ibid., Page 7.

[12] Ibid.

[13] საქართველოს სახალხო დამცველი, 6.11.2024:

https://cutt.ly/MrxoDwpW.

[14] საქართველოს სახალხო დამცველი, 1.11.2024: https://cutt.ly/MrxoFXNs.

[15] პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, გადაწყვეტილება №გ-1/295/2024, 15.10.2024.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“