[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / სტატია

გალი ქართულ და აფხაზურ ისტორიულ წარმოსახვებში: ორმაგი მარგინალობის ანატომია

მალხაზ თორია 

შესავალი: გალი - აფხაზური „კვაზი სახელმწიფოს“ დილემა

ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება და პოლიტიკური ელიტა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-1993) შედეგების, თბილისის კონტროლიდან გასვლასა და ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციას ცდილობს. შეიძლება ითქვას, აფხაზეთის „კვაზი სახელმწიფოს“ (Kolstø, 2006) არსებობას განსაზღვრავს ეთნიკური ჰომოგენიზაციის პროექტი, რომელსაც საფუძვლად უდევს აფხაზური პრიმორდიალური ისტორიული ნარატივი და წარმოდგენები. აფხაზურ საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი შეხედულებების თანახმად, მდინარე ფსოუსა და ენგურს შორის მთლიან ტერიტორია ისტორიულად მონოეთნიკური აფხაზური სივრცე იყო და მომავალშიც ასე უნდა იყოს. თუმცა, დე-ფაქტო რეჟიმის ეთნიკური ჰომოგენიზაციის გეგმების ბოლომდე განხორციელებას ხელს უმთავრესად ქართველებით დასახლებული გალის რაიონი უშლის. გალი ერთადერთი რაიონია აფხაზეთში, რომლის მოსახლეობა ქართულ-აფხაზური კონფლიქტამდე უმთავრესად ქართველებისგან შედგებოდა. ომის დასრულების შემდეგ სხვადასხვა მონაცემით ორმოციდან სამოც ათასამდე ადგილობრივი ქართველი დაუბრუნდა იქ თავის სახლ-კარს (ICG, 2010; HRW, 2011). ის, თუ რა მოუხერხონ გალელ ქართველებს, ხელი შეუწყონ მათ „ინტეგრაციას“ აფხაზურ „სახელმწიფოში“ თუ მიუდგნენ მათ, როგორც პოტენციურ მეხუთე კოლონას, გადაუჭრელ დილემად იქცა აფხაზებისთვის. შესაბამისად, გალის ქართული მოსახლეობის „ლეგალური“ სტატუსი და უფლებები მუდმივი დისკუსიისა და პოლიტიკური მანიპულაციის საგანია დე-ფაქტო ხელუფლებაში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ზოგადად, აფხაზურ საზოგადოებაში.

ადმინისტრაციულ და, შეიძლება ითქვას, ბიო-პოლიტიკის (Foucault 1984) დონეზე ეს დამოკიდებულება ცხადად ჩანს ე.წ. „უცხოელ მოქალაქეთა შესახებ კანონში“, რომელიც გალის მაცხოვრებლებს უცხოელი მოქალაქეების კატეგორიის ქვეშ ანაწილებს. კანონი გალელებს ბინადრობის უფლებას აძლევს, თუმცა ,მთელ რიგ ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას და, რაც მთავრია, უძრავი ქონების ყიდვის და ფლობის უფლებას ართმევს. ეს პრივილეგია, მხოლოდ „აფხაზეთის მოქალაქეს“ ეკუთვნის.

ეს დისკრიმინაციული რეგულაციები უნდა განვხილოთ, გალის მოსახლეობაზე ღრმა „სტრუქტურული“ (Galtung 1971) და „სიმბოლური“ (Bourdieu 1986) ძალადობის იმ გამოვლინებად, რომელიც მათი ქართული იდენტობის შეცვლას, ან დასუსტებას ისახავს მიზნად. სწორედ დომინანტური ისტორიული ცოდნა განსაზღვრავს აფხაზური იდენტობის პოლიტიკას გალის რაიონში. ამ პოლიტიკის მთავარი მიმართულებებია საჯარო სკოლებში ქართული ენაზე სწავლების აღმოფხვრა; მეგრული ენისა და იდენტობის ფაქტორის აქტუალიზება; ე.წ. სამურზაყანოელთა დავიწყებული აფხაზური იდენტობის და მეხსიერების რეანიმაცია დაბოლოს, თითქოსდა „ნამდვილად“ არააფხაზი მოსახლეობის, ანუ მეგრელების მიერ მათი აფხაზეთში სტუმრის სტატუსის „გათავისება“. ამგვარად, გალის მოსახლეობაზე „ეპისტემური ძალადობა“ (Spivak, 1985), კერძოდ, მათზე ეთნოცენტრული ისტორიული ნარატივის თავს მოხვევა დე-ფაქტო ხელისუფლების ძალაუფლების რეპერტუარში სუსტი და მოწყვლადი ჯგუფის განდევნას (ეთნიკური წმენდა), გამიჯვნას და სეგრეგაციას (ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წართმევა) ან ასიმილაციასა (ე.წ. იდენტობის აღდგენა) და საბოლოდ, აფხაზური „კულტურული ჰეგემონიის“ (Gramsci 1971) ლეგიტიმაციას ისახავს მიზნად.

ამ დროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, თუ რა პოლიტიკა აქვს გალის მიმართ ქართულ სახელმწიფოს და ზოგადად, რა ადგილი უკავია გალელების პრობლემებს ქართულ საზოგადოებრივ აზრსა, თუ გალი და აფხაზეთი ზოგადად ქართულ ისტორიულ წარმოდგენებში საქართველოს განუყოფელი ნაწილია. იგი რუსეთის მიერ დროებით არის ოკუპირებული და მოგლეჯილი დედა სამშობლოს. საქართველო ერთგვარი „გეოსხულია“ (Kabachnik 2012) და „დროებით დაკარგული ტერიტორიები“ სისხლმდინარე ჭრილობებია, რომელიც მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ შეხორცდება. ამ წმინდად სიმბოლური რეპრეზენტაციის მიღმა გალის მოსახლეობის საჭიროებები მთლიანობაში, ნაკლებად აისახება სახელმწიფოს რეალურ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაში. ეს ეხება პირველ რიგში ჯანდაცვისა და სოციალური უზურნველყოფის სფეროში არსებულ მწვავე პრობლემებს; კონფლიქტის გამყოფ ხაზზე გადაადგილების უფლებას, აფხაზური დისკრიმინაციის წინააღმდეგ გარკვეული ზომების მიღებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ა.შ. თუმცა, მთლიანობაში, გალელები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, რომელსაც აქვს ორმაგი გარიყულობის განცდა. სოხუმის დისკრიმინაციული პოლიტიკის ფონზე გალელები ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოებისგანაც ვერ გრძნობენ სათანადო ყურადღებას.

ამგვარად, აფხაზურ და ქართულ პოლიტიკურ დისკურსში უმთავრესი ადგილი უჭირავს გალის, ისევე როგორც მთლიანად აფხაზეთის, როგორც ეთნიკური სივრცის კონსტრუირებას. ვის ეკუთვნის ეს ტერიტორია? ვის აქვს პირველმოსახლის და შესაბამისად, ამ მიწის ისტორიული პატრონის სტატუსი, აფხაზებს თუ ქართველებს? მსგავსი კითხვები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანების გაუსაძლისი ყოფა. აფხაზური და ქართული ტერიტორიული ნაციონალიზმი დიდწილად საბჭოთა იმპერიის ეთნო-ფედერალური სტრუქტურისა და ბოლშევიკების ეროვნული პოლიტიკის მემკვიდრეობაა. კერძოდ, ადამიანების უფლებების კონკრეტულ ტერიტორიაზე მასპინძლის თუ სტუმრის სტატუსთან მიბმით, ეთნიკური კატეგორიზაციის და იერარქიული ნაციონალიზმის საბჭოთა ტრადიცია კიდევ უფრო რადიკალური ფორმით გრძელდება.

დოკუმენტი მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „სამშვიდობო პოლიტიკის პოზიტიური ტრანსფორმაცია კვლევისა და ადვოკატირების გზით“, ფარგლებში. მიმოხილვაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.

ორმაგი_მარგინალობის__ანატომია_1649323299.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“