[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / კვლევა

ხარვეზები, დარღვევები და დაუსაბუთებელი შეღავათები - ნამახვანი ჰესის პროექტის ისტორია

Library Thumbnail Image

ხელმძღვანელი:   თათული ჭუბაბრია

გვერდების რაოდენობა:  74

გამოცემის წელი:  2021

მკვლევრები:  სალომე შუბლაძე

Namakhvani_GEO_1627034768.pdf

კვლევის ძირითადი მიგნებები

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტი, ქვეყნის ჰიდრორესურსების ათვისების სახელმწიფო პოლიტიკის არაერთი სისტემური ხარვეზის, საკანონმდებლო ჩავარდნებისა და დაუსაბუთებელი, ბუნდოვანი შეღავათების ილუსტრაციას წარმოადგენს. ნამახვანის დღევანდელი პროექტი თითქმის ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი სამართალდარღვევებით ხასიათდება.

ინვესტორის შერჩევა

  • სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკული პროექტის, ნამახვანი ჰესის განმახორციელებელი კომპანიის შერჩევაზე უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო წარმოადგენდა, თუმცა, ინვესტორის შერჩევა სახელმწიფოს ნაცვლად სამეწარმეო სუბიექტმა, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ განახორციელა. აღნიშნულმა ქმედებამ პროცესების გამჭირვალობისა და საჯაროობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზები და დარღვევები გააჩინა.
  • საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია, რომელი კომპანიები მონაწილეობდნენ ფონდის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში და რა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩა ნამახვანის ჰესის პროექტის განსახორციელებლად შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია“ (მოგვიანებით კომპანიამ მფლოებელიცა და სახელწოდებაც გამოიცვალა და დღეს წარმოდგენილია შპს „ენკა რინიუებლზის“ სახელით).
  • საგულისხმოა, რომ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ კომპანიას, ასევე უნდა გამოესყიდა ფონდის შვილობილი კომპანიის სს „ნამახვანის“ აქტივები, კერძოდ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის უკვე არსებული გარემოსდაცვითი და მშენებლობის ნებართვები და პროექტთან დაკავშირებული დამატებითი აქტივები. ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებით, ფაქტობრივად ფონდი მისივე შვილობილი კომპანიის აქტივების შემსყიდველ კომპანიას არჩევდა.
  • დამატებით, ორი წლის დაგვიანებით გასაჯაროებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ცნობილი გახდა, რომ ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული 6,7 მილიონი დოლარის ანაზღაურების მიღება პირდაპირ დაუკავშირდა სახელმწიფოს მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხს. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვან რისკებს შეიცავდა და პოტენციურ საფრთხეს უქმნიდა ნებართვის გაცემისას ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

მშენებლობა, ფლობა, ოპერირების ხელშეკრულება

  • საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონმდებლობით მოთხოვნილი ნამახვანი ჰესის კასკადის ხელშეკრულების ხელმოწერამდე საჭირო დოკუმენტაციის ნაწილი ჯერაც დაფარულია, მათ შორისაა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი, და ფინანსთა სამინისტროს დასკვნა პროექტის ფისკალური რისკები შეფასების შესახებ. ფინანსთა სამინისტროს დასკვნა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. აღნიშნული დასკვნის გარეშე, სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული ხელმოწერის კანონიერების საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
  • სახელმწიფომ ხელშეკრულებას ხელი 2019 წელს მოაწერა, მაგრამ თავად ხელშეკრულება 2 წლის მანძილზე იყო გასაიდუმლოებული და მხოლოდ 2021 წლის თებერვალში გასაჯაროვდა. სამწუხაროდ, ხელშეკრულების პირობების შეფასება მიუთითებს, რომ არსებული შეთანხმებით საქართველოს მთავრობის მიერ კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ინტერესები დათმობილია. ხელშეკრულება დათმობილი სიკეთეების სანაცვლოდ სახელმწიფოსთვის სათანადო სარგებლის მიღებას ვერ უზრუნველყოფს.
  • 2021 წელს ასევე პირველად გასაჯაროვდა იუსტიციის სამინსიტროს 2019 წლის 30 მარტის დასკვნა, რომლის გასაჯაროებაც სასამართლოს გზით ჰქონდა მოთხოვნილი სოციალური სამართლიანობის ცენტრს. სამართლებრივი რისკებისა და სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების მასშტაბურობის გამო იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები უკიდურესად კრიტიკული აღმოჩნდა. თუმცა ხელშეკრულების საბოლოო რედაქციიდან ირკვევა, რომ შენიშვნების უმეტესობა გათვალისწინებული არ იქნა.
  • ხელშეკრულების გასაჯაროების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფომ მითითებული შეთანხმებით ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის სავალდებულო შესყიდვისგან თავისუფალ პერიოდში ქვეყნის ტერიტორიაზე დატოვებისა და საკუთარი მოსახლეობის დაკმაყოფილების უზრუნველყოფა ვერ მოახერხა. კომპანიას, სრული უფლება აქვს ექსპორტზე გაიტანოს გამომუშავებული ენერგია, ხოლო აღნიშნული უფლების შეზღდუდვა სახელმწიფოს ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ჩაეთვლება.

კომპანიისთვის წინასწარ გადაცემული ტერიტორიები

  • ნამახვანის ჰირდოელექტროსადგურების კასკადზე გარემოსდაცვითი და მშენებლობის ნებართვების გაცემამდე რამდენიმე თვით ადრე, კომპანია „ენკა რინიუებლზს“ პროექტის განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო მიწები, კერძოდ, რიონის ხეობაში 576 ჰა ტერიტორია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წინასწარ გადაეცა.
  • აღნიშნულმა ფაქტმა სრულ ფორმალობად აქცია პროექტზე გარემოსდაცვითი თუ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა და ნათლად დააფიქსირა სახელმწიფოს პოზიცია, რომ ნამახვანი ჰესის პროექტი განხორციელდებოდა, ხოლო დადებითი ნებართვები ამ გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემოდა. როგორც გარემოსდაცვითი, ისე მშენებლობის ნებართვების პროცედურები აღნიშნული ვარაუდის ნათელ ილუსტრაციად იქცა.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება

  • გარემოსდაცვითი გააწყვეტილება ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მხოლოდ ერთ, ქვემო ნამახვანი ჰესს აქვს. ზემო ნამახვანი ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასება და შესაბამისად, ნებართვა დღემდე არ არსებობს. აღნიშნული გარემოება ქვემო ნამახვანი ჰესის გარემოსდაცვითი ნებართვის უკანონობის საფუძველიცაა. ნებართვების დაყოფა და ამ ჰესების გარემოზე ზემოქმედების ცალ-ცალკე, დანაწევრებულად შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გარემოსდაცვითი პრინციპების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სანდარტების უგულებელყოფას და კანონმდელობის დარღვევას წარმოადგენს.
  • ქვემო ნამახვანის გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში დაირღვა ფუნდამენტური გარემოსდაცვითი უფლებები. გადაწყვეტილება საზოგადოების რეალური ჩართულობის გარეშე იქნა მიღებული. ადგილობრივ მოსახლეობას დაგეგმილი საქმიანობის თაობაზე საჯარო განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ მიეცათ, რადგან განხილვა საპროექტო არეალიდან მნიშვნელოვნად დაშორებულ ადგილზე ჩატარდა. ამასთან, განხილვებზეც სახელმწიფოს მხრიდან პასუხგაუცემელი რჩებოდა საზოგადოების სამართლიანი და კრიტიკული შეკითხვები.
  • კომპანიის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედდების შეფასება, პროექტის თაობაზე სრულყოფილ და სავალდებულო კვლევებს არ მოიცავს. იმ პირობებში, როდესაც სრულყოფილი გარემოსდაცვითი კველვები არ არსებობდა, გადაწყვეტილება კონკრეტული პირობებით გაიცა და კომპანიას უმნიშვნელოვანესი კვლევების წარმოდგენა მოგვიანებით დაავალა. კანონმდებლობა არ იცნობს რამე სახის პირობიანი ნებართვის გაცემის შესაძლებლობას, ამგვარი მიდგომა პირდაპირ ეწინააღმდეგება გარემოსდაცვით პრინციპებს. დაუშვებელია პროექტზე სრული და ყოველმხრივი ინფორმაციის არსებობის, მისი სავალდებულო საექსპერტო შეფასების გარეშე რაიმე სახის წინასწარი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული.
  • საგულისხმოა, რომ კომპანიამ აღნიშნული პირობიანი ნებართვაც დაარღვია და სახელმწიფოს სავალდებულო კვლევები არ წარუდგინა. აღნიშნულის საფუძველზე 2021 წლის 18 იანვარს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების შედეგად კომპანია ერთჯერადად დაჯარიმდა კიდეც.

მშენებლობის ნებართვა

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადი, მისი მასშტაბის გათვალისწინებით, კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს წარმოადგენს. მსგავსი აღიარების მიუხედავად, რაც მშენებლობისას მომეტებული რისკის არსებობასა და ნაგებობის განსაკუთრებული სიფრთხილით, მხოლოდ სრულყოფილად შესწავლის საფუძველზე მშენებლობას გულისხმობს, ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშეღავათო პირობა იქნა გამოყენებული და მშენებლობის ნებართვაც სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე, კონკრეტული პირობებით გაიცა.

პირობიანი მშენებლობის ნებართვა კანონმდებლობით მხოლოდ და მხოლოდ დასაბუთებული შუამდგლობის საფუძველზე და კონკრეტული გარემოებების შემთხვევაში შეიძლება გაიცეს. აღნიშნულის მიუხედავად, ნამახვანი ჰესზე მშენებლობის ნებართვის მიღების გამარტივებული გზა, მშენებელ კომპანიას თავად მშენებლობის ნებართვის გამცემმა სახელმწიფო ორგანომ შესთავაზა, ხოლო სამშენებლო სუბიექტმა უბრალოდ თანხმობა განაცხადა მიეღო აღნიშნული პირობები. კანონმდებლობით განსაზღვრული დასაბუთებული შუამდგომლობა საერთოდ არ არსებობს.

აქვე, თავს იჩენს საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდის მიერ აღებული ვალდებულება. კერძოდ, მაშინ როდესაც, ეკონომიკის სამინისტროს მმართველობაში არსებულმა ფონდმა კომპანიის მშენებლობის უფლების მოპოვებაში დახმარების ვალდებულება იკისრა, ასევე ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო მშენებლობის ნებართვას აუცილებელი სამშენებლო დოკუმენტაციის არარსებობის პირობებში, ნებართვის მაძიებლის დასაბუთებული შუამდგომლობის გარეშე, გამარტივებულად გასცემს. აღნიშნული გარემოება კი, ნებართვის კანონიერების თაობაზე საზოგადოებაში დამატებით მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს.

აღსანიშნავია, რომ მშენებლობის მიმდინარეობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა უკიდურესად პასიურად მიმდინარეობს. მშენებლობის ნებართვის პირობების დარღვევის მიუხედავად, 2020 წლის ოქტომბერსა და 2021 წლის მარტში განხორციელებული შემოწმებებით დარღვევები არ დაფიქსირდა და კომპანიას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ განესაზღვრა.

კვლევა სრულად შეგიძლია იხ. მიმაგრებულ ფაილში

Namakhvani_GEO_1627034768.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“