[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / განცხადება

საქართველოში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე წვდომის უფლება კვლავ ირღვევა

დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მის მიზანს გლობალური მასშტაბით ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე ცოდნისა და ინფორმირებულობის ზრდა და ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების რეალიზების მხარდაჭერა წარმოადგენს. “ფსიქიკური ჯანმრთელობა ადამიანის უნივერსალური უფლებაა” - ეს ფრაზა 10 ოქტომბრის წლევანდელი მესიჯია.

ყველა ადამიანს აქვს უფლება ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტზე. შესაბამისად, სახელმწიფოებს, მათ შორის, საქართველოს, ეკისრებათ ვალდებულება, რომ უზრუნველყონ ამ სტანდარტზე წვდომა. მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში,

  • ხშირად ადამიანები ვერ იღებენ იმ მხარდაჭერას, რომელსაც ისინი საჭიროებენ;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს წლების მანძილზე საზოგადოებისგან გარიყულად, ინსტიტუციებში უწევთ ცხოვრება;
  • მიუხედავად ფორმალური გარანტიების არსებობისა, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანებს საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობები კვლავ ეზღუდებათ;
  • ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები სტიგმისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან და საზოგადოების მეორეხარისხოვან წევრებად აღიქმებიან.

სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული უმწვავესი პრობლემები წლიდან წლამდე კვლავ უცვლელი რჩება. არსებული პოლიტიკის დოკუმენტები კვლავ შეუსრულებელია, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ცალკეული კომპონენტების დაფინანსებაზე გამოყოფილი თანხა - კვლავ არასაკმარისი.

საქართველოში ორი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დოკუმენტია ძალაში: ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია (2022-2030 წწ) და შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია (2022-2030 წწ), რომელთაც თან შესაბამისი სამოქმედო გეგმებიც ერთვის. მიუხედავად მნიშვნელობისა, მათი შესრულების მიმართულებით ხელშესახები ნაბიჯები ჯერ კიდევ არ გადადგმულა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის კანონმდებლობაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვა ქვეყანაში ერთ-ერთ სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს. ჯერ კიდევ არ არსებობს სათანადო გარანტიები სტაციონარში მოთავსებულ პირთა მიმართ მკურნალობის არაძალადობრივი მეთოდების გამოყენების, ასევე, ძალადობის პრევენციის მიმართულებით. ამ დრომდე დგას სერვისის მომხმარებლებისათვის მისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური საჩივრების სისტემის დანერგვის საჭიროება. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობაში არსებულ პრობლემებზე მიუთითა გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტმაც, თუმცა, მთავრობას ამ დრომდე არ მიუღია შესაბამისი ღონისძიებები ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად.

არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიებისა და პოლიტიკის დოკუმენტების შეზღუდული იმპლემენტაციის პარალელურად, პრობლემურია ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების ფუნქციონირება. ფსიქიკური ჯანმრთელობის 2023 წლის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების დაფინანსებისთვის 49 529 200 ლარია გამოყოფილი. დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი - 48 %-ზე მეტი, კვლავ სტაციონარულ მომსახურებაზე მოდის, მაშინ, როდესაც ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტს მთლიანი პროგრამული ბიუჯეტის მხოლოდ 0.27 % ეთმობა.

როგორც აღინიშნა, სტაციონარულ ფსიქიატრიულ სერვისზე ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის დაფინანსების თითქმის ნახევარი მოდის; თუმცა, სერვისის მიმწოდებელთა უმრავლესობა (10-დან 8 სერვისპროვაიდერი) დიდი ზომის ან/და სპეციალიზებული ფსიქიატრიული დაწესებულებაა. ორ მულტიპროფილურ კლინიკაზე, სადაც მცირე ზომის ფსიქიატრიული განყოფილება ფუნქციონირებს, გათვალისწინებული ყოველთვიური დაფინანსება 97 000 ლარამდეა, რაც სტაციონარული მომსახურების კომპონენტზე გამოყოფილი ყოველთვიური ხარჯების 5 %-ზე ოდნავ მეტია. მიუხედავად სფეროში მომუშავე აქტორების არაერთი რეკომენდაციისა, სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისები კვლავ არ არის დივერსიფიცირებული და მულტიპროფილური კლინიკები, სადაც სტაციონარული ფსიქიატრიული განყოფილებებია განთავსებული, კვლავ კრიტიკულად მცირეა.

ამ და სხვა არაერთი გამოწვევის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან მყისიერი რეაგირების არარსებობა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე უამრავი ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს უარყოფით ზეგავლენას. ამგვარი ზეგავლენის ეფექტი გრძელვადიანია და არსებითად აფერხებს ამ ადამიანების დამოუკიდებლობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაუბრკოლებლად მონაწილეობის შესაძლებლობებს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, სათანადოდ გაიაზროს საკუთარი ვალდებულებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების (მათ შორის, გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის რეკომენდაციების) შესაბამისად, ყველასთვის უზრუნველყოს საკმარისი, მისაწვდომი, მისაღები და მაღალი ხარისხის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“