საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ყდაზე გამოყენებული ფოტოების წყაროები
მშობლიურ ენაზე ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა გალის და ახალგორის მოსახლეობისთვის ის უფლებრივი საკითხია, რომელზეც კონფლიქტმა ყველაზე მძიმე გავლენა მოახდინა. ამ რეგიონებში განათლების სისტემის რუსიფიკაციის პროცესი იმთავითვე ისახავდა მიზნად ადგილობრივ ქართულ მოსახლეობაზე ზეწოლას და შევიწროებას, რამაც ეთნიკური ქართველი მოსახლეობა სისტემური დისკრიმინაციისა და კულტურული შევიწროების მსხვერპლი გახადა. მშობლიურ ენაზე განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტურ სამოქალაქო უფლებების რიგს განეკუთვნება, კონფლიქტების კონტექსტში ხშირად ჭარბად პოლიტიზებულია, რის გამოც უფლებრივი პერსპექტივიდან ნაკლებად განიხილება. საქართველოს კონფლიქტების კონტექსტშიც, ამ საკითხზე დისკუსია, მართალია, არაერთი მოლაპარაკების ფორმატში წამოჭრილა, თუმცა კონფლიქტის მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა. მეტიც, მოლაპარაკებების პროგრესი ამ მიმართულებით საერთოდ არ ჩანს, ვითარება წლიდან წლამდე უარესდება და განათლების რუსიფიკაციის პროცესი ორივე რეგიონში პრაქტიკულად დასრულებულია. ამ ფონზე კი, ორმაგად მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება და ყველა ზომას მიმართოს ამ რეგიონების მცხოვრებთათვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის და მშობლიური ენის დაცვის ხელშესაწყობად.
მშობლიურ ენაზე სწავლება გალის და ახალგორის რაიონის ქართულენოვან სკოლებს წლების მანძილზე ეტაპობრივად ეზღუდებოდათ. გალის რაიონის სკოლების რუსულენოვან სწავლებაზე გადასვლის პროცესი შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებისთანავე დაიწყო ნაწილობრივ და ეტაპობრივად. საბოლოოდ, 2022 წლის სექტემბრიდან, გალის რაიონის სკოლების ყველა კლასში ქართულენოვანი სწავლება სრულად ჩაანაცვლა რუსულენოვანმა სწავლებამ და სახელმძღვანელოებმა. ახალგორის რაიონში განათლების სისტემის რუსიფიკაციის პროცესი 2017 წელს დაიწყო.[1] ქართულ ენაზე სწავლების რუსული ენით ჩანაცვლების პროცესი ახალგორშიც ეტაპობრივად მიმდინარეობს. დღევანდელი მდგომარეობით, ახალგორის 6 სკოლიდან, 5 სკოლა 2022 წლის სექტემბრიდან მთლიანად არის გადასული რუსულენოვან სწავლებაზე (1 სკოლა ყოველთვის რუსულენოვანი იყო).[2]
აფხაზური და რუსული მხარის პოზიცია ქართული ენის რუსულით ჩანაცვლების თაობაზე, რამდენიმე არგუმენტს ეფუძნებოდა: 1. აფხაზეთის სკოლებში ქართულ ენაზე და ქართული წიგნებით სწავლების პროცესს საფრთხედ აღიქვამდა თვითგამოცხადებული „აფხაზური სახელმწიფო“, რადგან ის აფხაზური პერსპექტივით, „ქართული იდეოლოგიით“ სწავლებას და აფხაზეთის მიმართ ლოიალობის დეფიციტს იწვევდა; 2. გარდა ამისა, მოიაზრებოდა, რომ რუსული ენის ცოდნა გალელებს შესაძლებლობას აძლევდა კარიერა აფხაზეთსა და რუსეთში გაეკეთებინათ, სხვა შემთხვევაში კი ისინი ინარჩუნებდნენ ბმას ქართულ სახელმწიფოსთან.[3]
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური მხარე თავისი დე-ფაქტო „კანონმდებლობის“ შესაბამისად, ამტკიცებს, რომ ქართველი ეთნიკური უმცირესობა გალში სხვა უმცირესობების მსგავსად იღებს განათლებას და მათი უფლებრივი მდგომარეობა შეესაბამება უმცირესობების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს,[4] რეალობაში დისკრიმინაცია ღიად შესამჩნევია. მაგალითად, სომეხ ეთნიკურ უმცირესობას აქვს შესაძლებლობა განათლება მიიღოს სომხურ ენაზე (სომხურენოვანი სკოლების რაოდენობა ჯერ კიდევ 2011 წელს სამჯერ აღემატებოდა ქართულენოვანს).[5]
აქედან გამომდინარე, ნათელია აფხაზური და რუსული მხარეების ინტერესი, სრულად ჩაანაცვლონ ქართული ენა რუსულით და აღმოფხვრან ქართული ენა და საქართველოსთან დაკავშირებული სამოქალაქო თვითიდენტიფიკაცია აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველების თემში. განათლების პოლიტიკის რუსიფიკაცია, სხვა პოლიტიკურ ინტერესებთან ერთად, სწორედ ქართველების იდენტობის შეცვლას ისახავს მიზნად.[6] კავშირს ბავშვის განათლების უფლებასა და მის კულტურულ იდენტობას შორის, აღიარებს გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციაც, რომლის 29-ე მუხლის მიხედვით, „სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, რომ ბავშვის განათლება მიმართული იქნება მისი კულტურული იდენტობის, ენის და ღირებულებების პატივისცემისკენ“.[7] იმის გათვალისწინებით, რომ ენა კულტურული იდენტობის ცენტრალური ელემენტია, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება. გარდა ამისა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღება მნიშვნელოვანია ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისთვის.[8]
რუსულენოვან სწავლებაზე იძულებით გადასვლის პროცესი გამოწვევა იყო და არის როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის, რადგან ისინი სათანადოდ არ ფლობენ რუსულ ენას ზოგადი განათლების მისაღებად ან გასაცემად. შესაბამისად, ეს მოცემულობა აბრკოლებს ხარისხიან ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობას, ხოლო იმ შემთხვევებში, სადაც რუსულ ენაზე სწავლა-სწავლების პრობლემა მეტ-ნაკლებად გადალახულია (მაგალითად, გალის ზედა ზონის სკოლებში, სადაც რუსულ ენაზე გადასვლის პროცესი გაცილებით ადრე, 2004-2005 წლებში დასრულდა),[9] ქართული ენის ცოდნასთან დაკავშირებული გამოწვევები ჩნდება, რაც, თავის მხრივ, ბარიერია იმ მოსწავლეებისთვისაც, რომლებიც სწავლას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ.
სტატიის მიზანია გააანალიზოს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს მიღმა დარჩენილ ამ ორ რეგიონში. ასევე, წარმოადგინოს და გააანალიზოს ის შესაძლებლობები და რესურსები, რასაც საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს, ან უნდა სთავაზობდეს ამ ორ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას განათლების უფლების სრულყოფილად და ხარისხიანად განხორციელებისთვის.
სტატიის მიზნების შესაბამისად, შევისწავლეთ გალსა და ახალგორში განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ უახლესი ანგარიშები და სტატისტიკა (მათ შორის სახალხო დამცველის, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები და ანგარიშები). ასევე, ჩატარდა ოთხი ინტერვიუ გალის, ოჩამჩირის და ახალგორის მცხოვრებლებთან, ასევე გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან. სტატიაში ასევე გაანალიზებულია განათლების სამინისტროდან მიღებული საჯარო ინფორმაცია.
[1] დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობა გალსა და ახალგორში, 2019-2020 წლები, 2020, 7.
[2] საქართველოს სახალხო დამცველის წლიური საპარლამენტო ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2022, 330. გასაუბრება ახალგორელ აქტივისტთან, 2 აგვისტო, 2023.
[3] თორნიკე ზურაბიშვილი, მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვა გალის რაიონში: გამოსავლის ძიებაში, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) იანვარი, 2016, 12-13.
[4] „აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია“, მუხლი 6.
[5] თორნიკე ზურაბიშვილი, მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვა გალის რაიონში, 12-13.
[6] სახალხო დამცველის 2015-2016 წ. სპეციალური ანგარიში: განათლების უფლება გალის რაიონში: 2015-2016 სასწავლო წლის სიახლეები და თანმდევი პრობლემები,
[7] Human Rights Watch, Living in Limbo, 2011, 48.
[8] Human Rights Council, A/HRC/43/4, Report of the Special Rapporteur on minority issue, Education, language and the human rights of minorities, 2020.
[9] საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, განათლების უფლება გალის რაიონში: 2015-2016 სასწავლო წლის სიახლეები და თანმდევი სიახლეები, თბილისი, 2015.
ინსტრუქცია