[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ანალიტიკური დოკუმენტები

ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების და გამოწვევების შეფასების ზოგადი დოკუმენტი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა შეისწავლა და გამოავლინა ის სისტემური სოციალური, პოლიტიკური და უფლებრივი გამოწვევები, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია შეაჯამოს მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებული პრობლემები და მოსახლეობის წუხილები და საჭიროებები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სხვა რელევანტურ სახელმწიფო უწყებებს გაუზიაროს. საბოლოოდ, EMC ადვოკატირების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით შეეცდება ხელი შეუწყოს არსებული გამოწვევების გადაჭრას. 

2019 წლის სექტემბრისა და ნოემბრის პერიოდში EMC საველე ვიზიტით იმყოფებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 10-მდე სოფელში (მათ შორის, სოფლებში - მამხუტი, სავანეთი, ტალავერი, ცურტავი, ქვემო ბოლნისი, დარბაზი, ნახიდური, წიფორი), რომელიც ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული მოსახლეობასთან შეხვედრებთან ერთად EMC-იმ მოინახულა სოფლების ძირითადი საჯარო და სამეურნეო ნაგებობები და პრობლემების შესახებ ადგილობრივების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ადგილზე გადაამოწმა. ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია სწორედ ადგილობრივი თემისგან მიღებულ ინფორმაციას და ჩვენს ჩართულ დაკვირვებებს ეფუძნება.

შესწავლის ფარგლებში გამოვლინდა  გამოწვევები, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური მონაწილეობის, სათანადო განათლების, სოციალური დაცვის, საჯარო ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების საკითხებს.  შეხვედრებისას ადგილობრივებმა გაგვიზიარეს, რომ სოფლის მაცხოვრებლები არათუ არ მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში, არამედ ხშირ შემთხვევაში ენის ბარიერის გამო კომუნიკაციაც კი არ აქვთ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ორგანოებთან. ცხადია, ეს გათიშულობა ადგილობრივი პოლიტიკიდან თემის იზოლირებას და გაუცხოებას იწვევს და ართულებს მათი სოციალური საჭიროებების, ინტერესების და წუხილების პოლიტიკურ არტიკულირებას. შესწავლის ფარგლებში გამოვლენილი პრობლემები ურთიერთდაკავშირებული და სისტემურია და ის სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსურ მიდგომებსა და სპეციალურ პოზიტიურ ინტერვენციას საჭიროებს. 

 

მუნიციპალიტეტის დემოგრაფიული სურათის ზოგადი მიმოხილვა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემების მიხედვით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 804.0 კვ. კმ-ს, მოსახლეობა – 53 590 კაცს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 63,4 %-ს ეთნიკურად აზერბაიჯანელები შეადგენენ, 30,9 % - ქართველები, 5 % - სომხები. ბოლნისის მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი, 2 დაბა, 14 თემი და 46 სოფელია. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 25.8 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებაში. ბოლნისის მუნიციპალიტეტში 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.8 პროცენტია, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წილი – 66.4 პროცენტი, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 13.8 პროცენტი. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 10 წლის და უფროსი ასაკის 46 212 კაცი ცხოვრობს, მათგან 12.6 პროცენტს მიღებული აქვს უმაღლესი (ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი) განათლება. საქალაქო დასახლებებში უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის წილი 24.6 პროცენტია, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 8.5 პროცენტი.

მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დოკუმენტები ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზი აჩვენებს, რომ მას არ გააჩნია მუნიციპალიტეტის განვითარების სისტემური ხედვა და ასევე არ აქვს სპეციალური პოლიტიკის დოკუმენტები და სამოქმედო გეგმები, რომელიც მუნიციპალიტეტის დონეზე ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ხელშეწყობას ეთმობა.

 

ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ძირითადი პრინციპები

ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის პოლიტიკა და სამართალი ორ ძირითად ღერძს ეფუძნება: ეთნიკური უმცირესობების იდენტობის და თვითმყოფადობის დაცვა (1) და მათთვის თანასწორი გარემოს შექმნა (2).

იდენტობის განუყოფელ ელემენტებად ადამიანის უფლებათა სამართალი გულისხმობს რელიგიას, ენას, ტრადიციებს, კულტურულ მემკვიდრეობას და ადგილობრივი წარმოების წესს. სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება თავი შეიკავონ ისეთი პოლიტიკისა და პრაქტიკის დანერგვისგან, რომელიც გამოიწვევს ეროვნული უმცირესობების ასიმილაციას სხვა ეროვნებასთან, მათი ნების საწინააღმდეგოდ. გარდა თავშეკავებისა,  სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიურ ვალდებულება, დაიცვას ეს ადამიანები მსგავსი იძულებითი ასიმილაციისგან დამატებითი ზომების მიღებით. ყველა მხარდამჭერი ზომა მორგებული უნდა იყოს სხვადასხვა ჯგუფის სპეციალურ საჭიროებებზე, რათა კულტურული განსხვავებები იყოს მხედველობაში მიღებული და დაცული. ეს ზოგჯერ მოითხოვს მიზანმიმართულ ღონისძიებებს ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, რომ გამოაცოცხლონ ეთნიკური უმცირესობის კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომლის გამოხატვის გარეშეც მათი იდენტობა დაიკარგება.

 

ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენცია (FCNM)  პოზიტიურ ვალდებულებებს უწესებს სახელმწიფოებს, ეთნიკური უმცირესობების ლინგვისტურ უფლებებთან დაკავშირებით. ეს უფლებები ჩარჩო კონვენციაში რამდენიმე მიმართულებით ვითარდება: 1) ადმინისტრაციულ ორგანოებთან უმცირესობის ენაზე ურთიერთობის უფლება: იმ ადგილას, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები არიან ტრადიციულად დასახლებულნი ან მათი რაოდენობა მნიშვნელოვანია და იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები მოითხოვენ და მოთხოვნა შესაბამისია რეალურ საჭიროებასთან, სახელმწიფოებმა ისეთი პირობები უნდა შექმნან, რომ გამოიყენონ უმცირესობის ენა ამ ადამიანებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობისას. 2) სისხლის სამართლის პროცესში უმცირესობის ენის გამოყენების უფლება: მხარეებმა ასევე უნდა უზრუნველყონ ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის დაუყოვნებლივი ინფორმირება იმ ენაზე, რა ენაზეც მათ ესმით მათი დაკავების მიზეზებისა და ნებისმიერი იმ ბრალდების შესახებ, რაც მათ წარედგინებათ; უფლება აქვთ, დაიცვან თავი მათთვის გასაგებ ენაზე და საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ თარჯიმნის უფასო დახმარება. 3) საკუთარი გვარისა და სახელის უმცირესობის ენაზე გამოყენების უფლება: სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, ოფიციალურად აღიარონ უმცირესობის წარმომადგენლის გვარი და სახელი მშობლიურ ენაზე და საამისოდ შეიტანონ ცვლილებები სამართლებრივ სისტემაში; 4) საკუთარ ენაზე ინსტრუქციების, ნიშნებისა და სხვა კერძო ხასიათის ინფორმაციის გავრცელების უფლება საჯარო ადგილას. გარდა ამისა, ტრადიციულად ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ადგილებში ან იქ, სადაც დიდი რაოდენობით სახლობენ ეთნიკური უმცირესობები, ტრადიციული ადგილობრივი სახელები, ქუჩის დასახელებები და ტოპოგრაფიული ნიშნები ასევე შეიძლება განთავსდეს უმცირესობის ენაზე, თუ ამის მოთხოვნა და საჭიროება არსებობს. საკონსულტაციო კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეს უფლებები მიემართება ყველა ეთნიკურ უმცირესობას და ნებისმიერი შეზღუდვა მკაცრად უნდა განიხილებოდეს ინდივიდის ღირსებისა და პირადი ცხოვრების უფლების დაცვის ჭრილში. სახელმწიფოებმა შეიძლება მიიღონ გარკვეული სახის შეზღუდვა სახელმწიფო ენის გაძლიერებისა და დაცვის მიზნით, თუმცა ამ შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი დაცული უნდა იყოს ზემოთ ჩამოთვლილი უფლებებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩარჩო კონვენციის სულისკვეთების გათვალისწინებით, საზოგადოებაში ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების მხარდაჭერით. სამართლებრივი რეგულაციები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს ოფიციალური ან სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, არ უნდა არღვევდეს ინდივიდის პირად სივრცეს და არ უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ დაირღვეს უმცირესობების იდენტობა და ლინგვისტური საჭიროება.

რაც შეეხება თანასწორობის პრინციპებს. თანასწორობის ქვეშ ადამიანის უფლებათა სამართალი გულისხმობს არა მხოლოდ კანონის წინაშე ფორმალურ თანასწორობას, არამედ ფაქტობრივი/არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფას, რომელიც სახელმწიფოს სპეციალური პოზიტიური ვალდებულებების განხორციელებას ავალდებულებს. ეს ვალდებულებები კი მოიცავს 1. დისკრიმინაციის იდენტიფიციკაციას; 2. დისკრიმინაციის მიზეზების მყისიერ აღმოფხვრას; 3. წარსულში განცდილი დისკრიმინაციის ნეგატიური ეფექტების აღმოფხვრას; 4. მომავალი დისკრიმინაციის პრევენციის. არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფის ვალდებულება სახელწიფოს ავალდებულებს გააჩნდეს სპეციალური სტრატეგია, რომელიც ეთნიკური უმცირესობების სუსტ რეპრეზენტაციას და ძალაუფლების და რესურსების უთანასწორო განაწილებს აღმოფხვრის. ამ კუთხით სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს პოზიტიური ზომები, რათა გაუმკლავდეს წარსულში განცდილ ან მიმდინარე დისკრიმინაციას, ასევე კონკრეტული ჯგუფის მიმართ სახელმწიფოს მიერ ისტორიულად გამოვლენილი გულგრილობის და უგულებელყოფის მძიმე შედეგებს, ან/და მიიღოს სპეციალური ზომები აშკარად არაპრივილეგირებულ და დაქვდემდებარებულ მდგომარეობაში მყოფ სოციალურ ჯგუფთან მიმართებით.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებითია ეთნიკურ უმცირესობების დაცვაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ გაითვალისწინოს უმცირესობების ჯგუფებში სოციალური სიკეთეების, სერვისების განაწილებისა და დამატებითი მხარდამჭერი პოლიტიკების გატარების აუცილებლობა, როგორც უფრო სამართლიანი და თანასწორობი გარემოს შექმნის საშუალება.

 

იდენტიფიცირებული  პრობლემები და საჭიროებები

  1. განათლების კუთხით არსებული გამოწვევები

ბოლნისში მცხოვრები აზერბაიჯანული თემის წინაშე მწვავედ დგას სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი, რაც არსებითად წლების განმავლობაში სახელმწიფო განათლების პოლიტიკის სისუსტეს უკავშირდება. აღნიშნულს ადასტურებს არაერთი კვლევა.[1] სახელმწიფოს მიერ 1+4 საგანმანათლებლო პროგრამის შემოღებაც ამ პრობლემის ერთგვარ აღიარებას წარმოადგენს. ადგილობრივები პოზიტიურად აფასებენ  „1+4 პროგრამა“-ს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება გამარტივებული გზით ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებლებში, შეისწავლონ სახელმწიფო ენა და დაეუფლონ მათთვის სასურველ პროფესიას. თუმცა თემში/სოფელში დაბრუნებულ  კურსდამთავრებულებს დასაქმების და რეალიზების პრობლემასთან შეჯახება უწევთ, რაც ასევე ახდენს ნეგატიურ გავლენას განათლების მიღების მოტივაციაზე. ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და არც სხვა უწყებებს არ გააჩნიათ სპეციალური პოლიტიკა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდების დასაქმებას შეუწყობდა ხელს.  უნდა აღინიშნოს, რომ სტაჟირების პროგრამა, რომელში მონაწილეობის საშუალებაც „1+4 პროგრამის კურსდამთავრებულებს ეძლევათ, ხშირად ფორმალურ ხასიათს ატარებს და რეალური ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა  და დასაქმებაზე ნაკლებად არის ორიენტირებული.

საველე გასვლებისას ნათლად გამოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობაში დიდია სახელმწიფო ენის ცოდნისა და სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელების სურვილი, ამ მიზნის მიღწევა რთულია   სხვადასხვა ურთიერთკავშირებული პრობლემის გამო, მათ შორის, საჯარო სკოლებში განათლების დაბალი დონე, სიდუხჭირე, რაც საშუალებას ართმევს მოსახლეობას რეპეტიტორის მეშვეობით მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის, ან შეძლონ სახლიდან მოწყვეტით თბილისში განათლების მისაღებად წასვლა. უმაღლესი განათლების საღებად ბარიერებს ქმნის მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის სიმცირე და ზოგ შემთხვევაში არარსებობაც.

სკოლებში არსებული სწავლის უკიდურესად დაბალი ხარისხი სწავლის გაგრძელების კიდევ ერთი დემოტივატორია. ახალგაზრდები სწავლას ადრეულ ასაკში ანებებენ თავს და საბაზო განათლების მიღების შემდგომ სწავლა აღარ აგრძელებენ; ვიზიტებისას გამოვლინდა, რომ გოგონების დიდი ნაწილი სკოლას მე-9 კლასის შემდგომ ტოვებს, რასაც უმეტესწილად მათი ნაადრევი ქორწინება მოსდევს, ხოლო ბიჭები მძიმე ფიზიკურ შრომაში ერთვებიან, ან სამუშაო მიგრაციაში მიდიან უცხო ქვეყნებში.

  1. საბავშვო ბაღების  ნაკლებობის პრობლემა ეთნიკურად აზერბაიჯანელ თემში

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საბავშვო ბაღების ნაკლებობა.[2] ბოლნისში სულ 12 საბავშვო ბაღია, რომელთა უმეტესობაც ეთნიკურად ქართული მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიებზეა (სოფლებშია) თავმოყრილი. ესენია, ქალაქ ბოლნისში მდებარე ექვსი საბავშვო ბაღი სოფლებში - რატევანი, ქვეში, ტანძია, ბალიჭი, თამარისი და კაზრეთი.

საველე ვიზიტებისას მოსახლეობის უდიდეს წუხილს მათი შვილებისთვის, სწორედ ამ მნიშვნელოვანი სივრცეების არ არსებობა წარმოადგენდა. ვინაიდან საბავშვო ბაღი ის სივრცეა, სადაც ბავშვი ყალიბდება, იღებს შემდგომი განათლებისთვის მნიშვნელოვან უნარ ჩვევებს და ეუფლება სახელმწიფო ენას. თითოეულ სოფელში განმარტეს, რომ ის ბავშვები, რომელთა მშობლებსაც ეკონომიკური შესაძლებლობა აქვთ შვილები სხვა სოფელში არსებულ საბავშვო ბაღში ატარონ,  ფლობენ სამეტყველო ქართულს და ბევრად უფრო მზად არიან სასკოლო განათლებს მისაღებად, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც სახლში, ან ხშირად მშობლების სამუშაო ადგილას, ყანაში იზრდებიან.

საბავშვო ბაღების არარსებობა სოფლებში მცხოვრებ ქალებს ერთიორად უმძიმებს ტვირთს. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობის სფეროში დაქირავებულ მუშად მუშაობაა. იმ პირობებში, როდესაც ქალებს ბავშვების ბაგა-ბაღში დატოვების საშუალება არ აქვთ, მათ სახლში დარჩენა უწევთ, რაც ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას და ხშირად ხდება ოჯახის წევრების  შრომითი მიგრაციის მიზეზი.  ის ქალები,  რომლებიც დღიურად მუშაობენ, იძულებული არიან ბავშვები ყანაში ან სათბურში თანწაიყვანონ,  სადაც ისინი მთელი დღის მანძილზე რჩებიან, რაც  ცხადია ნეგატიურად აისახება  ბავშვების განვითარებაზე.

  1. მოსახლეობას არ აქვს წვდომა ინტერნეტზე, ბეჭდური მედიაზე, ტელემაუწყებლობა ადეკვატური მოცულობით არ ახორციელებს ინფორმაციის მიწოდებას მათთვის გასაგებ ენაზე;

საველე ვიზიტებისას გამოვლინდა, რომ ინფორმაციის გავრცელება ქვეყანაში თუ მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ, სოფლის მოსახლეობაში უკიდურესად დაბალია. მაგალითად სოფელ ქვემო ბოლნისში აღნიშნეს, რომ მას შემდეგ რაც სოფელში ინტერნეტის საერთო ქსელის გაყვანა მოხდა, მოსახლეობაში ინფორმაციულობის ხარისხმაც იმატა. სოფელში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა  სოციალურ ქსელში ახალი ამბების პლატფორმა  შექმნეს, სადაც აზერბაიჯანულ ენაზე მუდმივად აქვეყნებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. თუმცა ქვემო ბოლნისი ამ კუთხით იშვიათი გამონაკლისია, სხვა სოფლებში ინტერნეტზე წვდომა ადგილობრივებს არ აქვთ. მოსახლეობის თქმით არცერთი არხი, თუ ბეჭდური მედია საკმარისი ხარისხითა და მოცულობით არ აქვეყნებს მათთვის გასაგებ ენაზე ახალ ამბებს, ხოლო მუნიციპალიტეტის ბეჭდური გამოცემა მათთვის არარელევანტური საკითხების გაშუქებაზეა ორიენტირებული, მოსახლეობის აზრით, მათ არ მიეწოდებათ ინფორმაცია ქვეყანაში და მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, ბეჭდური გამოცემა კი უმეტესწილად ისტორიულ-კულტურული შინაარსის სტატიებს აქვეყნებს და იმავდროულად ტირაჟი გათვლილი არ არის მოსახლეობის რაოდენობაზე.

აუცილებელია აღვნიშნოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის როლიც, რომლის ყურების სურვილიც მოსახლეობაში დიდია, თუმცა მოსახლეობის თქმით, ბოლო რამდენიმე წელია საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელეეთერში აზერბაიჯანულ ენაზე  აღარ უშვებს ახალ ამბებს. იმ პერიოდში, როდესაც მაუწყებელი გადასცემდა ინფორმაციას აზერბაიჯანულად, სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი უყურებდა მას,  მიუხედავად იმისა რომ ინფორმაცია მათთვის არასასურველ დროის მონაკვეთში, შუადღის 16:00 საათზე გადიოდა. დღევანდელი მდგომარეობით საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ სოციალურ ქსელებში (Facebook) უშვებს დღეში ორჯერ, ახალი ამბების მოკლე დაიჯესტს აზერბაიჯანულ ენაზე. აღნიშული ინფორმაციის მიღება მოსახლეობის უმრავლესობისთვის შეუძლებელია, ვინაიდან სოფელში არ არის ინტერნეტი, მობილური ინტერნეტის ქონა კი შესაბამის ხარჯთანაა დაკავშირებული. ამასთანავე ტექნიკური საშუალებების გამოყენება მაინც ახალგაზრდების პრივილეგიაა და შედარებით ხანში შესული ადამიანები მოკლებულნი არიან საშუალებას გაეცნონ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

  1. სახელმწიფო თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის პრობლემა,

საველე ვიზიტებისას გამოჩნდა, რომ აზერბაიჯანული თემით დასახლებული სოფლების მოსახლეობა თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობაში არაერთ პრობლემას აწყდება. უპირველესი ენობრივი ბარიერია. მოსახლეობის განმარტებით უკიდურეს შემთხვევაში ვიზიტს, ისინი იმ ადამიანთან ერთად გეგმავენ, ვინც ქართულად ან რუსულად მეტყველებს. ძირითად შემთხვევაში მოსახლეობამ მაინც არ იცის რომელ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიმართონ კონკრეტული პრობლემის გადაჭრის მიზნით. წერილობითი განცხადების შეტანისგან მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს იკავებს ვინაიდან ეს მათთვის არარაციონალურ ხარჯთანაა დაკავშირებული - უწევთ განცხადების თარგმნა სახელმწიფო ენაზე და ნოტარიულად დამოწმება. პრობლემურია მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება მათთვის გასაგებ ენაზე, მუნიციპალიტეტი  მნიშვნელოვან სამართლებრივ დოკუმენტებს არ თარგმნის აზერბაიჯანულ ენაზე, იმ მოტივით რომ საქართველოში სახელმწიფო ენა ქართულია, თუმცა ეს მოტივი სრულიად არ მოდის შესაბამისობაში საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ კანონთან, რომელიც ავალებულებს იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, უზრუნველყონ უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ეთნიკური უმცირესობის ენაზე თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობა (მუხლი 9.3).

თითოეულ სოფელში უკიდურესად დაბალია მოსახლეობის ცხოვრებაში და პრობლემების მოგვარების საკითხში სოფლის რწმუნებულის როლი. ხშირად მათ მხოლოდ ნომინალური პოზიციები გააჩნიათ. ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც რწმუნებული, სოფლის მაცხოვრებლებმა,  ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს.  ამასთან ვერცერთ სოფელში ვერ გაიხსენეს ფაქტი, როდესაც რეალურად ჩატარდა სოფლის კრება, რომელშიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და მოსახლეობას სოფლის პრობლემებზე ესაუბრებოდნენ.

  1. რელიგიური და კულტურული ასიმილაციის შემთხვევები

აზერბაიჯანელი თემით დასახლებული სოფლების უმეტესობას შეცვლილი აქვს სახელი - ასეთია სოფელი ცურტავი (ქოლაგირი), მამხუტი (სარაჩლო), წიფორი (გულარი), სავანეთი (იმირასანი), ტალავერი (ფარხალო) და სხვა. ძველი აზერბაიჯანული დასახელებიდან არაფერია დარჩენილი. არის შემთხვევები, როდესაც სოფლის მაცხოვრებლებმა არ იციან რომელ სოფელში ცხოვრობენ, ვინაიდან გადარქმეული სახელი სოფლის შესასვლელში მხოლოდ ქართულ ენაზეა აღნიშნული.

სოფლებში აღნიშნავენ, რომ ისინი შევიწროებას განიცდიან ქრისტიანი სასულიერო პირებისგან, რომლებიც ძირითადად სოფლების განაპირას სახლდებიან და შემდგომ მოსახლეობას, ხანდახან იარაღის მუქარით არ აძლევენ საშუალებას ისარგებლონ  საძოვარი მინდვრებით, სარწყავი წყლით ან სოფლის შემოგარენში არსებული ტყით.

პრობლემურია საკულტო ნაგებობების მშენებლობის საკითხიც, ვინაიდან მუნიციპალიტეტიდან ახალი ნაგებობის მშენებლობის ნებართვაზე მოსახლეობას მუდმივად უარი მისდის. მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან უარი მიუვიდათ საკულტო ნაგებობის მშენებლობაზე სოფელ წიფორისა და სოფელ ცურტავის მაცხოვრებლებს.

ყოველივე ზემოთქმულს, მოსახლეობის განმარტებით, თან ერთვის მუნიციპალიტეტის მხრიდან აზერბაიჯანული დღესასწაულებისა და კულტურისთვის დამახასიათებელი ატრიბუტებისა და სიმბოლოების იგნორირების პოლიტიკა.

  1. სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემა

EMC-ის გუნდის მიერ განხორციელებული ვიზიტებისას, მოსახლეობის უმეტესობა აღნიშნავდა სარწყავი წყლის პრობლემა. მეტწილად, სოფლებში სარწყავი წყალი ვაჭრობისა და ძალაუფლების სპეკულირების საკითხი ხდება. ვინაიდან რეგიონში მიწათმოქმედი ხალხი ცხოვრობს მათთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სარწყავი წყალი მოსავლის მოყვანის პერიოდში მუდმივად მიედინებოდეს, რაც ძირითად შემთხვევაში არ ხდება. მელიორაციის საკითხი ეკოლოგიური კუთხითაც აფიქრებს მოსახლეობას, ვინაიდან თვალნათლივ ჩანს წყლის არაბუნებრივი ფერი, რომლითაც მოსახლეობას უწევს სახნავ-სათესი მიწების მორწყვა.

სასმელი წყლის საკითხიც რეალური გამოწვევაა სოფლების უმეტესობაში, განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლებში. ზოგ სოფელში სასმელი წყალი კვირაში ერთხელ ან ორჯერ მოდის რამდენიმე საათით, ზოგ სოფელში კი მოსახლეობას რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევს სასმელი წყლის საერთო ჭიდან მოსატანად. ეს შრომა კი მეტწილად ქალების ტვირთია. უწყლოდ დარჩენილია სოფელი ცურტავი, ტალავერი, დარბაზი, სოფელ მამხუტსა და სავანეთს კი წყალი გრაფიკით, კვირაში 2 დღე  მიეწოდებათ.

  1. ტრანსპორტისა და გზების პრობლემა

სოფლების უმრავლესობაში არ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოსახლეობას რომელიმე ქალაქამდე მიიყვანს. ძირითადად მოსახლეობა მთავარ გზატკეცილამდე მიდის საიდანაც ბედის ანაბარად ელის რაიმე ტრანსპორტს, რომელიც მარნეულამდე, თბილისამდე ან ბოლნისამდე მიიყვანს. ხშირად მოსახლეობა ბავშვებისთვის განკუთვნილ სასკოლო ტრანსპორტს დაყვება ბოლნისამდე, ვინაიდან სხვა გადაადგილების საშუალება სოფელში არ არსებობს.

ტრანსპორტის პრობლემა, იმთავითვე კავშირშია განათლების  საკითხთან.   EMC-ის გუნდის მიერ შესწავლილი სოფლების უმეტესობაში ტრანსპორტი უბრალოდ არ დადის. ამ პირობებში შეუძლებელია ახალგაზრდამ დაგეგმოს სწავლის გაგრძელება, თუნდაც ბოლნისში არსებულ პროფესიულ სასწავლებელში.

სოფლების უმეტესობაში შიდა გზები მოუწესრიგებელია, გადაადგილება წვიმიან ამინდში პრაქტიკულად შეუძლებელია. ხშირად გზები იმდენად ტალახდება, რომ ბავშვებს მშობლები სკოლაში ვერ უშვებენ. მაღალმთიან სოფლების პრობლემა კი არამხოლოდ შიდა გზები, არამედ მისასვლელი გზებიცაა, რომელზე გადაადგილებაც მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით არის შესაძლებელი.

  1. გარემოს დაბინძურების პრობლემა

სოფლების უმეტესობა არ არის აღჭურვილი სათანადო რაოდენობის ნაგვის ურნებით, რაც  სოფლის შემოგარენში ქმნის დაბინძურების კერებს. იგივე ითქმის მდინარის და ტყის ნაპირებზე.  მიუხედავად იმისა რომ ნელ-ნელა ნარჩენების საკითხი აქტუალური ხდება და სულ უფრო და უფრო იმატებს სოფლების რიცხვი, სადაც სანაგვე ურნები თავსდება, რეალურად მუნიციპალიტეტის მიერ არ ხდება უკვე დაგროვილი ნარჩენების გატანისა და განადგურების ორგანიზება, რაც უარყოფითად აისახება სოფლების ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

  1. მიწების რეგისტრაციისა და უკანონო მითვისების საკითხი

ყველა სოფელში მოსახლეობა უკიდურესად მწირი სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეა. მოსახლეობას ასევე არ გააჩნია საძოვარი მიწები. ეს სივრცეები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ერთეულმა პირებმა, დღეს „არენდატორებმა“ დაისაკუთრეს, რაც დღეს აღნიშნული მძიმე სოციალურ ფონს და უთანასწორო მდგომარეობას ქმნის.

პრობლემურია ასევე მიწების თვითნებურად მითვისების საკითხი. მნიშვნელოვანი სამეურნეო, საძოვარი მიწები, რაც საბჭოთა კავშირის დროს კონკრეტული „ჩინოვნიკების“ საკუთრებაში აღმოჩენას გადარჩა, დღეს უკვე მართმადიდებელი სასულიერო პირების თვითნებური მიტაცების საგანი ხდება. მოსახლეობა კი ამ პრობლემაზე ხმამაღლა შიშის გამო არ საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ  მათთვის მნიშვნელოვანი რესურსის გარეშე რჩება.

  1. სახელმწიფო სერვისებზე, მათ შორის ჯანდაცვის და სოციალური დახმარების სერვისებზე ინფორმაციის ნაკლებობა;

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებული სოფლების უმეტესობაში, მოსახლეობის ცოდნა სახელმწიფო სერვისებზე უკიდურესად დაბალია. მოსახლეობამ პრობლემად დაასახელა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორის მიერ განხორციელებულ პროგრამებზე ინფორმაციის არქონა. მათ არ აქვთ ცოდნა სოციალური დახმარების პროგრამების და პროცედურების შესახებაც. საველე ვიზიტებისას გამოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახური დაკისრებულ მოვალეობას ხშირ შემთხვევაში სათანადოდ თავს ვერ ართმევს.

თითოეულ სოფელში გამოიკვეთა ენობრივი ბარიერის პრობლემა ჯანდაცვის სისტემასთან ურთიერთობისას, იქნება ეს სასწრაფო დახმარების გამოძახება. თუ ბოლნისის საავადმყოფოებში მკურნალობა. სოფლებში განმარტეს, რომ ისინი რუსული ან ქართული ენის მცოდნე ადამიანის გარეშე ვერ იძახებენ სასწრაფო დახმარებას და ვერ ურთიერთობენ სამედიცინო დაწესებულებებთან.

პრობლემები რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას აწუხებს წლების მანძილზე გროვდებოდა და გამოსავალი არც ერთი მმართველობის პირობებში არ მოეძებნა. მოსახლეობაში კრიტიკულია განცდა, რომ ისინი ხელისუფლებას მხოლოდ წინა საარჩევნოდ ახსენდება და დაპირებები რომელიც გაიცემა არ სრულდება, ან ისევ წინა საარჩევნოდ კეთდება, ისიც მინიმალური სახით. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოუსმინოს ადგილობრივ მაცხოვრებლებს და პრიორიტეტულად დაიწყოს იმ პრობლემების მოგვარება რომელიც ყველაზე მწვავედ დგას და მძიმე ტვირთად აწევთ. ცალკეულ სისტემურ პრობლემებზე კი როგორიცაა განათლების ხარისხი რეგიონებში უფრო სტრუქტურული მიდგომა სჭირდება ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების ჩართულობით.

EMC თითოეულ სოფელთან დაკავშირებით მომზადებულ ინდივიდუალურ ანგარიშებს გაუზიარებს როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამუშაო რეჟიმში, თემის წარმომადგენლების მონაწილეობით შეეცდება ამ პრობლემების დაყენებას თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების მოქმედების დღის წესრიგში.

 

მუნიციპალიტეტის  საჭიროებებზე ორიენტირებული რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობას:

  • შეიმუშავოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების პოლიტიკის დოკუმენტი და მასზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმა. არსებითია ამ პოლიტიკაში ეთნიკური უმცირესობების უფლებების და სპეციალური საჭიროებების ინკლუზია. ამ კუთხით ასევე უნდა აღინიშნოს, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის პოლიტიკა ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, საუკეთესო გამოცდილებებს და ადგილობრივ თემთან დემოკრატიულ კონსულტაციებს უნდა დაეფუძნოს;
  • მიიღოს სპეციალური ზომები ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების, მათ შორის, ქალების ადგილობრივ პოლიტიკაში მონაწილეობის გასაზრდელად;
  • სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად შექმნას სახელმწიფო ენაზე თარგმნის რესურსები, რაც ადგილობრივ მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტთან შეუფერხებელი კომუნიკაციის შესაძლებლობას მისცემს. ეს მხარდაჭერა გულისხმობს ქართული ენის არ მცოდნე მოქალაქეებისთვის მათი განცხადებების, საჩივრებისა და სხვა დოკუმენტების, ასევე მათზე თვითმმართველობის ოფიციალური პასუხის ამსახველი საჯარო ინფორმაციის თარგმნას აზერბაიჯანულ ენაზე.
  • ამასთან არსებითია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი (ასევე ოფიციალური გვერდები სოციალურ ქსელებში) გახდეს ორენოვანი და ადგილობრივებს ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტი, საკანონმდებლო აქტი და სიახლეები მიეწოდოს აზერბაიჯანულ ენაზე;
  • მუნიციპალიტეტის დონეზე შეიქმნას მოქალაქეების მხარდამჭერი მიმღები/საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აქტიურად (პროაქტიული საინფორმაციო საშუალებები) გაუზიარებს ინფორმაციას თვითმმართველობის და სხვა რელევანტური (განსაკუთრებით სოციალურ პეოლიტიკაზე მომუშავე) უწყებების საქმიანობის, მათი სოციალური და სხვა ტიპის პროგრამების შესახებ, ასევე დაეხმარება მოქალაქეებს მათი ინტრესის მიხედვით შესაბამის სახელმწიფო უწყებებში გადამისამართებაში.
  • უზრუნველყოს ეთნიკურად აზერბაიჯანული თემით დასახლებული სოფლებისთვის საბავშვო ბაღების მშენებლობა და სათანადო ბილინგვური და მულტიკულტურული სწავლების პროგრამების განვითარება;
  • უზრუნველყოს სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება და მუნიციპალური ტრანსპორტის დანერგვა სოფლებში.
  • უზრუნველყოს ახალგაზრდების თვითმმართველობაში დასაქმების მიზნით, წამახალისებელი სპეციალური ღონისძიებები.
  • უზრუნველყოს სოფლებში შიდა გზების და ელექტროგაყვანილობის ბოძების მოწესრიგება და მათი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
  • შეიქმნას დემოკრატიული და ღია კომუნიკაციის არხები მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის სისტემური შეხვედრების და პრობლემების გაზიარების სახით.
  • არსებითია ადგილობრივი კულტურის პოლიტიკაში გაძლიერდეს ინტერკულტურული დიალოგის მიდგომა და ფორმატები. მნიშვნელოვანია ადგილობრივი კულტურის პოლიტიკა ამ კუთხით ადგილობრივების წუხილების და კრიტიკის გათვალისწინებით განახლდეს და უფრო ინკლუზიური გახდეს.
  • მნიშვნელოვანი იქნება, თუ ადგილობრივი ხელისუფლება აამუშავებს სათემო სოციალური მუშაკების სისტემას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით შექმნის და განავითარებას და სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ საზოგადოების ინფორმირების და სოციალური დაცვის შესაბამის ინსტიტუტებთან ადგილობრივების კომუნიკაციის არხებს გააჩენს. ეს ინსტიტუტი დაეხმარება სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ადგილობრივებთან კომუნიკაციის გაძლიერებაში და ადგილობრივი საჭიროებების იდენტიფიცირებას და პასუხისმგებელ უწყებებთან მიტანას უკეთესად მოახდენს.

 

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და განათლების სამინისტრომ:

  • საკუთარ პოლიტიკაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს თვითმმართველობების დონეზე ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების დაცვის საკითხს და შეიმუშავოს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის რეკომენდაციებისა და საუკეთესო გამოცდილებების სახელმძღვანელო დოკუმენტი;
  • მის საკოორდინაციო საქმიანობაში კიდევ უფრო გააძლიეროს მუნიციპალურ ხელისუფლებებთან მუშაობის და თანამშრომლობის ფორმატები;
  • შეისწავლოს და აღმოფხვრას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კულტურული თვითმყოფადობის დაცვასთან დაკავშირებული ნეგატიური პრაქტიკები და შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.
  • უზრუნველყოს სკოლის მოსწავლეების სრული ინფორმირება უმაღლესი განათლების სასტიპენდიო პროგრამების შესახებ, როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე;
  • წაახალისოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შორის უმაღლესი განათლების გაგრძელების სურვილი და მოტივაცია შესაბამისი ხელშემწყობი (სასტიპენდიო) პროგრამების შეთავაზებით და წარმატებული მაგალითების გაცნობით (4+1 პროგრამის კურსდამთავრებულების შეხვედრები დააორგანიზოს და სხვა).

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:

  • გაზარდოს ჯანდაცვის და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ინფორმირებულობა უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე, მათ შორის, უმცირესობების ენაზე თარგმნოს სახელმწიფოს შესაბამისი პროგრამები და შეიმუშავოს მათი პროაქტიული გავრცელების გეგმა;
  • მოახდინოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების ადაპტირება უმცირესობების ენობრივი საჭიროებების გათვალისწინებით.

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცალკეული სოფლების შესახებ დეტალური შეფასება შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტში 

ბოლნისის-მუნიციპალიტეტის-სოფლების-ანგარიში_1576068716.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“