[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC სოლიდარობას უცხადებს გლოვოს კურიერებს და შრომის ინსპექციას კომპანიის შემოწმებისკენ მოუწოდებს

ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

EMC სოლიდარობას უცხადებს „გლოვო“-ს კურიერებს და მოუწოდებს შრომის ინსპექციას დაუყონებლივ დაიწყოს ინსპექტირება გლოვოს კურიერების შრომითი უფლებების დაცვის მიზნით.

გუშინ, 29 იანვარს „გლოვო“-ს კურიერების ნაწილმა სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა, კომპანიის ოფისთან ასზე მეტი კურიერი შეიკრიბა და მძიმე სამუშაო პირობები გააპროტესტა. როგორც კურიერები ამბობენ, კომპანია პერიოდულად აუარესებს სატარიფო პირობებს, რის შედეგადაც მცირდება მათი ანაზღაურება და უარესდება სამუშაო პირობები. მძიმე სამუშაო პირობებს თან ახლავს კომპანიის მხრიდან მათ მიმართ არასათანადო, ღირსების შემლახავი დამოკიდებულება, გამომუშავებაზე მიბმული სამუშაო პრაქტიკის სირთულეები და პანდემიის გამო გაზრდილი უსაფრთხოების რისკები. „გლოვო“-ს კურიერები ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის, რესტორნებთან/ობიექტებზე შეკვეთის ლოდინის დროის შემცირებას, ანაზღაურების ტარიფის ზრდას და ბონუსების არარეალისტური და უსამართლო სისტემის შეცვლას.

კურიერების ინფორმაციით ყოველ გამოძახებაზე ფიქსირებული ანაზღაურება 2 ლარს შეადგენს, რასაც თითოეულ კილომეტრზე ემატება 25 თეთრი. ეს ტარიფი პანდემიის დაწყებამდე ორჯერ მეტი იყო. შრომის ანაზღაურების წესი ასევე ითვალისწინებს ბონუსურ სისტემას. იმისთვის რომ კურიერმა შეძლოს ბონუსის მიღება, მან კვირაში 180 შეკვეთა უნდა შეასრულოს, რაც დღეში 30 შეკვეთის შესრულებას ნიშნავს, ეს კი კურიერების თქმით „ფიზიკურად შეუძლებელია.“ გამომუშავებაზე და ბონუსის მიღების ამგვარ წესზე დამოკიდებული ანაზღაურების სისტემის გამო, ისინი იძულებული არიან სწრაფად შეასრულონ შეკვეთები, რაც მათ ჯანმრთელობას და საგზაო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და არაერთხელ გამხდარა კურიერების ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზი. სწრაფი და საფრთხის შემცველი გადაადგილების საჭიროებას დამატებით აჩენს რესტორნებთან შეკვეთის მიღებისას ლოდინის დიდი დრო,  რაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ამცირებს შეკვეთების რაოდენობას და მათ გამომუშავებას.

კურიერების ნაწილი ასევე  უთითებენ იმგვარ პრაქტიკებზე, როგორიცაა ფეხის ქირას (ე.წ. ჩაი) კომპანიის მიერ მითვისება, ცუდ ამინდში მათთვის განსაზღვრული ბონუსის ჩარიცხვის პრობლემა, მომხმარებლის მიზეზით შეკვეთის გაუქმებისას კურიერის მიერ ანაზღაურების მიუღებლობა, აპლიკაციის გაუმართაობის გამო კუთვნილი ანაზღაურების დაკლება და სხვა.

ამასთან, კომპანია კურიერებთან შრომითი ხელშეკრულების ნაცვლად მომსახურების ხელშეკრულებას აფორმებს და შესაბამისად არ იღებს მათი შრომითი უფლებების დაცვის ვალდებულებას. მიგვაჩნია რომ კომპანიის მხრიდან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების პრაქტიკის მიუხედავად, გლოვოს კურიერები რეალურად დასაქმებულები არიან და  მათზე სრულად უნდა გავრცელდეს კანონმდებლობით დასაქმებულებისთვის გათვალისწინებული შრომითი გარანტიები მათ შორის, შრომის ინსპექციის მანდატი, რასაც ანალოგიურად განმარტავს საერთაშორისო პრაქტიკა.[1]

მიტანის სერვისში დასაქმებული ადამიანები პანდემიის დროს საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებენ. კომპანია მათ საჯარო განცხადებებში „სუპერგმირებად“ მოიხსენიებს, თუმცა, საკვანძოდ მნიშვნელოვანი შრომის სათანადო ანაზღაურების და დაფასების ნაცვლად, პანდემიის დროს აუარესებს შრომის პირობებს და ზრდის მათი ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს. მნიშვნელოვანია, კომპანიამ დროულად შეასრულოს კურიერების სამართლიანი მოთხოვნები, აღმოფხვრას კომპანიაში არსებული უკანონო პრაქტიკები და დაუყონებლივ უზრუნველყოს დასაქმებულების სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

EMC მხარდაჭერას უცხადებს „გლოვო“-ს კურიერებს და მზადაა, დახმარება აღმოუჩინოს შრომითი უფლებების დაცვის პროცესში.

ამასთან, მოვუწოდებთ შრომის ინსპექციის სამსახურს საკუთარი ინიციატივით დაუყოვნებლივ განახორციელოს კომპანია „გლოვო“-ში არსებული სამუშაო პირობების ინსპექტირება, შეისწავლოს კომპანიაში შრომის უფლებების დარღვევების შესაძლო ფაქტები და მიიღოს სათანადო ზომები შრომის კანონმდებლობასთან შეუთავსებელი პრაქტიკების აღმოსაფხვრელად.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იხ.,  მაგალითად, Superior Court of State of California, No. CGC-20-584402, Order on Peoples Motion for Preliminary Injunction and Related Motions, August 10, 2020, სადაც სასამართლომ მსგავსი კომპანიების, უბერის და ლიფტის, კურიერები დასაქმებულებად მიიჩნია, გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია: https://www.documentcloud.org/documents/7032742-Order-on-Peoples-Motion.html; 2020 სექტემბერში კი ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ გლოვოს კურიერები ასევე დააკვალიფიცირა დასაქმებულებად და არა დამოუკიდებელ კონტრაქტორებად, ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ ხელმისაწვდომია: https://www.reuters.com/article/uk-spain-glovo-ruling-idUKKCN26E2NR, გადაწყვეტილება ესპანურ ენაზე ხელმისაწვდომია: https://www.poderjudicial.es/search/openDocument/05986cd385feff03.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“