საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2019 წლის 25 აპრილს საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, სს „ნამახვანს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ (შეცვლილი სახელი - შპს „ენკა რინიუებლზ“ (შემდგომში - „ენკა“, „კომპანია“)) გაფორმდა ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“, „2019 წლის ხელშეკრულება“). ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღოდა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ (GEDF)[1] მიერ გამოცხადებულ კომპანიის შერჩევის პროცესში - ინტერესთა გამოხატვაში - შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“[2] გამარჯვება.
საინტერესოა პროექტის განხორციელების და ინვესტორის შერჩევის პროცესში GEDF-ის როლიც. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელების ერთ-ერთ ეტაპზე პროცესში GEDF-ის შვილობილი კომპანია, სს „ნამახვანი“ ჩაერთო. 2015 წელს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც სწორედ ამ კომპანიამ მოიპოვა. მოგვიანებით, აღნიშნული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სს „ნამახვანის“ საკუთრებაში არსებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, შპს „ენკა რინიუებლზს“გადაეცა.[3]
ამდენად, მართალია, ინტერესთა გამოხატვის დეტალები სრულად საჯარო არ არის, თუმცა ჩანს, რომ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ინტერესთა გამოხატვით სწორედ იმ კომპანიას არჩევდა, რომელსაც სს „ნამახვანის“ აქციები და აქტივები და, შედეგად, პროექტის განხორციელების უფლება უნდა გადასცემოდა. შესაბამისად, ამ გზით GEDF-ს პრაქტიკულად მინიჭებული ჰქონდა ენერგეტიკული პროექტის განმახორციელებელი კომპანიის შერჩევის უფლებამოსილება სახელმწიფოს ნაცვლად. მართალია, GEDF-ს აქციების 100%-ის მესაკუთრე სახელმწიფოა, თუმცა იგი მაინც სამეწარმეო სუბიექტია და ის, თუ რამდენად გამართლებულია სახელმწიფოს ბუნებრივი რესურსების განკარგვასთან დაკავშირებული პროცესების კომპანიის მიერ წარმართვის პრაქტიკა, ვფიქრობთ, დამატებითი მსჯელობის საგანი უნდა იყოს. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ GEDF-ის მიერ საჯარო უფლებამოსილების[4] განხორციელების მიუხედავად, კომპანიის ხელმძღვანელობა თავს ადმინისტრაციული კანონმდებლობით შებოჭილად არ თვლიდა და მიუთითებდა, რომ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ სააქციო საზოგადოებაა და მას ნამახვანი ჰესზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება არ ჰქონდა.[5]
შესაბამისად, ფონდის გადაწყვეტილებით, კონფიდენციალურად დარჩებოდა გამარჯვებულის შერჩევის კრიტერიუმები, ინტერესთა გამოხატვის მონაწილეთა წინადადებები და შესარჩევი კომისიის წევრების ვინაობა. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის[6] ენერგეტიკული პროექტის შესახებ არსებითი ხასიათის ინფორმაციის ამ ფორმით დახურვა და საზოგადოებისთვის მისი გაცნობა-არგაცნობის შესახებ გადაწყვეტილების ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანიის მიერ მიღება გაუმჭვირვალე და არადემოკრატიულ პრაქტიკად უნდა ჩაითვალოს.
ხელშეკრულების თანახმად, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს (Public-Private Partnership (PPP)). აღსანიშნავია, რომ საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა[7], რომელიც რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა,[8] არეგულირებს ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების ერთი ნაწილის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ძირითადად, პრაქტიკაში კანონის მოქმედების სფეროში ექცევა ის ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებულ შესყიდვას ითვალისწინებს. ამდენად, მართალია, ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებაზე მუშაობა აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე იყო დაწყებული, თუმცა პროექტი მაინც მოექცა საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონმდებლობის მოქმედების სფეროში და PPP პროექტად განისაზღვრა, რაც ხელშეკრულების შეფასებისას მნიშვნელოვანი გარემოებაა.
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები რელევანტურია პროექტის განმახორციელებლად კომპანია „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ შერჩევის საკითხთან დაკავშირებითაც; საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს #426 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის“ 27-ე მუხლის მიხედვით, კერძო პარტნიორის (პროექტის განმახორციელებელი) შერჩევის პროცესში დაუშვებელია იმ პირის მონაწილეობა, რომელმაც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელებისას არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები. დადგენილებით დამტკიცებული წესი მიუთითებს იმ პროექტებზე, რომლებიც საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონმდებლობის ამოქმედებამდე განხორციელდა, თუმცა კანონით დადგენილი დეფინიციის მიხედვით PPP პროექტებად მიიჩნევიან. როგორც ითქვა, ენერგეტიკის სექტორში ასეთად ძირითადად ის პროექტები ითვლება, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვას ითვალისწინებს. ამგვარ პროექტებს შორისაა შუახევი ჰესის პროექტი. როგორც ცნობილია, შუახევი ჰესის განხორციელების უფლება ნორვეგიულ კომპანიას, „ქლინ ენერჯი ინვესტს“ ჰქონდა გადაცემული. ეს კომპანია, “Clean Energy Group A.S.”-თან („ენკა რინიუებლზ“-ის წილების მესაკუთრე) ერთად, შედის “Clean Energy Group”-ის შემადგენლობაში.[9] ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ შუახევი ჰესის პროექტში „ქლინ ენერჯი ინვესტის“ მიერ ვალდებულებების შესრულების საკითხი, ჰესის გახსნიდან ორ თვეში გვირაბის ჩამონგრევის გამო, სათუოა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა შუახევი ჰესით მიყენებულ ზიანზე აქტიურად საუბრობს[10], ნამახვანი ჰესის მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფომ „ქლინ ენერჯი ინვესტის“ აფილირებული კომპანია, „ქლინ ენერჯი გრუფი“ შეარჩია. იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ხელშეკრულების პრეამბულაშია ნათქვამი, კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლამდე დასრულდა, კანონის მოთხოვნის პირდაპირ დარღვევაზე საუბარი რთულია. თუმცა, კანონმდებლობის, ჩანაწერი, რომელიც მოითხოვს, რომ კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში არ უნდა იქნას დაშვებული PPP პროექტით გათვალისწინებული ვალდებულების დამრღვევი პირი, ასახავს კარგი მმართველობის ზოგად პრინციპს, რომლის მიხედვით, კომპანია, რომელმაც უკვე დაარღვია სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, სხვა პროექტის განმახორციელებლად არ უნდა შეირჩეს. შესაბამისად, ნამახვანი ჰესის პროექტის „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიასთვის“ გადაცემის გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დგება და სახელმწიფოს მხრიდან, სულ ცოტა, დამატებით დასაბუთებას მოითხოვს. ამასთან, შუახევი ჰესის აშენებასა და ოპერირებაზე პასუხისმგებელ კომპანიასთან ნამახვან ჰესის პროექტის კავშირი, საზოგადოებაში სრულიად დასაბუთებულ და ლეგიტიმურ შიშებს აჩენს კომპანიის შესაძლებლობებთან და კვალიფიკაციასთან მიმართებით.
საბოლოოდ, 2019 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ენკას ოფიციალურად გადაეცა ნამახვანის პროექტის განხორციელების ექსკლუზიური უფლება. ხელშეკრულება აწესრიგებს მთავრობასა და კომპანიას შორის ნამახვანი ჰესების პროექტის ირგვლივ არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, ადგენს და დეტალურად განსაზღვრავს მთავრობის და კომპანიის უფლებებსა და მოვალეობებს, ხელშეკრულების სხვა მხარეების ვალდებულებებს, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების (Guaranteed Power Purchase Agreement (PPA)) პირობებს (ტარიფი, ხანგრძლივობა), პროექტის განხორციელების ვადებს, პირობებს და სხვა.
[1] GEDF-ის აქციების 100%-ის მესაკუთრე სახელმწიფოა, შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3aTcAN9.
[2] შპს „Clean Energy Group Georgia” საქართველოში დაფუძნებული კომპანიაა (ს/ნ: 404507495), რომლის 100%-იან წილს, თავდაპირველად, ნორვეგიული „Clean Energy Group AS“ ფლობდა (ამ ნორვეგიულ კომპანიის მჭიდროდ აფილირებულ კომპანიას, “Clean Energy Invest AS”-ს საქართველოში კიდევ ერთი პროექტის, აჭარისწყალის კასკადის ჰესების (მოიცავს შუახევი და სხალთა ჰესებს) განხორციელების უფლება აქვს გადაცემული მთავრობასთან გაფორმებული კიდევ ერთი შეთანხმებით). მოგვიანებით შპს „Clean Energy Group Georgia”-ს წილებს (90%) თურქული ენკა ყიდულობს; ამჟამად ნორვეგიული Clean Energy Group A.S. კომპანიის 10%-იან წილს ფლობს. 2019 წლის მაისში, მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შპს “Clean Energy Group Georgia” იცვლის სახელს და ხდება შპს „Enka Renewables“.
[3] საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 მაისის #N 2-451 ბრძანება „სს „ნამახვანზე“ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შპს „ენკა რინიუებლზზე“ გადაცემის შესახებ“; https://bit.ly/2NVGRCe.
[4] საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა პირი (მათ შორის, კომპანია), რომელიც საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს ახორციელებს და, შესაბამისად, მათზე ვრცელდება კოდექსით დადგენილი საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება.
[5] Ifact, „Details of Namakhvani Dam Cascade Tender are confidential“, 2017 წლის 31 იანვარი; http://bit.ly/2MvSJKy/.
[6] ნამახვანის ჰესების კასკადს სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტად თავად ხელშეკრულების ტექსტი აცხადებს, მე-5 დანართი, “g” პუნქტი, გვ. 120.
[7] მოიცავს საქართველოს კანონს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ და დაკავშირებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს; http://bit.ly/3uvWrF7.
[8] კანონის ძირითადი დებულებები 2018 წლის 1 ივლისიდან მოქმედებს.
[9] შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3uGnvBS.
[10] რადიო თავისუფლება, „რატომ არ მუშაობს ორი წლის წინ დასრულებული შუახევი ჰესი დღემდე?“ 25 აპრილი, 2019; http://bit.ly/3b1qcpR.
ინსტრუქცია