[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / სტატია

საქართველოს ჯანდაცვის პოლიტიკა კონფლიქტის რეგიონებში

თეონა ფირანიშვილი 

მშვიდობის მშენებლობაში ჩართული ექსპერტები, ასევე, სახელმწიფო მოხელეები და პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიზნით შექმნილი სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კონფლიქტების ტრანსფორმაციაში, მშვიდობის მშენებლობაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვან ადამიანურ და სოციალურ მხარდაჭერადაც გვევლინება განგრძობადი კონფლიქტის პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯანდაცვის ხარისხიან და დროულ სერვისებზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ. ჯანდაცვის უფასო პროგრამებმა, რომლებიც კონფლიქტის რეგიონებში 2010 წლიდან ამოქმედდა, საბოლოოდ ნდობა მოიპოვა, რის შედეგადაც კონფლიქტების ტრანსფორმაციის ისტორიაში შეიქმნა ათასობით წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევა, რაც, ცხადია, ნდობის მშენებლობის კუთხით მნიშვნელოვანი შენაძენია.

წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ ინტერვიუს აფხაზეთის /რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილ მინისტრთან, ექიმ მეან-გინეკოლოგთან/ რეპროდუქტოლოგთან, ქეთი ბაკარაძესთან, რომელმაც ჯანდაცვის სფეროში საკუთარი გამოცდილების ფონზე გაგვიზიარა ინფორმაცია და მოსაზრებები გალში არსებული ვითარების და ჯანდაცვის პოლიტიკის გამოწვევების შესახებ. ქეთი ბაკარაძე 2013-2021 წლებში იკავებდა აფხაზეთის / ჯანდაცვის მინისტრის პოზიციას და სწორედ საკუთარი საქმიანობის პერიოდში ჩამოყალიბებული პერსპექტივების და გამოცდილების საფუძველზე გვიზიარებს ხედვებს კონფლიქტის რეგიონში ჯანდაცვის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით.

შესავალი

რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს არაერთი მიმართულებით სთავაზობს უფასო სამედიცინო დახმარებას,  ერთ-ერთ (და შეიძლება ითქვას, ერთადერთ) წარმატებულ პროგრამად მიიჩნევა. თუმცა სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ 2022 წელს ჩატარებულ კვლევაში,[1] რომელიც გალის და ახალგორის მოსახლეობის უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობას შეისწავლის, გამოვლინდა, რომ კონფლიქტის ამ ორ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის მხრივ, მძიმე ბარიერებს აწყდება და რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა ამ გამოწვევებს ვერ პასუხობს. მეტიც, გალის და ახალგორის მოსახლეობა ხშირად მიუთითებს, რომ კონფლიქტის რეგიონების სხვა მოსახლეობასთან მიმართებით, თავს დისკრიმინირებულად აღიქვამენ, რადგან საქართველოს ხელისუფლება მათ საქართველოს მოქალაქის სტატუსის პრიზმიდან განიხილავს და, შესაბამისად, მათზე მხოლოდ იმ პროგრამებს ავრცელებს, რაც საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებზე ვრცელდება. კვლევისას ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა აღნიშნავდა, რომ ისინი ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის რეფერალური პროგრამით და იმ შეღავათიანი რეჟიმით, რაც დაწესებულია კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ გალის და ახალგორის მოსახლეობა ორმაგად მძიმე ჯანდაცვის პირობებში ცხოვრობს.  

თუმცა სრულიად სხვა რეგულირებას აწესებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის №331 დადგენილება, რომლის მე-2 მუხლის (ბ) პუნქტის მიხედვით, რეფერალური სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პირებს შორის არიან „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი, ან შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის ქონის მიუხედავად; ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით ასეთ ტერიტორიად გალის და ახალგორის რაიონებიც მოიაზრება. ეს ინფორმაცია მოგვიანებით დაგვიდასტურა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომაც.[2] მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში განმარტებულია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), საჩხერის რაიონის სოფელ პერევის, ქურთის, ერედვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების და ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების გარდა ვრცელდება „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამა.[3] როგორც ჩანს, გალსა და ახალგორში მცხოვრები ადამიანებისთვის რეფერალური მომსახურების გავრცელების საკითხი წლების განმავლობაში პრობლემური იყო და ნორმის ჯეროვანი ადმინისტრაციული პრაქტიკის ჩამოყალიბება მოგვიანებით, დაახლოებით 2019 წლიდან დაიწყო. თუმცა, ამ დრომდე გალიდან და ახალგორიდან პაციენტების მცირე რიცხვი, ამ უფლებისა და შესაძლებლობის შესახებ თემის დაბალ ინფორმირებაზე მეტყველებს, რაც აშკარად საჭიროებს გამოსწორებას.

საინტერესოა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მოწოდებული სტატისტიკური მონაცემები, საიდანაც ირკვევა, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მუდმივად მცხოვრები, რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ამავე პროგრამით მონაწილე სხვა ადამიანების რაოდენობას.

ამ მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში რეფერალური პროგრამით ისარგებლა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 6264 ადამიანმა და აქ მცხოვრებმა 328 საქართველოს მოქალაქემ. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ბოლო 6 წლის განმავლობაში ამ პროგრამით ისარგებლა 1639 ადამიანმა, და 65 საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ცხინვალის რეგიონის ტეროტორიაზე ცხოვრობს. ნიშანდობლივია, რომ რეფერალური პროგრამით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეების რიცხვი ყველაზე მაღალი პანდემიის პერიოდში იყო, მოგვიანებით მათმა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. ასევე უკიდურესად დაბალი იყო 2017-2018 წლებში.

 

2017

2018

2019

2020

2021

2022

აფხაზეთის მცხოვრები

1137

1317

1305

756

1032

717

აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები  საქართველოს მოქალაქე

1

3

70

194

33

27

ცხინვალის რეგიონის მცხოვრები

507

352

247

115

215

203

ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე

2

2

13

29

4

15

რაც შეეხება „რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხების ოდენობას, სტატისტიკა ასე გამოიყურება:[4] 2017-2022 წლებში, ამ პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე, ჯამურად 16 მილიონ ლარამდე, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში, ამ რეგიონში მცხოვრებ პირებზე დაახლოებით 6 მილიონ ლარამდე, ხოლო აქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე 187.516 ლარი დაიხარჯა.

კვლევამ აჩვენა, რომ გალის და ახალგორის მოსახლეობას, ადგილობრივ დონეზე, ჯანდაცვის ხარისხიან და დროულ სერვისებზე ხელი არ მიუწვდება. აქ არსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურა ხშირად მათ საბაზო საჭიროებებსაც კი ვერ პასუხობს.  

ახალგორში ამ მხრივ ვითარება კრიტიკულად მძიმეა. ახალგორის საავადმყოფო პრაქტიკულად ვეღარ ფუნქციონირებს. გარდა იმისა, რომ ეს დაწესებულება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით სრულიად მოშლილია, ის სამედიცინო პერსონალის გარეშეა დარჩენილი, 2021 წელს, პანდემიის მორიგი აფეთქების დროს, ახალგორის საავადმყოფოს, პოლიკლინიკისა და სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელებმა რაიონი დატოვეს.[5] გარდა ამისა, ახალგორის საავადმყოფო ბოლო წლებში მძიმე კორუფციული ბრალდებების ადრესატიც არაერთხელ გახდა.[6] იზოლაციის პირობებში მყოფი ახალგორელებისთვის ცხინვალის საავადმყოფო ერთადერთი გამოსავალი იყო, თუმცა ვერც ის აკმაყოფილებს საბაზო საჭიროებებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების პირობებში, ეს საავადმყოფო შორია ახალგორისთვის და, შესაბამისად, ნაკლებად ხელმისაწვდომიც. ბოლო წლებში, განსაკუთრებით პანდემიის დროს, დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შეუძლებლობის გამო, ახალგორის რაიონში არაერთი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა.[7] გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, ახალგორელები პრაქტიკულად ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ - არც ახალგორსა და ცხინვალში შეეძლოთ ხარისხიანი სერვისის მიღება და ვერც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ.[8] სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების დროსაც კი, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად მთელი რიგი ბიუროკრატიული პროცესების გავლაა საჭირო, მათ შორის, ნებართვების აღება ცხინვალის საავადმყოფოდან და უშიშროების სამსახურიდან. ამასთანავე, ადგილზე მწირი არჩევანისა და მაღალი ფასების გამო, ახალგორელებისთვის მედიკამენტებზე წვდომაც გართულებულია.

არანაკლებ რთულია ხარისხიანი და დროული ჯანდაცვის მომსახურების მიღება გალშიც, განსაკუთრებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების დროს. გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფო ასევე კრიტიკული გამოწვევების წინაშე დგას. აქ დიაგნოსტირებისთვის საჭირო საბაზო ინფრასტრუქტურაც კი არ მოიპოვება, მაგალითად, როგორიც არის რენტგენის და ულტრაბგერითი აპარატი. პრობლემურია სასწრაფო დახმარების მანქანის გაუმართაობაც. მწვავედ დგას მედიკამენტების პრობლემაც. საბერიოს საავადმყოფო წამლებს ძირითადად საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან იღებს, თუმცა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის დროს, განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდში, ეს პროცესიც გართულდა.[9] პანდემიის დროს, გადაადგილების რეჟიმის შეზღუდვის პირობებში, ამ მხრივ, კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა, უამრავი ადამიანი ვერ იღებდა მედიკამენტებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებს შეუწყდათ მომსახურებასა და სერვისებზე წვდომა.[10]

ინტერვიუ ქეთი ბაკარაძესთან, რომელსაც წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ, სწორედ ამ საკითხებს ეხება.

  • რა ტიპის საჭიროებებიდან და გამოწვევბიდან ამოიზრდება კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სპეციალური მხარდაჭერის პროგრამები? რა ტიპის დაავადებებსა და მხარდაჭერაზე მოგვმართავენ ყველაზე მეტად ამ რეგიონებიდან? რამდენი წელია, რაც ეს პროგრამები არსებობს და რა განვითარება განიცადეს მა, რა ტიპის სერვისებს გულისხმობს.

90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმძიმესი სოციალური ფონი ჩამოყალიბდა, რაც განაპირობა, ერთი მხრივ, ომის შედეგად სრულიად დაზიანებულმა ინფრასტრუქტურამ, დასუსტებულმა ადამიანურმა რესურსებმა და უსაფრთხოების მაღალმა რისკებმა, მეორე მხრივ კი, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის) რუსეთის ფედერაციისგან სრულმა იზოლაციამ, მიტოვებამ. აფხაზეთი (და სამხრეთ ოსეთი), წლების განმავლობაში, პრაქტიკულად ბედის ანაბარა იყო დარჩენილი. მოსახლეობა შექმნილ სოციალურ კრიზისს საკუთარი ძალებით და რესურსებით უმკლავდებოდა, რაც გულისხმობდა, მაგალითად, მცირე ბიზნესის წარმოებას (ციტრუსით ვაჭრობა) ან  შრომით მიგრაციას, ძირითადად რუსეთში.

ამ ფონზე მძიმე გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა სამედიცინო სექტორი, რომელიც ომამდელ პერიოდში საქართველოს ცენტრალიზებული ჯანდაცვის სისტემის ნაწილი იყო, და, შესაბამისად, მისი ქოლგის ქვეშ ოპერირებდა. საომარი მოქმედებების გამო უამრავმა წამყვანმა სპეციალისტმა დატოვა აფხაზეთის ტერიტორია, რამაც სამედიცინო დახმარების მოთხოვნასა და მიღების რესურსს შორის, იმთავითვე საკადრო დეფიციტი და მწვავე დისბალანსი წარმოქმნა. უმწვავესი პრობლემები წამოიჭრა მედიკამენტების, სამედიცინო (სახარჯი) მასალისა და ზოგადად, ფარმაცევტული ინდუსტრიის მიმართულებით. ამ მოცემულობაში, ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიზნით, მძიმე პაციენტი, შემოვლითი გზებით, ფარულად, არაერთგზის გადმოუყვანიათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. 

მოგეხსენებათ, პოსტკონფლიქტის ადრეულ პერიოდში შედარებით იოლი იყო მიმოსვლა, თუნდაც ენგურის ხიდის გავლით. მოგვიანებით, რუსული ინტერვენციების შედეგად, ბევრი წინაღობა და ხელოვნური ბარიერი შეიქმნა მოსახლეობის პირდაპირი კომუნიკაციის აღმოსაფხვრელად. თუმცა ავადმყოფობის, ან უბედური შემთხვევის გამო სიცოცხლისთვის შექმნილმა საფრთხემ, შესაძლოა, ყველა აღმართული კედელი დაარღვიოს, მით უფრო, როდესაც საქმე ბავშვსა და ახალგაზრდას ეხება.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე სუსტად წარმოდგენილმა ჯანდაცვის სექტორმა, გარკვეული სამედიცინო დარგების საერთოდ არარსებობამ და სერვისებზე ხელმიუწვდომლობამ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანა დახმარების საძიებლად, ქართველი სამედიცინო პერსონალი კი განუსჯელად და დაუფიქრებლად უწევნდა მათ დახმარებას. თუ 90-იანი წლების ბოლოსთვის ოკუპირებული აფხაზეთიდან პაციენტების მომართვიანობის მხოლოდ ათეული შემთხვევა იყო, დაახლოებით 2000-იანი წლიდან, აფხაზების ცნობიერებაში უკვე დამკვიდრდა აზრი, რომ მათ სასურველი სერვისის მიღება ენგურს გაღმაც უყოყმანოდ შეუძლიათ. ამ პერიოდში ეს პროცესი ჯერ კიდევ ქაოტური და ინდივიდუალური ინიციატივების დონეზე ხორციელდებოდა, თანდათანობით კი ორგანიზებული ხასიათი მიიღო და 2010 წელს უკვე ე.წ. რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის წესდებაში გაფორმდა, როგორც ქვეყნის პოლიტიკური კურსის მნიშვნელოვანი მდგენელი.

ზემოაღნიშნულ დოკუმენტში საქართველოს სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ ყველა იმ სიკეთესა და სერვისს, რაც მის კონტროლს ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზეც გაავრცელებდა. სწორედ ამ პერიოდში ხელისუფლებამ ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ არაქართულ მოსახლეობას ე.წ. ნეიტრალური პასპორტი შესთავაზა, რაც თავისუფალი გადაადგილების მიღმა, ბენეფიციარს სამედიცინო სერვისებზე წვდომის შესაძლებლობასაც უჩენდა. რასაკვირველია, ამ პროექტით გარკვეული სეგმენტი დაინტერესდა და რამდენიმე ასეულმა აფხაზმა მიიღო კიდეც ეს დოკუმენტი. თუმცა, რუსული სპეცსამსახურების ჩართულობით, ეს პროცესი არცთუ უსაფრთხო აღმოჩნდა, ამიტომ, ამ ინიციატივამ დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა. პაციენტები გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, უპირატესობას იმ კერძო პირებთან კომუნიკაციას ანიჭებდნენ, რომლებიც ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, უშუალოდ სამედიცინო პერსონალთან დააკავშირებდნენ, ამ შემთხვევაში სამედიცინო სერვისი ფასიანი იყო.

მას შემდგომ, რაც რეფერალურ პროგრამაში ჩასართავად მხოლოდ ე.წ. „მწვანე პასპორტი“ საკმარისი აღმოჩნდა, მომართვიანობამ მკვეთრად მოიმატა, რაც დინამიკაში ზრდადი სტატისტიკითაც  დასტურდება. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ციფრები C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესის დროს აღინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მართლაც უნიკალურ პროგრამაში ჩასართავად იმპერატიული მოთხოვნა იყო საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღება და რამდენიმეთვიანი მკურნალობის პერიოდში ადგილზე (საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე) ყოფნა, ეს ფაქტორები წინაღობად არ ქცეულა პაციენტებისთვის და, შესაბამისად, ათეულობით წარმატებული შედეგიც დაიდო.

ავადობის სტრუქტურის თვალსაზრისით, ყველაზე ხშირი მომართვიანობა ონკოლოგიური პაციენტების მხრიდან გვქონდა, შემდგომ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით, პოლიტრავმებით, ინფექციური დაავადებებით, ნეონატოლოგიური პრობლემებით და ა.შ. ეს მაჩვენებელი პანდემიამდე პერიოდს ასახავს. კოვიდ-19-ის პერიოდმა კი სურათი სრულად შეცვალა და ახალი გამოწვევები და მოცემულობები გააჩინა.  

  • როგორი იყო პანდემიის დროს თანამშრომლობა დე ფაქტო ჯანდაცვის სისტემებთან და გაგრძელდა თუ არა ეს დადებითი გამოცდილება? არსებობდა თუ არა თანამშრომლობის სხვა გამოცდილებები წინა წლებში?

პანდემიამ სრულიად შეცვალა სამყაროს დღის წესრიგი და კაცობრიობას საკუთარი უსუსურობა აჩვენა. უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა დე ფაქტო ხელისუფლებას დაქვემდებარებული გაუმართავი და სუსტად განვითარებული ჯანდაცვის სისტემა. აფხაზეთი არათუ ინფრასტრუქტურული, საკადრო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თვალსაზრისით აღმოჩნდა მწვავე კრიზისულ ვითარებაში, არამედ, პანდემიის წინააღმდეგ  ბრძოლისთვის აუცილებელ აღჭურვილობაზე (სამედიცინო (სახარჯი) მასალები, სადეზინფექციო საშუალებები…) წვდომის თვალსაზრისითაც. სწორედ აფხაზური სამედიცინო საზოგადოების მესვეურების თხოვნა გახდა საფუძველი იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, პირველი საკმაოდ სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთი ჩაეტანა, რასაც შემდგომში პერმანენტული სახე მიეცა. ამას მოჰყვა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული რამდენიმე პროექტი, რომელიც გულისხმობდა ოკუპირებული აფხაზეთის რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საავადმყოფოს, მათ შორის, გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს აღჭურვას სამედიცინო აპარატურით, მედიკამენტებითა და სახარჯი მასალით. ამას, იმ ეტაპზე, სრულ იზოლაციაში მყოფი აფხაზეთისთვის, სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

ამავე პერიოდში, რუსეთიდან ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სრულმა ქაოსმა და რუსეთის ფედერაციიდან უკონტროლო შემოდინებამ, ოკუპირებულ აფხაზეთში მკვეთრად გაზარდა ინფიცირების შემთხვევები. ამ მიზეზით, კონტროლის მექანიზმის გაძლიერების მოტივით ჩაიკეტა ენგურის ხიდზე ადმინისტრაციული საზღვარი, თუმცა ამის პარალელურად გაიზარდა ინფიცირებული პაციენტების ევაკუაცია აფხაზეთის კოვიდკლინიკებიდან, განსაკუთრებით გუდაუთისა და სოხუმის საავადმყოფოებიდან, ბუნებრივია, უშუალოდ ეთნიკურად აფხაზ სამედიცინო პერსონალთან ინტენსიური კომუნიკაციით. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს კონტაქტები კიდევ უფრო გამყარდა პანდემიის პერიოდში. 

  • ჯანდაცვის სფეროში მხარდაჭერის ამ პროგრამებს რა მნიშვნელობა აქვს ნდობის აღდგენისა და შერიგებისთვის? შესაძლებელია თუ არა ბენეფიციარების კმაყოფილების გაზომვა და როგორია ის? ჩართულია თუ არა უკუკავშირი ახალი პროგრამების დანერგვის პროცესში.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სამედიცინო პერსონალის წყალობით, ოკუპირებული აფხაზეთიდან, წლების განმავლობაში ევაკუირებული ათასობით სიცოცხლეა გადარჩენილი. ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტი და მისი თანმხლები პირები, სამედიცინო დახმარების მისაღებად თვეობით რჩებიან კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებში. „გამოჯანმრთელებული პაციენტის სინდრომი“ ცალსახად ზრდის ნდობას, კეთილგანწყობას, აყალიბებს მარტივ ადამიანურ ურთირთობებს და ამსხვრევს წლების განმავლობაში საზოგადოებებს შორის აშენებულ ბარიკადებს, რაც მხოლოდ უშუალო, ხელშესახები კონტაქტებითაა შესაძლებელი. კმაყოფილი პაციენტები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ინარჩუნებენ კომუნიკაციას მათთვის უკვე ძვირფას ადამიანებთან, აფასებენ და უფრხილდებიან ცხოვრების მძიმე გამოცდილებიდან შეძენილ მეგობრებს. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სისტემა არის ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებული მოსახლეობის ინტეგრაციისა და დაკარგული ნდობის აღდგენისთვის.

  • ჯანდაცვის ომელ პროგრამებზე მიუწვდება ხელი გალის მოსახლეობას და რამდენად მარტივი და ხელმისაწვდომია მათთვის ეს პროგრამები (მათ შორის, ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული თვალსაზრისით)?

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიდგომა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეების მიმართ, განსხვავებულია. მაგალითად, გალის რაიონის ეთნიკურად ქართული მოსახლეობა, რომელთა დიდი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეები გახდნენ და, შესაბამისად, სახელმწიფო დაზღვევის საბაზო პაკეტების მფლობელებიც, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებსაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ე.წ. აფხაზური „მწვანე პასპორტი“ აქვთ, „რეფერალური პროგრამის“ ბენეფიციარები არიან. ეს ორი პროგრამა ერთმანეთისგან თვისებრივად  სრულიად განსხვავებულ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს და ეს საკითხი, უკვე წლებია, განხილვის, უკმაყოფილებისა და გაურკვევლობის საფუძველს წარმოადგენს, როგორც გალელი ქართველების, ისე პოლიტიკის განმსაზღვრელი ჩინოვნიკების პოზიციიდან. 

ვფიქრობ, სრულიად ლეგიტიმურია საოკუპაციო რეჟიმის პირობებში მცხოვრები ქართველების საქართველოს ხელისუფლების მისამართით გამოხატული წუხილი და გულისტკივილი, როდესაც ისინი თავს სახელმწიფოს მხრიდანაც მიტოვებულებად და უსამართლო მოპყრობის ობიექტებად აღიქვამენ. მათი პოზიციები იმდენად არგუმენტირებული და ხელშესახებია, რთულია თავის მართლებისთვის რაიმე დაუპირისპირო. წარმოუდგენელია, რომ ისინი არათუ პრივილეგირებულ პირობებში არ არიან, პირიქით, აფხაზებთან მიმართებითაც კი დისკრიმინირებულად გრძნობენ თავს. 

არაერთგზის მომისმენია, თუ რა ბარიერების გადმოლახვა უწევთ მხოლოდ ენგურის ხიდის გადმოკვეთის უფლების მოსაპოვებლად, რამდენ დოკუმენტზე ხელის მოწერა, კაბინეტების წინ დაუსრულებელ რიგებში დღეები დგომა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, სადაც არცთუ ისეთი სახარბიელო რეალობა ხვდებათ. 

საყოველთაო პროგრამის ბენეფიციარს, სტანდარტულად პირველადი ჯანდაცვის სერვისები არ უნაზღაურდება, ხოლო სტაციონარული მომსახურების, გეგმური ჰოსპიტალური სერვისის მისაღებად მას თანადაფინანსება უწევს, რაც მცირეშემოსავლიანი

მოქალაქისთვის, და მით უფრო სოციალურად მოწყვლადი ფენისთვის, უდიდესი ტვირთია. სწორედ ეს მოდელი ვრცელდება რიგით გალელზე - თვეობით გაწელილი დაფინანსების მოლოდინი, საკუთარი რესურსებით გადასახდელი სოლიდური თანხის მოძიება და კულმინაციისთვის, ძვირადღირებული მედიკამენტების შესყიდვა. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ გალის მცხოვრები დროშია შეზღუდული, ვინაიდან ე.წ. ადმინისტრაციული ორგანოს გადაადგილებისთვის საჭირო „საშვს“ ლიმიტირებული აქვს ვადა, ამიტომ, ერთი მომსახურების მისაღებად მან  ეს პროცედურა მინიმუმ ორჯერ უნდა გაიაროს, რაც ასევე ფინანსებთანაა დაკავშირებული. ანალოგიური კომპონენტი კი გაცილებით მარტივად გასავლელია საქართველოს მოქალაქეობის არმქონე, მაგრამ „მწვანე პასპორტის“ მფლობელი პაციენტისთვის - დროის  მეტად შემჭიდროებულ პერიოდში სრული დაფინანსებით, მინიმალური ბიუროკრატიით და მაქსიმალური კომფორტით.

სწორედ ამ უთანასწორო და უსამართლო სეგრეგაციის გამო, ჩემს გუნდთან ერთად შევიმუშავე სპეციალური პროგრამები, რომლებიც არ ვრცელდებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებზე და ძირითადად გალში მცხოვრებ ქართველებზე იყო მორგებული; მაგალითად, მენჯ-ბარძაყის ენდოპროტეზირება, ექსიმერული ლაზერით მხედველობის კორექცია, გეგმური კორონაროგრაფია და ა. შ. ასევე, ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა. ეს პროექტები, ასევე, კლინიკის პერსონალთან აქტიური კომუნიკაცია მეტნაკლებად პასუხობდა გალელი მოსახლეობის საჭიროებას, რასაკვირველია არა სისტემური სახით, არამედ ინდივიდუალური და პერსონალიებამდე დაყვანილი მიდგომებით, რაც, სამწუხაროდ, არასტაბილური და არაგრძელვადიანი პერსპექტივაა.

  • როგორია თქვენი დაკვირვება და შეფასება, რა საჭიროებები აქვ გალის მოსახლეობას ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მხრივ?

იმის გათვალისწინებით, რომ გალის რაიონის სამედიცინო სექტორი საკმაოდ ლიმიტირებული რესურსითაა წარმოდგენილი, იქნება ეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ლაბორატორიული აღჭურვილობა თუ ექიმ-სპეციალისტები, მოსახლეობას, პრაქტიკულად არ შეუძლია ადგილზე ისარგებლოს მაღალკვალიფიციური სამედიცინო სერვისებით.  გარკვეული კატეგორიის პაციენტების მართვა, რასაკვირველია, შესაძლებელია გალის ცენტრალურ საავადმყოფოში, თუმცა მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები, ინტერვენციული კარდიოლოგია, ონკოპაციენტებისთვის სპეციფიკური მკურნალობა, ნეიროქირურგიული მიმართულება, გართულებული ფიზიოლოგიური მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა, ახალშობილთა რეანიმაცია და უამრავი სხვა პროფილი, რაიონში უბრალოდ არ არსებობს. ალტერნატიული რესურსი ისევ სოხუმის რესპუბლიკური ან ინფექციური საავადმყოფოა, თუმცა, როგორც წესი, გალელები უნდობლობისა და მაღალი ტარიფების გამო, ცდილობენ თავი შეიკავონ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ სხვა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვისგან.

ბუნებრივია, გალის ქართულ მოსახლეობას ურჩევნია ისევ დანარჩენი საქართველოს სამედიცინო პერსონალს ანდოს საკუთარი ჯანმრთელობა, თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს უამრავ გამოწვევასთანაა დაკავშირებული.

ჩემი პერსონალური გამოცდილებით, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ინდივიდუალური სადაზღვევო პაკეტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საკუთარი მოქალაქეების  მხარდასაჭერად, მიგრაციის პროცესის შესაკავებლად, ძირძველი მოსახლეობის დასამაგრებლად, რომ მცირე განცდა მაინც გაუჩინოს მათზე ზრუნვის, პასუხიმგებლობისა და დაცულობის. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგრძელდება ის შეუქცევადი პროცესი, რასაც აფხაზეთის ქართველებისგან დაცლა ჰქვია. 

  • გალში ქალთა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის მხრივ რა გამოწვევებს ხედავთ ძირითადად? ეს საკითხი განსაკუთრებით კრიტიკულია აბორტების აკრალვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის და რეპროდუქციულ ჯანდაცვაზე ნაკლები წვდომის პირობებში.

აფხაზეთის დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს მიერ აბორტების წინააღმდეგ კანონის მიღებისთანავე გაიზარდა ჩვენთან აბორტის მსურველთა მომართვიანობა. საქართველოს კანონმდებლობით, ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა 12 კვირამდეა ნებადართული, სხვა შემთხვევაში მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზით დადასტურებული სამედიცინო ჩვენებით დაიშვება. მახსოვს, რამდენიმე ქალი როგორ ითხოვდა ორსულობის უკვე დიდ ვადაზე სელექციურ აბორტს, მძიმე მატერიალური მდგომარეობის არგუმენტით, და ვინაიდან ყველა პროფილური დაწესებულებიდან კატეგორიული უარი მიიღეს, მათი გადმოცემით, იძულებულნი იყვნენ რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებულიყვნენ. 

რაც შეეხება ქალთა ხელმისაწვდომობას რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე, ის ჩანასახოვან დონეზეა და ასევე დიდი გამოწვევაა ქალებისთვის არა მხოლოდ გალში, არამედ, აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე.

  • თუ შეგიძლიათ, რომ გვითხრათ, აფხაზეთიდანრა დაავადებებით მოდიან და ხომ არ უკავშირებთ ამ დაავადებებს კონკრეტულ სოციალურ მიზეზებს?  

ომის შემდგომმა ოკუპირებულმა აფხაზეთმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, პრაქტიკულად თავი ვერ დააღწია. მრავალწლიანმა იზოლაციამ თავისებური დაღი დაასვა მოქალაქეების ცხოვრების წესს, დატვირთვას, ჩამოაყალიბა ახალი ჩვევები და გართობის საშუალებები. სამუშაო ადგილების არარსებობამ და თვითდინებაზე მიშვებულმა ადამიანების ბედმა სწორედ ის შედეგი გამოიღო, რაც სრულიად პროგნოზირებადი იყო. კუსტარული ნარკოტიკული საშუალებებისა თუ ალკოჰოლის მოხმარებამ, შეიარაღებული კონფლიქტის დროს მიღებულმა დაზიანებებმა და შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის არარსებობამ, უსახსრობამ, საავადმყოფოების მოშლილმა ინფრასტრუქტურამ - ავადობის მაჩვენებელი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა რიცხვი გაზარდა, განსაკუთრებით იმატა სოციალურმა დაავადებებმა, როგორიცაა ტუბერკულოზი, აივ/შიდსი, ჰეპატიტები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ნარკოდამოკიდებულება და ა.შ. ბუნებრივია, ამ ფაქტორებთანაა მიბმული მძიმე დემოგრაფიული მემკვიდრეობა, რაც აისახა ახალი თაობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც, მათ შორის, თანდაყოლილ პათოლოგიებზე, რაც შემდგომში განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის  სტატუსსაც.

  • რა შეუძლია გააკეთოს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლება იმისათვის, რომ გალის მოსახლეობას უკეთესი წვდომა ჰქონდეს ჯანდაცვაზე, რა პროგრამები და სერვისები, ან რა ტიპის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა შეიძლება შევთავზოთ მათ?

დღეს გალში მცხოვრები ქართველები უამრავი ისეთი გამოწვევის წინაშე დგანან, რაც ჩვენთვის უკვე წარმოუდგენელიცაა. ისინი არათუ ვერ აძლევენ თავს უფლებას ჩაიტარონ პრევენციული, პროფილაქტიკური თუ სკრინინგული კვლევები, რათა დროულად მიმართონ სპეციალისტებს და თავიდან აირიდონ მძიმე დაავადებები, არამედ მწვავე შემთხვევის დადგომის პერიოდშიც კი, ექიმთან ვიზიტი მათთვის უდიდესი ტვირთია. ამიტომაცაა გალის მოსახლეობაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მეტად დაბალი, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ნაწილში, სიკვდილიანობა, ავადობის ინციდენტობა, სუიციდის შემთხვევები კი - მაღალი. ამ მძიმე რეალობას ის სოციალური დეტერმინანტები განსაზღვრავენ, რომლებიც დამაზიანებლად მოქმედებენ ფსიქონევროლოგიურ სტატუსსა და საერთოდ, ჯანმრთელობაზე.  

ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ადამიანის განვითარების ინდექსის ერთ-ერთი საზომი და ქვეყნის განვითარების დონის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია. ეს კრიტერიუმი პირდაპირპროპორციულია სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრებისა, საბაზო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ა.შ. სამწუხაროდ, ოკუპირებული გალის რაიონი,  ყველა ზემოხსენებული პარამეტრით უკიდურესად მძიმე ვითარებაშია, რაც ცალსახად აისახება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც იქ ასეთ პირობებში ცხოვრობენ მუდმივი სტრესული ფაქტორის თანხლებით. ეს სოციალური დეტერმინანტები აისახება მათ მენტალურ და სომატურ ჯანმრთელობაზე, დაავადებების გაცილებით ადრეულ ასაკში გამოვლენაზე, მის მძიმე მიმდინარეობასა და არაკეთილსაიმედო გამოსავალზე. სამწუხაროდ, არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ოდენობაზე, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში მეურვე არც მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას. ხშირია სუიციდის შემთხვევები. მახსოვს, პანდემიის დასაწყისში, კოვიდინფიცირების დიაგნოსტირებისთანავე, სუიციდის სამი შემთხვევა გამოვლინდა. სრული უიმედობით, გაურკვევლობითა და პანიკით შეპყრობილმა ადამიანებმა გამოსავალი მხოლოდ სიცოცხლის ხელოვნურად შეწყვეტაში იპოვეს.  ფსიქიკური ჯანმრთელობა გალში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რომელსაც  სერიოზული მხარდაჭერა ესაჭიროება.

ამიტომ, ვფიქრობ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ჯგუფზე მორგებული სპეციალური სოციალური პაკეტის და ჯანდაცვის პროგრამების შეთავაზება, რაც გარდამტეხ როლს შეასრულებს გახლეჩილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის საქმეში. მუდმივად ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დადასტურება შესაბამისი უწყებების ჩართულობით არის შესაძლებელი. სწორედ ასეთი უწყებათაშორისი საკომუნიკაციო მექანიზმითა და თანამშრომლობით, კომპეტენციების გადანაწილებით უნდა განისაზღვროს ახალი მიზნობრივი, მოწყვლადი ჯგუფი, რომელიც სხვა სოციალური კატეგორიის (ასაკით პენსიონერი, სტუდენტი, პედაგოგი, იძულებით გადაადგილებული პირი და ა.შ.) ბენეფიციარების მსგავსად, მხარდაჭერილი იქნება ჯანმრთელობის ე.წ. პრივილეგირებული დაზღვევის პაკეტით. ეს არცთუ რთული საკითხია, უფრო ტექნიკური ხასიათის. მესმის, რომ გამოცდილებიდან გამომდინარე, ოპონენტებმა, მასში, შესაძლოა, თაღლითური სქემების მაღალი რისკი დაინახონ. მაგრამ ციფრული სამყარო იმდენად დაიხვეწა და ვითარდება, რომ ამ არგუმენტის მოსმენა მისაღები არ იქნება.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რუხის საავადმყოფოს სათანადო აღჭურვა და აქ სამედიცინო მომსახურების თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებთან მისადაგება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის არა მხოლოდ გალის მოსახლეობის, არამედ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის დროულ და ხარისხიან წვდომას ჯანდაცვაზე. რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის პროექტი წინა ხელისუფლების პერიოდში დაიგეგმა. როგორც ვიცი, ტერიტორიაზე ვერტმფრენის დასაფრენი მოედანიც უნდა ყოფილიყო, ასევე, ყველა საჭიროებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა.

აქცენტები კეთდებოდა სტუდენტური ქალაქის მშენებლობაზე, სტუდენტების, რეზიდენტებისა და პედაგოგების საცხოვრებელი კამპუსით. პროექტით რუხის მრავალდარგოვანი კლინიკის ბაზაზე მომზადდებოდა მაღალი კლასის სამედიცინო პერსონალი, რასაც, რასაკვირველია, შესაბამისი საკადრო პოტენციალი, მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და დიდი ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროებოდა. საავადმყოფოს მშენებლობას გათვალისწინებულზე გაცილებით დიდი დრო დასჭირდა, ექსპლუატაციაში კი პანდემიის დროს, რთული გარემოებებით შექმნილი გამოუვალი ვითარების გამო შევიდა. გაიხსნა მხოლოდ რამდენიმე განყოფილება, ფოკუსირებული მხოლოდ კოვიდპაციენტების მკურნალობაზე. ბუნებრივია, ფორსმაჟორულ რეჟიმში გახსნილი სამედიცინო დაწესებულება პროექტით განსაზღვრულ სტანდარტებს ვერცერთი პარამეტრით ვერ დააკმაყოფილებდა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში მეტი ყურადღება დაეთმობა რუხის კლინიკის აღჭურვას და მისი დიდი პოტენციალის რეალიზებას და ის შეასრულებს მასზე დაკისრებულ როლს მშვიდობის მშენებლობის საკითხშიც.

ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა და აქვს უმთავრესი ბერკეტი საკუთარი მოქალაქეების ყოველდღიური მძიმე ხვედრის შესამსუბუქებლად და მათ უფრო მეტად მხარდასაჭერად. ეს უპირველეს ყოვლისა გახლავთ პოლიტიკური ნება, რომ გადაიდგას რეალურად ქმედითი და საჭიროებებზე მორგებული ნაბიჯები და არა ფასადური და გაუგებარი სტრატეგიები, რომლებიც პრაქტიკულად არ ხორციელდება და არავითარი სიკეთე არ მოაქვს არც მოქალაქეებისთვის და არც მშვიდობის შენების პროცესისთვის. დღეს დამკვიდრებული სტაგნაცია, რუდუნებით მოპოვებულ შედეგს, ურთიერთობებს, კონტაქტებს ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანს.

მასალა მომზადებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) და კვინა ტილ კვინას მიერ მხარდაჭერილი პროექტის, კონფლიქტების ტრანსფორმაციის წახალისება კონფლიქტებთან დაკავშირებული ისტორიის კრიტიკული გადააზრების და ქალთა პერსპექტივების გაძლიერებით, ფარგლებში. SIDA და კვინა ტილ კვინა, შესაძლოა, არ ეთანხმებოდნენ აქ წარმოდგენილ მოსაზრებებს. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] თეონა ფირანიშვილი, „ორმხრივი გამოტოვების ადგილები - უფლებრივი და სოციალური გამოწვევები გალსა და ახალგორში“, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2022. ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/ormkhrivi-gamotovebis-adgilebi-uflebrivi-da-sotsialuri-gamotsvevebi-galsa-da-akhalgorshi

[2] საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, წერილი №MOH 5 22 00415100, 12 ოქტომბერი, 2022.

[3] თეონა ფირანიშვილი, „ორმხრივი გამოტოვების ადგილები - უფლებრივი და სოციალური გამოწვევები გალსა და ახალგორში“, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2022, გვ. 29.

[4] თანხები მოცემულია ეროვნულ ვალუტაში.

[5] „დაკარგული“ ექიმები და რთული ეპიდვითარება ახალგორში, რადიო თავისუფლება, 29 ოქტომბერი, 2021. ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/დაკარგული-ექიმები-და-რთული-ეპიდვითარება-ახალგორში/31535915.html.

[6] კორუფციული სქემა ახალგორის საავადმყოფოში | რას იკვლევენ ცხინვალში, „ნეტგაზეთი“: 16 დეკემბერი, 2021.  https://netgazeti.ge/news/582381/

[7] https://socialjustice.org.ge/ka/products/emc-moutsodebs-khelisuflebas-miighos-sagangebo-da-dauqovnebeli-zomebi-akhalgorshi-shekmnili-jandatsvis-krizisis-sapasukhod

[8] თეონა ფირანიშვილი, „ორმხრივი გამოტოვების ადგილები - უფლებრივი და სოციალური გამოწვევები გალსა და ახალგორში“, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, გვ. 70-71.

[9] აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, DRI, 2020. გვ. 15.

[10] ორმხრივი გამოტოვების ადგილები, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, გვ. 30-31.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“