[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / კვლევა

აჭარაში აფხაზი თემის საჭიროებების კვლევა

Library Thumbnail Image

ხელმძღვანელი:   თამთა მიქელაძე

გვერდების რაოდენობა:  17

გამოცემის წელი:  2023

მკვლევრები:  ოჩი კონცელიძე

აჭარაში_აფხაზი_თემის_საჭიროებები_GEO_1700123234.pdf

შესავალი

მუჰაჯირი არაბულ ენაზე „გადასახლებულს“, „ემიგრანტს“ ნიშნავს და დაკავშირებულია მუსლიმი მოსახლეობის იძულებით მასობრივ გადასახლებასთან რუსეთის იმპერიიდან ოსმალეთის იმპერიაში. აფხაზების მუჰაჯირობის ძირითადი მიზეზი რუსეთის იმპერიის გეოპოლიტიკური ინტერესები იყო კავკასიაში, რაც გამოიხატებოდა ახლად მიერთებული ტერიტორიების დაცლის სურვილში არასანდო და წინააღმდეგობის გამწევი ეთნიკური ჯგუფებისგან (აფხაზების, უბიხების, ჯიქების...). რუსეთის იმპერიის პოლიტიკას მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ეთნიკური ჯგუფების/ხალხების რელიგიური მიკუთვნებულობა. აფხაზები და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ზოგიერთი სხვა ეთნიკური ჯგუფი ისლამის რელიგიის მიმდევრები იყვნენ და ამდენად, რუსეთის იმპერიისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. „მუჰაჯირობის“ ხელშემწყობ ფაქტორად ოსმალეთის იმპერიის ინტერესებიც მიიჩნეოდა, რაც ვლინდებოდა ჩრდილოკავკასიელების (აფხაზებისა და მასთან მონათესავე სხვა ხალხების) სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების სურვილში. აფხაზების მუჰაჯირობა სამ ტალღად არის ცნობილი . ის 1864 წელს დაიწყო, 1866 წელს გაგრძელდა და 1877 წელს დასრულდა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მუჰაჯირობისას დაახლოებით 40-50 000-მა აფხაზმა დატოვა საცხოვრებელი აფხაზეთში. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდის აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 80 000-ს შეადგენდა. ამდენად, „მუჰაჯირობის“ მასშტაბები და მისი გავლენა აფხაზეთის დემოგრაფიაზე თვალსაჩინოა[1].

აჭარაში ჩამოსახლებული აფხაზების შედარებით დიდი ჯგუფი პირველად 1866-67 წლებში გაჩნდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ 1866 წლის 26 ივლისს სოფელ ლიხნში ჩაახშო აფხაზების წინააღმდეგობა და აფხაზებსა და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს აფხაზეთის ცენტრალური და ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის დატოვება და ოსმალეთის იმპერიაში გადასახლება მოსთხოვა[2]. მუჰაჯირები აჭარაში მეორედ 1877 წელს დასახლდნენ, რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყებისთანავე. აფხაზი მუჰაჯირების ნაწილმა აჭარა, რომელიც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, საცხოვრებლად რამდენიმე მიზეზის გამო შეარჩია: ა) საერთო რელიგია - ისლამი; ბ) აფხაზეთთან ტერიტორიული სიახლოვე და გ) აფხაზეთის მსგავსი კლიმატური პირობები.  აფხაზების კომპაქტური დასახლებები ბათუმთან ახლოს მდებარე შემდეგ სოფლებში გაჩნდა: ა) ფეიზი (დღევანდელი ფერია),  ბ) სილიბაური – (დღევანდელი სალიბაური) და ანკისი (დღევანდელი ანგისა, რომელიც ბათუმის საზღვრებშია მოქცეული). სხვადასხვა ცნობით, დღეს აჭარაში 1600-დან 2000-მდე აფხაზი ცხოვრობს[3].

აჭარაში დასახლებულმა აფხაზმა მუჰაჯირებმა თან შემოიტანეს მათი კულტურისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ელემენტები (რიტუალები, ჩვეულებები, კულინარია და ა.შ.) და ამავდროულად აითვისეს ადგილობრივი მოსახლეობის – აჭარლების ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. აღსანიშნავია, რომ აჭარლებთან საერთო სოციალური და კულტურული  მახასიათებლების გამო, აფხაზების დამკვიდრების პროცესი სირთულეების გარეშე წარიმართა.

ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საკითხი დღეს უაღრესად აქტუალურია მრავალი ეთნიკური ჯგუფისთვის და ამდენად, აუცილებელია განიხილებოდეს არა მხოლოდ ისტორიულ-კულტურულ, არამედ სოციალურ-კულტურულ კონტექსტშიც. ეს განსაკუთრებით შეეხება მცირერიცხოვან ეთნიკურ ჯგუფებს, რომლებიც სწრაფად ცვალებად სამყაროში თვითგადარჩენის სტრატეგიების ძიებას ცდილობენ. ამის გათვალისწინებით საინტერესოა აჭარაში მცხოვრები აფხაზი თემის მემკვიდრეობა და იმ საჭიროებების შესწავლა, რომლებიც  სოციალურ-კულტურულთან ერთად, უფლებრივ საკითხებს და პოლიტიკურ ცხოვრებაში მათ მონაწილეობას შეეხება. მხედველობაშია მისაღები 1992-93 წლების კონფლიქტის შედეგები, რომელმაც აჭარაში მცხოვრებ აფხაზებზეც იქონია გავლენა. ამდენად, საინტერესოა აჭარაში მცხოვრები აფხაზების იმდროინდელი გამოცდილების გამოკვლევა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მათი ხედვების გაგება.

აჭარაში_აფხაზი_თემის_საჭიროებები_GEO_1700123234.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საარქივო და მეხსიერების კვლევები – http://historyproject.ge/ge/archivememoryresearch/article/470/?cat_id=40

[2] The historical transformation of identity of the Abkhazian Muhajirs,

living in Adjara https://core.ac.uk/download/pdf/236388618.pdf

[3] აღსანიშნავია, რომ საქსტატის ვებგვერდზე, 2014 წლის საყოველთაო აღწერის „მოსახლეობის განაწილება რეგიონების და ეროვნებების/ეთნიკური ჯგუფების“ მიხედვით, აფხაზები სიმცირის გამო ცალკე ჯგუფად არ არიან გამოყოფილნი. ეს შესაძლოა, აიხსნას იმით, რომ აფხაზების ნაწილი ქართველებად თვითიდენტიფიცირდებიან – https://www.geostat.ge/ka/modules/categories/739/demografiuli-da-sotsialuri-makhasiateblebi ამდენად, ტექსტში მოცემული რაოდენობა საინფორმაციო წყაროებშია (სტატიებშია) დასახელებული.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“