[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / განცხადება

გაეროს კომიტეტი: შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა არაერთი მიმართულებით უკიდურესად პრობლემურია

გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტმა საქართველოში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის შესრულების პროგრესი პირველად შეაფასა, ამ ჯგუფის წინაშე არსებული გამოწვევები შეაჯამა და მთავრობის მიმართ დასკვნითი მოსაზრებები გამოსცა. თავისი 19-გვერდიანი შეფასებისა და რეკომენდაციების შემუშავებისას, მთავრობის მიერ წარდგენილ ანგარიშთან ერთად, კომიტეტი საქართველოს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, შშმ პირთა ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებს დაეყრდნო. აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, კომიტეტს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2017, 2018, 2020 და 2023 წლებში, 5 ანგარიში წარუდგინა.

რაზე იმსჯელა კომიტეტმა?

კომიტეტმა შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ შშმ პირთა უფლებების დაცვის ხარისხი და 2014 წლიდან დღემდე გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის შესრულების მდგომარეობა. მან დადებითად განიხილავს ქვეყანაში სხვადასხვა დოკუმენტის, უმეტესწილად, თემატური კანონმდებლობის (მაგალითად, კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და სხვა) არსებობას, ასევე, სახელმწიფოს მცდელობას, გააუმჯობესოს კონვენციის იმპლემენტაციისათვის საჭირო ინსტიტუციური და პოლიტიკის ჩარჩო, მათ შორის, მთავრობის დონეზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის გზით.

თუმცა, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმალურად არსებობის პარალელურად, კომიტეტმა არაერთი გამოწვევა დააიდენტიფიცირა, რომელთა არსებობაც შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას ქვეყანაში უკიდურესად მძიმეს ხდის და მთავრობის მხრიდან კომპლექსური და სწრაფი რეაგირების საჭიროებას ქმნის. იდენტიფიცირებულ გამოწვევებს შორისაა:

  • შშმ პირთა შეფასებისა და მათ მიმართ პოლიტიკის დაფუძნება სამედიცინო დიაგნოზებზე, ნაცვლად, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებისა,
  • მთელი რიგი ჯგუფების, მათ შორის, შშმ ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების საჭიროებების გაუთვალისწინებლობა კანონმდებლობაში, პოლიტიკასა და პრაქტიკაში;
  • შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხების ლიმიტირებული გათვალისწინება ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში (2022 – 2030 წლებისათვის);
  • კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შეზღუდული ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსები;
  • დისკრიმინაციასთან, მათ შორის, ინტერსექციულ დისკრიმინაციასთან, ბრძოლის მიმართულებით კანონმდებლობისა და აღსრულების მექანიზმების სისუსტე;
  • გონივრული მისადაგების ვალდებულების არაჯეროვანი და უსისტემო გამოყენება არაერთ, მათ შორის, ჯანდაცვის, დასაქმებისა და განათლების, სფეროში;
  • არაერთ სფეროში მისაწვდომობის მწვავე და სისტემური პრობლემები და ამ მიმართულებით რეაგირების მექანიზმების არარსებობა/სიმწირე;
  • ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ პირების შეზღუდული წვდომა ინფორმაციაზე და ოფიციალური დოკუმენტებისა და საჯარო ინფორმაციის ეთნიკური უმცირესობების ენებზე თარგმნის რესურსების არარსებობა;
  • არანებაყოფლობითი მკურნალობის, ასევე, ფსიქიატრიული დახმარებისას არანებაყოფლობითი ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა, რაც კონვენციასთან შეუსაბამოა და არღვევს როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი შშმ პირების უფლებებს;
  • ინსტიტუციონალიზაციის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა; ასევე, აღნიშნულის პარალელურად, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფრაგმენტული განხორციელება და თემში არსებული სერვისების, მათ შორის, საცხოვრისის, პერსონალური ასისტირებისა და სხვა მხარდამჭერი პროგრამების, სიმწირე;
  • ქმედუნარიანობის რეფორმის არასრულფასოვანი განხორციელება და მხარდაჭერის სისტემის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ხარვეზები;
  • შშმ პირთა შეზღუდული წვდომა მართლმსაჯულებაზე, ინკლუზიურ განათლებაზე, საარჩევნო პროცესებზე, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამებზე, რეაბილიტაციისა და მხარდამჭერ სერვისებზე;
  • შშმ პირებთან დაკავშირებით რეალობასთან მიახლოებული სტატისტიკური მონაცემების არარსებობა;
  • შშმ პირთა მიმართ არსებული უარყოფითი სტერეოტიპების არსებობა კანონმდებლობასა და პრაქტიკაში;
  • სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს შშმ პირთა ორგანიზაციების უსისტემო ჩართულობა და მათი რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა.

ამასთან, კომიტეტმა ხაზი გაუსვა შშმ პირთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობასა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს რეაგირების მექანიზმების სისუსტეს. კერძოდ, კომიტეტის მიერ იდენტიფიცირებულ გამოწვევებს შორის აღსანიშნავია:

  • სოციალური ბენეფიტების სიმწირის გათვალისწინებით, შშმ პირთათვის ცხოვრების ადეკვატური დონის უზრუნველყოფის შეუძლებლობა;
  • პენსიონერი შშმ პირებისათვის უფლების შეზღუდვა, ასაკობრივ პენსიასთან ერთად მიიღონ შშმ პირთათვის განკუთვნილი სოციალური პაკეტი;
  • შშმ პირებისათვის მისაწვდომი საცხოვრისის სერვისების სიმწირე;
  • დასაქმების ბაზარზე შშმ პირების, განსაკუთრებით შშმ ქალების, შეზღუდული წვდომა;
  • დისკრიმინაციული მიდგომები სხვადასხვა ტიპის ინტენსიური მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირების, ასევე, მხარდაჭერის მიმღები პირების დასაქმებასთან დაკავშირებით;
  • მნიშვნელოვანი სახელფასო სხვაობა (25 %) შშმ პირებსა და საზოგადოების დანარჩენ წევრებს შორის.

რა ღონისძიებები უნდა განახორციელოს მთავრობამ?

როგორც ზემოთ აღინიშნა, კომიტეტმა არაერთი პრობლემური საკითხი გამოკვეთა, რომელთა დროული აღმოფხვრა არსებითია შშმ თემის უფლებების დაცვისა და გარანტირებისათვის და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით კომიტეტმა ჯამში საქართველოს მიმართ 104 რეკომენდაცია გასცა, რომელიც მოიცავს შშმ პირთა უფლებების დაცვის უამრავ ასპექტს და გულისხმობს მთავრობის მიერ არაერთ სფეროში კანონმდებლობის, პოლიტიკისა და პრაქტიკის არსებით ცვლილებას. კომიტეტმა სახელმწიფოს შემდეგი ანგარიშის წარდგენის ვადად 2028 წლის 19 ივლისი დაუწესა, რა დროსაც მთავრობამ კომიტეტს ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესრულების პროგრესის შესახებ ინფორმაცია უნდა წარუდგინოს.

მოვუწოდებთ მთავრობას, უმოკლეს ვადებში და სრულყოფილად შეასრულოს კომიტეტის რეკომენდაციები და აღმოფხვრას ის გამოწვევები, რაც შშმ პირთა ცხოვრების პრაქტიკულად ნებისმიერ ასპექტში გამოიკვეთა. მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში აქტიურად მოხდეს შშმ პირთა ორგანიზაციებისა და თემის სხვა წარმომადგენლების აქტიური და ეფექტიანი ჩართულობა და მათი პერსპექტივების გათვალისწინება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დააკვირდება მთავრობის მიერ კომიტეტის რეკომენდაციების შესრულების პროცესს და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას ამ მიმართულებით არსებული პროგრესისა თუ გამოწვევების შესახებ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“