[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანიჰესზე ეკონომიკის სამინისტროს მორიგ მანიპულაციურ განცხადებას ეხმაურება

გუშინ, 19 ოქტომბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაკეთებული განმარტების შესახებ, რომლითაც ეკონომიკის სამინისტრომ ნამახვანი ჰესის თაობაზე ფინანსთა სამინისტროს დასკვნის არარსებობის სამართლებრივი დასაბუთება, კანონის საკუთარი შეხედულებისამებრ ინტერპრეტაცია და კვლავ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საუბარია 18 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილზე, რომლითაც სამინისტრომ ნამახვანი ჰესის პროექტზე საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი დასკვნის არარსებობის ფაქტი აღიარა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ორგანიზაცია აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების მიზნით სასამართლო დავას აწარმოებდა, რომლის სხდომაც მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს იყო ჩანიშნული.

ფინანსთა სამინისტროს დასკვნის არარსებობა ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების გაფორმების კანონიერებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და მნიშვნელოვან იურიდიულ შედეგებს უკავშირდება. შესაძლოა, სწორედ ამიტომ, ეკონომიკის სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა, გამოხმაურებოდა ცნობას ფინანსთა სამინისტროს დასკვნის არარსებობის შესახებ და ფინანსთა სამინისტროს წერილი, საკუთარი ინტერპრეტაციით განემარტა. ეკონომიკის სამინისტრო თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ნამახვანი ჰესის ინვესტორი კომპანიის შერჩევის მიზნით ტენდერი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ჩატარდა, შესაბამისად პროექტზე ფინანსთა სამინისტრო დასკვნა ვერ იარსებებდა. Ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული განცხადება ნამახვანის პროექტზე არსებულ საკანონმდებლო დარღვევების დაფარვისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების კიდევ ერთ მცდელობას წარმოადგენს.

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, თუ საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) პროექტის შემუშავება კანონის ამოქმედებამდეა (2018 წელი) დაწყებული, უფლებამოსილი ორგანო (ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრო) ვალდებულია პროექტი ამ კანონით გათვალისწინებული განხორციელების ეტაპის განსაზღვრის მიზნით საქართველოს მთავრობას წარუდგინოს. როგორც ცნობილია, ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკება 2019 წლის მარტში დასრულდა, როდესაც PPP კანონი უკვე თითქმის ერთი წლის ამოქმედებული იყო. შესაბამისად, სწორედ პროექტის ეტაპის განსაზღვრის მიზნით ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას მიმართა, რომლის 2019 წლის 23 აპრილის განკარგულებით დადგინდა, რომ ნამახვანი ჰესის პროექტი უნდა განსაზღვრულიყო მომზადების ეტაპზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაურკვეველია ეკონომიკის სამინისტროს მტკიცება იმის შესახებ, რომ პროექტის ეს ეტაპი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის ძალაში შესვლამდე იყო დასრულებული.“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 აპრილის განკარგულება ცალსახად ადასტურებს, რომ მთავრობამ ჯერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის მიხედვით შეაფასა და განსაზღვრა პროექტის ეტაპი, შემდეგ კი მოიწონა. შესაბამისად სწორედ ამ პერიოდიდან მასზესაჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნები გავრცელდა, რაც მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ პროექტზე დასკვნის მომზადებასა და მის სავალდებულო გათვალისწინებას გულისხმობდა.

უფრო მეტიც, კანონმდებლობის მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს, არა მხოლოდ ხსენებული დასკვნის მოპოვება, არამედ ფინანსთა სამინისტროს პოზიციის სრულად გათვალისწინება ევალებოდა; საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ფინანსთა სამინისტროს დასკვნას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მისი დადებითი პოზიციის გარეშე პროექტის განხორციელებას დაუშვებლად მიიჩნევს. ამდენად, ფინანსთა სამინისტროს დასკვნის არარსებობა კანონმდებლობის არსებითი დარღვევაა და მიუთითებს, რომ ნამახვანი ჰესის ხელშეკრულება უკანონოდ გაფორმდა.

Აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ეკონომიკის სამინისტროსგან ფინანსთა სამინისტროს დასკვნის არსებობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2021 წლის 7 ივნისს გამოითხოვა, თუმცა პასუხი 18 ოქტომბერს მიიღო; აღნიშნული გარემოების იურიდიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საგულისხმოა, ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია აღნიშნული დასკვნის არასავალდებულოების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ფინანსთა სამინისტრომ გაამჟღავნა, რომ მას ნამახვანის პროექტზე კანონმდებლობით გათვალისწინებული დასკვნა არ გაუცია.

მრავლისმეტყველია ის გარემოებაც, რომ თავის მხრივ ფინანსთა სამინისტრომ ფისკალური რისკების შესახებ დასკვნის არარსებობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაამხილა, რაც კომპანიამ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნიდან ზუსტად 7 თვის შემდეგ.

თვეების განმავლობაში ნამახვანი ჰესის პროექტის ირგვლივ ინფორმაციის უკანონოდ დამალვის ფონზე, სამწუხაროა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა, საჯაროდ გაევრცელებინა კანონის მცდარი ინტერპრეტაცია სხვა სამინისტროს დასკვნის არასავალდებულოების შესახებ, მაშინ, როდესაც თავად ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული საკითხი თავის პასუხში სადავოდ არ გაუხდია. მიგვაჩნია, რომ ინვესტორის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრო განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს საჯარო განცხადებებს პროექტის ირგვლივ არსებული ყველა სამართლებრივად რელევანტური გარემოების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა, გარკვეული როლი ითამაშოს ინვესტორთან მომავალ მოლაპარაკებაში/საარბიტრაჟო დავაში. როგორც აღინიშნა, ფინანსთა სამინისტროს დასკვნის არარსებობა მნიშვნელოვანი სამართლებრივი გარემოებაა, რის გამოც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მოვუწოდებთ, იხელმძღვანელოს სახელმწიფო ინტერესებით და თავი შეიკავოს ნაჩქარევი განცხადებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, დააზარალოს საქართველოს პოზიციები მომავალ დავაში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“