[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესს ეხმიანებიან

ნამახვანჰესის საკითხზე ენერგოგაერთიანების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში ჩართულ ორგანიზაციებს გვსურს, საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი პოზიცია მიმდინარე პროცესის შესახებ. აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობა, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს ნამახვანჰესის გარშემო შექმნილი კრიზისის დაძლევას. ამისთვის კი აუცილებელია, პირველ რიგში, რიონის ხეობაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შეჩერება, ისევე როგორც პროექტის დამოუკიდებელი, კვალიფიციური შეფასების პროცესის უზრუნველყოფა.

ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ივნისი-ივლისის განმავლობაში მოგვეცა შესაძლებლობა, ჩავრთულიყავით "ტექნიკური დავალების" შემუშავების პროცესში, რითაც მომავალში დამოუკიდებელმა ექსპერტებმა უნდა იხელმძღვანელონ. თუმცა, სამწუხაროდ, კვლავ გამოწვევად და შესასრულებელ ამოცანად რჩება ექსპერტების შერჩევა პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის პრინციპით, დაფინანსების სანდო წყაროს მოძიება და შეფასების ამ პროცესისადმი მხარეებისა და ფართო საზოგადოებისთვის ნდობის გარანტიების შექმნა.

ამჟამად, კვალიფიციური და მიუკერძოებელი შეფასებების შესასრულებლად ერთ-ერთ პრეტენდენტად განიხილება სფეროში უდიდესი გამოცდილებისა და რეპუტაციის მქონე ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ინსტიტუცია ჩვენი მეგობარი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან. პროცესში ამ ორგანიზაციის ჩართულობა სრულად მისაღებია როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, ისე თავად ენერგოგაერთიანებისთვისაც. თუმცა, მთავრობას აქვს მცდელობა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებიდან და შესაბამისად, მომავალში დოკუმენტების რევიზიის პროცესიდან გამოირიცხოს ეს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაცია.

მივიჩნევთ, რომ აღნიშნული მოლაპარაკებების ფარგლებში სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის ერთპიროვნულად და დაუსაბუთებლად “გამორიცხვა” პროცესისადმი საზოგადოების ნდობას ასუსტებს და მხარეებს უთანასწორო პირობებში აყენებს. შესაბამისად, აუცილებელია, მთავრობის წარმომადგენლებმა უახლოეს მომავალში, საჯაროდ, წარმოადგინონ არგუმენტები, თუ რატოა ამ ევროპული ორგანიზაციის ჩართვა პროცესში მათთვის მიუღებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე ექმნება ექსპერტთა შერჩევის მომდევნო პროცესს, მის ვალიდურობასა და გამჭვირვალობასაც.

ამასთან, მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ დამოუკიდებელი შეფასების პროცესის დასრულებამდე კომპანიამ შეაჩეროს ხეობაში მიმდინარე სამუშაოები, რათა არ დავუშვათ ხეობის ბუნებრივი და სოციალური გარემოს შეუქცევადი და გამოუსწორებადი დაზიანება.

ჩვენთვის სასიხარულოა, რომ რიონის ხეობაში ამჟამად სიტუაცია სტაბილიზებულია, თუმცა საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მთავრობის მხრიდან 12 ივნისს, ნატახტარში, გამართულ შეხვედრაზე შეთანხმებულ სხვა საკითხებთან ერთად, მთავრობას ჯეროვნად და სრულყოფილად არ შეუსრულებია მედიაციის არც ერთი წინაპირობა. რამდენიმე კვირიანმა მოლაპარაკებებმა ცხადყო, რომ დროებით ღონისძიებად ჰესის მშენებლობის შეჩერება და მშენებლობის პროცესით გამოწვეული საფრთხეებისა თუ რისკების აღმოფხვრა მთავრობის ინტერესში არ შედის, რაც რიონის ხეობაში სიტუაციის მოულოდნელი ესკალაციის საშიშროებას არ ამცირებს. ეს საკითხი განსაკუთრებულ კრიტიკულობას იძენს იმის გამო, რომ კომპანია “ენკა”-მ უარი განაცხადა მოლაპარაკებებში ჩართვაზე. სანაცვლოდ, კომპანია საჯარო განცხადებებში ამბობს, რომ ხეობაში მშენებლობა არ ჩერდება და ეს საკითხი არც კი განიხილება.

რეგიონში სტაბილურობის შესაქმნელად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მთავრობამ არ შეასრულა რიონის ხეობაში შეუფერხებელი და თავისუფალი გადაადგილების აღდგენის ვალდებულება, რომელიც მას მოლაპარაკებების შედეგად ჰქონდა აღებული. ნაცვლად ამისა, პოლიციამ მხოლოდ სოფელ გუმათში უკანონოდ აღმართული რკინის ბარიერი მოხსნა.

შეფასების პროცესის მიმდინარეობისას გარემოს დაცვისა და ზიანის შემცირების პრინციპის დასაცავად, მოვუწოდებთ მთავრობას:

  • განუმარტოს საზოგადოებას ის მიზეზები, რის გამოც, მათთვის მიუღებელია პროექტის გადახედვის პროცესში საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციისა და კვალიფიკაციის ორგანიზაციის ჩართვა;
  • ხელი არ შეუშალოს არც ერთ საერთაშორისო რეპუტაციულ ორგანიზაციას, მონაწილეობა მიიღოს ნამახვანი ჰესის პროექტის შეფასების პროცესში და საკუთარი პოზიტიური ვალდებულებებიდან გამომდინარე იმოქმედოს ისე, რომ ამ პროცესში მოწვეული იყვნენ ყველაზე სანდო და კვალიფიციური ორგანიზაციები;
  • ხეობაში ბუნებრივი გარემოზე მიყენებული შესაძლო ზიანისა და ვითარების ხელახალი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, დროებით ღონისძიებად წარმოადგინოს ნამახვანჰესის მშენებლობების შეჩერების გეგმა;
  • ცხადად გაანალიზოს ხეობაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ვალდებულება და დაუყოვნებლივ მოხსნას ხეობაში გადაადგილების დაუსაბუთებელი და არაკანონიერი შეზღუდვა.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • მწვანე ალტერნატივა
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მწვანეები
  • სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის
  • თაობათა დიალოგი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“