[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოში დამოუკიდებელი და კვალიფიციური კადრები უნდა დანიშნოს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების კენჭისყრის დაანონსებულ პროცესს და მიიჩნევს, რომ მეორე ტურში გადასული კანდიდატების მხარდაჭერა ვერ უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არაფორმალური გავლენების შემცირებასა და ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებას.

2023 წლის 17 მაისს,  პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი:  ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია.[1] სამივე წევრის მწირმა ბიოგრაფიულმა მონაცემებმა და საკომიტეტო მოსმენებზე გამოთქმულმა შეხედულებებმა ცხადყო, რომ მათი არჩევა სასამართლო სისტემაში არსებულ სავალალო მდგომარეობაში გარდატეხას ვერ შეიტანდა. ამ პირების არჩევამ უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილის და სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან.

ამ კვირაში კონკურსის შემდეგ ტურში გადასული ოთხი კანდიდატიდან[2] კენჭისყრის გზით საბჭოში არსებული ორი ვაკანტური ადგილის შევსება იგეგმება. გუშინ, 4 სექტემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ  დეპუტატებს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულად დაკომპლექტება მნიშვნელოვანია ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.[3]

მმართველი გუნდის მოწოდების მიუხედავად, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის შესასრულებლად თავისთავად მნიშვნელოვანია არამხოლოდ დაწყებული პროცესის დასრულება და ხუთივე არამოსამართლე წევრის არჩევა, არამედ აუცილებელია, პარლამენტმა საბჭოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კვალიფიციური წევრები აირჩიოს. სამწუხაროდ, პირველ ტურში არჩეული წევრების მსგავსად, ღია საპარლამენტო მოსმენებისას ოთხივე კანდიდატის მიერ დაფიქსირებული პოზიციები სასამართლოში არსებულ გამოწვევებზე ცხადყოფს, რომ მათი არჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ვერ შეცვლის მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობას და ხელს ვერ შეუშლის გაბატონებულ არაფორმალურ გავლენებსა და კორპორატივიზმს. შესაბამისად, პირველ რიგში თავად მმართველმა გუნდმა უნდა უზრუნველყოს ევროკომისიის ამ რეკომენდაციის კეთილსინდისიერად შესრულების პროცესი.

ვინ არიან მეორე ტურში გადასული კანდიდატები:

  •  რუსუდან კვინიკაძე

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ -კონსულტანტი.

წარმდგენი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები; ა(ა)იპ საზოგადოებრივი პროგრამირების ცენტრი.

რუსუდან კვინიკაძის მოსმენა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 2022 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. გასაუბრება 7 წუთს გრძელდებოდა. კანდიდატის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყველაფერი არის ნორმალურად, კანონის შესაბამისად და მას არ მიაჩნია, რომ რაიმე განსაკუთრებული ცვლილების განხორციელება არის საჭირო. კანდიდატმა პარლამენტში მოსმენის დროს აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ყველაფერი ძალიან კარგად, პროგრესულად არის და საზოგადოებასაც მეტი ნდობა აქვს სასამართლო სისტემის მიმართ. კანდიდატის განცხადებას პარლამენტში დამაზუსტებელი შეკითხვა მოყვა - თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყველაფერი წესრიგშია და განსაკურებული ხედვა არ აქვს, რა მიზეზით უნდა დაუჭიროს მას მხარი პარლამენტმა. შეკითხვაზე რუსუდან კვინიკაძემ უპასუხა, რომ სამართლიანი და ობიექტური მიდგომა აქვს  საქმის მიმართ და ამიტომ იმსახურებს საბჭოს წევრობას.    

  • ლევან ნემსაძე

სამართლის დარგის სპეციალისტი.

წარმდგენი: ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების საზოგადოება; ა(ა)იპ თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია.

ლევან ნემსაძის მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 2022 წლის 12 დეკემბერს გაიმართა. კანდიდატმა სასამართლოს სისტემის მთავარ გამოწვევად გადატვირთულობა დაასახელა, თუმცა თავად გადატვირთულობის საკითხი სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, მის მიმართ ნდობას დაუკავშირა -  თუკი ადამიანს სასამართლოს იმედი  არ აქვს, ის სარჩელსაც არ შეიტანს სასამართლოში. ნემსაძემ აღნიშნა, რომ, ძირითად შემთხვევებში, როდესაც ადამიანი ორჭოფობს სასამართლოსთვის მიმართვაზე, ეს უფრო მეტად საქმის განხილვის გაჭიანურების რისკით აიხსნება და არა სასამართლოსადმი უნდობლობით.

  • ნინო ნიშნიანიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი.

წარმდგენი: ა(ა)იპ საქართველოს სიკეთის სიმართლისა და ერთიანობის კავშირი.

ნინო ნიშნიანიძის მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 2022 წლის 12 დეკემბერს გაიმართა. კანდიდატმა უხერხულად მიიჩნია იმ სისტემაში გავლენის ჯგუფის არსებობაზე საუბარი, სადაც არ უმუშავია, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა დაწესებულებაში/ორგანიზაციაში, სადაც სუბორდინაცია არის, არსებობს გავლენიანი ჯგუფებიც. ნინო ნიშნიანიძემ განმარტა, რომ არ სურს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ასეთი შეურაცხყოფის მიყენება, რადგან პატივს სცემს ამ ორგანოს და მისი წევრობა სურს.

  • გოგა კიკილაშვილი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (მკვლევარი)

წარმდგენი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

გოგა კიკილაშვილის მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 2022 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. კანდიდატმა სასამართლო სისტემის მთავარ გამოწვევებად სასამართლოს გადატვირთულობა და რეპუტაციული რისკები დაასახელა. მისი თქმით, რეპუტაციული რისკები  საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობითა და მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებითაა განპირობებული. კიკილაშვილმა პოზიტიურად შეაფასა იუსტიიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური მოწყობის განვითარება 2012 წლიდან დღემდე და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გახდა ღია და გამჭირვალე, რისი მაგალითიც არის სწორედ არამოსამართლე წევრების პარლემენტში საჯაროდ მოსმენის პროცესი. კანდიდატს არ უსაუბრია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ის ვერც დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმის გავლენას ხედავდა მოსამართლის დამოუკიდებლობაზე, რადგან მოსამართლის დამოუკიდებლობა არ გულისხმობს ყოველგვარი პოტენციური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

სამწუხაროდ, პარლამენტში მიმდინარე კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული ვერცერთი კანდიდატი ვერ აჩვენებს მზაობას, იყვნენ პრინციპულები და კრიტიკულები სასამართლოში არსებული გამოწვევების მიმართ. მათ მიერ გასაუბრებაზე დაფიქსირებული პოზიციები აჩენს მყარ განცდას, რომ კანდიდატების საბჭოში დანიშვნით არათუ გაუმჯობესდება მართლმსაჯულებაში არსებული ვითარება, არამედ კიდევ უფრო გამყარდება კლანურობის და არაფორმალური გავლენების პრობლემა. შესაბამისად, მოვუწოდებთ საკანონმდებლო ორგანოს, რომ გაბატონებული წესრიგისადმი ლოიალურად განწყობილი კადრების ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დააკომპლექტოს პრინციპული, კვალიფიციური და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კადრებით. სწორედ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი სასამართლოში არსებული მძიმე ვითარების გაუმჯობესება და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]ვინ არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული არამოსამართლე წევრები? (ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/FPRX6).

[2] ეს ის ოთხი კანდიდატია, რომლებსაც 17 მაისის კენჭისყრაზე დანარჩენ 22 კონკურსანტთან შედარებით უკეთესი შედეგები ჰქონდა - მათ მხოლოდ რამდენიმე ხმა დააკლდათ არჩევამდე.(ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/oxCP5)

[3] შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის საშემოდგომო სესია 5 სექტემბერს გაიხსნება. (ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/bzS46).

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“