საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
22 სექტემბერს „ენკამ“ ნამახვანის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი სახელმწიფოს პოზიცია „ენკას“ განცხადების თაობაზე. უცნობია ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგებიც და სახელმწიფოს დამოკიდებულება ნამახვანის პროექტის შესაძლო გაგრძელების თობაზე. „ენკას“ განცხადების მიუხედავად ნამახვანის პროექტზე სახელმწიფოს მიერ უკანონოდ გაცემული გარემოსდაცვითი და მშენებლობის ნებართვები კვლავ ძალაშია. უკანონოდ გაცემული ნებართვების გაუქმება დღეისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავს. მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტექნიკური და ზედამხედველობის სააგენტომ 2020 წლის 22 აპრილს, საკანონმდებლო მოთხოვნების უხეში დარღვევებით, უსაფუძვლოდ გასცა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებული საჩივრის მიხედვით, ნებართვის გამცემმა სააგენტომ უხეშად დაარღვია კანონის მოთხოვნები და შესაბამისი დასაბუთების გარეშე საგამონაკლისო წესით გასცა სამშენებლო ნებართვა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მშენებლობის ნებართვა საგამონაკლისო წესით, გამარტივებულად და კონკრეტული პირობებით გაიცა. კერძოდ, ნებართვის გაცემის მომენტში ენკას სააგენტოში წარდგენილი არ ჰქონდა სავალდებულო სამშენებლო დოკუმენტაცია, სათანადო კვლევები და საექსპერტო დასკვნები. შეიძლება ითქვას, რომ რისკის მომეტებული ფაქტორის მქონე ქვემო ნამახვანი ჰესზე, რომელიც მათ შორის 100 მეტრზე მეტი სიმაღლის კაშხალს მოიცავს, სახელმწიფომ მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა ადგილობრივი გეოლოგიური გარემოს სრულყოფილი გამოკვლევის, შესწავლისა და მოსალოდნელი საფრთხეების წინასწარი იდენტიფიცირების გარეშე დაუშვა. აღნიშნულით კი პირდაპირი ფიზიკური საფრთხის წინაშე არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ მთლიანად რიონის ხეობაც დააყენა.
ნებართვის საგამონაკლისო წესით გაცემის პროცესში დაირღვა საკანონმდებლო მოთხოვნები და პროცედურები. “ენკას“ არ ჰქონდა წარმოდგენილი დასაბუთება სამშენებლო დოკუმენტაციის დროულად წარმოდგენის შეუძლებლობის შესახებ. სამწუხაროდ, სააგენტომ სრულიად უსაფუძვლოდ, თავადვე შესთავაზა ენკას მშენებლობის ნებართვის საგამონაკლისო წესით გაცემა, მაშინ როდესაც კანონი ნებართვის მაძიებელს ავალდებულებს საგამონაკლისო წესის გამოყენების თხოვნით და დასაბუთებული შუამდგომლობით თავად მიმართოს სააგენტოს. ამ ქმედებით სააგენტომ აშკარად გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას და საკანონმდებლო სამშენებლო სტანდარტების დარღვევით მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა ობიექტის მშენებლობის უსაფრთხოებას. სააგენტომ არც მშენებლობის ნებართვის საგამონაკლისო წესით გაცემის მომენტში შეასრულა საკუთარი ვალდებულება და რისკის მომეტებული ფაქტორის მქონე ობიექტზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე ნებართვის გაცემა არცერთი სამართლებრივი არგუმენტითა და ფაქტობრივი გარემოებით არ დაასაბუთა.
საგულისხმოა, რომ მშენებლობის ნებართვა კონკრეტული პირობებით გაიცა, კერძოდ, ენკას სრული სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადად 2021 წლის აპრილი განესაზღვრა და იქამდე ძირითადი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა შეეზღუდა. თუმცა, მალევე სახელმწიფომ ენკას არაერთი დამატებითი შეღავათი გაუკეთა. 2020 წლის სექტემბერში ენკას ჰესის ნაგებობის ცალკეული ობიექტებისთვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, მათი მშენებლობის დაწყების უფლება მიეცა, რითაც სამშენებლო სამართლის სტანდარტები კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად დაირღვა, რადგან მშენებლობის პროცესის მსგავსი სახით დანაწევრება მისი საერთო ზეგავლენისა და ფაქტობრივად მიმდინარე სამუშაოების შეფასებას უკიდურესად ართულებს. თუმცა, ენკასთვის დამატებითი შეღავათი ამით არ ამოიწურა. 2021 წლის მარტში, სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა ენკას დამატებით ერთი წლით, 2022 წლის თებერვლამდე გაუხანგრძლივდა.
სახელმწიფოსათვის დღემდე უცნობია ნამახვანი ჰესის ზუსტი და კონკრეტული მახასიათებლები, მისი ზეგავლენის მასშტაბი და მოსალოდნელი რისკები. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის გახანგრძლივების პირობებში კი ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ უფრო სახიფათო ტენდენციას ქმნის.
ამასთან, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ერთადერთი ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც მსგავსი ტიპის მშენებლობის ინსპექტირების უფლებამოსილება გააჩნია. გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის გათვალისწინებით, სააგენტომ ნამახვანი ჰესის ინსპექტირება 2020 და 2021 წლებში ოთხჯერ მოახდინა, თუმცა ინსპექტირება ყოველგვარი წერილობითი დოკუმენტაციის გარეშე სრულდება. როგორც აღმოჩნდა, სააგენტო მშენებარე ობიექტების ფოტოსურათებს იღებს, ხოლო ნებართვის პირობების შესრულება/შეუსრულებლობის საკითხზე არ რეაგირებს. არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, სააგენტო აცხადებს, რომ ამ დრომდე ინსპექტირებისას არცერთი დარღვევა არ გამოვლენილა. სახელმწიფო ზედამხედველობის მსგავსი მანკიერი პრაქტიკა, ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს უკიდურესად საფრთხის შემცველად აქცევს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავს. ჩვენ დაუსაბუთებელი და უკანონო მშენებლობის ნებართვის დაუყოვნებლივ გაუქმებას მოვითხოვთ.
ინსტრუქცია