საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება ხელისუფლების წარმომადგენლების სიტყვიერ თავდასხმებს “მთის ამბების” რედაქტორის, გელა მთივლიშვილის მიმართ და მოუწოდებს “ქართული ოცნების” ლიდერებს, უარი თქვან ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივ, ან სხვა ისეთ განცხადებებზე, რაც საფრთხეს უქმნის მათ ფიზიკურ ხელშეუხებლობას და პროფესიულ საქმიანობას.
“მთის ამბები” წლებია აქტიურად აშუქებს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ვითარებას, ცალკეული სოფლების და მათი მოსახლეობის სოციალურ, კულტურულ თუ ეკონომიკურ პრობლემებს. სწორედ “მთის ამბების” საინფორმაციო მასალა იყო 3 აგვისტოს შოვში განვითარებული სტიქიის მნიშვნელოვანი წყარო მოსახლეობისთვის. გამოცემის ჟურნალისტები მოვლენების ეპიცენტრიდან აქტიურად აშუქებდნენ სიახლეებს და აწვდიდნენ მოსახლეობას ინფორმაციას ჟურნალისტური სტანდარტების და ეთიკის წესების დაცვით. იმის გამო, რომ გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა ხელისუფლების მიერ გავრცელებულ მედია-ნარატივს, მისი რედაქტორის, გელა მთივლიშვილის მიმართ ხელისუფლების არაერთი ლიდერისგან მოვისმინეთ აგრესიული, შეურაცხმყოფელი განცხადებები. ამბროლაურის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი ჟურნალისტს “წყალში გადაგდებითაც” დაემუქრა. როგორც თავად ჟურნალისტი ამბობს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აგრესიული დამოკიდებულება განსაკუთრებით სახელმწიფო და პარტიული უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებების შემდეგ გაძლიერდა. კრიტიკული მოსაზრებებისა და გაშუქების ხელისუფლების მხრიდან მიუღებლობა უკიდურესად პრობლემურია და იღებს ძალადობის წახალისების სახიფათო ფორმებს.
ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან “მთის ამბების” მიმართ აგრესია შეიძლება იმითაც აიხსნებოდეს, რომ რამდენიმე თვის წინ სწორედ აღნიშნულმა გამოცემამ მოამზადა კრიტიკული მასალა რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატზე, გოჩა ენუქიძეზე. მასალაში საუბარია ენუქიძის ერთი სასტუმროდან მეორე, ახალაშენებულ სასტუმრო კოტეჯებამდე სახელმწიფოს ბიუჯეტით გზის მიყვანაზე, რაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას 300 000 ლარამდე უჯდება.
მედიის თავისუფალ, მშვიდობიან პირობებში მუშაობა დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი ქვაკუთხედია. ჟურნალისტების მიუკერძოებლობა და თავისუფლება კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს სწორედ ისეთი მოვლენების გაშუქებისას, რომელზეც არსებობს მომეტებული საჯარო ინტერესი. ნიშანდობლივია, რომ შოვის სტიქიის მოვლენებზე მყისიერ ინფორმაციას არასრულად ავრცელებდნენ სახელმწიფო უწყებები. ამასთან, მედიასთან აქტიურ კონტაქტზე ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ რამდენიმესაათიანი დაყოვნებით გავიდნენ, რაც კიდევ უფრო ზრდიდა ადგილზე მომუშავე დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ინფორმაციის მნიშვნელობას და საჭიროებას საზოგადოებისთვის. მიგვაჩნია, რომ ამგვარი კრიზისული ვითარების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ხელი არ შეეშალოს შემთხვევის ადგილზე კრიტიკული მედიების მუშაობას, რათა საზოგადოებას ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციის ალტერნატიულ, დამოუკიდებელ წყაროებზე.
ხელისუფლებისთვის დამოუკიდებელი, თუნდაც მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების საქმიანობა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საზოგადოებრივი წუხილებისა და პრობლემების დასაიდენტიფიცირებლად. ნაცვლად მედიის კრიტიკისა, აუცილებელია, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა მოსახლეობის და თითოეული მოქალაქის წინაშე და გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებზეც დამოუკიდებელი, თუნდაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებები მიუთითებენ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უარი თქვას ჟურნალისტების მიმართ აგრესიულ, ძალადობრივ რიტორიკაზე და უზრუნველყოს მათთვის უსაფრთხო, თავისუფალი პროფესიული გარემო.
ინსტრუქცია