საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
1. არამოსამართლე წევრების როლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში
ბოლო ათწლეულის განმავლობაში სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმის რამდენიმე ტალღა, საბოლოო ჯამში, სასამართლოს დემოკრატიული გარდაქმნისა და გაჯანსაღების არასრულფასოვან მცდელობად ფასდება. ძირეული ცვლილებებისთვის პოლიტიკური ნების არარსებობამ და მხოლოდ ფრაგმენტულმა ინსტიტუციურმა რეფორმებმა, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, ვერ უზრუნველყო ისეთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებთან გამკლავება, როგორებიც შიდა კორპორატივიზმი, კლანურობა, გარე გავლენებისა და სასამართლოს პოლიტიზირების საფრთხეებია.[1]
წლებია, სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მთავარ საყრდენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მის ხელთ არსებული, კონსტიტუციურ დონეზე განმტკიცებული, ძალაუფლება ქმნის. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკვანძო საკითხზე. შესაბამისად, სამოქალაქო სექტორი უკვე დიდი ხანია საუბრობს სასამართლო რეფორმის სტრატეგიის რადიკალურ ცვლილებასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის საჭიროებაზე, რომელიც სასამართლო სისტემის კონსენსუსზე დაფუძნებულ მმართველობისა და ძალაუფლების კონცენტრაციისთვის მყარი ბარიერების შექმნას უნდა ისახავდეს მიზნად. ბოლო წლებში სასამართლო ხელისუფლების მიმართ კრიტიკა იზრდება საერთაშორისო დონეზეც. საბჭოს სიღრმისეული რეფორმისა და არამოსამართლე წევრების დანიშვნის რეკომენდაცია მოხვდა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისს საქართველოსთვის შემუშავებულ რეკომენდაციებშიც.[2]
საბჭოში ძალაუფლების კონცენტრაციის ხელშეშლისთვის, ფუნდამენტურ რეფორმასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია მისი პერსონალური შემადგენლობის საკითხიც. კერძოდ, იმ ფონზე, როდესაც საბჭოს მოსამართლე წევრების თანამდებობზე, როგორც წესი, როტაციის წესით, აირჩევიან გავლენიანი ჯგუფის წევრები ან მათთან დაახლოებული პირები,[3] განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საბჭოს საქმიანობაში პრეზიდენტის მიერ დანიშნული 1 წევრისა და პარლამენტის მიერ არჩეული 5 წევრის მონაწილეობის საკითხი. არამოსამართლე წევრების თანამდებობებზე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი პირების დანიშვნა მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს საბჭოში მრავალფეროვან საზოგადოებრივ წარმომადგენლობას, მისი საქმიანობის გამჭვირვალობასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას. ეს კი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საბჭოს ხელთ თავმოყრილი ძალაუფლების გათვალისწინებით, რადგან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, „რაც უფრო მეტი უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობები გააჩნია საბჭოს, მით უფრო მნიშვნელოვანია მისი ანგარიშვალდებულება ამ უფლებამოსილებების გამოყენებასთან მიმართებაში“.[4]
შესაბამისად, საბჭოში არამოსამართლე წევრების არსებობა და მათი ქმედითობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა სასამართლოში კორპორატივიზმის რისკების შესამცირებლად.[5] თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კეთილსინდისიერი, კომპეტენტური, დამოუკიდებელი და პოლიტიკურად ნეიტრალური კადრებით საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტებასთან ერთად, აუცილებელია მისი თანადროული და იმგვარი სისტემური რეფორმაც, რომელიც არამოსამართლე წევრების მეტ ქმედითობას და გადაწყვეტილების პროცესში მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს.
2. პოლიტიკური ნების არარსებობა და საერთაშორისო ვალდებულებები
საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2021 წლის ივნისში გაუვიდა. ეს ადგილები დღემდე ვაკანტურია. კონსტიტუციის თანახმად, საბჭოს წევრთა არჩევას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.[6] დღეს „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვს და გადაწყვეტილების მიღებისთვის ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა აუცილებელია.
პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევისას პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამგვარი წესით მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური კანდიდატების შერჩევის საჭიროებაზე კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში წარდგენილ, სასამართლო რეფორმის ახალ პერსპექტივაში მიუთითა. თუმცა, მმართველმა გუნდმა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უარი თქვა საბჭოს არამოსამართლე წევრების საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსენსუსის საფუძველზე არჩევაზე. შედეგად, თითქმის 2 წელია, საკანონმდებლო ორგანოს საბჭოში წარმომადგენელი არ ჰყავს, რაც წინააღმდეგობაშია ხელისუფლების დანაწილების არსებულ კონსტიტუციურ ლოგიკასთან და მნიშვნელოვნად აზიანებს მართლმსაჯულების ინსტიტუტების სანდოობას. მეტიც, ნაცვლად საბჭოს სრულად დაკომპლექტებისა, 2021 წლის 30 დეკემბერს, ნაჩქარევად და ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მმართველმა გუნდმა კიდევ უფრო გაზარდა საბჭოს უფლებამოსილებები. რიგ საკითხებთან დაკავშირებით კი - სადაც საბჭოში არამოსამართლე წევრების ვაკანტური თანამდებობები დაბრკოლებას ქმნიდა - გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უმრავლესობა შეამცირა.[7]
როგორც აღინიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა, საბჭოს სიღრმისეულ რეფორმასთან ერთად, გათვალისწინებულია კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისს საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებშიც.[8] შესაბამისად, არამოსამართლე წევრების შერჩევა გასულ წელს კიდევ ერთხელ იქცა პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ აუცილებელ და მნიშვნელოვან საკითხად.
3. კონკურსის პირველი ეტაპი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსი პარლამენტში 2022 წლის 30 სექტემბრიდან გამოცხადდა.[9]
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან:
თითოეულ ორგანიზაციას/უნივერსიტეტს უფლება აქვს პარლამენტს წარუდგინოს საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატი.[10]
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის რეგლამენტის არსებული რედაქცია არ ითვალისწინებს კანდიდატების საჯაროდ მოსმენას. კანდიდატთა მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამოწმებს და საკუთარ რეკომენდაციებს საპარლამენტო ფრაქციებს წარუდგენს. თუმცა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, კომიტეტმა კანდიდატების საჯაროდ მოსმენის გადაწყვეტილება მიიღო.
2022 წლის 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, სხვადასხვა ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს საბჭოს წევრობის 32 კანდიდატი წარუდგინეს.[11] აქედან:
კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების არარსებობის გამო, კონკურსში საკუთარი კანდიდატები არ წარუდგენია, თუმცა საჯაროდ მხარი დაუჭირა 5 კანდიდატს, რომლებიც კოალიციაში შემავალმა ცალკეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წარადგინეს.[12]
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, რამდენადაც კონკურსში კოალიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატებიც მონაწილეობდნენ, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების გათვალისწინებით, კოალიციაში შემავალმა ორგანიზაციებმა თავი შეიკავეს გასაუბრების პროცესში მონაწილეობის მიღებისა და კანდიდატებისთვის შეკითხვების დასმისგან. თუმცა კოალიცია აქტიურად აკვირდებოდა გასაუბრებების მიმდინარეობას და იმ ზოგად ტენდენციებს, რომლებიც პროცესში გამოიკვეთა.
4. კანდიდატთა გასაუბრებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტში
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენები 2022 წლის 8,9,10,12 და 19 დეკემბერს გაიმართა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ 8 დეკემბრის საკომიტეტო მოსმენაზე აღნიშნა, რომ კანდიდატების მოსმენა მოხდებოდა ანბანური თანმიმდევრობით.[13] თითოეულ კანდიდატს მიეცა 5 წუთიანი ვადა საკუთარი ბიოგრაფიული მონაცემებისა და, არჩევის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქმიანობაზე ხედვის წარმოსადგენად. ფორმატი ითვალისწინებდა პარლამენტის წევრებისა და დამსწრე საზოგადოების მხრიდან შეკითხვების ერთად დასმის შესაძლებლობას, შემდგომ კანდიდატის ერთიან პასუხებსა და, დამატებით, დამაზუსტებელ შეკითხვებს. გასაუბრების დასასრულს, კანდიდატებს დასკვნითი სიტყვისთვის 1 წუთიანი ვადა განესაზღვრათ.
კომიტეტმა 8 და 9 დეკემბერს 5 -5 კანდიდატს, 10 დეკემბერს - 7 კანდიდატს, 12 დეკემბერს - 6 კანდიდატს, ხოლო 19 დეკემბერს - 8 კანდიდატს მოუსმინა. კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადდა 1 კანდიდატი - გრიგოლ გაგნიძე. ამასთან, რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით, კომიტეტმა საკუთარ დასკვნაში მიუთითა წარსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზების არსებობის თაობაზე,[14] თუმცა მათი გამოსწორება შესაძლებლად ჩათვალა და, საბოლოოდ, რეკომენდაცია ყველა კანდიდატის კენჭისყრაზე გასცა.[15]
პარლამენტის ბიუროს 2022 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების ნაწილმა[16] ისარგებლა პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებით, ბიუროსთვის კანდიდატთა სიის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში კონკურსში მონაწილე კანდიდატურების განხილვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, პარლამენტის რიგგარეშე სესია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის არჩევის გარეშე დასრულდა და პროცესი, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე განახლდება.
5. ძირითადი ტენდენციები
საკითხის მიმართ დაბალი პოლიტიკური ინტერესი
როგორც აღინიშნა, საბჭოში კეთილსინდისიერი, კომპეტენტური და პოლიტიკურად ნეიტრალური არამოსამართლე წევრების არსებობა და მათი ქმედითობა მნიშვნელოვანია სასამართლოში კორპორატივიზმის რისკების შემცირებისა და სასამართლო სისტემის გაჯანსაღების დაწყებისთვის. ამასთან, პარლამენტის მიერ 5 წევრის არჩევა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობაა. შესაბამისად, ამ საკითხის მნიშვნელობა და მის მიმართ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესი მაღალი უნდა იყოს.
ამის მიუხედავად, პარლამენტში კანდიდატთა მოსმენებისას თვალშისაცემი იყო ამ პროცესის მიმართ დაბალი პოლიტიკური ინტერესი, განსაკუთრებით კი - საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციური სპექტრიდან გასაუბრებებს ყველაზე ხშირად პოლიტიკური პარტიების „საქართველოსთვის“, „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხოლოდ რამდენიმე გასაუბრებას დაესწრო პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წარმომადგენელი, ასევე „რეფორმების ჯგუფის“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლები. პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პროცესში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღიათ. რაც შეეხება მმართველი გუნდის წევრებს, კანდიდატთა გასაუბრების პროცესში მონაწილეობა მიიღეს და კითხვები დასვეს ძირითადად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა.
იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში საპარლამენტო ოპოზიციის საგნობრივი და შინაარსობრივი მონაწილეობა არათუ მნიშვნელოვანი (პოლიტიკური კონსენსუსის საჭიროება) და პოლიტიკურად სასურველი (ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება პოლიტიკური პარტიების ფართო ჩართულობით), არამედ სამართლებრივად აუცილებელია (საჭირო ხმათა უმრავლესობის გათვალისწინებით), გაუგებარია, რატომ არ გამოიყენეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამგვარი შესაძლებლობა. ამ პროცესში აქტიური მონაწილეობით შესაძლებელი იყო, ერთი მხრივ, კანდიდატებისთვის კრიტიკული კითხვების დასმა და მათი ხედვების/კვალიფიკაციის შეფასება, მეორე მხრივ კი - სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საგნობრივი მსჯელობა.
გამჭვირვალობა და პროცედურული დემოკრატია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნის თანახმად, „კანდიდატების კომიტეტის სხდომებზე მოსმენა წარიმართა... ღიად, გამჭვირვალედ და საჯაროობის უმაღლესი სტანდარტით“.[17] კომიტეტის სხდომები ე.წ. live stream-ით გადაიცემოდა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდისა და YouTube-გვერდის მეშვეობით. შესაბამისად, საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდათ. კოალიცია აქტიურ რეჟიმში აკვირდებოდა გასაუბრებებს როგორც საკომიტეტო სხდომების ფარგლებში, ასევე - დისტანციურად.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ, საჯაროობის მიუხედავად, 1 საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, 1 დღის განმავლობაში მინიმუმ 5 კანდიდატის მოსმენა ვერ ქმნიდა პროცესის ხარისხიანად წარმართვის, კანდიდატების ხედვების დეტალურად მოსმენის, მათი კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების სათანადოდ შეფასების შესაძლებლობას.
კრიტიკას იმსახურებს თავად ფორმატიც, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებული პირების მხრიდან კითხვების ერთიანად დასმა და კანდიდატის მიერ ამ კითხვებზე ერთიანი პასუხები ხშირად ქმნიდა მდგომარეობას, როდესაც კანდიდატი სათანადოდ და სრულყოფილად ვერ/არ სცემდა პასუხს კონკრეტულ შეკითხვებს. დღის განმავლობაში ამ რაოდენობის კანდიდატების მოსმენების პრობლემურობა კი განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო სიის ბოლოს მყოფ კანდიდატებთან დაკავშირებით - დღის ბოლოსთვის დეპუტატთა ნაწილი ტოვებდა სხდომას ან ნაკლებად სვამდა კითხვებს და პასუხებიც ხშირად მეტად ლაკონური იყო.[18]
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონის უზენაესობაზე დამყარებული დემოკრატია საჯაროობისა და გამჭვირვალობის მხოლოდ ფორმალურ კონცეფციას არ გულისხმობს, სადაც პროცედურების მიმართ ერთგულება საკმარისია. ის საგნობრივ, შინაარსობრივ მსჯელობას და უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის აზრთა გაცვლას, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად ფართო კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს.[19] შესაბამისად, კონკურსისა და საკომიტეტო მოსმენების საჯაროობის შესახებ გადაწყვეტილება მმართველი გუნდის მხრიდან მისასალმებელია, თუმცა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თავად პროცესის გამართულობა. ამასთან, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესის სათანადოდ, კანონის უზენაესობაზე დამყარებული დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად წარმართვისათვის, მთავარი მნიშვნელობა სწორედ შინაარსობრივ მსჯელობას, ფართო პარტიულ და საზოგადოებრივ კონსენსუსს და ამ კონსენსუსის შედეგად დამოუკიდებელი, პოლიტიკურად ნეიტრალური და კომპეტენტური წევრების არჩევას უნდა მიენიჭოს.
კითხვების შინაარსი და კანდიდატთა თანასწორობა
იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენების პროცედურულ ნაწილთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ტენდენციები, რომლებიც გასაუბრებების შინაარსობრივ ნაწილში გამოიკვეთა. ეს ეხება როგორც პარლამენტის წევრების მხრიდან დასმული კითხვების შინაარსს, ასევე კანდიდატთა მიმართ თანასწორ მიდგომებსაც.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის მხრიდან დასმული შეკითხვების შინაარსი, თითოეულ კანდიდატთან მიმართებით, მეტნაკლებად მსგავსი იყო. თუმცა გარკვეულ კანდიდატებთან მმართველ გუნდს ჰქონდა პოლიტიკური შინაარსის შეკითხვებიც, მათ შორის, ცალკეული კანდიდატების მხრიდან სოციალურ ქსელებში საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამოთქმასთან დაკავშირებით.[20]
გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში, მმართველი გუნდის, ასევე პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლების შეკითხვები აცდენილი იყო პროცესის შინაარსს და არ ემსახურებოდა კანდიდატის კვალიფიციურობის თუ კეთილსინდისიერების შემოწმებას.[21] ცალკე აღნიშვნის ღირსია მმართველი გუნდის მხრიდან დასმული შეკითხვები, რომლებიც იმთავითვე შეიცავდა პოზიტიური შეფასების ნაწილსაც მათ მიერ განხორციელებული რეფორმებთან[22] და, მაგალითისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელებზე სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით.[23]
რაც შეეხება ზოგადად კანდიდატებისთვის დათმობილ დროებს შორის სხვაობას და ამ ნაწილში მათ მიმართ თანასწორ მიდგომებს, გასაუბრების ხანგრძლივობა მერყეობდა 7 წუთიდან დაახლოებით 2 საათამდე.[24] ამგვარი განსხვავებული სურათი გამოწვეული იყო როგორც დღის განმავლობაში მინიმუმ 5 კანდიდატთან გასაუბრებით, ასევე, რიგ შემთხვევებში, თავად კანდიდატების მიერ გაცემული პასუხების ლაკონურობით.
6. შეჯამება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების ყოფნა და მათი ქმედითობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა სასამართლოში შიდა გავლენებისა და კორპორატივიზმის რისკების შემცირებისთვის. პარლამენტის მიერ საბჭოს წევრებად ისეთი პირების შერჩევა, რომლებიც დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალურობისა და კვალიფიციურობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებში მაღალი რეპუტაციით სარგებლობენ, მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება სასამართლო სისტემის გაჯანსაღების დაწყებისთვის. ეს ასევე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხითაც. შესაბამისად, კონკურსისა და უშუალოდ კანდიდატების საკომიტეტო მოსმენების ზემოთ აღნიშნული ხარვეზების მიუხედავად, პარლამენტს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, ეს საკითხი მრავალპარტიული კონსენსუსით და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტოს.
ამავდროულად, სასამართლო სისტემის სრულად გაჯანსაღებისთვის, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებით დაკომპლექტება საკმარისი არ არის და აუცილებელია თანადროული სისტემური რეფორმებიც. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საბჭოს, როგორც სასამართლოს უმთავრესი ინსტიტუციის, სიღრმისეული რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც არამოსამართლე წევრების ქმედითობას, ასევე მთლიანად სასამართლო სისტემის დეცენტრალიზიაციას და ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიების ზრდას. შესაბამისად, სისტემური რეფორმების განხორციელებაზე პოლიტიკური ნების არსებობის გარეშე, მხოლოდ საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა, გრძელვადიან პერსპექტივაში, სასამართლოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ და რადიკალურ ცვლილებებს ნაკლებად მოიტანს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:
[1] კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, სასამართლო რეფორმის ახალი პერსპექტივა, 21 ივნისი, 2021 (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3knOx03 ; წვდომის თარიღი: 18.01.2023).
[2] Commission Opinion on Georgia's application for membership of the European Union, Brussels, 17.6.2022 COM (2022) 405 final (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3C3FS8n ; წვდომის თარიღი: 18.01.2023).
[3]კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ხელახალ არჩევას, 25 ოქტომბერი, 2022 (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3ZM6wO4; წვდომის თარიღი: 18.01.2023); კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნას ეხმაურება, 29 ოქტომბერი, 2021 (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Hdpzte ; წვდომის თარიღი: 18.01.2023).
[4]ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო (CCJE) CCJE-ის დასკვნა No. 24 (2021): მართლმსაჯულების საბჭოების ევოლუცია და მათი როლი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემებში, სტრასბურგი, 2021 წლის 5 ნოემბერი, პარა. 13 (ხელმისაწვდომია https://bit.ly/3XE8nCF ; წვდომის თარიღი: 18.01.2023).
[5] იქვე, პარა. 29.
[6] საქართველოს კონსტიტუციის 64- მუხლის მე-2 პუნქტი.
[7] კოალიცია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ეხმაურება, 28 დეკემბერი, 2021 (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3kjcKVb ; წვდომის თარიღი: 18.01.2023).
[8] Commission Opinion on Georgia's application for membership of the European Union, Brussels, 17.6.2022 COM (2022) 405 final.
[9]საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, 29 სექტემბერი 2022 (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Xml1Gz; წვდომის თარიღი: 18.01.2023).
[10] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები.
[11]კანდიდატებისა და მათი წარმდგენი ორგანიზაციების სია სრულად იხილეთ საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3CVxclD ; წვდომის თარიღი: 18.01.2023).
[12] კოალიციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატები წარადგინა, 10 ნოემბერი, 2022 (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3XJkGOd ; წვდომის თარიღი: 18.01.2023).
[13] გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც კანდიდატებმა კომიტეტს წარუდგინეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომ ობიექტური გარემოებების არსებობის გამო ვერ შეძლებდნენ დანიშნულ დროს გასაუბრებებში მონაწილეობას.
[14] იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნის თანახმად, სავალდებულო დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით ხარვეზები არსებობდა 5 კანდიდატთან დაკავშირებით და ძირითადად ეხებოდა: ა) წარმდგენი ორგანიზაციის მიერ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობას სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში, და ბ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით უმაღლესი იურიდიული განათლების ქონას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შესახებ, 2-20735/22, 22-12-2022 (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3iKdcvt ; წვდომის თარიღი: 18.01.2023).
[15] იქვე.
[16]საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ჩანაწერი, 22 დეკემბერი, 2022 (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3QPUXRZ ; წვდომის თარიღი: 18.01.2023). 2 კვირიანი ვადის გამოყენების უფლებით ისარგებლა საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ლელომ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „რეფორმების ჯგუფმა“.
[17] იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შესახებ, 2-20735/22, 22-12-2022.
[18] მაგალითისთვის, არამოსამართლე წევრობის კანდიდატის - თეიმურაზ ჯერვალიძის მოსმენა 19 დეკემბერს გაიმართა. კანდიდატი სიით მე-8 იყო და მისი გასაუბრება სულ 7 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
[19] Opinion on the December 2021 amendments to the organic Law on Common Courts, adopted by the Venice Commission at its 131st Plenary Session (Venice, 17-18 June 2022), CDL-AD (2022)010-e Georgia, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3tSfb3a)
[20] მაგალითისთვის, ანრი ოხანაშვილის შეკითხვა არამოსამართლე წევრობის კანდიდატს - კახა წიქარიშვილს, საქართველოს მიმართ რუსეთის 2008 წლის აგრესიაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, ასევე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევის შეფასებაზე.
[21] მაგალითისთვის, პოლიტიკური ჯგუფის - „ევროპელი სოციალისტების“ წევრის, ფრიდონ ინჯიას შეკითხვა არამოსამართლე წევრობის კანდიდატ გიორგი ბურჯანაძეს, ასევე გოგა კიკილაშვილს, მათ ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებით; ასევე რატი იონათამიშვილის შეკითხვა გიორგი ბურჯანაძეს საარსებო მინიმუმის დაანგარიშების წესის თაობაზე.
[22] მაგალითისთვის, რატი იონათამიშვილის შეკითხვა არამოსამართლე წევრობის კანდიდატ გიორგი ბურჯანაძეს, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ 3 პოზიტიურ გადაწყვეტილებაზე;
[23] მაგალითისთვის, ანრი ოხანაშვილის შეკითხვა არამოსამართლე წევრობის კანდიდატ ზურაბ გურასპაშვილს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვიანობის სტატისტიკურ მონაცემებზე 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ.
[24] მაგალითისთვის, არამოსამართლე წევრობის კანდიდატების - თეიმურაზ ჯერვალიძის და რუსუდან კვინიკაძის მოსმენა სულ 7 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა; არამოსამართლე წევრობის კანდიდატის - გიორგი ბურჯანაძის გასაუბრება 2 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა, ანა აბაშიძის მოსმენა კი - 1 საათი და 28 წუთი.
ინსტრუქცია