[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ანგარიში

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ეთნიკური აზერბაიჯანელების საჭიროებების მიმოხილვა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის აქტიური მუშაობა არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებრივ საკითხებზე აჩვენებს, რომ საქართველოში სხვადასხვა ჯგუფის წინაშე მწვავედ დგას პოლიტიკურ მონაწილეობაზე, სასიცოცხლო რესურსებსა და სოციალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ 2021 წელს ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობები 15%-ით უფრო ღარიბები არიან, ხოლო უმაღლესი/ტექნიკური განათლების მაჩვენებელი უმცირესობებს შორის დაახლოებით 2 ჯერ უფრო ნაკლებია.[1]

ამავე კვლევის მიხედვით, კახეთის ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობაში სრული ზოგადი განათლების არმქონე მოსახლეობის რაოდენობა 54%-ს უტოლდება. ხოლო სკოლამდელი განათლება კახეთის ეთნიკური აზერბაიჯანელების 56%-ისთვის ხელმიუწვდომელია.[2] აქვე უნდა ითქვას, რომ კახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების საჭიროებები არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ხშირად სხვადასხვა  სამოქალაქო და ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის  ფოკუსშიც ვერ ხვდება.

კახეთის აზერბაიჯანელი თემის საჭიროებების ფოკუსირებული ანალიზისთვის, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ სოფლებში: კაზლარი, ლამბალო, ქეშალო, მუღანლო, პალდო და დუზაგრამი, საჭიროებების კვლევა ჩაატარა. ეს სოფლები ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულშია გაერთიანებული, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მათ ერთიან სივრცედ ხედავს და აზერბაიჯანულ ენაზე მოიხსენიებს, როგორც გარაჩოფი (იორმუღანლო). ამის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ისიც იყოს, რომ სოფლებს შორის არ არსებობს ფიზიკური და გეოგრაფიული გამყოფი ხაზები და ხშირად იქაურებისთვისაც რთულია გაავლონ მკვეთრი ხაზი სოფლებს შორის.    

ამ სოფლებში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის მეურნეობას მისდევს, განსაკუთრებულად კი მეცხოველეობას. ამასთანავე, სოფლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩართულია სხვადასხვა ტიპის მცირე სამეწარმეო საქმესა და ვაჭრობაში. იორმუღანლოს შესასვლელში იმართება ბაზრობა, რომელიც მნიშვნელოვანი სივრცეა ახლომდებარე ქართული სოფლებისთვისაც. სოფელში არის საავადმყოფოც, რომელიც რამდენიმე წლის წინ ადგილობრივი მცხოვრებლების დაფინანსებით გაიხსნა. სოფელში მოქმედებს 8 მეჩეთი, საიდანაც 2 შიიტური, ხოლო 6 სუნიტური ისლამის სკოლას მიეკუთვნება. 

კახეთის რეგიონში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შორის სკოლის დამთავრების დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, იორმუღანლოელი ახალგაზრდები, 2010 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს საუკეთესო შედეგებს იღებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების 1+4 პროგრამის ფარგლებში, რაც მოსახლეობის განმარტებით,, ადგილობრივი მასწავლებლების აქტიური მუშაობით აიხსნება.    

წინამდებარე საჭიროებების კვლევა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და ცენტრალურ უწყებებთან წარდგენისა და ადვოკატირების მიზნით, შეისწავლის სოფელში არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ გამოწვევებს. იმისათვის, რათა საჭიროებების რუკა ადგილობრივი მოსახლების გამოცდილებასა და ცოდნაზე ყოფილიყო დაფუძნებული, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოიყენა ანალიზის შემდეგი მეთოდოლოგია:

  • თემის პრობლემების გამოსავლენი კითხვარი
  • KWHW[3] (რა ვიცით, რა უნდა შეიცვალოს, როგორ უნდა შეიცვალოს, ვინ უნდა შეცვალოს) ანალიზის მეთოდი

ეს მეთოდები თემის საჭიროებების, მოსახლეობის უშუალო მონაწილეობით და  მაქსიმალურად სისტემურად დანახვის საშუალებას გვაძლევს. თემის პრობლემების გამოსავლენი კითხვარი მიზნად ისახავს შეისწავლოს და გამოკვეთოს არა მხოლოდ სოფელში არსებული პრობლემების სიმპტომები, არამედ სიღრმისეული საფუძვლები და გამომწვევი მიზეზები. KWHW ანალიზის მეთოდი, თავის მხრივ, გამოყენებულია, რათა პრობლემების გამოვლენის პროცესში გავიგოთ სოფლის მცხოვრებთა აზრი, თუ როგორ წარმოუდგენიათ პრობლემების მოგვარება და ვინ არის პასუხისმგებელი მათ მოგვარებაზე. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 8 ფოკუს ჯგუფი. კვლევაში მონაწილეობა მიიღო სულ 63 ადამიანმა, მათგან 26 ქალი იყო და 37 კაცი. ფოკუს ჯგუფებში მონაწილეობდა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის პოპულაცია, როგორც ახალგაზრდები, ისე ასაკოვანი მოსახლეობა.   

ქვემოთ ინფორმაცია წარმოდგენილია ისე, როგორც ის არტიკულირებული და გაზიარებული იყო ადგილობრივი თემების მიერ.

01_საგარეჯო_მუნიციპალიტეტში_ეთნიკური_აზერბაიჯანელების_საჭიროებების_მიმოხილვა_1698066829.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ფირანიშვილი, თ; ბარბაქაძე, ზ. 2023, ეთნიკური უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური ექსკლუზია, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/etnikuri-umtsiresobebis-sotsialuri-da-ekonomikuri-ekskluzia

[2] იქვე.

[3] Know, What, How, Who

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“