[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა

                                                      

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის წევრების შესარჩევად. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა აქტივისტებს და მკვლევრებს, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული წესრიგის შესახებ, იფიქრონ უფრო სამართლიანი, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების შექმნის გზებზე და ჩაერთონ აქტივიზმში.

კონცეფცია

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ორგანიზებული აკადემიური და პოლიტიკური პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობით, არსებული ეკონომიკური წესრიგის ანალიზით, ეკოლოგიით, ქვიარ და ფემინისტური პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდა აქტივისტებისა და მკვლევარებისთვის კრიტიკული თეორიული ცოდნის გაღრმავებისა და კოლექტიური მსჯელობის სივრცის შექმნას. პლატფორმის ფოკუსს ასევე წარმოადგენს  მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო მოქმედების გზების ძიება.

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა საშუალებას მისცემს მონაწილეებს იფიქრონ და იმსჯელონ გლობალური და ადგილობრივი პოლიტიკური მდგომარეობის კონტექსტუალიზებაზე, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კრიზისების გამომწვევ მიზეზებზე, გამოავლინონ და მოიხელთონ ძალაუფლების სხვადასხვა ღერძი და მჩაგვრელობითი წყარო, ეძიონ მჩაგვრელობით სისტემებთან შეწინააღმდეგების ხერხები. აქტივიზმის ადგილობრივი პრაქტიკები ხშირად ვერ ახერხებს ავთენტური, ინკლუზიური და სამართლიანი დღის წესრიგის შექმნას, რომელიც ადგილობრივ კონტექსტს და რეალურ საჭიროებებს დაეფუძნება. პლატფორმა მიზნად ისახავს ამ ხარვეზის შევსებას და ახალი ტიპის კრიტიკისა და მოქმედებების გაჩენის ხელშეწყობას.

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა

პლატფორმის ფარგლებში, წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე, ჩატარდება 20 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომლებსაც გაუძღვებიან შესაბამისი გამოცდილების მქონე პირები აკადემიური სივრციდან და აქტივისტური წრეებიდან. პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე.

ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები (მობილიზაცია, ორგანიზება, მეთოდები და ინსტრუმენტები)

ტექნიკური დეტალები:

  • მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15-20
    ლექციების რაოდენობა: 20 (თვეში 4)
    სალექციო დროის ხანგრძლივობა:  2 საათი
    ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 5 თვე (სექტემბერი-იანვარი)
    ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: შერეული (ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით)

მონაწილეთა შერჩევა:

პლატფორმაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა 

სკოლაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამასრულებელ კურსზე მყოფ) 21 წლიდან 35 წლამდე ასაკის სტუდენტებს, ახალგაზრდა აქტივისტებსა და მკვლევრებს. პლატფორმის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმაში მონაწილეობის მისაღებად შევსებული სააპლიკაციო ფორმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 16 სექტემბერი

სააპლიკაციო ფორმა გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე:  [email protected] 

  • გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ „კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის ორგანიზება ხორციელდება სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) ფინანსური მხარდაჭერით.

სასამართლო სისტემა / განცხადება

კოალიცია მოსამართლეთა ნაწილის პროტესტს ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა ნაწილის საჯარო გამოხმაურება და მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გაკეთებული განცხადებისგან[1] გამიჯვნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება იყოს სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის აღდგენისათვის.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გამართულ მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი აირჩა. კონფერენცია ისე წარიმართა, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია დღის წესრიგში მითითებულ საკითხებზე, მათ შორის, თუ რომელი მოქმედი წევრები და რა მიზეზით ტოვებდნენ საბჭოს შემადგენლობას.[2] გასათვალისწინებელია ისიც, რომ კონფერენცია ჩაინიშნა არჩევნების მეორე დღეს, რა დროსაც, საზოგადოებრივი და მედია ყურადღება სწორედ საარჩევნო საკითხებზე იყო მიმართული.

ბუნებრივია, რომ კონფერენციის ამ ფორმით და ასეთ კონტექსტში ჩატარებამ კრიტიკული შეფასებები დაიმსახურა ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორებისგან.[3] გამოთქმული კრიტიკა შეეხებოდა კონფერენციის გაუმჭვირვალე, არაკონკურენტულ გარემოში ჩატარებას, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებების არგუმენტები დღემდე უცნობია საზოგადოებისთვის.

კრიტიკაზე საპასუხოდ, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში, ნაცვლად საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემისა, ადმინისტრაციული კომიტეტი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე აქცენტით სამოქალაქო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო აქტორებს  სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებს.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა, იმთავითვე გულისხმობს მაღალ ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, მართლმსაჯულების სისტემის ირგვლივ მიმდინარე გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი პროცესები თუკი საზოგადოებრივ კრიტიკას იმსახურებს, ეს სრულებით ლოგიკურია და არ უნდა შეფასდეს ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადმინისტრაციულ კომიტეტს არ აქვს მანდატი, განცხადებას ავრცელებდეს იმგვარ კონტექსტში, რომ თითქოს ეს არის მთლიანად სასამართლო კორპუსის პოზიციები. სასამართლო სისტემა არ უნდა იყოს აღქმული, როგორც მონოლითური ერთობა, სადაც ცალკეულ მოსამართლეებს არ გააჩნიათ განსხვავებული, კრიტიკული პოზიციები.

ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადების პრობლემურობა ნათლად წარმოაჩინა იმანაც, რომ მომდევნო დღეებში მას რამდენიმე მოსამართლე საჯაროდ გაემიჯნა. განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი მოსამართლეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა განცხადების პათოსი და მათ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიმართ საკუთარი მადლიერება და პატივისცემა საჯაროდ დააფიქსირეს.

არსებულ კონტექსტში სასამართლოს შიგნით არ არის წახალისებული განსხვავებული აზრის დაფიქსირება და ასეთი მოსამართლეები შესაძლოა არაერთგზის დაექვემდებარონ შიდა-კრიტიკას. სწორედ ამიტომ, მივიჩნევთ, რომ სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღებისათვის, აუცილებელი შინაარსობრივი პროცესების დასაწყებად, სასამართლო სისტემაში განსხვავებული და კრიტიკული აზრის არსებობა, მისი მხარდაჭერა და გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ვიაზრებთ რა, რომ სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფი ე.წ. კლანი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეებზე ზემოქმედებისათვის:

  1. მოვუწოდებთ, მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს, ღიად და საჯაროდ ისაუბრონ სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე;
  2. გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე დავიცვათ მოსამართლეების ინტერესები, განსხვავებული და კრიტიკული აზრის გამოხატვის გამო, მათ წინააღმდეგ პირდაპირი ან ირიბი გზით სხვადასხვა სახის სადამსჯელო მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადება, ელექტრონულად ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3H1KoFZ.

[2] კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნას ეხმაურება, ელექტრონულად ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3kgEpDB.

[3] იხ. აშშ-ს საელჩოს განცხადება მოსამართლეთა კონფერენციის შესახებ, ელექტრონულად ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3EOPy6s; საქართველოში ევროკავშირი ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადება მოსამართლეთა კონფერენციის შესახებ, ელექტრონულად ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/3k9FDAa.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“