[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანი ჰესზე იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროს დასკვნების გასაჯაროებაზე უარს ასაჩივრებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებისგან ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების თაობაზე მათი დასკვნების გასაჯაროებაზე უარს ადმინისტრაციული საჩივრითა და სასამართლოს გზით ასაჩივრებს.

ორივე დოკუმენტი საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს და მათზე წვდომის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამასთან, ამ დასკვნების შინაარსთან დაკავშირებით არსებობს უკიდურესად მაღალი საჯარო ინტერესი, და მათი ამ დრომდე დახურულობა მიანიშნებს იმაზე რომ მიუხედავად მოჩვენებითი ღიაობისა და არაერთი დაპირებისა “უკეთესი ნამახვანისთვის”, სახელმწიფო კვლავაც არ არის მზად, ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებული ყველა საჯარო დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახადოს დარგის ექსპერტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფართო საზოგადოებისთვის. ამ დოკუმენტების შინაარსის და მათი არსებობა-არარსებობის შესახებ ინფორმაციის დამალვა ასევე ამყარებს საზოგადოებაში არსებული ვარაუდებს იმის შესახებ, რომ პროექტი ამ ორი საჯარო უწყების პოზიციების უგულებელყოფით და, უფრო მეტიც, შესაძლოა, მათ პოზიციის საწინააღმდეგოდაც ხორციელდება. რაც კიდევ უფრო მწვავედ აყენებს ამ ორი უწყების პასუხისმგებლობის საკითხს და ავალდებულებს, ცალსახად განაცხადონ, როგორი იყო მათი პოზიცია ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებაზე, პროაქტიულად გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია და კანონით დაწესებულ ვადებში უპასუხონ საჯარო ინფორმაციის შესახებ მოთხოვნებს.

შეგახსენებთ, რომ ფისკალური რისკების შესახებ ფინანსთა სამინისტროს დასკვნა პროექტის საჯარო სარგებლიანობისა და მისი განხორციელების ეკონომიკურ მიზანშეწონილობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანი ფაქტორია, იუსტიციის სამინისტროს დასკვნა კი - აფასებს ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რისკებს და იმას, თუ რამდენადაა დაცული ხელშეკრულებით სახელმწიფოს ინტერესი. აღნიშნული დასკვნები ამ ტიპის პროექტისთვის ცენტრალური დოკუმენტებია და მათი არარსებობა საქართველოს მთავრობის მიერ ნამახვანის ხელშეკრულების გაფორმების უკანონოდ ცნობისთვის სამართლებრივ საფუძველს ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში 10 დღის ვადაში უნდა გაიცეს, არცერთი სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიგვიღია.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მივმართეთ; ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან საჯარო ინფორმაციის გაცემა ადმინისტრაციული საჩივრითაც მოვითხოვეთ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“