საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლების უფლებების დასაცავად საჩივრით მიმართა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე დაფუძნებულ შვედეთის ეროვნულ საკონტაქტო უწყებას. ჩვენ მიერ წარდგენილი საჩივარი შეეხება კომპანია „ევოლუშენის“ მიერ, საქართველოში საქმიანობისას, „მულტიეროვნული კორპორაციებისთვის პასუხისმგებლობიანი ბიზნეს საქმიანობის შესახებ“ OECD-ის სახელმძღვანელო პრინციპებით განსაზღვრული სტანდარტების უხეშ დარღვევას.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების მიზანია, დაადგინოს საბაზისო სტანდარტები მულტინაციონალური კორპორაციებისთვის, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი თავიანთი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უცხო სახელმწიფოში საქმიანობენ და დაიცვას ადგილობრივები ტრანსნაციონალური კომპანიის უფლებადამრღვევი პრაქტიკისგან. სახელმძღვანელო პრინციპები პასუხისმგებლობიანი ბიზნეს საქმიანობის შესახებ მოიცავს პრინციპებსა და სტანდარტებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ადამიანის უფლებები, დასაქმება და საწარმოო ურთიერთობები, გარემოს დაცვა, ქრთამის აღება და თანხის გამოძალვა, მომხმარებელთა ინტერესები, მეცნიერება და ტექნოლოგია, კონკურენცია და გადასახადები[1]. აღნიშნული პრინციპების პრაქტიკაში განხორციელების უზრუნველსაყოფად, მათზე მიერთებულ სახელმწიფოებში მოქმედებს ეროვნული საკონტაქტო უწყებები (National Contact Points (NCPs)), რომლებსაც ევალებათ სათანადო ზომების მიღება, რათა მულტიეროვნულმა კორპორაციებმა თავიანთ საქმიანობაში დაიცვან სახელმძღვანელო პრინციპებში მოცემული სტანდარტები[2].
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ შვედეთის ეროვნულ საკონტაქტო უწყებაში წარდგენილი საჩივარი ეხება კომპანია ,,ევოლუშენ ჯორჯიას“ მიერ, რომელიც შვედური კორპორაციის აფილირებული კომპანიაა, შრომითი უფლებების მასობრივ დარღვევას, მათ შორის, შრომის დაბალ ანაზღაურებას, ჯანმრთელობისთვის შეუსაბამო სამუშაო გარემოსა და პირობებს, ანტისანიტარიასა და ჰიგიენის ნორმების დაუცველობას სამუშაო სივრცეში, კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან თანამშრომლებისადმი შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასა და კომპანიაში არსებულ შრომის პირობებთან დაკავშირებულ სხვა არაერთ პრობლემას[3], რომელიც უხეშად არღვევს OECD-ის სტანდარტებს. უფრო ზუსტად კი, სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, იმ შემთხვევებში, როდესაც მულტიეროვნული კორპორაციები ოპერირებენ განვითარებად ქვეყნებში, მათ უნდა უზრუნველყონ ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისი, ადეკვატური შრომის პირობები, მათ შორის, შრომის ანაზღაურება და მიიღონ სათანადო ზომები დასაქმების ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების დასაცავად.
კომპანია ,,ევოლუშენ ჯორჯიაში’’ არსებულ მძიმე შრომის პირობებთან დაკავშირებით 12 ივლისიდან დღემდე ასობით დასაქმებულია გაფიცული. კომპანია გაფიცული პირების მიერ წამოჭრილი პრობლემური საკითხებიდან არცერთის მოგვარებაზე არ გამოთქვამს მზადყოფნას. იმის ნაცვლად, რომ კომპანია პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდა მისი თანამშრომლების მასშტაბურ პროტესტს, რეალურად განეხილა მათ მიერ წამოჭრილი პრობლემური საკითხები და გამოესწორებინა სამუშაო ადგილზე შექმნილი მძიმე შრომის პირობები, იგი სამუშაო ბაზრიდან ნაწილობრივ გასვლით და თანამშრომლების შემცირებით დაიმუქრა, რაც ასევე არღვევს სახელმძღვანელო პრინციპებით დადგენილ მოთხოვნებს.
კერძოდ, პასუხისმგებლობიანი ბიზნეს საქმიანობის შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, მშრომელების წარმომადგენლებთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში შრომის პირობებთან დაკავშირებით ან მშრომელების მიერ ორგანიზების უფლებით სარგებლობის კონტექსტში, მულტიეროვნულმა კორპორაციებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი მუქარებისაგან, როგორიც არის მოცემული ქვეყნის ტერიტორიიდან მისი განყოფილების მთლიანად ან ნაწილობრივ გადატანა სხვა ქვეყანაში, რათა არ იქონიონ უსამართლო ზეგავლენა მიმდინარე მოლაპარაკებებზე ან ხელი არ შეუშალონ მშრომელების მიერ ორგანიზების უფლებით სარგებლობას[4]. მოცემულ შემთხვევაში, „ევოლუშენ ჯორჯია“ სწორედ ამ სტრატეგიას მიმართავს და, გაფიცულების მძიმე სოციალური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, მათზე ზეწოლის მოხდენას წარმომადგენლობის შეზღუდვის მუქარით ცდილობს.
ხაზგასასმელია, რომ გაფიცულების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართა, ხოლო 19 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთი გაფიცული ახალგაზრდა პირის ამოკერვას გეგმავს. შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შვედეთის ეროვნული საკონტაქტო უწყებიდან სწრაფი რეაგირება მოითხოვა, რადგან მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას და დაჩქარებულ რეაგირებას მოითხოვს.
[1] The OECD Guidelines for Multinational Enterprises on Responsible Business Conduct:
https://mneguidelines.oecd.org/mneguidelines/.
[2] იქვე.
[3] რადიო თავისუფლება, სტატია ,,როცა ეს თამაში აღარ არის - რა ხდება ,,ევოლუშენის’’ კედლებს მიღმა’’:
[4] იქვე, გვ. 36-37.
ინსტრუქცია