[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შემზარავ საქმეს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  თამაზ გინტურის მკვლელობა სოფელ კირბალთან (გორის მუნიციპალიტეტი) ახლოს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მისი უკანონო დაკავების მცდელობის დროს მოხდა. მედიის ცნობით, თამაზ გინტური, ლევან დოთიაშვილთან ერთად, მისი კუთვნილი ავტომანქანით, კირბალის წმინდა გიორგის სალოცავში მოსალოცად იმყოფებოდა. გასროლის ეპიზოდიც ეკლესიის ტერიტორიასთან ახლოს მოხდა. გასროლის შემდეგ რუს საოკუპაციო ძალებს დაჭრილი თამაზ გინტურისთვის სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენია, მათ ადგილზე მისვლის უფლება არ მისცეს არც ქართველ სამართალდამცავებს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდნენ, რომ დაჭრილი თამაზ გინტურის მდგომარეობა მძიმე იყო, ქართულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მისვლისა და სასიკვდილოდ დაჭრილი ადამიანის წაყვანის ნება დართეს. რუსმა სამხედროებმა ამავე პერიოდში უკანონოდ დააკავეს კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი. სუს-ის განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. 

მოსახლეობის თქმით, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი ლომისას ტაძარიცაა, მათთვის ძალიან ძვირფასია, თუმცა ტაძრამდე მისასვლელი გზა ოკუპირებულია. სანახევროდ მიტაცებულია იქვე არსებული სოფლის სასაფლაოც. მიუხედავად ამისა, მკვიდრი მოსახლეობა, სიცოცხლის რისკის ფასად, მაინც ცდილობს წინაპრების საფლავებზე მისვლას და ეკლესიის მოლოცვას. საოკუპაციო ძალების მხრიდან აღნიშნული სალოცავის აჭედვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია მედიაში მანამდეც გავრცელდა, რაც საპატრირქოს წარმომადგენლის განცხადების შემდეგ, რომ ამ ადგილებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა იყო საჭირო და საქართველოს დროშების აღმართვისან ადამიანებს თავი უნდა შეეკავებინათ, კრიტიკული საჯარო განხილვის საგანიც გახდა.

კირბალის მოსახლეობა მედიასთან აცხადებს, რომ მათ სოფელში უსაფრთხოება დაცული არ არის. ჩვენთანაც ადგილობრივები განმარტავენ, რომ იმის გამო, რომ ამ სოფელში საოკუპაციო ხაზი ხილული არ არის, ამ სოფლიდან ხშირია საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები.  ამის მიუხედავად, სოფელში არ არის განთავსებული ქართული პოლიციის განყოფილება. პოლიციის პატრულირებაც სოფელში რეგულარული არ არის.

უკანონო დაკავებების და გატაცებების პრაქტიკა ამ პროცესში სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფის პრაქტიკა ოკუპაციის და განგრძობადი კონფლიქტის თანამდევი მძიმე შედეგია, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას მუდმივი შიშის და საფრთხის ქვეშ ამყოფებს. განგრძობადი ოკუპაციის პირობებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელობას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალი რუსეთის ფედერაციას აკისრებს, რომელიც ამ რეგიონში ოკუპაციას ახორციელებს და სწორედ მისი სამხედრო ძალების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ იმყოფება აღნიშნული  ტერიტორია.

განგრძობადი ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გამო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არა ერთი საქართველოს მოქალაქის უფლება უხეშად ირღვევა. საოკუპაციო ხაზთან ცხინვალის მიმართულებით მხოლოდ 2016 წლიდან 2022 წლამდე 624 ადამიანი იყო დაკავებული, აფხაზეთის მიმართულებით კი - 337 ადამიანი. ზოგჯერ უკანონო დაკავებების მასობრივ პრაქტიკას ცალკეული ადამიანების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობა, ჯანმრთელობის დაზიანება და სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვება ხოლმე. ამგვარ უმძიმეს შემთხვევებს მიეკუთვნება გიგა ოთხოზორიას (2016 წელი) და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეები (2018 წელი).

სამწუხაროდ, სუსტია საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების პრევენციის  მიზნით. ამ დრომდე, გამყოფი ხაზის სოფლებში არ ფუნქციონირებს ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს საფრთხეების დროული იდენტიფიცირებისა და პრევენციული ზომების მიღების შესაძლებლობას მისცემდა.[1] აღნიშნულ სოფლებში არასაკმარისია საპოლიციო მუშაობაც. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებული 2022 წლის რაოდენობრივი კვლევის შესაბამისად, ცხინვალის მიმართულებით გამყოფი ხაზის სოფლების 63%-ში არ არის პოლიციის განყოფილება, ამავე სოფლების 39%-ში კი პოლიცია არ პატრულირებს.

თამაზ გინტურის მკვლელობის საქმისა და საოკუპაციო ხაზთან არსებული უმძიმესი უსაფრთხოების კონტექსტის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ არსებითია საქართველოს ხელისუფლებამ:

  • დაიწყოს გამოძიება თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე და უზრუნველყოს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და დასჯა;
  • გააძლიეროს ძალისხმევა დაკავებული ლევან დოთიაშვილის დროული გათავისუფლების მიზნით;
  • საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში დაუყოვნებლივ დანერგოს ადრეული შეტყობინების სისტემა და არსებითად გააძლიეროს ამ სოფლებში საპოლიციო მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვის მიზნით.
  • გააძლიეროს საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური და დიპლომატიური მუშაობა საქართველოში რუსეთის ოკუპაციისა და მისგან მომდინარე მასობრივი უფლების დარღვევის ფაქტების აღიარებისა და რუსეთზე საგარეო პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერების მიზნით. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით პოლიტიკური ძალისხმევა შემცირებული და დასუსტებული ჩანს;
  • გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები აგვისტოს ომის შემდეგ უფლების დარღვევის უმძიმესი ფაქტებზე დავისთვის და მსხვერპლების ინტერესების დაცვისთვის.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ადრეული გაფრთხილებების სისტემა (early warning system) საფრთხეების მონიტორინგის, პროგნოზირების, რისკის შეფასების, კომუნიკაციისა და მზადყოფნის აქტივობების სისტემებისა და პროცესების ინტეგრირებული სისტემაა, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდებს, თემებს, მთავრობებს და სხვა აქტორებს მიიღონ დროული ზომები უსაფრთხოების რისკების შესამცირებლად. „ადამიანებზე ორიენტირებული“ ადრეული გაფრთხილების სისტემები უნდა მოიცავდეს ოთხ ძირითად ელემენტს: (1) მონაცემთა სისტემატიური შეგროვებისა და შეფასების საფუძველზე რისკების გაზომვა, მათ შორის ადგილობრივი, რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის მონაწილეობით; (2) საფრთხისა და შესაძლო შედეგების გამოვლენა, მონიტორინგი, ანალიზი და პროგნოზირება; (3) ოფიციალური წყაროს მიერ ავტორიტეტული, დროული, ზუსტი და ქმედითუნარიანი გაფრთხილებების და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება და კომუნიკაცია ალბათობისა და ზემოქმედების შესახებ; და (4) მზადყოფნა ყველა დონეზე მიღებულ გაფრთხილებებზე რეაგირებისთვის. ეს ოთხი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტი უნდა იყოს კოორდინირებული სექტორებში და სხვადასხვა დონეზე, რათა სისტემამ ეფექტურად იმუშაოს და შეიცავდეს უკუკავშირის მექანიზმს უწყვეტი გაუმჯობესებისთვის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“