საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეს აჭარაში 2000-ზე მეტი აფხაზი ცხოვრობს. ისინი მეტწილად აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები არიან და მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური ენის ცოდნა ახალ თაობაში იკარგება, ისინი ინარჩუნებენ აფხაზურ იდენტობას და მუჰაჯირობის ტრავმატულ მეხსიერებას.
აფხაზი თემი ძირითადად ბათუმის სხვადასხვა პერიფერიულ უბანში ცხოვრობს. თუმცა, სწრაფი ურბანიზაცია და ქალაქის ახალი განაშენიანება ამ ადგილებს არსებითად ცვლის და ადგილობრივი სოციალური ქსოვილიც ირღვევა.
აჭარაში აფხაზი თემი ძირითადად ინარჩუნებს კავშირს აფხაზეთში მცხოვრებ ნათესავებთან და ახლობლებთან. ისინი, როგორც წესი, თავს იკავებენ კონფლიქტის თემაზე საუბრისგან, რადგან ეს ომი მათთვის ორმაგი ტკივილისა და ტრავმის მიზეზი იყო.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში სახელმწიფო მხარს უჭერს აჭარაში აფხაზური ენის შესწავლას. სოფელი ფერიის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს აფხაზური ენის გაკვეთილები, სადაც აფხაზურ ენას აფხაზები და ქართველებიც სწავლობენ. თუმცა, აფხაზური იდენტობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს აჭარაში კულტურის სახლის მშენებლობას, რომელიც აფხაზური კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.
ამასთან, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დაინახოს აჭარის აფხაზური თემის როლი და უნიკალური გამოცდილება ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში.
ამ ვიდეოში გიყვებით აჭარაში მცხოვრები აფხაზების იდენტობაზე, ყოველდღიურობასა და საჭიროებებზე. ჩვენი რესპონდენტები ადგილობრივი აფხაზური თემის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელია, რომელმაც საკუთარი გამოცდილება და დაკვირვებები გაგვიზიარეს.
ინსტრუქცია