[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / განცხადება

უსახლკარო პირები ორხევის სოციალური საცხოვრისიდან გაყვანას საჭიროებენ 

რამდენიმე დღის წინ, სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ორხევის სოციალური საცხოვრისის შენობის საინჟინრო-საპროექტო კვლევის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საცხოვრისის ფუნქციონირება სპეციალური გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების გარეშე დაუშვებელია.

ქ. თბილისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მთავრობის 2022 წლის 8 ნოემბრის განკარგულებით, სამგორის რაიონის გამგეობას ორხევის დასახლებაში მდებარე სოციალური საცხოვრისის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება დაევალა. აღნიშნული დავალების საფუძველზე, სამგორის რაიონის გამგეობამ ორხევის სოციალური საცხოვრისის საინჟინრო - საპროექტო კვლევის მოსამზადებლად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის შედეგად გამოვლენილმა კომპანიამ შესაბამისი კვლევა განახორციელა და ორხევის სოციალური საცხოვრისის შენობასთან დაკავშირებულ არაერთ გამოწვევაზე მიუთითა. მათ შორისაა შემდეგი გარემოებები:

  • შენობის მდგომარეობა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N 71 დადგენილებით დამტკიცებული (“საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების შესახებ”) ტექნიკური რეგლამენტის - “სეისმომედეგი მშენებლობა”-ზოგიერთ მოთხოვნებს 8-ბალიანი ინტენსივობის სეისმური რაიონებისთვის, დღევანდელ და აგების დროინდელ ნორმებს შორის სეისმური შეუსაბამობის გამო;
  • შენობის მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ფაქტობრივად არსებული ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია;
  • შენობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დაბალი ხარისხითაა შესრულებული; კარკასის ელემენტის კვანძები უხარისხოდაა დაბეტონებული, კედლებსა და ტიხრებში კანონმდებლობით აკრძალული მასალა (სილიკატური აგური) არის გამოყენებული;
  • სვეტებიდან გამოსულ ლითონის კუთხოვანებზე, რომლებზეც რიგელებია დამონტაჟებული, დაწყებულია დაჟანგვის პროცესი და შესაბამისი ღონისძიების მიუღებლობის შემთხვევაში, იქმნება მყისიერი ჩამოშლის საშიშროება;
  • პირველი სართულის კედლებსა და ტიხრებზე, იატაკის სიახლოვეს მონაკვეთები სინესტითაა დაზიანებული;
  • სარდაფი ამოვსებულია გრუნტითა და სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვით, ხოლო იატაკის ქვეშ არ არსებობს გასანიავებელი სივრცე.

ამ და სხვა გამოწვევების გამო, კვლევის მიხედვით, შენობის ფუნქციონირება მზიდი კონსტრუქციული ელემენტების გაძლიერების გარეშე დაუშვებელია, ხოლო შენობის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის ჩასატარებელი სამუშაოს დროს ევაკუირებული უნდა იქნას მოსახლეობა.

ექსპერტიზის განმახორციელებელი კომპანია ასევე უთითებს, რომ სამუშაოების ჩატარება, მისი მოცულობიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, არარენტაბელურია, რადგან აღდგენითი სამუშაოების ღირებულება მკვეთრად გადააჭარბებს შენობის საერთო ღირებულების 50 %-ს.

ორხევის სოციალური საცხოვრისის შენობა 1967 წელს აშენდა და იგი თავდაპირველად სასკოლო კვების კომბინატის ფუნქციას ასრულებდა. იგი წლების შემდგომ, 2017 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრირებული ოჯახების საცხოვრებელი გახდა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლისთვის ორხევის საცხოვრისში 260 ადამიანი ცხოვრობდა.

მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრისით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი არსებითი ვალდებულებაა, ხოლო სოციალური საცხოვრისის ფუნქციონირება უსახლკარობასთან ბრძოლის მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, წლების მანძილზე ორხევის სოციალური საცხოვრისის მაცხოვრებლებს, მათ შორის, ბავშვებსა და შშმ პირებს, არასათანადო პირობებში უწევთ ცხოვრება. გამოწვევებს შორისაა მუდმივი ხმაური, გადატვირთულობა, ნესტი, მნიშვნელოვან სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე შეზღუდული წვდომა. უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა შენობის არასახარბიელო მდგომარეობა - მაცხოვრებლების თქმით, რამდენიმე ბინაში კედლები და ჭერი დაზიანებულია და ირღვევა კიდეც.

მიუხედავად იმისა, რომ ორხევის სოციალური საცხოვრისის მაცხოვრებლები წლების მანძილზე მიუთითებენ იმ არასათანადო პირობებზე, რომელშიც მათ ცხოვრება უწევთ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს საზოგადოებისთვის ამ დრომდე არ მოუწოდებია ინფორმაცია მათი უსაფრთხო და სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის კონკრეტული გეგმის შესახებ, რაც მაცხოვრებლებში გაურკვევლობას იწვევს და მათ ემოციურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს.

მოვუწოდებთ ქ. თბილისის მერიას, ორხევის სოციალურ საცხოვრისში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით:

  • უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მაცხოვრებელთა გადაყვანა უსაფრთხო და ღირსეულ საცხოვრებელში;
  • მომდევნო წლის ბიუჯეტში სათანადოდ ასახოს ოჯახების გრძელვადიან და ღირსეულ განსახლებასთან დაკავშირებული საკითხები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“