საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: რუსთავი 2
სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოფელ ჭვრინისში საქართველოს მოქალაქეების გატაცების მცდელობის შემთხვევას ეხმიანება და მოუწოდებს სახელმწიფოს გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დასაცავად.
21 აპრილს, სოფელ ჭვრინისში, ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი მოქალაქის გატაცება სცადეს. როგორც მედიის საშუალებით გახდა ცნობილი, მევლუდ ხარაზიშვილი მეუღლესთან ერთად გამყოფ ხაზთან ახლოს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საქონელს აძოვებდა, რა დროსაც ორი სამხედრო მათ თავს დაესხა და ცდილობდნენ გატაცებას. ხარაზიშვილმა და მისმა მეუღლემ მოახერხეს წინააღმდეგობის გაწევა და გაქცევა, თუმცა სამხედროები მათ დაედევნენ, მევლუდ ხარაზიშვილი გაკოჭეს და იარაღის კონდახით სახის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს. სამხედროებმა მათი მიმართულებით ორჯერ გაისროლეს კიდეც დევნის დროს. როგორც დაზარალებულის მეუღლე განმარტავს, მათ ახლოს მომუშავე ხალხს დაუძახეს და სთხოვეს დახმარება. მისვლა ვერავინ გაბედა, თუმცა მათ პოლიცია გამოიძახეს, რომელიც დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილას, რის გამოც სამხედროებმა მალევე დატოვეს ტერიტორია.
მევლუდ ხარაზიშვილს დღემდე ქარელის საავადმყოფოში უტარდება მკურნალობა, ექიმის განმარტებით, მას სახის არეში გარეგანი დაზიანებები აღენიშნებოდა და კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად ტვინის შერყევა დაუდგინდა. პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობს.
საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების მცდელობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანა-თავმჯდომარეები. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ცენტრალური ხელისუფლება ამ საკითხს მკაცრად დააყენებს 27 აპრილს, ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე.
როგორც დაზარალებულის მეუღლე, ელზა გოგალაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, ასეთი შემთხვევების გამო ადგილობრივებს მუდმივი შიშისა და დაძაბულობის მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება. სოფელში არ არის გაბმული მავთულხლართები, იყო ბანერი, რომელიც de facto საზღვარს მონიშნავდა, თუმცა ახლა ესეც მოხსნილია. ტერიტორია გამიჯნულია თხრილით და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამხედროები თხრილს აქეთ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ გადმოსულები. ელზა გოგალაძის თქმით, სოფელში პოლიცია რეგულარულად არ დგას და მხოლოდ მეზობელი სოფლიდან გადმოდის პატრულის ჯგუფი პერიოდულად ხოლმე.
მედიაში გავრცელებული მასალებიდან ირკვევა, რომ სოფელი ჭვრინისიდან გატაცების ეს პირველი შემთხვევა არ არის: 2018 წლის ივნისში ამ სოფლიდან საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს 16 წლის ტატო ხარაზიშვილი, რომელიც საოკუპაციო ზოლის ახლოს, საძოვრის ტერიტორიზე გადაადგილდებოდა. არასრულწლოვანი, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ასევე 2018 წელს რუსმა სამხედროებმა 62 წლის მამაკაცი გაიტაცეს. გიორგი ხარაზიშვილი ტყეში ფიჩხის მოსატანად იყო წასული, როდესაც ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დააკავეს. სუს-ის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ცხინვალის მიმართულებით ამ პერიოდში 70 უკანონო დაკავების ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2022 წელს 42 პირი დააკავეს (აქედან, 3 არასრულწლოვანი, 35 კაცი და 4 ქალი).[1]
გამყოფ ხაზთან არსებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მყიფე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყოველდღიური შიშები კიდევ უფრო ამძიმებს. აქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განგრძობადი შიშები სახელმწიფოს მხრიდან სპეციალურ პოზიტიურ ინტერვენციებს საჭიროებს. ამ მიმართულებით პირველ რიგში მნიშვნელოვანია სახელმწიფომ უსაფრთხოების იდეას უფრო ფართოდ, ადამიანური უსაფრთხოების პერსპექტივიდან შეხედოს და მოიცვას ფიზიკური სოციალური და საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხები. ამასთან არსებითია, სახელმწიფომ დანერგოს ადრეული გაფრთხილებების ეფექტიანი და ყოვლისმომცველი სისტემა, რომელიც მას ადრეულ ეტაპზევე საფრთხეების, ასევე მათი გამოწვევი მიზეზებისა და ფაქტორების იდენტიფიცირებისა და პრევენციის ეფექტიან საშუალებას მისცემს. ადრეული გაფრთხილებების სისტემა (early warning system) საფრთხეების მონიტორინგის, პროგნოზირების, რისკის შეფასების, კომუნიკაციისა და მზადყოფნის აქტივობების სისტემებისა და პროცესების ინტეგრირებული სისტემაა, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდებს, თემებს, მთავრობებს და სხვა აქტორებს მიიღონ დროული ზომები უსაფრთხოების რისკების შესამცირებლად. „ადამიანებზე ორიენტირებული“ ადრეული გაფრთხილების სისტემები უნდა მოიცავდეს ოთხ ძირითად ელემენტს: (1) მონაცემთა სისტემატიური შეგროვებისა და შეფასების საფუძველზე რისკების გაზომვა, მათ შორის ადგილობრივი, რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის მონაწილეობით; (2) საფრთხისა და შესაძლო შედეგების გამოვლენა, მონიტორინგი, ანალიზი და პროგნოზირება; (3) ოფიციალური წყაროს მიერ ავტორიტეტული, დროული, ზუსტი და ქმედითუნარიანი გაფრთხილებების და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება და კომუნიკაცია ალბათობისა და ზემოქმედების შესახებ; და (4) მზადყოფნა ყველა დონეზე მიღებულ გაფრთხილებებზე რეაგირებისთვის. ეს ოთხი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტი უნდა იყოს კოორდინირებული სექტორებში და სხვადასხვა დონეზე, რათა სისტემამ ეფექტურად იმუშაოს და შეიცავდეს უკუკავშირის მექანიზმს უწყვეტი გაუმჯობესებისთვის. სამწუხაროდ, საქართველოში კარგად გამართული და უსაფრთხოების რისკების ყოვლისმომცველ გაგებაზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების სისტემა არ მუშაობს. ამასთან, ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკას აკლია ადამიანურ უსაფრთხოებაზე დაფუძნებული გაგება და ინსტრუმენტები, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენი მოქალაქეების ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და საინფორმაციო უსაფრთხოების წუხილებს გადაჭრიდა.
ამას ემატება კონფლიქტისპირა სოფლებში არსებული მზარდი სიღარიბე, ჩამორჩენილი სოციალური ინფრასტრუქტურა და დეპოპულაცია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის თანახმად, გამყოფ ხაზებთან არსებული სოფლების 90%-ში არ არის აფთიაქი, 85%-ში არ არის საირიგაციო წყალი, 76%-ში არ არსებობს სასმელი წყლის მომარაგების სისტემა, 70%-ში არ არის საბავშვო ბაღი. ამასთან აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს კი არ დაუკონპენსირა ის მატერიალური ზიანი, რომელიც ომის შედეგად აქ მცხოვრებმა ოჯახებმა განიცადეს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის თანახმად, კონფლიქტის შედეგად გამყოფ ხაზებთან მცხოვრებმა მოსახლეობამ კონფლიქტის ორივე რეგიონში დაკარგა საძოვრების 66%, ხე-ტყის რესურსის 57%, სახნავ-სათესი მიწების 50%, რაც მძიმედ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მოსახლეობის 76% არ მიუღია ომის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ცხადია, რომ ეს მოცემულობა კონფლიქტთან დაკავშირებულ საფრთხეებთან ერთად, აქ მცხოვრებ ადამიანებს ორმაგად დაუცველ მდგომარეობაში აგდებს. ამ ფონზე სიმპტომატურია, რომ ამ სოფლებში მოსახლეობის რაოდენობა საგანგაშოდ იკლებს. ჯერ კიდევ 2019 წლის მონაცემებით გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა 33%-ით შემცირდა, რაც საქართველოში მთლიანი მოსახლეობის კლების მაჩვენებელზე ორჯერ მაღალია.[2]
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:
ინსტრუქცია