[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

სასამართლო დავა მოიგო წულუკიანის საკადრო წმენდის შედეგად გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა

დღეს, 23 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლითაც უკანონოდ მიიჩნია გიორგი ჯამბურიას ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლება. გიორგი ჯამბურიას ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს. ის ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, მასობრივი საკადრო წმენდის მსხვერპლი გახდნენ.

გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, სასამართლომ მოპასუხე მხარეს კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

გიორგი ჯამბურია სამსახურიდან 2022 წლის იანვარში გაათავისუფლეს, რასაც წინ უძღოდა მუზეუმში რეორგანიზაციის გამოცხადება. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული რეორგანიზაციის რეალური მიზანი, სტრუქტურული ცვლილებების და ოპტიმიზაციის ნაცვლად, არასასურველი კადრების ჩამოშორება იყო და გამოყენებულ იქნა თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის მიზნით. შესაბამისად, ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა, მათ შორის, ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მუზეუმში ახალი მენეჯმენტის მიერ ჩატარებული შეფასების პროცესი არ ემსახურებოდა გიორგი ჯამბურიას კომპეტენციის და უნარ-ჩვევების შეფასებას და ამდენად, მისი გათავისუფლება უსაფუძვლო იყო, რაც სასამართლომ გაიზიარა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილს, რომლითაც კომპენსაციის ოდენობა 2000 ლარით განისაზღვრა, რაც, ჩვენი შეფასებით, შეუსაბამოდ დაბალი ოდენობაა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აგრძელებს დავას როგორც მუზეუმის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლების საქმეებზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“