საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) კრიტიკულ შეფასებას „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო.
როგორც ცნობილია, პარლამენტმა 5 ოქტომბერს, მე-3 მოსმენით, დაჩქარებული წესით, მიიღო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება, რომელიც აუარესებს შეკრების და გამოხატვის უფლებების სტანდარტებს.[1] კერძოდ, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს ეზღუდებათ დროებითი კონსტრუქციის (კარვის, სცენის და ა. შ.) მოწყობა, თუ ის: ა) საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ბ) ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; გ) იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; დ) მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება; ე) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
პრეზიდენტმა აღნიშნულ ცვლილებებს 17 ოქტომბერს ვეტო დაადო და მას „კიდევ ერთი ანტიევროპული კანონი" უწოდა.[2] ამ მომენტისთვის, პარლამენტს პრეზიდენტის ვეტო არ დაუძლევია. როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები გაიზარდა, საჩქარო აღარ არის ვეტოს დაძლევა, თუმცა ამ კანონს მაინც მიიღებენ, რადგან საფრთხეები “დასაპრევენცირებელია”.[3]
18 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ეუთო/ოდირს მიმართა კანონპროექტზე სასწრაფო სამართლებრივი შეფასების წარმოდგენის მოთხოვნით.[4] ეუთო/ოდირის კრიტიკული შეფასება დღეს, 11 ნოემბერს, გამოქვეყნდა,[5] რომლის მიხედვითაც კანონი რამდენიმე ასპექტის გათვალისწინებით არის პრობლემური:
დასკვნაში, აგრეთვე, დეტალურადაა განხილული კანონპროექტის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ხაზგასმულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, პროტესტის კონკრეტულმა სახემ და ფორმამ, მაგალითად, კარვების დროებითმა ბანაკებმა, შესაძლოა მისი გზავნილისაგან განუყოფელი სიმბოლური მნიშვნელობაც კი შეიძინოს. შეკრების სახესთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა არ უნდა შეაფერხოს მისი გზავნილის სათანადო მიტანა ადრესატამდე და არ უნდა იქონიოს მსუსხავი ეფექტი უფლების რეალიზებაზე.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კანონპროექტი უხეშად ეწინააღდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის დადგენილ კონსტიტუციურ და საერთაშრისო სტანდარტებს და მკვეთრად აუარესებს პლურალიზმისა და დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ აღნიშნული ნეგატიური ცვლილება ხელს შეუშლის და დაასუსტებს არა მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის პროტესტებს, არამედ ფართომასშტაბიან სოციალურ პროტესტებს, რომლებიც ბოლო წლებში ვიხილეთ მშრომელების, გარემოსდაცველების, დედების, გარემოვაჭრეების, ქალთა მოძრაობების დროს. [6]
ამასთან, აღნიშნულ ცვლილებებს შეკრების თავისუფლებაში თვითნებურ და გაუმართლებელ ჩარევად აფასებს ევროკომისიაც 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს შესახებ, რომელიც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში მომზადდა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციის მიუხედავად, კომისია აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შესასრულებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფაა.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას კონსტიტუციური უფლებების სტანდარტების გაუარესებისკენ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო.
[1] პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/awT4IGHA.
[2] პრეზიდენტმა ე.წ კარვების კანონს ვეტო დაადო. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/EwT4AtPK.
[3] მდინარაძე "კარვების კანონზე": ვჩქარობდით... სტატუსის მიღების შანსები გაიზარდა, ამიტომაც საჩქარო არაფერია. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ZwT4Smfy.
[4] სახალხო დამცველმა OSCE/ODIHR-ს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სამართლებრივი შეფასების წარმოდგენა სთხოვა. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ywT4HYrO.
[5] OSCE/ODIHR- URGENT OPINION ON PROPOSED AMENDMENTS TO THE LAW OF GEORGIA ON ASSEMBLIES AND DEMONSTRATIONS AND TO THE ADMINISTRATIVE OFFENCES CODE. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/rwT4FVSU.
[6] სოციალური სამართლიანობის ცენტრი-„სახელმწიფოს პოლიტიკა აქტივისტების მიმართ კიდევ უფრო რეპრესიული ხდება“. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/MwT4U1cN.
ინსტრუქცია