[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

სოციალური პოლიტიკა - 2023 წლის შეფასება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს 2023 წელს, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას.

  • სათანადო საცხოვრებლის უფლება

სათანადო საცხოვრებლის უფლება და უსახლკარობასთან ბრძოლა არც 2023 წელს იყო საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული. მიუხედავად არაერთი რეკომენდაციისა, საცხოვრისის პოლიტიკა - საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებული კანონმდებლობა, ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, არ შემუშავებულა, შესაბამისად, ჯერ კიდევ არ არსებობს ხედვა უსახლკარობასთან ბრძოლისა და საცხოვრისის გარანტირების მიმართულებით, რაც ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას წლიდან წლამდე უფრო ამწვავებს. სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ 2023 წელს მთავრობას არათუ არ უზრუნია უსახლკარობის მასშტაბის, ფორმებისა და გამომწვევი მიზეზების შესწავლისთვის, არამედ სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებით მინიმალური ვალდებულებებიც კი არ ასახა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში (2022 – 2030).

მიმდინარე წელს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხს სოციალურ საცხოვრისებში არსებული მდგომარეობა წარმოადგენს. მიუხედავად ამგვარი მექანიზმის მნიშვნელობისა, სერვისის მიწოდების პროცესი კრიტიკას ვერ უძლებს და სერვისი ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მინიმალურ მოთხოვნებსაც კი. ამ მხრივ, განსაკუთრებულად პრობლემურია გორის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური საცხოვრისი, სადაც 100-ზე მეტი უსახლკარო პირი ცხოვრობს და რომლის გარემოც უკიდურესად მძიმე, ღირსების შემლახველი და საფრთხის შემცველია - შენობა ავარიულია, საცხოვრისი დანესტიანებულია, მაცხოვრებლებს არ აქვთ წვდომა ინდივიდუალურ სველ წერტილებსა და თბილ წყალზე. უკიდურესად პრობლემურია გადატვირთულობა, არასათანადო გათბობა და ხანდაზმულებისა და შშმ პირებისათვის შენობის მიუწვდომლობა. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, გორის მუნიციპალიტეტს მაცხოვრებლების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში გადაყვანის მიზნით რეაგირება არ ჰქონია.

მწვავეა მდგომარეობა ორხევის სოციალურ საცხოვრისშიც, რომელშიც 260-მდე უსახლკარო ადამიანია განთავსებული. წლების განმავლობაში, ორხევის სოციალური საცხოვრისის მაცხოვრებლებს არასათანადო პირობებში (მათ შორის, მუდმივი ხმაური, გადატვირთულობა, ნესტი) უწევთ ცხოვრება. სამგორის რაიონის გამგეობის მიერ დაკვეთილმა საექსპერტო დასკვნამ კი შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული გადაუდებელი საკითხები დააიდენტიფიცირა და მიუთითა, რომ საცხოვრისის ფუნქციონირება სპეციალური გამაგრებითი სამუშაოების გარეშე დაუშვებელია, ხოლო სამუშაოს ჩატარების დროს მოსახლეობა ევაკუირებული უნდა იყოს. არსებითია, რომ მაცხოვრებლების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში განსახლების საკითხები მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ასახოს 2024 წლის ბიუჯეტში.

უსახლკარო პირებთან ერთად, საცხოვრისის საკითხი მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისთვისაც მწვავედ გამოიკვეთა. აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი საცხოვრისის ფინანსური ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი გაუარესება, მსხვილ ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისში, უძრავი ქონების დაქირავების ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდაა. განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე სტუდენტები აღმოჩნდნენ. მიუხედავად ცალკეული უმაღლესი დაწესებულებების მიერ გაცხადებული ინიციატივებისა, მოცემულ ჯგუფთან მიმართებით ერთიანი და ეფექტიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ არ მომხდარა.

წინა წლების მსგავსად, მიმდინარე წელსაც აქტუალურ და მწვავე საკითხს საცხოვრისიდან გამოსახლება წარმოადგენდა. მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სხვადასხვა ოჯახის უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლების გეგმის შესახებ. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი, რომ გამოსახლების მარეგულირებელი კანონმდებლობა უკიდურესად ხარვეზიანია და მინიმალურადაც კი ვერ უზრუნველყოფს გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების/ოჯახების დაცვასა და მხარდაჭერას როგორც გამოსახლებამდე, ისე გამოსახლების დროსა და მის შემდგომ პერიოდებში.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. საპოლიციო გამოსახლება წლების წინ გაუქმდა და გამოსახლება სასამართლოს რგოლის მეშვეობით წარიმართება, ბოლო პერიოდში, იუსტიციის მინისტრის განცხადებები გამოსახლების მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ, ასევე, პარლამენტში ინიცირებული აღსრულების კოდექსის პროექტის შინაარსი გვაფიქრებინებს, რომ გამოსახლება ცალკეულ შემთხვევებზე (მაგ., ქირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში) კვლავ სასამართლო რგოლის გარეშე წარიმართება, რაც გამორიცხავს შემთხვევებზე სასამართლო კონტროლის შესაძლებლობას და მნიშვნელოვნად გააუარესებს უსახლკარობის საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანებისა და შინამეურნეობების უფლებრივ მდგომარეობას.

  • გარემოსდაცვითი უფლებები და გარემოსდამცველების მდგომარეობა

2023 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დამანგრეველი შედეგებით; შოვში და გურიაში განვითარებულ მეწყრულ პროცესებს 40-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება არაერთი შეკითხვა ამ პროცესში სახელმწიფოს როლის და პასუხისმგებლობის შესახებ, მათ შორის, რატომ არ იყო დანერგილი მეწყრულად სახიფათო ზონაში ადრეული გაფრთხილების სისტემები, რამდენად ადეკვატური იყო სახელმწიფოს რეაგირება, განსაკუთრებით სტიქიის პირველ საათებში და შეიძლებოდა თუ ამხელა მსხვერპლის თავიდან არიდება. ამასთან, პრობლემური იყო ისიც, რომ გამოძიების დაწყებისთანავე ხელისუფლების წარმომადგენლები პრაქტიკულად გამორიცხავდნენ დანაშაულის არსებობას, რაც გამოძიების დამოუკიდებლობის თაობაზე დამატებით შეკითხვებს აჩენდა. უფრო მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლები არ მორიდებიან არც სტიქიას გადარჩენილებზე თავდასხმას და მათი მონაყოლის ეჭვქვეშ დაყენებას. ამ საკითხზე დაწყებული გამოძიების პროცესიც ხარვეზებით წარიმართა. საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულ ოჯახს და მის ადვოკატს საქმის მასალების გადაცემაზე უარი განუცხადა და მხოლოდ უწყებაში გაცნობა შესთავაზა, რამაც მასალების მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე დაცვის უფლებით სათანადოდ განხორციელება მნიშვნელოვნად გაართულა.

გარდა ამისა, ხელისუფლება თავს ესხმოდა მედიას, რომელიც ინფორმაციას სტიქიის ადგილიდან ავრცელებდა, ისევე როგორც სხვა ფიგურებს, რომლებიც სტიქიაზე რეაგირების ზომების და ადრეული შეტყობინების სისტემის არარსებობის გამო, ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ. ხელისუფლების სამიზნეში აღმოჩნდა გამოცემა „მთის ამბები“, რომელიც შოვის მოვლენებს ადგილიდან სტიქიის პირველივე საათებიდან აშუქებდა. იმის გამო, რომ გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა ხელისუფლების მიერ გავრცელებულ მედია-ნარატივს, მისი რედაქტორის, გელა მთივლიშვილის მიმართ არაერთი აგრესიული, შეურაცხმყოფელი და მუქარისშემცველი განცხადება გაჟღერდა როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

ხელისუფლების თავდასხმის ობიექტი, ასევე გახდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე, რომელიც ღირსებისშემლახველი საინფორმაციო კამპანიის სამიზნე აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სიუჟეტი, რომელშიც კერძო შინაარსის საქმეზე კომენტარს ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებდნენ და თეა გოდოლაძის პირად ცხოვრებას სრულიად უსაფუძვლოდ შოვის მეწყერთან დაკავშირებით მეცნიერის მიერ გაკეთებული საჯარო შეფასებების სანდოობას უკავშირებდნენ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მედია სტანდარტების დარღვევად შეაფასა.

გარემოსდამცველების დისკრედიტაციის ტაქტიკას ხელისუფლება იყენებდა უფრო ადრე, ე.წ. „აგენტების“ კანონპროექტის დასაბუთების დროსაც, როდესაც კანონპროექტის საჭიროების ერთ-ერთ საფუძვლად რიონის ხეობის მცველების რუსულ კავშირებზე, ტრადიციულად, შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე აპელირებდა.

გასულ წელსაც, ხელისუფლება აგრძელებდა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებას, მოსახლეობის მონაწილეობის და მათი ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ადგილობრივი თემის უგულებელყოფით, კერძო ინვესტორისთვის ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის 40 წლით გადაცემას, მარტვილის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების პროტესტი მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე კარვებში გრძელდება.

ჯერ კიდევ 2022 წელს, რაჭის ტყეების რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქისთვის 49 წლით გადაცემას, რაჭის მოსახლეობის და მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ განგრძობითი პროტესტი მოჰყვა, ჯერ ადგილობრივ დონეზე, ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, ხოლო მოგვიანებით, თბილისში გარემოს დაცვის სამინისტროსთან. სამინისტროსთან ეზოს გარეთ, საჯარო სივრცეში კარვის გაშლის მცდელობას სამართალდამცავების მხრიდან უკანონო ხელშეშლა მოჰყვა, ხოლო 11 დემონსტრანტი, ასევე, უკანონოდ დააკავეს.

მართალია, 28 ნოემბერს ლიცენზია გაუქმდა, თუმცა არა უკანონობის და ადგილობრივების უფლებების დარღვევის საფუძვლით, არამედ იმ მოტივით, რომ ინვესტორმა კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლიცენზიის პრობლემურობა არც ერთ ეტაპზე არ უღიარებია.

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

შშმ პირები საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე უჩინარ და მოწყვლად წევრებად რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენცია 2014 წლიდან ძალაშია, სახელმწიფოს ამ დრომდე არ შეუმუშავებია უფლებებზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც შშმ პირების ინდივიდუალურ საჭიროებებს გაითვალისწინებდა და უზრუნველყოფდა თემის წევრების ღირსების, ავტონომიისა და არჩევანის თავისუფლების დაცვას.

მიმდინარე წელს საქართველოში შშმ პირთა დაცვა საერთაშორისო მექანიზმების შესწავლის საგანი იყო. 2023 წლის აპრილში გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტმა დასკვნით რეკომენდაციებში ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და არაერთ პრობლემურ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა შშმ პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელიც, რომელიც უახლოეს თვეებში გამოაქვეყნებს სიღრმისეულ შეფასებას შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობა არაერთი მიმართულებითაა პრობლემური, თუმცა, განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება:

  • სუსტი და მყიფე სოციალური პოლიტიკა, რაც შშმ თემის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ამცირებს;
  • ინსტიტუციონალიზაციის უმძიმესი პრაქტიკა, რის გამოც ფსიქიკური და ინტელექტუალური ნიშნით ასობით შშმ პირს საზოგადოებისგან იზოლირებულად, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფის პირობებში უწევს ცხოვრება;
  • შეფასების, სტატუსის მინიჭებისა და თემის წევრთა მიმართ პოლიტიკის განხორციელება მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზზე დაყრდნობით;
  • შშმ პირებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციის არარსებობა, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორია;
  • ქმედუნარიანობის რეფორმის არასათანადო განხორციელება, რის გამოც ათასობით შშმ პირს საკუთარ ცხოვრებაზე ფაქტობრივი კონტროლი დაკარგული აქვს;
  • ენის პოლიტიკის გამო, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი შშმ პირების მიერ ცენტრალურ დონეზე არსებულ სერვისებსა და ინფორმაციაზე წვდომის მნიშვნელოვანი ბარიერები;
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირებისა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობის სისუსტე და უსისტემო ხასიათი.

2023 წლის მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხს შშმ პირთა სოციალური დაცვა წარმოადგენდა. სამწუხაროდ, არსებული სისტემა კვლავ უგულებელყოფს თემის წევრთა საჭიროებებს და არამდგრადი მხარდაჭერით უზრუნველყოფს მათ. განსაკუთრებით პრობლემურია მუნიციპალური სერვისები, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში, ფრაგმენტული და მოკლევადიანია. შშმ პირები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგებიან ცალკეული სერვისების დისკრიმინაციული ბუნების, ასევე, შესაბამისი სერვისების არარსებობის/ნაკლებობის, მათი დაბალი ხარისხისა და მისაწვდომობის (მათ შორის, ფიზიკური, გეოგრაფიული, ინფორმაციული, ლინგვისტური) პრობლემების გამო.

ეფექტიანი პოლიტიკის არარსებობის პირობებში, 37 000-მდე შშმ პირი (2023 წლის ზაფხულის მონაცემებით) სოციალურ შემწეობას იღებს, მაშინ, როდესაც, სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიცირებისა და ქულის მინიჭების სისტემა, მისივე ხარვეზიანობის გამო, ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ყველა შშმ პირის იდენტიფიცირებასა და მინიმალური საარსებო შემწეობით დაფარვას.

მიმდინარე წელს შშმ პირთა სოციალური პაკეტის ადეკვატურობაც ერთ-ერთ მწვავე საკითხად იდგა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლიდან შშმ პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა გაიზარდა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნული ფულადი გასაცემელის ყოველწლიური ზრდის ვალდებულება აისახა, სოციალური პაკეტის მიმღებ შშმ პირთა 65 %-მდე (82 000-ზე მეტი ადამიანი) კვლავ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ ფინანსურ მხარდაჭერას (135 ლარი - ზომიერად გამოხატული შშმ პირებისათვის და 175 ლარი - მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის) იღებს. აღნიშნული ოდენობა, შშმ პირების საჭიროებების, ასევე, დასაქმებისა და სხვა ტიპის შემოსავლების სიმწირის გათვალისწინებით, უკიდურესი სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის რისკის ქვეშ აყენებს თემს.

სოციალური პაკეტით გათვალისწინებული გასაცემლის სიმწირესთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მექანიზმის მიღმა შშმ პირთა მნიშვნელოვანი რაოდენობაა დარჩენილი. 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, 127 000-ზე მეტი შშმ პირი - ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 3.4% იღებდა სოციალურ პაკეტს, მაშინ, როდესაც გლობალური მაჩვენებლების მიხედვით, შშმ პირთა წილი მოსახლეობაში 11-18 %-ს ფარგლებში უნდა მერყეობდეს. აღნიშნული რიცხვები მიანიშნებს იმაზე, რომ, სულ მცირე, შშმ პირთა 2/3 სოციალური პაკეტით დაფარული არ არის. სისტემის მიღმა, სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად, ის ხანდაზმული შშმ პირებიც რჩებიან, რომლებიც ასაკობრივ პენსიას იღებენ.

მიუხედავად არაერთ თემატურ სტრატეგიაში გაცხადებული ხედვებისა, 2023 წლის მანძილზე ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში ადამიანის უფლებების ინკორპორირება კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მიმდინარე წელს მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიისა (2022-2030) და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცება, თუმცა, აღნიშნული დოკუმენტების, ისევე, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიის (2022-2030) შესრულება მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს.

მიუხედავად მწვავე საჭიროებისა, სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისის მიმღებთათვის ჯერ კიდევ არ არსებობს გარანტიები ძალადობისგან, ასევე, სამედიცინო ინტერვენციისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენებისგან დაცვის მიმართულებით. კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ფსიქიკური სერვისის მომხმარებლებისათვის მისაწვდომი და კონფიდენციალური გასაჩივრების სისტემის არარსებობა.

ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან ერთად, მწვავედ დგას ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების ფუნქციონირება. მიმდინარე წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების დაფინანსებაზე 49 მლნ. ლარზე მეტი გამოიყო, რომლის 48 %-ზე მეტი კვლავ სტაციონარულ მომსახურებაზეა გათვლილი, ხოლო ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისს მთლიანი პროგრამული ბიუჯეტის მხოლოდ 0.27 % ეთმობა. საყურადღებოა, რომ სტაციონარული სერვისების პროვაიდერების უმეტესობა (10-დან 8 პროვაიდერი) მომსახურებას კვლავ დიდი ზომის ან/და სპეციალიზებული დაწესებულების ფორმით გასცემს, რაც დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს.

არაერთი გამოწვევის ფონზე, 2023 წელს ცალსახად მნიშვნელოვანი იყო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მართვის პროტოკოლის შემუშავება და ბავშვებისათვის მედიკამენტის დანერგვის პროცესის დაწყება. ეს უმნიშვნელოვანესი ცვლილება აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობელთა უწყვეტი და შეუპოვარი პროტესტის შედეგად გახდა შესაძლებელი.

  • საარსებო შემწეობის სისტემა

ისევე, როგორც წინა წლებში, 2023 წელსაც საარსებო შემწეობის პროგრამა სოციალური დაცვის სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტს წარმოადგენდა. აღნიშნული სერვისი შესაბამისი ქულის მქონე (65 000 ქულა და ნაკლები - 16 წელს ზემოთ პირისთვის, 120 000 ქულა და ნაკლები 16 წლამდე ასაკის პირისთვის) ოჯახებისათვის ყოველთვიურ ფულად დახმარებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ყოველთვიური ფულადი გასაცემელი 16 წელს ზემოთ პირებისთვის 30-60 ლარის ტოლია, ხოლო 16 წელს მიუღწეველი ბავშვებისთვის დახმარება 200 ლარია, რაც საარსებო მინიმუმს მნიშვნელოვნად ჩამორჩება და ადამიანების მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებას შეუძლებელს ხდის.

სერვისში ჩართვის წინაპირობა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და სოციალური აგენტის მიერ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაა. 2023 წელს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - მიმდინარე წლის მაჩვენებლები 2016 წლის შემდგომ ყველაზე მაღალია. სტატისტიკურმა მაჩვენებლებმა პიკს სექტემბერში მიაღწია, როდესაც ბაზაში 1 200 719 ადამიანი იყო რეგისტრირებული, რაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედს (32.1 %) შეადგენს. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ყოველივე მესამე ადამიანი სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას ითხოვს.

2023 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზე იყო - მარტში შემწეობას 676 641 ადამიანი იღებდა. წლის განმავლობაში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შედარებით შემცირდა - ოქტომბრის მონაცემებით, 627 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 245 318 ბავშვი, იყო საარსებო შემწეობის მიმღები. ამასთან, 2023 წლის მაისის მონაცემებით, ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტიდან 32-ში საარსებო შემწეობის მიმღებთა წილი მუნიციპალიტეტების მოსახლეობის 25 %-ს აღემატებოდა, ხოლო საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში (ქედის, ონის, ცაგერის, ლენტეხის და მესტიის მუნიციპალიტეტები) შემწეობის მიმღებთა წილმა მოსახლეობის ნახევარს გადააჭარბა.

საგანგაშოა არა მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის დიდი რაოდენობა, არამედ სისტემაში ამ ადამიანების დარჩენის დროითი მაჩვენებლებიც. 2023 წლის ივნისის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებთა 47% სისტემაში 5 წელზე მეტხანს რჩება, ბენეფიციართა 19.3 % შემწეობას 11 წელზე მეტი ხნის, ხოლო 61 000-ზე მეტი ადამიანი - 15 წელზე მეტი ხნის მანძილზე იღებს.

მიუხედავად სისტემის მიერ მოსახლეობის დაფარვის მაღალი მაჩვენებლებისა, სერვისის მიღმა არაერთი მოწყვლადი ჯგუფი და ადამიანია დარჩენილი. მაგალითისთვის, სისტემა ვერ ხედავს ქუჩაში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც უკიდურეს მოწყვლადობაში იმყოფებიან და სახელმწიფოსგან მხარდაჭერას საჭიროებენ. როგორც სოციალურივაზ სამართლიანობის ცენტრის მიერ 2023 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, სის­ტე­მა ასევე ნაკლე­­ბად ხედავს სხვადასხ­­ვა უსახლკარო ჯგუფის, შშმ პირების, ხანდაზმულებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების საჭიროებებსაც. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, სისტემის მიღმა არის დარჩენილი სიღარიბის ზღვარს მცხოვრები მოსახლეობის მესამედი, რომელიც სახელმწიფოს შეფასებისა და შემწეობის დანიშვნისთვის არ მიმართავს. სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიცირების მეთოდოლოგიის ხარვეზების გამო, სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაშიც კი, არსებობს შინამეურნეობების მხარდაჭერის გარეშე დატოვების შესაძლებლობა. მაგალითად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევით, ბავშვთა მიზნობრივი შემწეობის პაკეტი არასრულწლოვნების ყველაზე ღარიბი დეცილის მხოლოდ 43 %-მდე აღწევდა, გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით კი მოცემული სერვისით სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების მხოლოდ 37 % იყო მოცული.

Საარსებო სისტემის ხარვეზები კიდევ უფრო პრობლემურად ითვლება იმ პირობებში, როდესაც სოციალურად დაუცველის სტატუსსა და ქულაზე არაერთი სხვა ბენეფიტის მიღებაა დამოკიდებული. მაგალითად, მუნიციპალურ დონეზე არსებული სერვისების მნიშვნელოვანი ნაწილი ექსკლუზიურად სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მიემართება, რაც საარსებო შემწეობის სისტემის მიღმა დარჩენილთა გარიყვას იწვევს ისეთი მნიშვნელოვანი სერვისებიდან როგორებიცაა, მაგალითად, მედიკამენტების დაფინანსება, უფასო სასადილოს მომსახურება, ფულადი დახმარებები, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება და სხვა.

  • შრომითი უფლებები

წინა წლების მსგავსად, 2023 წელს კვლავ დაფიქსირდა არსებითი დარღვევები სამართლიანი, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების უგულებელყოფის, ღირსეული ცხოვრებისათვის შეუსაბამო ანაზღაურების, გადაჭარბებული სამუშაო საათებისა და აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომის, დეკრეტული შვებულების არასათანადო ანაზღაურებისა და შვებულებისა და დასვენების შესაძლებლობების ნაკლებობის კუთხით. კანონმდებლობაში არსებული მრავალი ფორმალური გარანტია არ არის რეალურად აღსრულებული პრაქტიკაში, ხოლო გარკვეული საკითხები პრობლემურად რჩება კანონმდებლობის დონეზეც კი. კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სამუშაო ადგილზე გარდაცვალებისა და დაშავების შემთხვევები. დამსაქმებელთა ცნობიერებისა და ნების ნაკლებობა, დაიცვან შრომის ძირითადი სტანდარტები, ისევე როგორც სუსტი სახელმწიფო ზედამხედველობა და შრომითი უფლებების აღსრულების ეფექტური მექანიზმების ნაკლებობა კრიტიკულ სისტემურ ჩავარდნებს წარმოადგენს, რომელთა გამოსწორებისათვის სახელმწიფო სათანადოდ არ ზრუნავს.

პრობლემურია შრომის ანაზღაურება, რომელიც ღირსეული ცხოვრების გარანტიებს ვერ ქმნის. საქართველოში არ მოქმედებს მინიმალური ხელფასის რეგულაცია (გარდა სამედიცინო სექტორისა), რომელიც დამსაქმებელს ადეკვატური და ღირსეული ხელფასის გადახდას აიძულებდა. შედეგად, ვიღებთ მძიმე შრომას, რომელიც სათანადოდ არ ანაზღაურდება და მშრომელებს თვიდან თვემდე თუ გააქვთ თავი, რომ აღარაფერი ვთქვათ, დანაზოგზე და სამომავლო ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნვაზე. დაუფასებელმა შრომამ და ქვეყანაში არსებულმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ გასულ წელს მშრომელების არაერთ ჯგუფს უბიძგა ორგანიზებული გაფიცვისა და პროტესტისაკენ შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. წლის განმავლობაში დასაქმების არაერთ სფეროში ვიხილეთ მშრომელების მხრიდან დამსაქმებელთა მიმართ პროტესტის საჯაროდ გამოხატვის შემთხვევები, მათ შორის, სამთო-მოპოვებით მრეწველობაში, მძიმე ინდუსტრიებში, სამედიცინო სექტორში, განათლების სფეროსა და ონლაინ მიტანის სერვისებში დასაქმებული პირების მხრიდან. მშრომელების სხვადასხვა ჯგუფების საპროტესტო მოძრაობების სიმრავლე ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ რეალობაზე მიუთითებს, რასაც სახელმწიფო ვერ პასუხობს შესაბამისი სამოქმედო გეგმით. საკითხები, რომლებიც რიგით მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ, დიდწილად, არ შემოდის არც პოლიტიკური აქტორების დღის წესრიგში.

2023 წლის კიდევ ერთ პრობლემურ ტენდენციას, წინა წლების მსგავსად, წარმოადგენდა განსხვავებული აზრისა და კრიტიკული შეხედულებების გამო დასაქმებული პირების სამსახურიდან გათავისუფლების ხშირი შემთხვევები. დასაქმებული პირების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის მსგავსი პრაქტიკით ბოლო წლებში განსაკუთრებით გამოირჩეოდა კულტურის სამინისტრო. 2021-2022 წლებში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, სამინისტროსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან, მათ შორის, ეროვნული მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან 90-ზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა. სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების დიდი ნაწილი სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს წარმოადგენდნენ, რომლებიც ღიად გამოხატავდნენ განსხვავებულ შეხედულებებს ახალი მენეჯმენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. 2023 წლის განმავლობაში საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ არაერთი ასეთი გათავისუფლება ცნობილი იქნა უკანონოდ და სამინისტროს დაზარალებული პირების სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. რამდენიმე პირთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა და სამინისტროსა და ეროვნულ მუზეუმს კონკრეტული რეკომენდაციები მისცა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რომლებიც ამ დრომდე არ არის შესრულებული.

შრომის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე სამუშაოდ მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს სახელმწიფოს, დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის სამმხრივი კონსულტაციები და სოციალური დიალოგი. საქართველოს მთავრობასთან ფორმალურად არსებობს მსგავსი ფუნქციებით აღჭურვილი სათათბირო ორგანო - სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, რომელსაც 2023 წლის განმავლობაში არაერთი მწვავე შრომითი საკითხის შესწავლა ევალებოდა. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების ეროვნული სტრატეგიის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში კომისიის მიერ განსახილველ საკითხებს მიეკუთვნებოდა - უმუშევრობის შემწეობის, მინიმალური ხელფასისა და დაბალანაზღაურებადი დასაქმებულებისთვის ხელფასის სუბსიდირების მიზანშეწონილობის საკითხები. სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას წლის განმავლობაში ამ მიმართულებით დაკისრებული ფუნქციები სავარაუდოდ არ შეუსრულებია. კომისიის მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში არ მოიპოვება და არ გაიცემა არც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე პასუხად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“