[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / ანალიტიკური დოკუმენტები

შრომის ანაზღაურების გაუმჭვირვალობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

მართლმსაჯულების სისტემის მიმართ დაბალი საზოგადოებრივი ნდობისა[1] და სისტემაში არსებული კორპორატივიზმის ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოში საბიუჯეტო რესურსების გამჭვირვალედ განკარგვას. სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ კომპონენტს შრომის ანაზღაურება და მისი იმგვარად მოწესრიგება წარმოადგენს, რომ განეიტრალებული იყოს მოსამართლეებზე  თუ სასამართლო სისტემის ადმინისტრირებაში ჩართულ სხვა სუბიექტებზე არაფორმალური გავლენის მოხდენისა და შრომის ანაზღაურების კორპორატიული ინტერესებით გაცემის რისკები.  

ქართული კანონმდებლობა  სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შრომის ანაზღაურების განსაზღვრის პროცესში მნიშვნელოვან უფლებამოსილებებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანიჭებს. საბჭოში კონცენტრირებული ისედაც ჭარბი ძალაუფლების ფონზე, შრომის ანაზღაურების მოწესრიგებისა და გაცემის ფართო დისკრეცია, რომელიც პრაქტიკაში ბუნდოვნად და გაუმჭვირვალედ გამოიყენება, პირდაპირ აძლიერებს სასამართლოში კლანურობისა და ინდივიდუალურ სუბიექტებზე არასათანადო გავლენების რისკებს.  

წინამდებარე დოკუმენტში შესწავლილია 2021-2022 წლებში მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი რგოლის − იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე, აგრეთვე დამოუკიდებელ ინსპექტორზე შრომის ანაზღაურებისა და დანამატების გაცების პრაქტიკა. დოკუმენტი ეყრდნობა რელევანტური კანონმდებლობისა და საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზს.

აღსანიშნავია, რომ საკითხზე მუშაობისას სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენდა შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობა, რადგან რელევანტური უწყებების მიერ შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია  არასრულყოფილად, განზოგადებული ფორმითა და ხშირ შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი ვადის არსებითი დარღვევით გაიცემოდა.[2] ასეთი რეალობა კიდევ უფრო ართულებს სასამართლო სისტემაში გაცემული შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენას, მათი მართლზომიერების/საფუძვლიანობის შეფასებას და საბოლოოდ, სისტემის გაუმჭვირვალობის კიდევ ერთ დამატებით მაგალითს ქმნის.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიესალმება ღირსეული შრომითი პირობების შექმნას სასამართლოს სისტემაში დასაქმებული სუბიექტებისთვის. მეტიც, ორგანიზაცია უშვებს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით დღეს განსაზღვრული სახელფასო ოდენობები, შესაძლოა, არ ქმნიდეს მოსამართლის შრომის სამართლიანი ანაზღაურების წინაპირობას. შესაბამისად,  დოკუმენტის მიზანი ანაზღაურების ოდენობის შემცირება კი არ არის, არამედ გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობისა და სამართლიანი ანაზღაურების იმგვარად უზრუნველყოფა, რომ გამორიცხული იყოს ამ პროცესში იუსტიციის  უმაღლესი საბჭოს მიერ თვითნებობა და ინტერესთა კონფლიქტები.

საკითხის შესწავლისას შემდეგი პრობლემური საკითხები გამოიკვეთა:

  • კანონმდებლობა საბჭოს წევრებისა და დამოუკიდებელი ინსპექტორისთვის შრომის ანაზღაურების გაცემის საკითხს დეტალურად არ აწესრიგებს, რაც ზრდის გადაწყვეტილების მიღების პროცესში თვითნებობისა და ინტერესთა კონფლიქტის რისკებს;
  • დანამატების დიდი ნაწილი არა დამსახურების მიხედვით, არამედ უსაფუძვლოდ და მექანიკურად, ყოველთვიურად გაიცემა საბჭოს ყველა წევრის მიმართ;
  • დანამატების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებები, უმეტეს შემთხვევაში, დაუსაბუთებელი და შაბლონურია;
  • საბჭო და უზენაესი სასამართლო დანამატებთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას არასრულყოფილად გასცემენ, პრობლემურია აგრეთვე რელევანტური ნორმატიული აქტების პროაქტიულად გამოქვეყნების საკითხი;
  • საბჭოს მოსამართლე წევრების უმრავლესობა ცალკეულ თვეებში თანამდებობრივ სარგოზე სამმაგ დანამატს იღებს;
  • საბჭოს არამოსამართლე წევრები და დამოუკიდებელი ინსპექტორი შესაბამისი ნორმატიული საფუძვლის გარეშე იღებენ თანამდებობრივ სარგოზე დანამატს;
  • საბჭოს არამოსამართლე წევრების ფაქტობრივი თანამდებობრივი სარგო კანონით გათვალისწინებულ ოდენობაზე მაღალია;
  • საბჭო არღვევს არამოსამართლე წევრებისა და დამოუკიდებელი ინსპექტორისთვის დანამატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნების კანონისმიერ ვალდებულებას;
  • დამოუკიდებელ ინსპექტორს კანონმდებლობით არ აქვს ფინანსური მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.

ანალიტიკური დოკუმენტი მომზადებულია პროექტის - „დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

შრომის_ანაზღაურება_1677662875.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]International Republican Institute (IRI) „Public Opinion Survey Residents of Georgia” (March 2022). p.36. (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3YIeKFK, განახლებულია: 14.02.2023).

[2] სოციალური სამართლიანობის ცენტრი ითხოვდა ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრისა და დამოუკიდებელი ინსპექტორისთვის 2021-2022 წლებში (ჩაშლილად, თვეების მიხედვით) გაცემული შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ. საბჭომ საჯარო ინფორმაცია  წლიური მონაცემების სახით, მოსამართლე წევრების შემთხვევაში კი − არასრულად (მხოლოდ დანამატის ოდენობა) და კანონმდებლობით დადგენილი ვადის არსებითი დარღვევით მოგვაწოდა. უზენაესმა სასამართლომ კი ფაქტობრივი მონაცემების ნაცვლად საკითხის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები მიგვითითა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“