[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

ხელისუფლების მხრიდან გარემოსდამცველებზე თავდასხმა სახიფათო ტენდენციად იქცა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ბოლო პერიოდში გარემოსდამცველებზე, კერძოდ კი, „რიონის ხეობის მცველებზე“, გახშირებულ თავდასხმებს და სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს  ყველა ადგილობრივ გარემოსდაცვით აქტივისტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც საკუთარ საცხოვრებელ გარემოს იცავენ და სხვადასხვა მასშტაბური პროექტის მიმართ ლეგიტიმურ და დასაბუთებულ შეკითხვებს აჟღერებენ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები სადავოდ გამხდარი „რუსული კანონის“ საჭიროების დასაბუთებისას მიუთითებდნენ „ნამახვანი ჰესის“ პროექტის მიმართ წინააღმდეგობის, მათ შორის, რუსული წყაროებიდან დაფინანსებაზე. ეს არგუმენტი არახალია და პროექტის ირგვლივ საჯარო დისკუსიებისას ხშირად გაჟღერებულა, თუმცა არც მაშინ და არც ამჯერად ხელისუფლებას  საზოგადოებისთვის არ წარმოუდგენია არც ერთი ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება  ამ ბრალდების გასამყარებლად. 

შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები თავს ვალდებულად არ თვლიან, საკუთარი განცხადებები კონკრეტული მტკიცებულებებით დაასაბუთონ, მსგავსი ბრალდება შეიძლება გაჟღერდეს ნებისმიერი ჯგუფის მიმართ, რომელიც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულებას ეჭვქვეშ დააყენებს.

„რიონის ხეობის მცველების“ შეთავაზებას ამ საკითხზე დებატების შესახებ „ქართული ოცნებამ“  შეურაცხმყოფელი განცხადებით უპასუხა, რითაც კიდევ ერთხელ, გამოჩნდა რომ საგნობრივი, კონკრეტულ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობის ნაცვლად, ხელისუფლების მიზანი კრიტიკული აზრის „გაშავებაა“. როგორც ბოლო პერიოდშიც გამოჩნდა, კრიტიკულად განწყობილი ჯგუფებისთვის იარლიყის მიკერება და დისკრედიტაცია სწორედ  ის სტრატეგიაა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყენებს.

ჩვენი ორგანიზაცია სრულად იზიარებს ქვეყნის ენერგოუსაფრთოეხების და საქართველოს ეკონომიკაში, მათ შორის, ენერგოობიექტებში რუსული კაპიტალის[1] გონივრული კონტროლის ინტერესებს, თუმცა ამ საკითხზე ხელისუფლების საჯარო განცხადებები და ნაბიჯები არ გვახსოვს. ამის ნაცვლად, ვხედავთ იმ ჯგუფების შევიწროების მცდელობას, რომელთა წუხილების და არგუმენტების ნაწილის მართებულობაც თავის დროზე, თავად პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა, რომელმაც, გაიზიარა რა ხელშეკრულების მიმართ არსებული კრიტიკა, აღნიშნა, რომ პროექტი არსებული პირობებით არ გაგრძელდებოდა. აღარაფერს ვამბობთ, ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებაზე იუსტიციის სამინისტროს კრიტიკულ დასკვნაზე და იმ გარემოებაზე, რომ ფინანსთა სამინისტროს აღიარებით, მას პროექტზე კანონმდებლობით მოთხოვნილი  დადებითი დასკვნა არ გაუცია.

მიგვაჩნია, რომ ამგვარი ბრალდებები ხელისუფლების და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გარემოს დაცვის და მონაწილეობის უფლებებს, ისევე როგორც საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებულ საერთაშორისო კონვენციებს,  რომლებიც მოითხოვს, რომ პირები, რომლებიც გარემოსდაცვით უფლებებს ახორციელებენ, არ უნდა იყვნენ დასჯილი; დევნილი ან რაიმე ფორმით შევიწროებული.[2]

მტკიცედ გვჯერა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების და უფლებების უგულებელყოფით, სამართლებრივი დარღვევებით და საჯარო ინტერესთან შესაბამისობის  შეფასების გარეშე დაგეგმილი ნებისმიერი პროექტი  არ შეესაბამება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არსებული პრობლემების გრძელვადიან და მდგრად გადაწყვეტას ვერ უზრუნველყოფს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები გარემოსდამცველების მიმართ და პატივი სცეს, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებულ ძირითად უფლებებს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იხ., IDFI, „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში “, 2022 წელი. ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/3Z4V5Q1.

[2] იხ., კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ, მუხლი 3.8. ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/document/view/1210443?publication=0.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“