[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება „ენკას“ განცხადებას ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ

“ენკას” მიერ ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ საჭიროებს სამთავრობო უწყებების განმარტებას მისი შინაარსის, პირობებისა და ვადების შესახებ. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანი ჰესის პროექტის კაბალური ხელშეკრულება შეწყდება, ეს იქნება მყარი სახალხო პროტესტისა და წინააღმდეგობის წარმატება, რაც უმნიშვნელოვანეს პრეცედენტს შექმნის მომავალში ამ ტიპის მოლაპარაკებების დახურულ კარს მიღმა წარმოების პრაქტიკის შესაცვლელად.

საზოგადოებისთვის საჭიროა გაცხადდეს მთავრობის პოზიციაც იმასთან დაკავშირებით, ინარჩუნებს თუ არა ის ამ პროექტის განხორციელების ინტერესს და გეგმავს თუ არა ახალი ინვესტიციის მოზიდვას მისი დასრულებისთვის. პროექტზე გაცემული ნებართვები ისევ ძალაშია და მისი განხორციელების შესაძლებლობები კვლავაც არსებობს.

ჩვენი მხრიდან ნაადრევია შეფასება დავის საგანსა და მის შესაძლო შედეგებზე, მაგრამ აღნიშნულ დავაში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შეფასების საკითხი მესამე, დამოუკიდებელი მხარის, ენერგოგაერთიანების მიერ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ენერგოგაერთიანების მიერ ორგანიზებული მედიაციის ფორმატი და წარმატებით დასრულდეს, როგორც ნამახვანის ხელშეკრულების ისე ნამახვანზე გაცემული დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შეფასების პროცესი.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საარბიტრაჟო დავაში განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება ყველა იმ სასამართლო დავის შედეგიც, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოვიწყეთ სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფო უწყებებში მიღებული დაუსაბუთებელი და უკანანო გადაწყვეტილებების გამო. ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები არ ვგეგმავთ მშენებლობის ნებართვისა და გზშ გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოში წარდგენილი სარჩელების გამოთხოვას. ასევე, ჩვენი ორგანიზაცია არ შეწყვეტს დავას დაფარული ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნით საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების წინააღმდეგ. პრობლემურად ნარჩუნდება ის საკითხიც, რომ მშენებლობის ინსპექტირებისას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს რეაგირების გარეშე ჰქონდა დატოვებული „ენკას“ დარღვევები და არ აწარმოებდა ინსპექტირების ოქმებს, გარემოსდაცვითი ინსპექტირება კი ჭიანურდებოდა და იანვრის შემდეგ ჩატარებული რეინსპექტირების შედეგები დღემდე უცნობია.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“