[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / კვლევა

გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები ქალების გამოწვევები და საჭიროებები

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  18

გამოცემის წელი:  2022

მკვლევრები: 

გამყოფი_ხაზების_მიმდებარედ_მცხოვრები_ქალების_გამოწვევები_და_საჭიროებები_1671566854.pdf

1990-იანი წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებთან ერთად, მწვავე სოციალურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. მილიტარიზაცია და ბორდერიზაცია საზღვრისპირა სოფლების მკვიდრთა ცხოვრების ყველა ასპექტზე უარყოფითად აისახა (UN Women, 2019, გვ. 18). 2014 წლის მონაცემების თანახმად, 2002 წლის შემდეგ გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა 33%-ით შემცირდა, რაც საქართველოში მთლიანი მოსახლეობის კლების მაჩვენებელზე ორჯერ მაღალია და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებისგან განპირობებულ მიგრაციაზე მიუთითებს (UN Women, 2019, გვ. 25). იმავე წლის მონაცემებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე 23 455 ქალი ცხოვრობდა.

2022 წლის ოქტომბერში მთავრობამ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების რიგით მეოთხე სამოქმედო გეგმა მიიღო. მანამდე მთავრობამ დაამტკიცა 2012–2015 წლების, ასევე, 2016-2017 წლებისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმები. ზოგადად, გაეროს რეზოლუციების ძირითადი დებულებები შეიძლება შემდეგ ფართო კატეგორიებში შეჯამდეს: ქალების მონაწილეობა სამშვიდობო, მშვიდობის მშენებლობასა და დაცვასთან დაკავშირებულ საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; კონფლიქტის პრევენცია გენდერული ხედვის გათვალისწინებით, ადრეული გაფრთხილების სისტემების ფუნქციონირების, განათლების მიღების, ეკონომიკური გაძლიერების, უფლებების დამრღვევთა სამართლებრივი დევნის პროცესში; ქალების დაცვა სათემო, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების დამცველთა მიერ კონფლიქტის დროსა და მის შემდგომ პერიოდში; მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ჩართულობა, მათი საჭიროებების გათვალისწინება კონფლიქტის შემდგომ აღდგენით პერიოდში, არსებულ უსამართლობასთან ბრძოლა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა. აღნიშნული მიმართულებების შესაბამისად, ეროვნული სამოქმედო გეგმა 2022-2024 წლებისათვის მოქმედების 3 სფეროს აერთიანებს. პირველი „ქალთა მონაწილეობა მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების პროცესებში“ მოიცავს ქალთა, ასევე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები) ქალებისა და ახალგაზრდების გაზრდილი წარმომადგენლობისა და ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში; მოქმედების მე-2 სფეროს − „ძალადობის აღმოფხვრა, პრევენცია“ მიზანია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ (მათ შორის დევნილი, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ) ქალებზე და გოგოებზე ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის სექსუალური ძალადობის, გენდერული ნიშნით ძალადობისა და "ადამიანის უსაფრთხოებასთან" დაკავშირებული სხვა რისკების პრევენცია. მოქმედების მე-3 სფერო „ქალთა გაძლიერება და დაცვა“ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი, ოკუპირებული ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ მცხოვრები) ქალებისა და გოგოების უსაფრთხოების, საჯარო სერვისებზე წვდომის, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ხელშეწყობას ისახავს მიზნად (ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა). ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. სამოქმედო გეგმა უსაფრთხოების, თავდაცვისა და პოლიციის სისტემებში, ასევე ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შიგნით ქალთა წარმომადგენლობისა და ქალებისა და ახალგაზრდების საჭიროებების ასახვის ვალდებულებებს აწესებს. თუმცა, სამოქმედო გეგმა სუსტია ადამიანური უსაფრთხოებისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მხრივ და მხოლოდ იურიდიულ სერვისებზე და უფლებრივ საკითხებზე და მექანიზმებზე ცნობიერების ამაღლების კომპონენტებს მოიცავს. ამასთან, გეგმა სახელმწიფო უწყებებს მწირ პასუხისმგებლობებს აკისრებს კონფლიქტით დაზარალებული ქალების სოციალური ექსკლუზიის აღმოფხვრისა და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით და არაფერს ამბობს ოკუპაციის გამო დაკარგული მიწის რესურსების კომპენსირების, საბაზისო სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების, ქალთა დასაქმების ხელშეწყობისა და ადგილობრივ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმით გათვალსწინებული ვალდებულებებისთვის მთავრობამ სპეციალური ბიუჯეტი - 27 680 907 ლარი განსაზღვრა.

კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების უსაფრთხოების, სოციალური და ეკონომიკური სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, დღესდღეობით სახელმწიფოს არ აქვს ერთიანი და სისტემური პოლიტიკა, რომელიც შექმნილ რეალობას უპასუხებდა და მეტწილად ფრაგმენტული სოციალური მნიშვნელობის პროგრამებით შემოიფარგლება. საქართველოს მთავრობა გამყოფი ხაზის გასწვრივ და მის მიღმა მცხოვრებ პირებს სთავაზობს უფასო ჯანდაცვის სერვისებს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის სრულ დაფინანსებას იძულებით გადაადგილებულ, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ სტუდენტებს (UN Women , 2021).

გამყოფი_ხაზების_მიმდებარედ_მცხოვრები_ქალების_გამოწვევები_და_საჭიროებები_1671566854.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“