[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

ვინ არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული არამოსამართლე წევრები?

დღეს, 17 მაისს, საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია. აღნიშნულ პირებს, მმართველ პარტიასთან ერთად, მხარი დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატმაც.

თითქმის 2 წელია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო 10 წევრის შემადგენლობით (5 არამოსამართლე წევრის გარეშე) საქმიანობს.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებად მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირების პოლიტიკური კონსენსუსით არჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და სისტემის შიგნით განსხვავებული აზრის გაჩენის დასაწყისისთვის. არამოსამართლე წევრების არჩევა, საბჭოს სიღრმისეულ რეფორმასთან ერთად, გათვალისწინებულია კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებშიც.

აღნიშნულის მიუხედავად, დღეს პარლამენტის მიერ არჩეული პირების მწირი ბიოგრაფიული მონაცემები და ღია საპარლამენტო მოსმენებისას მათ მიერ დაფიქსირებული პოზიციები სასამართლოში არსებულ პრობლემებზე ცხადყოფს, რომ მათი არჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ვერ შეცვლის მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სავალალო მდგომარეობას და ხელს ვერ შეუშლის გაბატონებულ არაფორმალურ გავლენებსა და კორპორატივიზმს. შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილება მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების დასაწყისის მორიგი გაშვებული შესაძლებლობაა და აქ არსებული კლანურობის და კორპორატივიზმის მანკიერი პრაქტიკის გამყარება ამ გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი თითოეული დეპუტატის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა!

ვინ არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული არამოსამართლე წევრები?

ტრისტან ბენაშვილი

ბიოგრაფია: სამართლის დარგის სპეციალისტი

წარმდგენი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია

ტრისტან ბენაშვილის მოსმენა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა 2023 წლის 8 დეკემბერს.

გასაუბრებისას კანდიდატი კრიტიკული არ ყოფილა სასამართლო სისტემაში დღეს არსებული მდგომარეობის მიმართ. მეტიც, მან დადებითად შეაფასა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი და მისი გამჭვირვალობა, ასევე 2021 წლის 30 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით მოსამართლეთა თანხმობის გარეშე მივლინების ახალი წესი და სასამართლოს მიმართ გაზრდილი მიმართვიანობა, რაც მის მაღალ საზოგადოებრივ ნდობაზე მეტყველებს. სასამართლო სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებად კი ბენაშვილმა სასამართლოს გადატვირთულობა და მოსამართლეთა რაოდენობის სიმცირე დაასახელა.

გიორგი გზობავა

ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

წარმდგენი: ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები; ა(ა)იპ თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია.

გიორგი გზობავას მოსმენა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა 2023 წლის 9 დეკემბერს.

გიორგი გზობავას, მისივე აღნიშვნით, 12 წლიანი საადვოკატო პრაქტიკა აქვს. საადვოკატო საქმიანობის დაწყებამდე კი თბილისის რეგიონალურ სამხედრო პროკურატურაში საქმიანობდა.

მოსმენისას გზობავას არ უსაუბრია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის დაბალ ხარისხზე. ამის საპირისპიროდ, ყურადღებას ამახვილებდა ტექნიკურ-ლოჯისტიკურ პრობლემებზე, როგორიცაა: სასამართლო დარბაზების არასაკმარისობა, თარჯიმნების ნაკლებობა, კომპიუტერული ხარვეზები და სხვა. მას კრიტიკული მოსაზრება არ წარმოუდგენია არცერთ დასმულ საკითხზე. დადებითად აფასებდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოწყობის არსებულ მოდელს, მკაფიო პასუხი არ ჰქონია არც საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში განსახორციელებელ გეგმებსა და ორიენტირებზე.

ზურაბ გურასპაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი

წარმდგენი: ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების საზოგადოება, ა(ა)იპ საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი

ზურაბ გურასპაშვილის მოსმენა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა 2023 წლის 9 დეკემბერს.

გასაუბრებისას გურასპაშილმა სასამართლო სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებად დაასახელა მოსამართლეთა სოციალური გარანტიების ზრდა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა სტიპენდიის არასაკმარისი ოდენობა, სასამართლოს გადატვირთულობა და სასამართლო შენობების ტექნიკური ადაპტირება. კანდიდატს არ უსაუბრია მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ გამოწვევებზე, არც კრიტიკაზე. მეტიც, მისი თქმით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების მკვეთრი კლება 2012 წლიდან მიუთითებს სასამართლო სისტემის, როგორც დამოუკიდებელი და სამართლიანი ინსტიტუტის ჩამოყალიბებაზე და მისი სანდოობის ზრდაზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“