[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად სასამართლოს მიმართავს

ნამახვანი ჰესის პროექტის ირგვლივ არსებული უამრავი შეკითხვის პარალელურად, სახელმწიფო აგრძელებს პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის უკანონოდ დახურვას, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს პროექტის უკანონობასა და სახელმწიფო ინტერესებთან მის შეუთავსებლობაზე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სახელმწიფო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს სასამართლოში ასაჩივრებს. ამჯერად, ინფორმაციის გაცემას ფინანსთა, ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროებისგან ვითხოვთ. იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროების წინააღმდეგ სარჩელის განსახილველად სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს ჩაინიშნა. ჩვენმა ორგანიზაციამ შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნით უშუალოდ ამ უწყებებს უკვე მიმართა, თუმცა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი ვადის ამოწურვის მიუხედავად, ეს ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.

ამჯერად, სასამართლოს ნამახვანის პროექტთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად მივმართეთ, როგორიცაა ფინანსთა სამინისტროს დასკვნა, პროექტის ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი, ინფორმაცია იუსტიციის სამინიტროს მიერ ნამახვანის ხელშეკრულების შესაფასებლად გამოცხადებული იურიდიული ფირმის შერჩევის პროცესის შესახებ და სხვ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ყველა ეს ინფორმაცია, კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს და მათზე წვდომის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. მიუხედავად ამისა, ეკონომიკის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროები ამ ინფორმაციას უკანონოდ და თვითნებურად მალავენ.

  • ფინანსთა სამინისტროს დასკვნა

აღსანიშნავია, რომ ნამახვანის ჰესის პროექტზე Ფინანსთა სამინისტროს დასკვნის მოპოვებას ჟურნალისტებიც ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ და ამ დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე დახურულია. არსებობს ყველა საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს დასკვნა ან საერთოდ არ არსებობს, ან ის პროექტის მიმართ კრიტიკულია. Ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ცალსახა უკანონობასთან: საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დაუშვებელი იყო ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების ხელმოწერა ფინანსთა სამინისტროს დადებითი დასკვნის გარეშე. Შესაბამისად, ამ დოკუმენტის ამ დრომდე გაუსაჯაროებლობა აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს, რომ ფინანსთა სამინისტროს პოზიცია ნამახვანი ჰესის პროექტის მიმართ, იუსტიციის სამინისტროს მსგავსად, კრიტიკული იყო და რომ ხელშეკრულების ხელმოწერა კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევით მოხდა, რაც მის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს.

  • პროექტის ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი

აღსანიშნავია, რომ ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი პროექტის ეკონომიკური სარგებლიანობის დასაბუთებისთვის ცენტრალური დოკუმენტია და მისი მომზადება ნამახვანი ჰესის პროექტზე კანონმდებლობით სავალდებულო იყო. გასულ თვეს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულმა განცხადებამ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი ეს დოკუმენტი ნამახვანი ჰესის პროექტზე არ მომზადებულა, რითაც უხეშად დაირღვა კანონის მოთხოვნები. Ამ დოკუმენტის არარსებობასთან დაკავშირებულ ეჭვებს ამყარებს ისიც, რომ ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტრო ინფორმაციას ნამახვანი ჰესის პროექტის ხარჯთსარგებლიანობის შესახებ უკვე თვეებია მალავს.

  • ინფორმაცია იუსტიციის სამინიტროს მიერ ნამახვანის ხელშეკრულების შესაფასებლად გამოცხადებული იურიდიული ფირმის შერჩევის პროცესის შესახებ

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მაისში იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შერჩევის მიზნით, რომელმაც ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასება უნდა მოამზადოს. Ჩვენი შეფასებით, აზრს მოკლებულია სამინისტროს გადაწყვეტილება, შეარჩიოს საერთაშორისო იურიდიული კომპანია ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შესაფასებლად, მაშინ, როცა აღნიშნული შეფასება უშუალოდ მისი, როგორც საჯარო უწყების, კომპეტენციაა და, რაც მთავარია, შეფასებაც უკვე მომზადებული აქვს. Ამასთან, იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული შერჩევის პროცესი წარიმართა გაუმჭვირვალედ და კანონის მოთხოვნების პირდაპირი დარღვევით. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საჯარო ინფორმაციის მოპოვების მიზნით იუსტიციის სამინისტროს მიმართა და შერჩევის პროცესის ცალკეული ასპექტების განმარტება სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. იუსტიციის სამინისტროს გაუმჭვირვალობა და შერჩევის პროცესის საეჭვო ვითარებაში წარმართვა ძირს უთხრის პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას და აღრმავებს ეჭვებს, რომ ხელისუფლება ახალი, ამჯერად ნაკლებად კრიტიკული დასკვნის მოპოვებას ცდილობს კერძო კომპანიისგან, რომელსაც დახურულ კარს მიღმა და უკანონო პროცესის შედეგად შეარჩევს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო უწყებები ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას საზოგადოებისგან მალავენ. თავად ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის მხოლოდ მისი გაფორმებიდან ორი წლის შემდეგ, გამომძიებელ ჟურნალისტთა ძალისხმევით გახდა ცნობილი. Გარდა ამისა, მიმდინარე წლის მაისში ჩვენი ორგანიზაცია სასამართლოს გზით ითხოვდა, გასაჯაროებულიყო იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელსაც სამინისტრო უკანონოდ მალავდა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც “მთის ამბების” ძალისხმევით გამჟღავნდა, ნამახვანის ხელშეკრულების მიმართ უკიდურესად კრიტიკული იყო.

როგორც აღინიშნა, Ჩვენი ორგანიზაცია ფინანსთა სამინისტროს დასკვნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას სასამართლო გზით ცდილობს, თუმცა ნამახვანი ჰესის პროექტით გათვალისწინებული უმძიმესი ფისკალური რისკების და საბიუჯეტო გარანტიების ფონზე, ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც ფისკალური რისკების მართვაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებას, გაიაზროს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა, გააკეთოს განმარტებები ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით და გაამხილოს, როგორი იყო მისი პოზიცია ნამახვანი ჰესის პროექტზე ხელშეკრულების ხელმოწერამდე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“