[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / კვლევა

ეთნიკური უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური ექსკლუზია

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  33

გამოცემის წელი:  2022

მკვლევრები:  თეონა ფირანიშვილი, ზაზა ბარბაქაძე

ეთნიკური_უმცირესობების_სოციალური_და_ეკონომიკური_ექსკლუზია_1681123065.pdf

1.უმცირესობების სოციალური ექსკლუზია საქართველოში - პრობლემის აღწერა

ეთნიკური უმცირესობები სოციალურად და ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია საქართველოში, რაც განპირობებულია ამ ჯგუფების გარიყულობის და მივიწყების სისტემური პრაქტიკით. უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური ყოფის გაუმჯობესების მიზნით არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ გატარებულა პოზიტიური ნაბიჯები და არ შემუშავებულა ინსტიტუციური და საკანონმდებლო მექანიზმები იმ მიზეზების აღმოსაფხვრელად, რაც მათ სოციალურ ექსკლუზიას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია, რაც ასახულია ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში, ექსკლუზია კვლავ მნიშვნლოვან პრობლემად რჩება, რასაც რაოდენობირივი კვლევის შედეგად გამოვლენილი მონაცემებიც მოწმობს.

1.1 სოციალური მარკერები, რომელიც ეთნიკური უმცირესობების სოციალური ექსკლუზიისა და მოწყვლადობის რეალობას აჩვენებს

1.1.1 შედარებადი სიციალური და ეკონომიკური მონაცემები

წინამდებარე ქვეთავში წარმოდგენილია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლები, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე შეგროვდა და ის შედარებულია საქართველოს მთლიანი მოსახლეობის იმავე მონაცემებს.[1] ის კვლევები, რომელიც ISSA-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგების შედარებითი ანალიზისთვის გამოვიყენეთ შემდეგია: 1. შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკითხვა, რომელიც საქართველოს სტატისტიკის მიერ არის ჩატარებული; 2. სამუშაო ძალის გამოკვლევა, რომელიც აგრეთვე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარდა. ყველა ამ კვლევის მონაცემი 2021 წლის მდგომარეობას ასახავს.

ა) შინამეურნეობების სტრუქტურის ანალიზი

სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია შინამეურნეობის სტრუქტურის შეფასება.

როგორც გრაფა 1-დან ჩანს, ეთნიკური უმცირესობათა წარმომადგენელი შინამეურნეობების საშუალო ზომა არსებითად განსხვავებულია მთლიანად საქართველოს მოსახლეობის შემთხვევაში მოცემული იდენტური მაჩვენებლისგან. მართლაც, საქართველოს მთლიანი მოსახლეობის დონეზე 1 წევრისგან შემდგარი შინამეურნეობების წილი შინამეურნეობათა მთლიანი რაოდენობის 17.4%-ს შეადგენს. იდენტური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია ეთნიკური უმცირესობებისთვის. როგორც ეს მონაცემებიდან ჩანს, გამოკითხულთაგან მხოლოდ 0.4% არის ისეთი შინამეურნეობა, რომელშიც მხოლოდ 1 წევრი ცხოვრობს. ამასთან, ეთნიკური უმცირესობების მონაცემებთან შედარებით, ქვეყნის დონეზე მაღალია 2 და 3 წევრისგან შემდგარი შინამეურნეობების წილი. რაც შეეხება 4 და მეტი წევრისგან შემდგარი შინამეურნეობების შემთხვევებს, თითოეული ამ კატეგორიისთვის ეთნიკური უმცირესობის შესაბამისი წილი სჭარბობს მთლიანად საქართველოს მოსახლეობის წილებს. მაგალითად, ISSA-ს მიერ გამოკითხული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შინამეურნეობების 18.4% შედგება 4 წევრისგან მაშინ, როდესაც იდენტური მაჩვენებელი 3.1%-ით ნაკლები სიდიდისაა ქვეყნის დონეზე (15.3%). წარმოდგენილი დამოკიდებულება შენარჩუნებულია შედარებით მრავალრიცხოვანი შინამეურნეობების შემთხვევაშიც (4-ზე მეტი წევრისგან შემდგარი შინამეურნეობები). აღწერილი მონაცემები ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთლიან მოსახლეობასთან შედარებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული შინამეურნეობები საშუალოდ უფრო მეტი წევრისგან შედგებიან.

ეთნიკური_უმცირესობების_სოციალური_და_ეკონომიკური_ექსკლუზია_1681123065.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] შენიშვნა: თავიდანვე საყურადღებოა ერთი განმარტება, რომ როდესაც საუბარია საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობასა თუ შინამეურნეობაზე, იგულისხმება ადამიანების ან შინამეურნეობების მთლიანი სიმრავლე, რომელიც ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან ერთად მოიცავს ეთნიკურ უმცირესობებსაც.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“