[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

გაუქმდეს რაჭის ტყეებზე გაცემული სამონადირეო ლიცენზია და უზრუნველყოფილი იყოს პროტესტის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების უფლება

ხვალ, 18 ნოემბერს, რაჭის ტყეების კერძო პირისთვის გადაცემის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეები გეგმავენ ამბროლაურიდან თბილისში გადმონაცვლებას და კარვის გაშლას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე[1].   ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მოსახლეობა და მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის’’ რაჭის ტყეების განკარგვას 27 სექტემბრიდან უწყვეტად აპროტესტებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის მარტში გამართული ელექტრონული აუქციონის შედეგად შპს ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა’-ზე[2] 49 წლის ვადით გასცა სპეციალური ლიცენზია სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მდებარე 104 712 ჰექტარი ფართობის სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე. აღნიშნული ტერიტორია მოიცავს ონის, ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნებს.

შპს ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა’-ზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია გაიცა საქართველოს არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებით, მათ შორის, ორჰუსის კონვენციითა და ბერნის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით. აღსანიშნავია, რომ ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის და ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ სასამართლოსაც მიმართა.

ორჰუსის კონვენციის თანახმად, როდესაც საქმე ეხება ისეთი საქმიანობის ნებართვის გაცემას, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს გარემოზე, ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის წინასწარი ინფორმირება და მისცენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა[3]. მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა შემოთავაზებული საქმიანობა და მასთან დაკავშირებული განაცხადი, ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობები[4]. ონის, ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნები, რომლითაც აქტიურად სარგებლობს ამ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა, კერძო კომპანიას ისე გადაეცა, რომ ამ პროცესის შესახებ არ მომხდარა მოსახლეობის წინასწარი ინფორმირება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, დარღვეულია კონვენციით განმტკიცებული ადგილობრივი მოსახლეობის უფლება გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და უფლება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაზე.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გასულ თვეს გავრცელებული განცხადების თანახმად, სამინისტრო განიხილავს რაჭის ტყეებისთვის და დასახლებული ადგილებისთვის „განსაკუთრებით დაცული ტერიტორიის“ სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს სამონადირეო ლიცენზიის მოქმედების გადახედვა. არსებული ინფორმაციით, ამ საკითხზე კანონპროექტის ინიცირებას სამინისტრო პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ფართობის ტერიტორია შესაძლოა შევიდეს ახალი დაცული ტერიტორიის ფარგლებში და სრულად დაფარავს იგი სამონადირეო ლიცენზიის ტერიტორიას თუ ნაწილობრივ.

ამასთან, ბოლო პერიოდში გავრცელებულ განცხადებებში, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აპელირებენ კომპანიის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე. უფრო ზუსტად, მიმდინარე წლის 15 მაისს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, რადგან კომპანიას სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი და ანგარიში წარდგენილი არ ჰქონდა. ამ დრომდე, სამინისტროს წარმომადგენლები ცდილობდნენ, წარმოეჩინათ თითქოს აღნიშნული ვალდებულებების დარღვევას შედეგად აუცილებლად ლიცენზიის გაუქმება მოჰყვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამ დარღვევების გამო სამართალწარმოება მხოლოდ კომპანიისთვის ჯარიმის დაკისრების მიზნით მიმდინარეობდა. 

დამატებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს 15 ნოემბრის განცხადების თანახმად, „დღეის მდგომარეობით, ლიცენზიანტის მხრიდან განხორციელებული არა არის არც ერთი აქტივობა, შესაბამისად, გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით.“ სამწუხაროდ, აღნიშნული განცხადების შინაარსიც ბუნდოვანია და არ იკვეთება, კონკრეტულად რა სამართლებრივ შედეგებზეა საუბარი და განიხილება თუ არა ლიცენზიის გაუქმების საკითხიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

  • საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს 18 ნოემბერს დაგეგმილი პროტესტის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრებისა და შეკრების ადგილზე კარვების აღმართვის თავისუფლება. შეკრების თავისუფლება მოიცავს შეკრების ფორმის არჩევის თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, მოიცავს შეკრების ადგილზე დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის, კარვების განთავსების თავისუფლებას. ამ თავისუფლებაში ხელისუფლების მხრიდან თვითნებური ჩარევის რისკები არსებობს იმის გათვალისწინებით, რომ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ’’ საქართველოს კანონში ახლახან მიღებული იქნა ცვლილებები, რომლითაც დაუსაბუთებლად ფართოვდება შეკრების ადგილზე დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის, კარვების მოწყობის აკრძალვის საფუძვლები[5]. მართალია, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ არ არის ძალაში შესული, მაგრამ სამართალდამცავი პირები უკვე მოქმედებენ მასში გადმოცემული სულისკვეთების შესაბამისად. რაჭის ტყეების გასხვისების საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეთა მიმართ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა 19 ოქტომბერს, როცა პოლიციამ ონის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული პროტესტის მონაწილეთა კარავი ძალის გამოყენებით დაშალა, ყოველგვარი მოლაპარაკებისა და საპირისპირო ინტერესებს შორის ბალანსის პოვნის მცდელობის გარეშე[6];
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გააუქმოს რაჭის ტყეების ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გაცემული სპეციალური ლიცენზია, რომელიც არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და არაერთ საერთაშორისო ვალდებულებას;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გამჭვირვალედ წარმართოს რაჭაში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის გადაწყვეტილების მიღების პროცესი და წარმოადგინოს მეტი ინფორმაცია ამ ტერიტორიის ფარგლებზე, სამართლებრივ რეჟიმზე და პრაქტიკულ შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ამ პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოსახლეობის სათანადო ჩართულობა და მონაწილეობა, რისთვისაც აუცილებელია შემუშავდეს მკაფიო გეგმა და გრაფიკი.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის“:

https://www.facebook.com/rioniskheobisgadarchenistvis/videos/362262889585821/

[2] შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაფლობს შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია’’, რომელიც საქართველოში არის რეგისტრირებული. შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას’’, თავის მხრივ, ფლობს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული „Global Victory Investments Limited“. საინფორმაციო ონლაინგამოცემა „მთის ამბების’’ ძალისხმევით გაირკვა, რომ „Global Victory Investments Limited“-ის მესაკუთრეები არიან დავით ხიდაშელი და მისი შვილი, მარიამ ხიდაშელი:

https://mtisambebi.ge/news/item/1525.

დავით ხიდაშელი რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ბიზნესპარტნიორია. 2007-2014 წლებში იგი ევტუშენკოვის კომპანია ,,სისტემას” ხელმძღვანელობდა. კომპანია რუსულ სამხედრო მრეწველობაში არის ჩართული. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა ევტუშენკოვს სანქციები დაუწესა:

https://transparency.ge/ge/blog/davit-xidasheltan-dadebuli-garigebis-shedegad-sakartvelom-2-milioni-laris-shemosavali-dakarga.

[3] გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენცია ,,გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ’’  (ე.წ. ორჰუსის კონვენცია), მუხლი 6, პუნქტი 1, ქვეპუნქტი ,,ბ’’:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1210443?publication=0.

[4] იქვე, მუხლი 6, პუნქტი 2.

[5] სოციალური სამართლიანობის ცენტრი - განცხადება ,,პარლამენტმა არ უნდა მიიღოს ,,კარვების კანონი’’’’, 10 ნოემბერი, 2023:

https://socialjustice.org.ge/ka/products/parlamentma-ar-unda-miighos-karvebis-kanoni

[6] ონლაინ მედია-პლატფორმა ,,მაუწყებელი’’:

https://www.facebook.com/mautskebeli.ge/videos/1369884327256004.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“