[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ფოტო

რა ვიცით უდიებზე საქართველოში?

ფოტოპროექტის ავტორი: სოფო აფციაური

უდიური თემი დღეს, ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფია საქართველოში. მაგრამ მათ შესახებ, მაინც ბევრი არაფერი ვიცით.

უდიების ძირითადი ნაწილი სოფელ ზინობიანში ცხოვრობს, ყვარელში და მათი მთლიანი რაოდენობა, 500-ზე მეტი არ იქნება.

ამ ძალიან თვითმყოფადი თემის ისტორია საქართველოში 1920-იანი წლებიდან იწყება, როცა მათი ჩამოსახლება, საქართველოს გასაბჭოების პერიოდს დაემთხვა.

თუმცა, იქამდე საქართველოს უდიები დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ეს ეთნიკური ჯგუფი კავკასიის ალბანელთა შთამომავლები არიან. ერთიანი კავკასიის ალბანეთის სამეფო დაახლებით IX საუკუნეში ჩამოიშალა. ამ სამეფოში რამდენიმე ტომი ცხოვრობდა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტომი სწორედ უდიებისა იყო. და მათმა დიდმა ნაწილმა მოახერხა, რომ საუკუნეების განმავლობაში შეენარჩუნებინა თავისი იდენტობა, უდიური ენა, კულტურა და ტრადიციები.

და იმის გამო, რომ კავკასიის ალბანეთის სამეფოში, ისევე როგორც სომხეთსა და საქართველოში IV საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, უდიებიც ქრისტიანები იყვნენ და ეს დღემდე შეინარჩუნეს. სწორედ ამიტომ, აზერბაიჯანში უმცირესობაში აღმოჩნდნენ, როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური თვალსაზრისით. დრო და დრო თემი დევნას განიცდიდა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი შევიწროვება მეოცე საუკუნის პერიოდში იყო, როცა დაახლოებით 1914-1915 წლებში აზერბაიჯანულ და სომხურ თემს შორის შეტაკებები დაიწყო. და ამ შეტაკებებში პატარა უდიური თემიც მოჰყვა, ამიტომ, საჭირო იყო გადარჩენაზე ფიქრი.

1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ზუსტად ერთ წელში, ზინობი სილიკაშვილის დახმარებით, უდიებმა მოახერხეს საქართველოში გადმოსვლა და აქ დასახლება. თავიდან სოფელ ზინობიანთან ახლოს, მიწურებში ცხოვრობდნენ, ახლა ამ ადგილზე სალოცავი ზიმერია. თუმცა ნელ-ნელა გაშენდა სოფელი, რომელსაც უდიებმა ზინობი სილიკაშვილის მადლიერების ნიშნად, ზინობიანი დააქრვეს. თავად ზინობი 1938 წელს საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა და ზუსტად ერთ თვეში, საბჭოთა რეჟიმმა სოფელს სახელი შეუცვალა და დაარქვა ოქტომბერი. მაგრამ 2010 წელს თემმა სოფელს თავისი გმირის სახელი დაუბრუნა და ახლა, სოფელის შესასვლელში, ზინობი სილიკაშვილის ბიუსტი დგას.

ზინობი სილიკაშვილი 1938 წელს საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა. მან აზერბაიჯანის ტერიტორიიდან თემი 1920-იან წლებში საქართველოში გადმოიყვანა და აქაური უდიებისთვის სილიკაშვილი ერთ-ერთი მთავარი ისტორიული ფიგურაა.

ადგილობრივ სათემო ორგანიზაციაში - „საქართველოს უდიები“ პერიოდულად ბავშვებისთვის წიგნის კითხვის დღეები იმართება.

ფოტოზე ჟენია მამულაშვილია, სოფელ ზინობიანში დაიბადა და გაიზარდა. და დღეს, აქტიურად ცდილობს, თემს შეუნარჩუნოს უდიური ენა.

ჟენია მამულაშვილის წინაპრები ძველ ფოტოებში.

ზინობიანელი უდიები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, თუმცა, აზერბაიჯანში დარჩენილი უდიების ნაწილი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს მიაკუთვნებს თავს.

ალექსანდრე ქავთარაძე თბილისში მცხოვრები უდიური თემის წარმომადგენელია. ზინობიანში ადგილობრივი სათემო ორგანიზაციის - „საქართველოს უდიების“ თანადამფუძნებელი.

დიმიტრი ბარხუდარაშვილი თავის სახლის ეზოში, სადაც სოფელში უდიური ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახლი დგას.

ფოტოპროექტი მომზადდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიერ, USAID პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორ(ებ)ს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“