[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

EMC: ტყის კოდექსით მხოლოდ ეკლესიისთვის ტყის რესურსების გადაცემა არაკონსტიტუციური იქნება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ტყის კოდექსისა და მისი თანმხლები სხვა საკანონმდებლო აქტების კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოსთვის დიდი რაოდენობით ტყის მასივის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი. კანონპროექტმა მესამე მოსმენით უკვე მოიპოვა მხარდაჭერა კომიტეტზე და უახლოეს დღეებში დაგეგმილია მისი მიღება პლენუმზეც. EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება არაკონსტიტუცია და წინააღმდეგობაში მოდის  თანასწორობისა და სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპებთან და ასევე, საჯარო რესურსების სამართლიანი და მდგრადი გამოყენების მაღალ სოციალურ მიზანთან. აშკარაა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვებისა და რელიგიური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების კიდევ ერთი პოპულისტური მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან და მათ შორის, წინასაარჩევნო კონტექსტი აქვს.    

ტყის რესურსების უფრო მდგრადი გამოყენებისთვის ახალი „ტყის კოდექსის“ მიღება და ამ კუთხით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება გარკვეულწილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამ ცვლილებების ფარგლებში „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში, მრავალ სამართლებრივ და სოციალურ პრობლემას წარმოშობს:

  • აღნიშნული კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივი სახელმწიფოს და თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპთან, რადგან  მხოლოდ ერთი რელიგიური ორგანიზაციის მიმართ ყოველგვარი ლეგიტიმური საჯარო მიზნისა და დასაბუთების გარეშე ქონებრივი პრივილეგირების წესს ადგენს.

ეკლესიისთვის ტყის რესურსის გადაცემის ვალდებულება არ გამომდინარეობს არც კონსტიტუციის და არც  საქართველოს სახელმწიფოს და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების ტექსტიდან, რომელიც მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული ტაძრების, მონასტრების, მათი ნანგრევების და იმ მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის ვალდებულებას ადგენს, რომელზეც ეს ნაგებობებია განლაგებული. ამ პირობებში აშკარაა, რომ არ არსებობს არც ერთი ლეგიტიმური საჯარო მიზანი და აუცილებლობა, რომელიც საპატრიარქოსთვის ტყის რესურსების გადაცემას გაამართლებდა.

ამ კუთხით ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტება, რომ კანონპროექტი შემოსაზღვრავს ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ქონებას და მას მხოლოდ  უშუალოდ ეკლესია-მონასტრების სიახლოვეს ტყის ფლობის უფლება მიეცემათ, ასევე, უსუსურია. ამ შემთხვევაში გაუგებარია, რა ლეგიტიმური სამართლებრივი ახსნა და დასაბუთება შეიძლება ჰქონდეს საერთოდ ტყის რესურსების ეკლესიისთვის ან რომელიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის გადაცემას.

ამასთან ცხადია, რომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტყის ამ მასშტაბის რესურსების გადაცემა დისკრიმინაციულია და სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ აშკარად უთანასწორო სამართლებრივ რეჟიმს ადგენს.  ამ ფონზე კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებებს საპატრიარქოს საგადასახადო და ქონებრივ პრეფერენციებზე, სადაც სასამართლომ ექსპლიციტურად მიუთითა, რომ „ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. გაწეული ისტორიული ღვაწლი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პრივილეგიის ლეგიტიმურობის წყარო. დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის და არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის მიზანი. [...] ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას.“ ამდენად აშკარაა, რომ  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ეს ცვლილება რელიგიურ გაერთიანებებს შორის ისედაც არსებულ სამართლებრივ და ფაქტობრივ უთანასწორობს კიდევ უფრო გააღრმავებს.

  • ყოველგვარი საჯარო სამართლებრივი ინტერესისა და დასაბუთების გარეშე, საპატრიარქოს ექსკლუზიური ფინანსური, ქონებრივი და სამართლებრივი პრივილეგირება, ეკლესიასთან სახელმწიფოს ჭარბ იდენტიფიკაციასა და სამართლებრივ და ფაქტობრივ კავშირებს ქმნის, რაც რელიგიურად ნეიტრალური სახელმწიფოს გაგებასთან წინააღმდეგობაში მოდის და დემოკრატიულ პროცესებს აზიანებს. ამგვარი მიდგომები არადომინანტურ რელიგიურ ჯგუფებში მეორეხარისხოვანი მოქალაქეობის განცდას აჩენს და დემოკრატიული და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობის პროცესს აზიანებს.
  • მიღებული გადაწყვეტილება საჯარო რესურსების უფრო მდგრადი და საჯარო მიზნებისთვის გამოყენების მიზანს ასევე ეწინააღმდეგება. იმ პირობებში, როდესაც საეკლესიო ნაგებობების რაოდენობა დაუზუსტებელია და ეკლესიას ექნება შესაძლებლობა მოითხოვოს ტყის რესურსის საკუთრებაში გადაცემა წარსულში მოქმედი სალოცავის მიმდებარე ტერიტორიზეც, მაღალი ალბათობით ეს გამოიწვევს მიწის და ტყის რესურსების განსაკუთრებით დიდი ოდენობით აკუმულაციას ეკლესიის ხელში და ეს მნიშვნელოვანი საჯარო რესურსების კერძო სუბიექტებისთვის გადაცემის მიუღებელი პრაქტიკა იქნება. იმ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო თავად აღიარებს ტყეს, როგორც ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე რესურს, დაუშვებელია სახელმწიფო მას ამ მასშტაბით სხვა, კერძო სუბიექტის გადასცემდეს. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული რესურსები სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩეს და მას საჯარო, კოლექტიური მიზნებისთვის იყენებდეს. ამგვარი რესურსის პრივატიზებით სახელმწიფო თავად ამბობს უარს მნიშვნელოვანი საჯარო რესურსების დაცვაზე და უპირისპირდება საჯარო ინტერესებს.
  • ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ეკლესიას დაეკისრება ვალდებულებები (მოვლა, აღდგენა, ტყის მდგრადად მართვა, სატყეო სპეციალისტების დაქირავება, ინვენტარიზაცია, მართვის გეგმების შექმნა და ა.შ), თუმცა ეკლესიის და სასულიერო პირების მოქმედებები ნაკლებად ტოვებს მათგან კანონმორჩილი ქცევის მოლოდინს. ამ კუთხით შეგვიძლია გავიხსენოთ სასულიერო პირების მხრიდან ისტორიულ ეკლესია-მონასტრებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების, პანდემიის დროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონის მოთხოვნებისა და მაღალი სოციალური ინტერესების უგულებელყოფის, სხვადასხვა რეგიონში მიწების თვითნებური მისაკუთრების მაგალითები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ აღკვეთილი არ არის.
  • მართმადიდებელი ეკლესიისთვის ტყის მასივების გადაცემამ შესაძლოა ხელყოს ადგილობრივი გლეხების სასიცოცხლო სოციალური ინტერესები და ამ ნიადაგზე სოციალური და სამართლებრივი კონფლიქტების მიზეზი გახდეს. ამგვარი დაპირისპირება ბოლო პერიოდში არაერთხელ დაფიქსირდა.[1] აშკარაა, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს ისედაც ჭარბი კავშირების ფონზე, გლეხების ინტერესების დაცვა ამ სახის სოციალურ დაპირისპირებებში კიდევ უფრო გართულდება.

წინა საარჩევნო პერიოდში ამ გადაწყვეტილების მიღება აჩენს ეჭვებს, რომ  ხელისუფლება ცდილობს ეკლესიისთვის საკუთარი ლოიალობის დადასტურებას და ამ საკანონმდებლო ცვლილების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. წინასაარჩევნო პერიოდში ეკლესიისთვის მასშტაბური ფინანსური და ქონებრივი რესურსების გადაცემის პრაქტიკა წინა ხელისუფლების გამოცდილების ნაწილიც იყო. რელიგიური საკითხების და გრძნობების პოლიტიკური ინსტრუმეტალიზება სუსტი ლეგიტიმაციის და ნდობის მქონე მმართველი პარტიებისთვის ელექტორალური მხარდაჭერის მოპოვების იარაღია და ცხადია, რომ ეს მიდგომები დემოკრატიულ პროცესებს არსებითად აზიანებს.   დღეს შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკური კრიზისში, როცა სახელმწიფო გაღარიბებული და პანდემიის გამო სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების მასების სოციალურ საჭიროებებს ვერ პასუხობს, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი პოპულისტური სვლაა ეკლესიის და მისი მრევლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ნიშანდობლივია, რომ საეკლესიო იერარქიების მხრიდან ბოლო პერიოდში არა ერთხელ გაისმა ირიბი მუქარა ხელისუფლების საარჩევნო მხარდაჭერის დაკარგვის შესახებ.

სამწუხაროა, რომ თავად ეკლესია არ იაზრებს, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები მის საზოგადობრივ ნდობას ასევე ასუსტებს.  ეკლესიის ხელში ფინანსური და ქონებრივი რესურსების და სიმდიდრის ამ მასშტაბით აკუმულაცია იწვევს მის სრულ სოციალურ გაუცხოებას დანარჩენილ საზოგადოებისგან. ამგვარი გაუცხოება თვალსაჩინოა ეკლესიის სუსტ სოციალურ მსახურებაში და მაღალი პოლიტიკური და საჯარო გავლენების მიუხედავად მოსახლეობის სოციალური უკმაყოფილებების და წუხილების პოლიტიკური მხარდაჭერის არ ქონაში. 

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატან ამ ცვლილებას და ტყის როგორც ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის განკარგვა არ დაუქვემდებაროს ელექტორალური მხარდაჭერის ვიწრო პარტიულ ინტერესებს.

კანონის მიღების შემთვევაში EMC შესაბამის დებულებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იხ. ასევე: https://emc.org.ge/ka/products/mitsa-romlitats-adigenshi-muslimi-mosakhleoba-sargeblobda-sapatriarkos-gadaetsa , რა ხდება ძამას ხეობაში - https://emc.org.ge/ka/products/ra-khdeba-dzamas-kheobashi

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“