[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / სტატია

საცხოვრისის ერთიანი პოლიტიკის შექმნის გამოწვევები: არსებული ბარიერებისა და შესაძლებლობების მიმოხილვა

ქეთი სართანია 

შესავალი

2022 წლის აპრილის ბოლოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილმა პროტესტი გამართა.[1] სტუდენტების თავდაპირველ მოთხოვნას წარმოადგენდა სწავლების ონლაინ რეჟიმის შენარჩუნება, რადგან ქვეყანაში საცხოვრებელზე ქირის ფასის ზრდის გამო, მათთვის ბინის ქირაობა ხელმიუწვდომელი იყო. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კოვიდპანდემია დასრულებულად გამოცხადდა, ორწლიანი ონლაინ სწავლების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, გაზაფხულის სემესტრიდან სავალდებულოდ გამოაცხადა სწავლების ფიზიკურ სივრცეში, აუდიტორიებში გაგრძელება. ეს გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ სახელმწიფო უწყებებმა არ გაითვალისწინეს ახალი რეალობა, რომელშიც სტუდენტებს მოუწევდათ სწავლის გაგრძელება.

გარდა კოვიდპანდემიის ეკონომიკური ეფექტებისა,[2] 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისა და საქართველოში რუსი მიგრანტების ნაკადის ზრდის შესაბამისად, ქვეყანაში კერძო საკუთრებასა და ბინის ქირაზე მაღალი მოთხოვნის გამო, საცხოვრებელზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.[3] სტუდენტები აცხადებდნენ, რომ მათი და ოჯახების შემოსავლები ვერ შესწვდებოდა გაზრდილ ფასებს, შესაბამისად, ვერც დედაქალაქში ფიზიკურად ყოფნას მოახერხებდნენ და ვერც აუდიტორიებში ლექციებზე დასწრებას. სტუდენტების მოთხოვნებში იყო ონლაინ სწავლების დროებით შენარჩუნება, რათა მათ საშუალება ჰქონოდათ, შეცვლილ რეალობასთან ადაპტირებულიყვნენ. საბოლოოდ, მაისის პროტესტმა შედეგი გამოიღო და თსუ-ის ადმინისტრაცია სწავლების შერეულ, ჰიბრიდულ რეჟიმს დათანხმდა, თუმცა უნივერსიტეტმა სავალდებულოდ გამოაცხადა გამოცდების აუდიტორიებში ჩატარება.[4] ამ განცხადებამ სტუდენტებში პროტესტის მუხტი განაახლა და მათი მოთხოვნები გამოცდების ონლაინ ჩატარების გარდა, შეეხო ღირსეული სტუდენტური საერთო საცხოვრებლის საკითხს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, სადაც 22 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.[5] თსუ-ს ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, 10 000-მდე სტუდენტი საქართველოს რეგიონებიდან არის,[6] რომელთა დიდი ნაწილი თბილისში ბინას ქირაობს. სტუდენტების ნაწილის 2022 წლის გაზაფხულზე დაწყებული პროტესტი ქვეყანაში არსებული საცხოვრისის პოლიტიკის პრობლემის მხოლოდ ერთი ფრაგმენტია, რაც საცხოვრისის საჭიროების მასშტაბს ნაწილობრივ ავლენს.

2020-2021 წლებში გლობალურმა პანდემიამ და მისმა შედეგებმა, და 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად საქართველოში რუსი მიგრანტების ნაკადის შემოსვლის შედეგად, კერძო საკუთრებასა და საცხოვრებლის ქირაზე მაღალმა მოთხოვნამ, ფასების ზრდაზე დიდი გავლენა იქონია. ამ პროცესს, თითქმის უწყვეტად, თან ერთვოდა უმუშევრობის მზარდი მაჩვენებელი,[7] ინფლაცია,[8] შემოსავლებისა და საბანკო სესხების შეუსაბამობა, იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების დაურეგულირებელი პოლიტიკა,[9] რამაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაართულა მოქალაქეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი.

მიუხედავად გლობალური თუ ადგილობრივი ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევებისა, ქვეყანაში საბინაო პოლიტიკა და საცხოვრებლის სერვისების საჭიროების საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგში ვერ ხვდება. მოცემული ტექსტის მიზანია, მიმოიხილოს ის სავარაუდო ფაქტორები, რის გამოც საცხოვრისთან დაკავშირებული საჭიროებების პრობლემატიზირება, და შესაბამისად, საცხოვრისის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება ვერ ხდება.

კონტექსტის მიმოხილვა

საქართველოში საბინაო პოლიტიკა და საცხოვრისთან დაკავშირებული პროგრამები სახელმწიფოს მხრიდან უგულებელყოფილია,[10] რადგან ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს ერთიანი მიდგომა და ოფიციალური პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს, ადგენს და არეგულირებს მოქალაქეთა საცხოვრისის საჭიროებების მზარდ ტენდენციას. სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა საცხოვრისის საჭიროებების მიმართ ერთიანი პოლიტიკის არარსებობის შესახებ რამდენიმეწლიანი დისკუსიებიდან შესაძლოა, გამოიყოს ის დაბრკოლებები, რომლებსაც საჯარო მოხელეები და ექსპერტების ნაწილი ასახელებენ.

მოცემულ ტექსტში მიმოხილულია საცხოვრისის ერთიანი პოლიტიკის შექმნის ზოგიერთი ბარიერი  და მათი გადალახვის შესაძლო გზები. პირველი ასეთი არგუმენტი  უსახლკარო პირის საერთო განმარტებისა და, შესაბამისად, რელევანტური სტატისტიკური მონაცემების, არარსებობაა,[11] რაც ართულებს რეალური სურათის დანახვას, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს უსახლკაროდ და რა რაოდენობის ადამიანებზეა საუბარი. მეორე მიზეზად სახელდება პრობლემის, სავარაუდოდ, ფართო მასშტაბი, რომლის დადგენის შემთხვევაში, სახელმწიფო ვერ გაუმკლავდება მის მოგვარებას რესურსების სიმწირის გამო. მესამე მიზეზი კი, შესაძლოა იყოს კულტურული აღქმები, რომლის მიხედვითაც, საცხოვრებელი ინდივიდუალური ზრუნვის საგანი უნდა იყოს (1) და უსახლკარო პირად რეგისტრაციის გამარტივების შემთხვევაში, სტატუსის მიღებას მოითხოვენ ისინიც, ვისაც საცხოვრისის საჭიროება არ უდგას (2).

  1. უსახლკარობის განსაზღვრის გამოწვევები

პირველი არგუმენტი, უსახლკარო პირის სტატუსის ერთიანი განმარტებისა და, შესაბამისად, სრული სტატისტიკური მონაცემების არარსებობის შესახებ, ხშირად, პოლიტიკის არქონის ასახსნელად გამოიყენება. რეალური მონაცემების არარსებობა ხელს უშლის პრობლემის მასშტაბის შესახებ სრული სურათის წარმოჩენას, თუმცა, ამასთანავე, მონაცემების არარსებობისა და ცალკეული მუნიციპალური  პროგრამების პირობებში ჩანს, რომ რიგ მუნიციპალიტეტებში არსებობს საცხოვრისის არასრული, ფრაგმენტული პროგრამები.[12] მაგალითად, ასეთი პროგრამები მოცემულია თბილისის, ბათუმის, გორის, რუსთავის, ქუთაისისა და სხვა მუნიციპალიტეტებში. პროგრამის განხორციელებას თან ახლავს უთანასწორო მიდგომა, რადგან სახელმწიფოს რესურსების შეზღუდული გადანაწილება უსახლკაროს სტატუსის მქონე პირებისა და ოჯახების საჭიროებებზე,  ყურადღების მიღმა ტოვებს მათ, ვისაც ასეთი სტატუსი არ გააჩნიათ, თუმცა იგივე პრობლემა აქვთ.  მიუხედავად ასეთი პოლიტიკისა, მოცემული პროგრამების არსებობა მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრისის საჭიროების პრობლემის მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებაზე.

გარდა ამისა, სოციალური საცხოვრისის საჭიროების მქონე პირთა რეგისტრაცია მუნიციპალიტეტებს არსებული კანონმდებლობით არ ავალდებულებს მათ მყისიერ უზრუნველყოფას საცხოვრისით, რაც აიხსნება სახელმწიფოსა თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შეზღუდული რესურსებით.[13]

არსებული გამოცდილებით, საცხოვრისით დაკმაყოფილების კრიტერიუმები განსხვავებულია მუნიციპალიტეტების მიხედვით და ხშირად, ალოგიკურ მოთხოვნებს უყენებს სტატუსის მაძიებელ პირებს. მაგალითისთვის, თუ პირმა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გაასხვისა ან დაკარგა საცხოვრებელი, ეს შეიძლება რუსთავის  მუნიციპალიტეტში უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე უარის თქმის საბაბი გახდეს, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ოჯახის უსახლკარო პირად რეგისტრაციისთვის ოჯახის არც ერთი წევრი არ უნდა იყენებდეს საცხოვრებელ ფართს უსასყიდლოდ.[14]

უსახლკარო პირთა რეგისტრაციისთვის მუნიციპალიტეტებში არსებული განსხვავებული და, ხშირად, ალოგიკური კრიტერიუმები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის არა ადგილობრივი საჭიროებების მიხედვით შემუშავდა, არამედ, რეგისტრაციაზე მოთხოვნის შემცირებისა და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რეგისტრაციაზე მზარდი მოთხოვნის განტვირთვის მიზნით არის ჩამოყალიბებული.[15]

წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ მონაცემების არარსებობის შესახებ დისკუსია ჩიხში შემყვანია და ის არ ემსახურება პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებას. შესაბამისად, პრობლემის გადაჭრის გზების საძიებლად რელევანტური იქნება მიდგომის შეცვლა. საწყის ეტაპზე, შესაძლებელია, არსებულ მონაცემებსა და მუნიციპალიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით საპილოტე მეთოდოლოგიის შექმნა, რომელიც იქნება საწყისი ფაზა პრობლემის მოგვარების გზაზე, მათ შორის, მონაცემების არარსებობის პრობლემის აღმოფხვრის თვალსაზრისით.

  1. უფსკრული საბინაო მოთხოვნილებასა და რესურსების მიწოდებას შორის

მეორე არგუმენტი, რომელიც პრობლემის ფართო მასშტაბსა და სახელმწიფოს რესურსების სიმწირეს შეეხება, ნაწილობრივ აღიარებს საცხოვრისის საჭიროების მზარდ ტენდენციას, თუმცა ეს არგუმენტი გამოიყენება გამოწვევის უგულებელყოფისთვის და არა მის მოსაგვარებლად შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებისთვის.

ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში საცხოვრისის საჭიროებასთან დაკავშირებით გაზრდილი მიმართვიანობის ტენდენცია[16] და ზოგადი ეკონომიკური და სოციალური მონაცემები მიუთითებს, რომ პრობლემის მასშტაბი იზრდება, ხოლო მოქალაქეთა უნარი, დამოუკიდებლად დაძლიონ საცხოვრისთან დაკავშირებული გამოწვევები - მცირდება.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასი 1716.6 ლარს შეადგენს,[17] ხოლო ამავე წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე ქვეყანაში 18%-ია.[18] საქსტატის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) მიხედვით, თბილისში, წინა კვარტალთან შედარებით, ინდექსი 4.2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში კერძო საკუთრების ფასების მატებამ 3.4% შეადგინა, 2020 წელთან მიმართებით კი ფასები 13.1%-ით არის გაზრდილი.[19] თბილისში არსებულ საბინაო ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასი კვადრატულ მეტრზე სამგორშია და 2630 ლარს შეადგენს, ხოლო კერძო სახლის შემთხვევაში, ყველაზე დაბალი ფასი გლდანშია და კვადრატულ მეტრზე 1748 ლარია.[20] არსებული ოფიციალური მონაცემების შეჯერებით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში საშუალო ხელფასის მქონე მოქალაქეც კი ვერ მოახერხებს საცხოვრებლის შეძენას ან ქირაობას სახელმწიფოს ხელშეწყობის ან დამატებითი შემოსავლის გარეშე.

ვინაიდან არ არსებობს სახელმწიფოს ოფიციალური და ერთიანი პოლიტიკა საცხოვრისთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად, მოქალაქეთა ნაწილი ემიგრაციის გზით პრობლემის ინდივიდუალურ მოგვარებაში ხედავს გამოსავალს. კონკრეტული კვლევა არ არის ხელმისაწვდომი, რომელიც აჩვენებს, თუ რა ადგილი უჭირავს საცხოვრისის გამო ან კერძო საკუთრების შესყიდვის მიზნით მოქალაქეთა შრომით მიგრაციას, თუმცა არსებობს კომერციული ბანკებისა[21] და სამშენებლო კომპანიების[22] მთელი რიგი სარეკლამო კამპანიები, რომლებიც ემიგრანტებს კერძო საკუთრების შესაძენად საბანკო იპოთეკურ სესხებს ან მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს.

უამრავი ქართველი ემიგრაციაში წასულია სხვადასხვა მიზეზების გამო, თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც საქართველოში ბინის შეძენაა. ვმუშაობთ 24 საათის მანძილზე, მაგრამ თანხა ერთიანად მაინც არ გროვდება, რომ ოცნება ავიხდინოთ, ვიყიდოთ სახლი, სადაც ჩვენს კუთხეს შევქმნით. სწორედ ამის გამო, საქართველოს ბანკს სპეციალური შეთავაზება აქვს ქართველი ემიგრანტებისთვის! [23]

სარეკლამო ტექსტებიდანაც ჩანს, რომ კერძო საკუთრების, საცხოვრებლის შესყიდვა საქართველოში „ოცნების ახდენას“, სოციალური კეთილდღეობის შესაქმნელად მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს, რომლის მიღწევისთვის მოქალაქეებს ქვეყნიდან ემიგრაცია უწევთ.

  1. შეზღუდული რესურსები და საბინაო უზრუნველყოფა: სახელმწიფოს დილემა

მესამე არგუმენტი, რომელშიც კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები იყრის თავს, წარმოაჩენს საცხოვრისისა და საბინაო პოლიტიკის კომპლექსურ ბუნებას. ერთი მხრივ, საცხოვრებლით უზრუნველყოფა ინდივიდუალური ზრუნვის სფეროდ არის აღქმული, მეორე მხრივ კი, არსებული შეხედულებებით, საცხოვრისის საჭიროება ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე შესაძლოა ყველა მოქალაქემ გამოხატოს, რომლის დაკმაყოფილების რესურსი სახელმწიფოს არ გააჩნია.

ამ არგუმენტის საფუძვლები შესაძლოა,  პოლიტიკური ფორმაციისა და ქვეყნის საბჭოთა, მბრძანებლური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე სწრაფი გადასვლა იყოს. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამ საქართველოს რესპუბლიკას საშუალება მისცა, აღედგინა სახელმწიფო სუვერენიტეტი და დაეწყო ბაზარზე ორიენტირებული რეფორმების გატარება.

1992 წელს,  საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა[24] დადგენილება[25] გამოსცა, რომელიც მიზნად ისახავდა ბინების სწრაფ პრივატიზაციას. გარდა ბინების კერძო საკუთრებაში გადაცემისა, დადგენილების მიზანი იყო  მოქალაქეების ინტერესის გაზრდა საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობის მიმართ. შეთანხმება მოქალაქეებს აკისრებდა პასუხისმგებლობას, თავად დაეფარათ გათბობის, ელექტროენერგიის, გაზის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და რემონტის ხარჯები. ამ რეფორმების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო კერძო მესაკუთრეთა კლასის შექმნა. მესაკუთრეთა კლასს ხელი უნდა შეეწყო საბაზრო ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიზაციისთვის. საცხოვრებლის უთანასწორო და დაჩქარებული პრივატიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა ისეთი პოლიტიკა, რომელიც სრულად იხსნიდა პასუხისმგებლობას საბინაო მოწყობაზე და მისი მოვლა-განკარგვის პასუხისმგებლობას მოქალაქეებს აკისრებდა. შედეგად, მესაკუთრის სტატუსი ხელმისაწვდომი გახდა მათთვის, ვისაც გაუმართლა, ხოლო უსახლკაროდ დარჩენილები „წარუმატებელი მოქალაქეების“ რიგებში აღმოჩნდნენ. ამ მემკვიდრეობის შედეგად, საცხოვრებელთან დაკავშირებული საჭიროებები ინდივიდუალურ პრობლემად ისე ჩამოყალიბდა, რომ გლობალური კრიზისებისა და რადიკალური ეკონომიკური ცვლილებების გავლენა არ ყოფილა გათვალისწინებული.

მაშასადამე, ეს არგუმენტი აჩვენებს, თუ როგორ ჩამოაყალიბა საქართველოს ისტორიულმა და პოლიტიკურმა კონტექსტმა საცხოვრებლის აღქმა, როგორც კერძო საკითხი და არა საზოგადოებრივი სიკეთე. არგუმენტი ასევე ავლენს წინააღმდეგობებს და უთანასწორობებს, რომლებიც წარმოიშვა 1990-იანი წლების დასაწყისში საცხოვრებლის სწრაფი და არათანაბარი პრივატიზაციის შედეგად. მოცემული მიდგომა მიუთითებს, რომ საჭიროა საბინაო პოლიტიკისა და საცხოვრისის სერვისების უფრო ყოვლისმომცველი და ინკლუზიური მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეთა მრავალფეროვან და ცვალებად საჭიროებებს. ამ პროცესში სახელმწიფოსთან ერთად, შესაძლებელია კერძო სექტორისა და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა.

დასკვნა

წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ უსახლკარო პირთა მიმართ საერთო პოლიტიკის არარსებობის ოფიციალური მიზეზი საერთო განმარტებისა და სტატისტიკური მონაცემების არქონაა. საცხოვრისთან დაკავშირებული საჭიროებების მზარდი ტენდენციის ფონზე, პრობლემის ამგვარად დასმა ჩიხურ სიტუაციას წარმოშობს და დროთა განმავლობაში პრობლემის მასშტაბს, და შესაბამისად, რესურსების საჭიროებას ზრდის. გამოსავალი შეიძლება იყოს მიდგომის შეცვლა და დაშვება, რომ საცხოვრისის საჭიროება ყველა სოციალურ ჯგუფს სხვადასხვა დონეზე უდგას: სტუდენტებისთვის შეიძლება იყოს საერთო საცხოვრებლის საკითხი; საცხოვრისის მქონე სოციალურად დაუცველებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამები; უსახლკაროს სტატუსის მქონე პირებისთვის სოციალური დაცვის ისეთი გარანტიების შექმნა, როგორიც არის რეალური დასაქმება და ჯანდაცვის სპეციალური პროგრამები და სხვა; საცხოვრებლის დაკარგვის რისკის ჯგუფის გამოყოფა და შესაბამისი პროგრამები დამატებითი პრევენცია იქნება მასშტაბის შესამცირებლად. ასეთი მიდგომისთვის აუცილებელია ფართო ეკონომიკური და სოციალური ანალიზი, სადაც უსახლკარო პირთა ერთიანი სტატისტიკის ნაცვლად, გამოყენებული იქნება უფრო ფართო და ზოგადი მონაცემებიც.

არსებული მიდგომის შესაცვლელად, ასევე, ხელსაყრელია 2024 წლისთვის დაგეგმილი მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში საცხოვრისის საჭიროების მქონე პირთა და ოჯახების ტიპებისა და რაოდენობის დასადგენად ცალკე სექციის შემუშავება, რაც ერთიანი სტატისტიკური მონაცემების არარსებობის პრობლემას გადაჭრიდა.

სახელმწიფოს შეზღუდული რესურსების საპასუხოდ კი მნიშვნელოვანია, უსახლკარობის პრობლემის პრიორიტეტად გამოცხადება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების გაერთიანება, რადგან  სოციალურ ჯგუფებს, კერძო სექტორსა და სხვა აქტორებს შორის პარტნიორობას შეუძლია მეტი რესურსი და დახმარება გაუწიოს პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებას.

დასასრულს, ეს მიმოხილვა აჩვენებს, რომ ოფიციალური განმარტებები საბინაო საჭიროების მქონე პირებისა და ოჯახებისთვის თანმიმდევრული პოლიტიკის არარსებობის შესახებ არადამაჯერებელია და ვერ აგვარებს პრობლემის ძირეულ მიზეზებს. საჭიროა ახალი მიდგომა, რომელიც აღიარებს საბინაო საჭიროებების მრავალფეროვნებას და რისკ-ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ უსახლკარობას და საცხოვრებელზე მოთხოვნის ზრდას. ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალია საბინაო საჭიროების მქონე პირთა სტატისტიკური მონაცემების გაძლიერება მოსახლეობის მომავალ საყოველთაო აღწერაში ცალკე განყოფილების დამატებით, პერსპექტივისა და მეთოდოლოგიის შეცვლით. ეს მიდგომა თავდაპირველად შექმნის ქვეყანაში საბინაო საჭიროებების უფრო ზუსტ და ყოვლისმომცველ სურათს, რაც საშუალებას მისცემს სამთავრობო უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებს, შეიმუშაონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული არგუმენტები ერთიანი საბინაო პოლიტიკისთვის.

დოკუმენტი მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „ღირსეული შრომის ანაზღაურებისა და ხელმისაწვდომი საცხოვრისის ადვოკატირება“ – ფარგლებში. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] თსუ-ში პროტესტი გრძელდება - სტუდენტები, უკვე მეორე დღეა, რექტორთან შეხვედრას ითხოვენ; 2022. ფორმულანიუსი. https://formulanews.ge/News/71669

[2] ტყემალაძე, ი. (2021). დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკა კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში საქართველოში. გლობალიზაცია და ბიზნესი. 12, 155-161. https://doi.org/10.35945/gb.2021.12.021

[3] პერტაია, ლ. (2022) რამდენით გაძვირდა თბილისში ბინის დაქირავება. https://netgazeti.ge/business/598854/

[4] „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს N128/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ; ბრძანება N: 136/01-01; https://www.tsu.ge/ka/legal/44710

[5] ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; https://www.tsu.ge/ka/page/უნივერსიტეტის-შესახებ 

[6] სტუდენტური მოძრაობა: პროტესტის შედეგად, თსუ საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს; რადიო თავისუფლება, 2022. https://www.radiotavisupleba.ge/a/32137986.html

[7] უმუშევრობის დონე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით 2020 წელს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 18.5-დან 18 პროცენტამდე მერყეობს. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

[8] წლიური ინფლაციის დონე საქართველოში 2021-2022 წლებში გაზრდილია 2020 წლის იმავე მონაცემებთან შედარებით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. https://www.geostat.ge/media/50739/ინფლაცია-საქართველოში---2022-წლის-დეკემბერი.pdf   

[9] ერაძე, ი. (2020), აკრედიტო ბუმი, ჭარბვალიანობა და ეროვნული ბანკი. https://socialjustice.org.ge/uploads/products/pdf/საკრედიტო_ბუმი_1589804631.pdf  

[10] ჯანიაშვილი, მ. (2023) სათანადო საცხოვრისი სტუდენტებისთვის გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები; სოციალური სამართლიანობის ცენტრი. https://socialjustice.org.ge/uploads/products/pdf/სათანადო_საცხოვრისი_სტუდენტებისთვის_1675326637.pdf 

[11] საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2022 წელი საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში; 2022, გვ.16. https://www.ombudsman.ge/res/docs/2023033120380187763.pdf

[12] საცხოვრისის მუნიციპალური სერვისები საქართველოში; ვახტანგ ნაცვლიშვილი, ანანო ცინცაბაძე, 2019. https://www.scribd.com/document/420557894/საცხოვრისის-მუნიციპალური-სერვისები-საქართველოში#from_embed

[13] კონსტიტუციური სარჩელი N1639, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და სხვათა წინააღმდეგ; 2021. https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=12277

[14] იქვე.

[15] იქვე.

[16] საცხოვრისის მუნიციპალური სერვისები საქართველოში, ანანო ცინცაბაძე, ვახტანგ ნაცვლიშვილი, 2019. https://www.scribd.com/document/420557894/საცხოვრისის-მუნიციპალური-სერვისები-საქართველოში

[17] საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2023. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi

[18] დასაქმება და უმუშევრობა საქართველოში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2023. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

[19] საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2022 წლის IV კვარტალი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2023. https://www.geostat.ge/media/50984/საცხოვრებელი-უძრავი-ქონების-ფასების-ინდექსი---2022-წლის-IV-კვარტალი.pdf.  

[20] იქვე.

[21] სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებს - ბინის შეძენა გამარტივებული პირობებით. საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხის შეთავაზება ემიგრანტებს.https://exclusivetv.ge/news/society/spetsialuri-shetavazeba-emigrantebs-binis-shedzena-gamartivebuli-pirobebit.

[22] სპეციალური შეთავაზება საქართველოს მოქალაქეებსა და ემიგრანტებს. სამშენებლო კომპანია „დირსის“ შეთავაზება. http://dirsi.ge/?page=media&newsid=31.

[23] ემიგრანტებს საქართველოს ბანკი სახლის შესაძენად იპოთეკურ სესხს სთავაზობს; https://georgians.gr/saqartvelos-bankis-ipothekuri-sesxi-rata-sheidzinot-saxli-qalaqsa-tu-sofelshi/

[24] აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო.

[25] საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობისათვის მოქალაქეთა დაინტერესების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება: საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ. 1992. https://www.notary.ge/res/docs/sakanonmdeblo/dzveli_sakanonmdeblo_aktebi/ministrta_kabineti_1992.pdf  

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“