[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

კოალიცია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შემაშფოთებლად მიიჩნევს, პარლამენტის მიერ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების, დაჩქარებული წესით განხილვას. სამწუხაროა, რომ აღნიშნული პროცესი, წარსული გამოცდილების მსგავსად,[1] წინასაახალწლო პერიოდში, საზოგადოებრივი ჩართულობისა და კონსულტაციების გარეშე მიმდინარეობს. 

როგორც ცნობილია, 27 დეკემბერს, პარლამენტის ბიურომ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვასთან დაკავშირებით, ხოლო იურიდიულმა კომიტეტმა იმავე საღამოს წარმოდგენილ კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.[2] საყურადღებოა ისიც, რომ კომიტეტის სხდომის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 2 საათით ადრე გახდა ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი, ხოლო კანონპროექტი საჯაროდ არ იყო განთავსებული  კომიტეტის სხდომის დაწყებამდე. მმართველი გუნდის მიერ პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის ხაზგასმის მიუხედავად,  კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას ნათელი იყო კრიტიკული აზრის მიუღებლობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება.

კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების სენსიტიურობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად გაუმართლებელია, მისი  დაჩქარებული წესით განხილვა. ინიციირებული  ცვლილებები, მათ შორის, ითვალისწინებს:

  1. დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატებას;[3]
  2. დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმის შემცირებას;
  3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვის გაუქმებას.[4]

დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატება პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის დისპოზიცია და ახალი სახდელის სახეები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შემოთავაზებული რეგულაციები კონკრეტული მოსამართლეების დასჯასა და სისტემაში განსხვავებული აზრის სრულად გაქრობას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, შემდგარი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი, წარმოუდგენელია საზოგადოებრივი ჩართულობისა და საჯარო ფორმატში განხილვის გარეშე. შესაბამისად, საქართველოში, სადაც   სასამართლოს სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობაა, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს საჭიროებს.

ამასთან, ცხადია, რომ გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილება და კვორუმის შემცირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შექმნილი სიტუაციით იქნა განპირობებული. კერძოდ, უკანასკნელი 6 თვეა, პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 არამოსამართლე წევრს არ ირჩევს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა ათივე მოქმედი წევრის მხარდაჭერა. ხშირად ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე (მაგ. წევრის აცილება მოსამართლესთან კავშირის გამო) კვორუმის შეკრება შეუძლებელია. მეორე მხრივ, პარლამენტის მიერ არამოსამართლე წევრების დასანიშნად აუცილებელია კონსესუსი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ვინაიდან სახელისუფლებო გუნდს გადაწყვეტილების მისაღებად ხმათა საკმარისი რაოდენობა არ აქვს. შესაბამისად, მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის ინიცირება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მათ არ აქვთ სურვილი ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგი წარმართონ, ასევე ისინი კიდევ ერთხელ ღიად უწყობენ ხელს სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის ინტერესების გაძლიერებას.

გარდა ამისა, იმ ფონზე, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება უკვე დიდი ხანია საუბრობს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას კონსენსუსზე ორიენტირებული წესის ამოქმედებისა და არამოსამართლე წევრების ხმების გათვალისწინების აუცილებლობაზე, დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმის 2/3 უმრავლესობის ნაცვლად უბრალო უმრავლესობამდე შემცირება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია.

უნდა აღინიშნოს, რომ წლებია სასამართლო სისტემის კრიტიკისას მთავარი აქცენტი  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კორპორატივიზმისა და კლანურობის პრაქტიკაზე კეთდება. ძალაუფლების კონცენტრაციას ერთი და იმავე პირების მიერ ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავების ცალსახა შემთხვევებიც უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვა იმ მცირერიცხოვან პოზიტიურ საკანონმდებლო ჩანაწერებში შედიოდა, რომელიც ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან არიდებას ისახავდა მიზნად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ პარლამენტს:

  1. შეაჩეროს ინიციირებული კანონპროექტის განხილვა;
  2. შექმნას კონსენსუსზე და საზოგადოების  ფართო მონაწილეობაზე ორიენტირებული ფორმატი, მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის საჭიროების შესასწავლად და შესაბამისი ცვლილებების მოსამზადებლად.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] კოალიციის მიმართვა საქართველოს პარლამენტს 27.12.2018, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3pAgC4B.

[2] იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ საკითხებზე იმსჯელა, 28.12.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3eyPpIV.

[3] მოსამართლეთა მიმართ ახალი დისციპლინური სახდელები შემოდის, ინტერპრესნიუსი, 27.12.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Hiz3km.

[4] უქმდება აკრძალვა, რომლის მიხედვით, არ შეიძლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირი ზედიზედ ორჯერ აირჩეს, ინტერპრესნიუსი, 27.12.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Eyd9rs.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“