საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
14 / 20
ეს ფოტოები გალის ყოველდღიურობას ასახავს.
გალში (აფხაზეთი) მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა უკვე წლებია ორმაგი გამოტოვებისა და ორმაგი მარგინალობის მდგომარეობაში ცხოვრობს.
მათი სამართლებრივი სტატუსი და უფლებები არ არის აღიარებული აფხაზეთის De Facto მთავრობის მიერ და ისინი 20 წელზე მეტია ამ პოლიტიკურ სისტემაში ინსტიტუციური დისკრიმინაციის რეალობაში ცხოვრობენ. გალში, ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის სამართლებრივი სტატუსი ამ დრომდე განუსაზღვრელი რჩება, რაც მათ მიმართ არაერთი სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური უფლების შეზღუდვის საფუძველი ხდება. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვა, საკუთრების უფლების არაღიარება, მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი, კორუფციული და რთული ბიუროკრატიული გარემო, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები - ეს ის მთავარი პრობლემებია, რაც გალის მოსახლეობას ყოველდღიურ ყოფას ურთულებს და ზოგჯერ, აიძულებს საკუთარი საცხოვრებელი ადგილები დატოვონ.
ამავდროულად მათი საჭიროებების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა საქართველოს მთავრობა და მისი პროაქტიული მიდგომები აქ მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების, კეთილდღეობის და უფლებების დასაცავად სუსტი და ფრაგმენტული რჩება.
ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგაც გალის მოსახლეობას აფხაზურ საზოგადოებასთან თანაცხოვრების გამოცდილება ჰქონდა და აქვს. ეს გამოცდილება ამ საზოგადოებას კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში განსაკუთრებულ პოტენციალს და ღირებულებას აძლევს, რაც მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ და სხვა აქტორებმა უფრო აქტიურად დაინახონ და ჩართონ სამშვიდობო პროცესში.
მასალა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში „საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაში ადამიანის უფლებების პერსპექტივების გაძლიერების მიზნით ადვოკატირება“. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.
ინსტრუქცია