[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

სამოქალაქო საზოგადოება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

სამოქალაქო საზოგადოება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაეფექტიანად საქმიანობისა და კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების პრაქტიკას ეხმაურება. კერძოდ, ბოლო პერიოდში საბჭოს მხრიდან გახშირდა ჩანიშნული სხდომების გაურკვეველი მიზეზებით გადადების შემთხვევები. პრობლემურია სხდომების დღის წესრიგის ზოგადი სახით ფორმულირება და მათი კანონით დადგენილ ვადაში გამოუქვეყნებლობაც. მსგავსი პრაქტიკა მნიშვნელოვნად ართულებს დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობას და ნეგატიურად აისახება საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და მისი საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხზე.

2022 წლის განმავლობაში, დღეის მდგომარეობით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სულ 12 სხდომა გამართა. ამასთან, 2 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჩანიშნული სხდომებიდან ჩატარდა მხოლოდ 2, 9 კი - გადაიდო, რაც სხდომების გამართვის პრაქტიკას ერთგვარ გამონაკლისად აქცევს. ამასთან, გადადების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, არჩატარებული სხდომის დღის წესრიგი კი ავტომატურად იშლება ვებგვერდიდან. შესაბამისად, სადამკვირვებლო ორგანიზაციები სხდომების გადადების შესახებ ინფორმაციას, როგორც წესი, საბჭოში მისვლიდან რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ და აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციით იღებენ, გადადების მიზეზები კი უცნობია.

სამოქალაქო ორგანიზაციები წლებია ითხოვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების პირდაპირ ეთერში გადაცემას, რაც ადგილზე მისვლის გარეშე, რეალურ დროში გახდიდა შესაძლებელს განსახილველი საკითხების მონიტორინგს. თუმცა, საბჭო ამ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის კუთხით, დამატებით პრობლემას ქმნის საჯაროდ გამოქვეყნებული სხდომის დღის წესრიგის არასრულყოფილი და ზოგადი ხასიათი. ფაქტობრივად შეუძლებელია, დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა თუ ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა წინასწარ განსაზღვროს სხდომაზე განსახილველი საკითხები და მათი შინაარსი. ყოველივე ეს კი ეჭვს აჩენს, რომ საბჭოს საქმიანობის მსგავსი არაგამჭვირვალე და არაპროგნოზირებადი პრაქტიკა მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხები ყურადღების მიღმა დარჩეს.

ამასთან, საყურადღებოა, რომ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა 29 მაისს ამოეწურა. 22 ივნისის დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად განსაზღვრული იყო „ზოგიერთი რაიონული(საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა/უფლებამოსილების დაკისრება“. თუმცა სხდომა გაურკვეველი მიზეზებით გადაიდო, რაც აჩენს განცდას, რომ ივნისის თვეში სხდომების რეგულარულად გადადება სწორედ მიხეილ ჩინჩალაძის თავმჯდომარის თანამდებობაზე განმეორებით დანიშვნისათვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად იყო გამიზნული.

აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშნა/უფლებამოსილების დაკისრება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით, რიგით მე-3 საკითხად არის განსაზღვრული. თუმცა ისევ ბუნდოვანია დღის წესრიგით განსაზღვრული ფორმულირება და ისიც, სხდომა კვლავ გადაიდება თუ არა.

ბოლოს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წლებია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეგულარულად არღვევს კანონმდებლობის[1] მოთხოვნებს 3 სამუშაო დღით ადრე სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის გამოქვეყნების თაობაზე. ამასთან, საბჭოს გამართულად ფუნქციონირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ საქართველოს პარლამენტს წელიწადზე მეტია არ ჰყავს არჩეული 5 არამოსამართლე წევრი. შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანო არასრული - 10 წევრის შემადგენლობით მოქმედებს. ამასთან, საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს მოსამართლე წევრთა სრული უპირატესობით, არამოსამართლე წევრების ჩართულობის გარეშე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს აქ არსებულ კორპორატივიზმის პრაქტიკას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კეთილსინდისიერად განახორციელოს დაკისრებული ფუნქციები და ზედმიწევნით შეასრულოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ:

  • სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის გამართვის თარიღისა და სხდომის დღის წესრიგის თაობაზე;
  • აღმოიფხვრას სხდომების რეგულარულად გადადების მანკიერი პრაქტიკა და სხდომის გადადების მიზეზების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს წინასწარ, გონივრულ ვადაში;
  • სხდომების დღის წესრიგში განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაცია აისახოს სრულყოფილად;
  • უზრუნველყოფილ იქნას სხდომების პირდაპირი ტრანსლირება.

 

ხელმომწერები:

  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
  • დემოკრატიის ინდექსი

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მუხლი 49, პუნქტი 4.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“