საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება, ვოლტის კურიერების პროტესტს და მიაჩნია, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები, რომლებიც „პლატფორმულ“ ეკონომიკაში დასაქმებისთვის დამახასიათებელ ფუნდამენტურ უსამართლობებს ააშკარავებს, უნდა გახდეს ბიძგი სახელმწიფოსთვის, განიხილოს ამ სექტორში დასაქმებული მშრომელების შრომითი და სოციალური გარანტიებით აღჭურვის გზები და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ვოლტის კურიერებმა 5 თებერვალს გამართულ აქციაზე შრომითი ანაზღაურების ზრდა და აპლიკაციაში არსებული ხარვეზების გამოსწორება მოითხოვეს. მათი თქმით, კომპანიაში არსებული სატარიფო პოლიტიკით განსაზღვრული ანაზღაურება არ შეესაბამება იმ მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ შრომას, რომელსაც კურიერები სწევენ. კურიერების პროტესტი ამ დრომდე გრძელდება და მათ დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნის სახალხო დამცველსაც მიმართეს. კურიერების თქმით, პროტესტის გამოხატვის შემდეგ, კომპანიისგან მიიღეს შეტყობინება ურთიერთობის შესაძლო შეწყვეტის შესახებ, რაც მათ მუქარად და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად აღიქვეს.
საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ვოლტი, და საქართველოში მოქმედი სხვა მიტანის სერვისის კომპანიებიც, კურიერებს დასაქმებულებად არ მიიჩნევენ და მათთან, როგორც „დამოუკიდებელ კონტრაქტორებთან“, საპარტნიორო მომსახურების ხელშეკრულებებს აფორმებენ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ კომპანიის პერსპექტივიდან, კურიერები არ ითვლებიან მშრომელებად და მათზე არ ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსით და, ზოგადად, კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები.
ამასთანავე, მიუხედავად კომპანიების მცდელობისა, შენიღბონ შრომითი ურთიერთობა, საერთაშორისო გამოცდილების კვალდაკვალ, საქართველოშიც აღიარებულ იქნა, რომ ამ შემთხვევაში, რეალურად საქმე გვაქვს შრომით და არა მომსახურების ხელშეკრულებასთან. უფრო ზუსტად, შრომის ინსპექციამ[1] და საქართველოს სახალხო დამცველმა[2], მხედველობაში მიიღეს რა, ფაქტობრივად არსებული გარემოებები (ნაცვლად ხელშეკრულების ფორმალური ასპექტებისა), დაადგინეს, რომ კურიერები რეალურად დასაქმებულები არიან და არა დამოუკიდებელი კონტრაქტორები; კურიერებსა და კომპანიას შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაში სუბორდინაციის, კონტროლის, ზედამხედველობის და სამუშაოს პირობების დადგენის ელემენტები, მას შრომით ურთიერთობად აქცევს. მიუხედავად ამისა, ამ სექტორში დასაქმებულები რჩებიან სოციალური დაცვის სისტემებს მიღმა და მათზე არ ვრცელდება შრომითი კანონმდებლობით განსაზღვრული ისეთი გარანტიები როგორიცაა ანაზღაურებადი შვებულება, შვებულება ავადმყოფობის გამო და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ე.წ „გიგ“/პლატფორმული ეკონომიკის ზომის მნიშვნელოვნად ზრდამ[3], ამ სექტორში დასაქმებულების შრომითი პირობები ახალ გამოწვევად აქცია. მოქნილი გრაფიკისა და შრომის ბაზარზე შედარებით კონკურენტული ანაზღაურების გამო, პლატფორმულ ეკონომიკაში დასაქმება ბევრისთვის მისაღები აღმოჩნდა, თუმცა, როგორც, ბოლო მოვლენები აჩვენებს კურიერების უმძიმესი შრომა, რეალურად სათანადოდ არ კომპენსირდება, მათ შორის, იმის გამო, რომ მათ რუტინულად უწევთ აუნაზღაურებელი დავალებების შესრულება (მაგალითად, ლოდინის დრო, შეკვეთის გაუქმებისას გაწეული სამუშაო), რაც ამ სექტორში ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა.
საგულისხმოა, რომ „გიგ“ ეკონომიკის უპირატესობად, ხშირად, ავტონომიურობას და მოქნილი გრაფიკს ასახელებენ, თუმცა ალგორითმზე დაფუძნებული სისტემა სინამდვილეში მნიშვნელოვნად ზღუდავს მშრომელების ავტონომიურობას.[4] პლატფორმული კომპანიების მიერ გამოყენებული ალგორითმები იყენებს მონაცემებს, რომლებზეც მშრომელებს არ აქვთ არც წვდომა და არც კონტროლი. კურიერების რეიტინგი, შეფასების სისტემა და პლატფორმიდან „დაბლოკვის“ შესახებ გადაწყვეტილებები ალგორითმების მიერ დამუშავებულ მონაცემებს ეფუძნება, რომლის სადავოდ გახდის შესაძლებლობა კურიერს არ აქვს.[5]
ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ტარიფს კომპანია ცალმხრივად, კურიერებთან კონსულტაციის გარეშე ადგენს და აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კურიერებს გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ.[6] მიგვაჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ტარიფის კურიერებთან შეთანხმების გარეშე, ცალმხრივად დადგენის და ცვლილების პრაქტიკა კურიერებს სრულად კომპანიაზე დამოკიდებულს ხდის; სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, სატარიფო პოლიტიკა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი და კურიერებს ჰქონდეთ ინფორმაცია თითოეული „საფასო ელემენტის“ შესახებ, ხოლო საბოლოო ტარიფი იყოს განჭვრეტადი და ექვემდებარებოდეს გადამოწმებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:
[1] საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, 2022 წლის 11 მარტი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3CEoE0w.
[2] საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია „შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ“, 14 ივნისი, 2021,
[3] „გალტ ენდ თაგარტი“, „ელექტრონული კომერცია საქართველოში“, 20 ივლისი, 2021, https://bit.ly/3iwmQ1H.
[4] World Employment and Social Outlook 2021: The role of digital labour platforms in transforming the world of work, International Labour Office, 2021. http://bitly.ws/bTzn.
[5] ევროკავშირში 2019 წელს მიღებული რეგულაცია ონლაინ „საშუამავლო“ კომპანიებს ავალდებულებს კონტრაქტორთან ხელშეკრულების შეჩერების/შეწყვეტისას მიაწოდოს მას, ინფორმაცია ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლების შესახებ; იმავე რეგულაციის მიხედვით, კომპანიის მიერ წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული მკაფიო პარამეტრები, რომლებიც გავლენას ახდენს კონტრაქტორების რეიტინგზე. იხ., Regulation (EU) 2019/1150 of the European Parliament and the Council of 20 June 2019 on promoting fairness and transparency for business users of online intermediation services, 2019, https://bit.ly/3Kqw7Hb.
[6] ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხელშეკრულების თანახმად, კურიერს შეუძლია შეწყვიტოს ურთიერთობა იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მიერ შემოღებული ახალი ტარიფი მიუღებელია, თუმცა იქამდე მოქმედი ტარიფით მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ არსებობს.
ინსტრუქცია