[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ანგარიში

ყვარლის მუნიციპალიტეტში მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების საჭიროებების მიმოხილვა

ყვარლის მუნიციპალიტეტი ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონია, სადაც ერთმანეთთან ახლომდებარე სოფლებში, ქართველებთან ერთად, საქართველოს მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფები - ოსები, უდიები და ავარები[1] ცხოვრობენ. ოსები სოფელ წიწკანაანთსერში ცხოვრობენ, უდიები - სოფელ ზინობიანში, ავარები კი, სოფლებში - თივი, ჩანტლისყურე და სარუსო. ყვარლის მუნიციპალიტეტში ასევე შეხვდებით კათოლიკეებით დასახლებულ სოფლებს - მთისძირსა და სანავარდოს.

წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილია უდიებისა და ავარების საჭიროებების კვლევის შედეგები.[2] უდიებითა და ავარებით დასახლებულ სოფლებში არსებული მდგომარეობის შესასწავლად სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ადგილზე ჩაატარა ხანგრძლივი საველე სამუშაოები. საველე სამუშაოები ითვალისწინებდა სოფლების ინფრასტრუქტურის, კულტურული და სოციალური შეკრების ადგილების დათვალიერებას, ასევე, ეთნიკური ჯგუფების ძირითადი შეკრების ადგილის - ახალსოფლის ბაზრის მონახულებასა და ჩართულ დაკვირვებას. გარდა ამისა, კვლევის მიზნებისათვის შეიქმნა პრობლემების გამოსავლენად საჭირო კითხვარი, რომლის საფუძველზეც ავარულ სოფლებში ჩატარდა 12 ინდივიდუალური ჩაღრმავებული ინტერვიუ და 1 ფოკუს ჯგუფი, ხოლო უდიებთან, სოფელ ზინობიანში - 5 ინდივიდუალური ჩაღრმავებული  ინტერვიუ და 1 ფოკუს ჯგუფი. კვლევაში ასახული საჭიროებები, ასევე  გამოვლინდა ავარულ თემში, სოფელ თივში, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ჩატარებული სამართლებრივი დახმარების კლინიკის ფარგლებშიც.

სოფლების საჭიროებების კვლევა აჩვენებს, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები კარგად არ იცნობენ მცირე ეთნიკური ჯგუფების სპეციფიკურ საჭიროებებს, ასევე, არასაკმარისად არის გააზრებული და მხარდაჭერილი ამ მუნიციპალიტეტში არსებული უნიკალური მრავალფეროვნება. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ უდიების და ავარების ჯგუფების განსახლების ადგილი მეტწილად ყვარლის მუნიციპალიტეტია და ამ სოფლებში არსებული ექსკლუზია და გამოწვევები მთელი ავარული და უდიური თემების, როგორც ეთნიკური ჯგუფების, მდგომარეობაზე ახდენს გავლენას. ამ პირობებში ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და პასუხისმგებლობები განსაკუთრებით მაღალია და მუნიციპალური პოლიტიკა ამ კონტექსტის აქტიურ გათვალისწინებას საჭიროებს. სამწუხაროდ, ამ ჯგუფებს ადგილობრივ ორგანოებში თითქმის არ ჰყავთ წარმომადგენლები, რაც მათთვის ამცირებს შესაძლებლობას, გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ დღის წესრიგსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. 

საქართველოს, როგორც ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის ხელმომწერ მხარეს, აღებული აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის, მათ შორის, მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვა. ეს ვალდებულება, მათ შორის, გულისხმობს მათი კულტურული და ენობრივი უფლებების დაცვას, საჯარო ცხოვრებაში სრულყოფილი  მონაწილეობის პირობების შექმნას და დისკრიმინაციისგან დაცვას ყველა ურთიერთობაში. ეს ვალდებულება გამოიხატება სახელმწიფოს მხრიდან მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფებისათვის როგორც საბაზო საჭიროებებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფასა და მათი სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაში, ისე მათი კულტურის, ენისა და ტრადიციების შენარჩუნებისა და მონაწილეობისთვის  სპეციალური, პოზიტიური ღონისძიებების გატარებაში.[3]

სამწუხაროდ, ინტეგრაციის პოლიტიკა სათანადოდ არ ითვალისწინებს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების მნიშვნელობას, რაც მას სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მიმართ არსებული სტრუქტურული უთანასწორობის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უსამართლობების გააზრებასა და პოზიტიურ ინტერვენციებზე დაფუძნებული ღონისძიებების გატარებას აკისრებს. მცირე ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვის საკითხები სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიაშიც არასაკმარისად არის ასახული და მას აკლია ამ ჯგუფების სოციალური ყოფის ნიუანსირებული ანალიზი. მცირე ჯგუფების ენების სწავლების ვალდებულებების მიღმა, რომელიც თავის დროზე სახელმწიფოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, მათი კულტურული თვითმყოფადობის დაცვისა და მრავალფეროვან მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური კულტურული გარემოს შექმნის მცდელობები უფრო შორს არ მიდის.  წინამდებარე კვლევის მიზანი ამ რეალობის დეტალური აღწერა და გადაწყვეტილების მიმღები უწყებების, ასევე, განვითარების პროექტების განმახორციელებელი აქტორებისთვის ამ ჯგუფების საჭიროებების, წუხილებისა და ინტერესების ჩვენებაა.

კვლევაpdf_1697020655.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ქართულ აკადემიურ ლიტერატურაში ავარებს ხუნძებად მოიხსენიებენ. თუმცა თემის წევრები საკუთარ თავს ავარებს უწოდებენ და ჩვენც დოკუმენტში მათი თვითიდენტიფიკაციის სახელდება გამოვიყენეთ.

[2] შენიშვნა: სოციალური სამართლიანობის ცენტრი კახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ოსური თემის მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელ დოკუმენტს ამზადებს, რომელიც უახლოეს მომავალში ცალკე დოკუმენტად გამოქვეყნდება.

[3] რეკომენდაციები მრჩეველთა კომიტეტის 2019 წლის ანგარიშიდან. https://rm.coe.int/3rd-op-georgia-en/1680969b56  პარა. 50-54.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“