[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / ინფოგრაფიკა

შრომის ანაზღაურების გაუმჭვირვალობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შეისწავლა 2021-2022 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე, აგრეთვე დამოუკიდებელ ინსპექტორზე შრომის ანაზღაურების გაცემის მარეგულირებელი კანონმდებლობა და პრაქტიკა.

უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიც არიან, ხელფასთან ერთად, ყოველთვიურად, ორმაგ დანამატს იღებენ:

  • მოსამართლის დანამატი (გასცემს უზენაესი სასამართლოს პლენუმი);
  • საბჭოს წევრობის დანამატი (გასცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭო).

აღნიშნული მოსამართლეები დანამატებს იღებენ ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის თანახმად, დანამატი უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისთვის უნდა გაიცემოდეს.

ნინო ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ერთ-ერთი მოსამართლე წევრია. ამჟამად ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს. 2022 წლის განმავლობაში მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 13 450 ლარი იყო, საიდანაც 7 000 ლარი ხელფასია, 6 450 ლარი კი - დანამატების ჯამური ოდენობა.

ლევან მიქაბერიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრია. 2022 წლის განმავლობაში ლევან მიქაბერიძის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ოდენობა 12 000 ლარი იყო, საიდანაც 6000 ლარი ხელფასია, 6000 ლარი კი - დანამატების ჯამური ოდენობა.

ქეთევან ცინცაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრია. 2022 წლის განმავლობაში მისი შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ოდენობა 12 000 ლარი იყო, საიდანაც 6000 ლარი ხელფასია, 6000 ლარი კი - დანამატების ჯამური ოდენობა.

სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც პირველი ან მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეები არიან, ხელფასთან ერთად, ყოველთვიურად, ორმაგ დანამატს იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი - სამმაგსაც:

  • მოსამართლის დანამატი;
  • საბჭოს წევრობის დანამატი;
  • ე.წ. "სადღესასწაულო" დანამატი (როგორც წესი, გაიცემა ახალი წლის, აღდგომისა და გიორგობის დღესასწაულების წინ);

ეს მოსამართლეები, საბჭოს გადაწყვეტილებით, დანამატებს იღებენ ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის თანახმად, დანამატი უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისთვის უნდა გაიცემოდეს. ე.წ. "სადღესასწაულო" დანამატს კი კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს.

დიმიტრი გვრიტიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე და 2022 წლის ოქტომბრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი მოსამართლე წევრია. 2022 წლის ნოემბერში გვრიტიშვილის შრომის ანაზღაურება 11 405 ლარი იყო, ამავე წლის დეკემბერში კი - 14 850 ლარი.

ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრია. 2022 წლის ნოემბერში მისი შრომის ანაზღაურება ოდენობა 10 900 ლარი იყო, ამავე წლის დეკემბერში კი - 14 150 ლარი.

პაატა სილაგაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი მოსამართლე წევრია. 2022 წლის განმავლობაში პაატა სილაგაძის შრომის ანაზღაურების სტანდარტული ოდენობა 9550 ლარს შეადგენდა, "სადღესასწაულო" ოდენობა კი 14 850 ლარსაც აღწევდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს წარმომადგენლები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც პირველი ან მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეები არიან, ხელფასთან ერთად, ყოველთვიურად, ორმაგ დანამატს იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი - სამმაგსაც:

  • მოსამართლის დანამატი;
  • საბჭოს წევრობის დანამატი;
  • ე.წ. "სადღესასწაულო" დანამატი (როგორც წესი, გაიცემა ახალი წლის, აღდგომისა და გიორგობის დღესასწაულების წინ);

ეს მოსამართლეები, საბჭოს გადაწყვეტილებით, დანამატებს იღებენ ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის თანახმად, დანამატი უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისთვის უნდა გაიცემოდეს. ე.წ. "სადღესასწაულო" დანამატს კი კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს.

ნიკოლოზ მარსაგიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიცის უმაღლესი საბჭოს მდივანია. 2022 წლის განმავლობაში ნიკოლოზ მარსაგიშვილის შრომის ანაზღაურების სტანდარტული ოდენობა 8 500 ლარი იყო, „სადღესასწაულო ოდენობა“ კი 12 500 ლარსაც აღწევდა.

თემურ გოგოხია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი მოსამართლე წევრია. 2022 წელს თემურ გოგოხიას შრომის ანაზღაურების სტანდარტული ოდენობა 8 900 ლარს შეადგენდა, „სადღესასწაულო ოდენობა“ კი 13 200 ლარსაც აღწევდა.

ბადრი შონია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე და იუსტიცის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი მოსამართლე წევრია. 2022 წელს, კოლეგიის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ, ბადრი შონიას შრომის ანაზღაურების სტანდარტული ოდენობა 8 900 ლარი იყო, "სადღესასწაულო ოდენობა" კი 13 200 ლარსაც აღწევდა.

არამოსამართლე წევრი - თამარ ღვამიჩავა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანაზღაურება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ხელფასის ტოლია, რაც კანონმდებლობით 5000 ლარია. თუმცა, არამოსამართლე წევრები ყოველთვიურად, ფაქტობრივად კანონდარღვევით, 7950 ლარს იღებენ:

  • 5 000 ლარი - სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ხელფასის ოდენობა;
  • 2 950 ლარი - სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ყოველთვიური დანამატის ოდენობა.

2021 წლის ივნისიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ერთი არამოსამართლე წევრი - პრეზიდენტის მიერ დანიშნული თამარ ღვამიჩავაა. 2022 წელს თამარ ღვამიჩავას შრომის ანაზღაურების წლიურმა ოდენობამ 104 650 ლარი შეადგინა, საიდანაც 95 400 ლარი ხელფასია. ღვამიჩავას 2022 წელს მიღებული აქვს 9 250 ლარის ოდენობის დანამატიც, რომლის მიღების შესაძლებლობას კანონმდებლობა ასევე არ ითვალისწინებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კანონით გათვალისწინებული ვალდებულებისა, თამარ ღვამიჩავასთვის დანამატის გაცემის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ აქვეყნებს.

დამოუკიდებელი ინსპექტორი - ზურაბ აზნაურაშვილი

დამოუკიდებელი ინსპექტორის ანაზღაურება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის შრომის ანაზღაურების ტოლია, რაც კანონმდებლობით 7 950 ლარია. ის 2022 წლის განმავლობაში დანამატებსაც იღებდა.

თუმცა კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დამოუკიდებელი ინსპექტორისთვის დანამატის გაცემის შესაძლებლობას.

2020 წლის იანვრიდან დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობას ზურაბ აზნაურაშვილი იკავებს. 2022 წელს მისი შრომის ანაზღაურების წლიური ოდენობა 104 650 ლარი იყო, საიდანაც 95 400 ლარი ხელფასია, 9 250 ლარი კი - დანამატი.

აქვე აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად კანონით გათვალისწინებული ვალდებულებისა, ზურაბ აზნაურაშვილისთვის დანამატის გაცემის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ აქვეყნებს.

მასალა მომზადებულია პროექტის - „დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. აქ წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“