[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

მოსამართლე ნინო გიორგაძე თანამდებობაზე უვადოდ არ გაამწესეს, რაც სასამართლო სისტემაში კრიტიკული აზრის სავარაუდო ჩახშობის საყურადღებო პრეცედენტია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1-ლი ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდეგ, მოსამართლე - ნინო გიორგაძე თანამდებობაზე უვადოდ არ დანიშნა. ამ გადაწყვეტილებით საბჭომ გადაუხვია გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის არსებული პრაქტიკიდან. ამავდროულად, ნინო გიორგაძის მიერ პრობლემურ საკანონმდებლო ცვლილებებზე საჯაროდ გაჟღერებული კრიტიკა, სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მის უვადოდ დანიშვნაზე უარი მიზნად ისახავს სისტემის შიგნით კრიტიკული აზრის ჩახშობას. ამგვარი საყურადღებო პრეცედენტი დამატებით საფრთხეს უქმნის ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, მათი გამოხატვის თავისუფლებას და შეუქცევად ზიანს აყენებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ არსებულ ისედაც მწირ საზოგადოებრივ ნდობას. მიღებულ გადაწყვეტილებაში საბჭოს მოსამართლე და პარლამენტის მიერ ახლადარჩეული არამოსამართლე წევრების „ერთსულოვანი თანხმობა“ კი მკაფიოდ მიუთითებს საბჭოში კრიტიკული აზრის ნაკლებობაზეც.

ნინო გიორგაძე 2020 წლის დეკემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, როგორც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლე და, კანონმდებლობის თანახმად,[1] ექვემდებარებოდა საქმიანობის პერიოდულ შეფასებას საბჭოს წევრთა ნაწილის მხრიდან. „სასამართლოს გუშაგის“ ინფორმაციით,[2] „შეფასების შედეგად, მოსამართლის მიერ მოპოვებულმა ქულათა ჯამმა ვერ მიაღწია ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტს“. ამგვარი შედეგი კი, კანონმდებლობის თანახმად,[3] იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველია, რომლითაც საბჭო უარს ამბობს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხის განხილვაზე. „სასამართლოს გუშაგის“ ინფორმაციით, ნინო გიორგაძემ აღნიშნული აქტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაასაჩივრა, თუმცა საბჭომ  მისი მოთხოვნა 2023 წლის პირველ ნოემბერს გამართულ სხდომაზე არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო სხდომის მონაწილე საბჭოს ყველა (თოთხმეტმა) წევრმა. სხდომას არ ესწრებოდა თავად სამართლებრივი აქტის მიმღები, იუსტიციის საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე.

ნიშანდობლივია, რომ ნინო გიორგაძე ერთ-ერთი იყო მოსამართლეთა იმ მცირე ჯგუფიდან,[4] რომელმაც ღიად გააპროტესტა[5] პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები. კანონპროექტი პარლამენტმა საზოგადოების და თავად სასამართლო ხელისუფლების ჩართულობის გარეშე განიხილა და მან არსებითად გააუარესა ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები.[6]

ამასთან, ნინო გიორგაძე იყო ეპარქიების მუნიციპალურ დაფინანსებაზე პრეცედენტული გადაწყვეტილების[7] ავტორი, რომელიც ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიღო და რომელზე დავასაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადგილობრივი აქტივისტების, სამირა ბაირამოვას და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით 2019 წლიდან აწარმოებდა. აღნიშნულ საქმეში სასამართლომ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულად მიიჩნია და ბათილად სცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების ის ნორმა, რომლის თანახმად რელიგიური საქმიანობის დაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა (400 000 ლარი) სრულად გადაეცემოდა მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას. კერძოდ, რელიგიური საქმიანობის დაფინანსების მიზნად თვითმმართველობის ბიუჯეტში განსაზღვრული იყო რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდა და მოსახლების სულიერების ამაღლება. ამგვარ მხარდაჭერას კი მეტწილად და მხოლოდ ადგილობრივი ეპარქია იღებდა. დაფინანსების ეს პრაქტიკა გარდა იმისა, რომ დისკრიმინაციული შინაარსის იყო და მხოლოდ ერთ რელიგიურ ორგანიზაციას აყენებდა უპირატეს მდგომარეობაში (მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია), ის სეკულარული სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპთან მოდიოდა წინააღმდეგობაში და საჯარო რესურსების კონფესიური მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკას ქმნიდა. სასამართლომ გაიზიარა სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებები სეკულარიზმის პრინციპთან დაკავშირებით და ვრცლად ისაუბრა ამ პრინციპის როლზე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა.[8] მოგვიანებით კი აღნიშნული საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაჩქარებულ ვადებში და მოსარჩელეების ეთნიკურ წარმომავლობაზე ნეგატიური რეპლიკების ფონზე განიხილა და არსებითი, ხელშესახები დასაბუთების გარეშე გააუქმა.[9]

ზემოაღნიშნული ფაქტები და სასამართლო სისტემაში არსებული ისეთი პრობლემები, როგორიცაა არაფორმალური გავლენები, ჩაკეტილობა, განსხვავებული და კრიტიკული აზრის დევნა, საფუძვლიან კითხვებს აჩენს ნინო გიორგაძის მიმართ  მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობასა და ობიექტურობაზე. დამატებით გასათვალისწინებელია პრაქტიკა,[10] რომელიც სამოსამართლო გამოცდილების არმქონე, გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების, როგორც წესი, უვადოდ დანიშვნას უკავშირდება და რომელზეც საბჭომ მოცემულ საქმეში უარი თქვა.

ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ინსტიტუტისა და კანდიდატების შეფასების საკანონმდებლო მოწესრიგების პრობლემურობას. კერძოდ, თუკი კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას შემფასებელთა ნახევარზე მეტი (საბჭოს 4 წევრი) მიიჩნევს, რომ მოსამართლე არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, საბჭოს თავმჯდომარე ავტომატურად იღებს კანდიდატის უვადოდ დანიშვნის საკითხის განხილვაზე უარის აქტს. იგივე შედეგი დგება, თუკი  კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ვერ აღწევს ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტს. თუკი მოსამართლე ამ აქტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაასაჩივრებს და საჩივარი არ დაკმაყოფილდება, საბჭოს ეს გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება.[11] დამატებით პრობლემურია ისიც, რომ კანონმდებლობა არ კრძალავს საბჭოს მიერ გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის მირ წარდგენილი ამ საჩივრის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საბჭოს იმ წევრთა მონაწილეობას, რომლებიც თავად იყვნენ შემფასებლები (საბჭოს 3 მოსამართლე და 3 არამოსამართლე წევრი) და რომელთა მხრიდან კანონმდებლობის შესაძლო დარღვევაზეც საბჭომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იმსჯელოს.

სამოქალაქო საზოგადოება უკვე წლებია საუბრობს ზოგადად, ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესის საფრთხეებზე, საბჭოს ხელთ არსებულ კიდევ ერთი ძალაუფლების ბერკეტსა და ამ ძალაუფლების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების პრობლემურობაზე.[12] გამოსაცდელი ვადით მოსამართლეთა დანიშვნა კრიტიკულად ფასდება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც.[13] ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ აჩვენებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში თავმოყრილი ჭარბი ძალაუფლების  დეკონცენტრაციის გადაუდებელ აუცილებლობას.

ბოლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1-ლი ნოემბრის გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი საბჭოს 14-მა წევრმა. მათ შორის 5 მათგანი საქართველოს პარლამენტის მიერ უახლოეს წარსულში არჩეული არამოსამართლე წევრია. პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მიმდინარე გასაუბრებების პროცესში, სამწუხაროდ, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ აჩვენა მზაობა, პრინციპულები და კრიტიკულები ყოფილიყვნენ სასამართლოში არსებული გამოწვევების მიმართ. მეტიც, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ან დადებითად აფასებდა სასამართლოს და კონკრეტულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას, ან/და არსებულ გამოწვევებად მხოლოდ ტექნიკურ-ლოჯისტიკურ და მეორადი მნიშვნელობის ადმინისტრირების საკითხებს ხედავდა. პარლამენტმა ხუთივე წევრი არა ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური განხილვისა და კონსენსუსის პირობებში, არამედ კულისებს მიღმა, ოპოზიციის ნაწილთან მიღწეული გარიგების შედეგად აირჩია.[14]

საბოლოოდ, მოსამართლე ნინო გიორგაძესთან დაკავშირებით 2023 წლის პირველ ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება მკაფიოდ მიუთითებს, რომ:

  • საქართველოს პარლამენტმა და განსაკუთრებით მმართველმა გუნდმა ვერ უზრუნველყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრინციპული, კვალიფიციური და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კადრებით შევსება, რაც მალევე აისახა ამ ინსტიტუტის საქმიანობაზე;
  • სასამართლო სისტემაში განსხვავებული აზრი არათუ წახალისებული და მხარდაჭერილია, არამედ ის ნებისმიერი ფორმალური თუ ინსტიტუციური მექანიზმით დევნის საგანია. განსხვავებული მოსაზრებების მქონე მოსამართლეები კი სულ უფრო მეტად ხდებიან სისტემიდან განდევნის სუბიექტები.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 364 მუხლი

[2] „სასამართლოს გუშაგი” დასჯად აფასებს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას - 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფ ნინო გიორგაძეს სამოსამართლო საქმიანობა შეუწყდა“, 01.11. 2023, ხელმისაწვდომია: https://courtwatch.ge/articles/ninogiorgadze-statement/

[3] იქვე, 364 მუხლის 13-16 პუნქტები.

[4] ინტერპრესნიუსი, მოსამართლეთა ნაწილი საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართავს და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებების შესახებ განმარტებებს ითხოვს, 28 დეკემბერი, 2021, ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/ka/article/690264-mosamartleta-nacili-sakartvelos-parlaments-gia-cerilit-mimartavs-da-saerto-sasamartloebis-shesaxeb-kanonshi-inicirebuli-cvlilebebis-shesaxeb-ganmartebebs-itxovs

[5] იხილეთ ნინო გიორგაძის საჯარო მოსაზრება სოციალურ ქსელ facebook-ზე, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/100000231705846/posts/pfbid02evJRjTuBuCN1tZ1FvBJjPzfZvBjPozRd4nWhctn62JqHTWYBiuVLzty4wZrvsvCyl/?mibextid=mOSaIu

[6] კოალიცია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ეხმაურება, 28 დეკემბერი 2021, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/koalitsia-saerto-sasamartloebis-shesakheb-organul-kanonshi-tsvlilebebis-dachkarebuli-tsesit-gankhilvas-ekhmaureba

[7] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მარნეულის საკრებულომ პატივი უნდა სცეს სასამართლო გადაწყვეტილებას და დაიცვას რელიგიური თანასწორობისა და სეკულარიზმის პრინციპები, 02 დეკემბერი 2022, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/marneulis-sakrebulom-pativi-unda-stses-sasamartlo-gadatsqvetilebas-da-daitsvas-religiuri-tanastsorobisa-da-sekularizmis-printsipebi

[8] საქართველოს ამბები, რატომ დასაჯა იუსტიციის საბჭომ მოსამართლე ნინო გიორგაძე, 02 ნოემბერი 2023, ხელმისაწვდომია: https://sakartvelosambebi.ge/ge/akhali-ambebi/ratom-dasaja-iustitsiis-sabchom-mosamartle-nino-giorgadze

[9] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მარნეულის ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსების დისკრიმინაციულობას ადგენდა, 12 დეკემბერი 2022, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/tbilisis-saapelatsio-sasamartlom-gaaukma-pirveli-instantsiis-sasamartlos-gadatsqvetileba-romelits-marneulis-biujetidan-sakartvelos-sapatriarkos-dafinansebis-diskriminatsiulobas-adgenda

[10] „სასამართლოს გუშაგი” დასჯად აფასებს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას - 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფ ნინო გიორგაძეს სამოსამართლო საქმიანობა შეუწყდა“, 01.11. 2023; ასევე იხილეთ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გიორგაძეს უვადოდ არ გადანიშნავს, 2023-11-02, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge/post/iusticiis-umaghlesi-sabtcho-bolnisis-raionuli-sasamartlos-mosamartle-nino-giorgadzes-uvadod-ar-gadanishnavs?fbclid=IwAR03tGwaERgtC71GRRZx-Jz1xk3qE3Yyeo-VBj21mYV106iGg4tw5zM8lzY_aem_AYE3EkVkyPpEzo3VKgLujBH4dUzrV_YiZsIM0nsVraBjbC8AuY6oklBxGmCBtpAKCPH3HMJBBitaUmrZAX4Sn2_L&mibextid=Zxz2cZ#sthash.hBDUXaTd.FNhZX8u8.dpbs

[11] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 364 მუხლის 13-16 პუნქტები.

[12] კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, მართლმსაჯულების რეფორმების 10 წელი: გამოწვევები და პერსპექტივები, 2023, გვ. 31, ხელმისაწვდომია: http://www.coalition.ge/index.php?article_id=289&clang=0

[13] იქვე, გვ. 31-32.

[14] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პარლამენტმა იუსტიციის საბჭოში დამოუკიდებელი და კვალიფიციური კადრები უნდა დანიშნოს, 5 სექტემბერი, 2023, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/parlamentma-iustitsiis-sabchoshi-damoukidebeli-da-kvalifitsiuri-kadrebi-unda-danishnos

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“